საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 17:51

გიორგი მაგველაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობა განიხილა. 

შეხვედრისას საუბარი საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოს და საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესს შეეხო.

როგორც პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება.

„ეუთოსთან ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მითუმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც მოახლოებულია არჩევნები.

ეუთო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს წინასაარჩევნო გარემოს და ბუნებრივია, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის ერთერთი მთავარი თემაც სწორედ ეს იყო.

შეხვედრაზე განიხილეს სხვა საკითხებიც, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს რეგიონთან, ეუთოს როლთან, ამ რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს ზოგადად, იმ პერსპექტივებზე, რაც საქართველოში მიმდინარე პროცესებში ეუთოს უფრო მეტ ჩართულობას უკავშირდება“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხოსე იგნაციო სანჩეს ამორი, პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგლიერმო პიკი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.

როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხოსე იგნაციო სანჩეს ამორიმ განაცხადა, შეხვედრისას საარჩევნო საკითხების გარდა, განიხილეს  საქართველო - რუსეთის  ურთიერთობები და მთელი რიგი საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობას.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მიმოვიხილეთ არჩევნების სრული პროცესი. რა თქმა უნდა, ამ დროისთვის, ჩვენ არ ვაფასებთ რაიმე სახის შეხედულებას, რადგან უნდა დაველოდოთ ჩვენს მონაცემებს, მაგრამ არსებობს დაინტერესებული მხარეების ძალიან საინტერესო ხედვა. ასევე, არსებობს ძალიან საინტერესო ხედვა იმ ამომრჩევლების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ არ ჩამოყალიბებულან. აღინიშნა, იმ პიროვნებების როლი, რომლებიც ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში.

ასევე, ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა რეგიონთან დაკავშირებით, საქართველოს იმ პოზიციის თაობაზე, რომელიც აქვს კავკასიის მიმართ.

განვიხილეთ რუსეთთან ურთიერთობები და მთელი რიგი საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობას, რომელიც ასევე გადამწყვეტია რეგიონის სტაბილურობისთვის“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხოსე იგნაციო სანჩეს ამორიმ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი,  საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის ომის დროს დაღუპული მებრძოლების პანაშვიდს დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 სექტემბერი 2016 15:58

საქართველოს პრეზიდენტი, დღეს, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩვენ, დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ იმ ტრაგიკული ომის გმირებს და მსხვერპლებს. მადლობას ვუხდით მათი ოჯახის წევრებს ასეთი შვილების გაზრდისათვის; ვიზიარებთ მათ ტკივილს. ღმერთი გაანათლებს მათ ტანჯულ და წამებულ სულებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილთან ერთად პანაშვიდს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი აკია ბარბაქაძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის ნეშტი გუშინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

დაღუპული მებრძოლებიდან 12-ს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, ხოლო 5 მათგანს ოჯახები საკუთარ რაიონებში გადაასვენებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 12:48

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, თბილისის საერთაშორისო კონფერენციას: “ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ გახსნა, რომელიც საქართველოში, 6-7 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება.

კონფერენციის ფარგლებში ქვეყნის პირველ პირსა და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, NATO-ში აშშ-ის ყოფილ ელჩს კურტ ვოლკერს შორის დისკუსია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხა.

სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, რეგიონში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე, NATO-ს ვარშავის სამიტის შედეგებსა და რუსეთის საგარეო პოლიტიკის საფრთხეებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებასა და ქვეყანაში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველომ ბევრს მიაღწია, ჩვენ გავზარდეთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ჩვენი ქვეყანა, ასევე მონაწილეობს დისკუსიებში, რომლებიც ეხება ამ რეგიონში სამომავლო სტაბილურობას.

”ვფიქრობ, რომ ვარშავის სამიტი იყო წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენი პროგრესი არ იყო სწრაფი როგორც ჩვენ გვინდოდა ყოფილიყო, მაგრამ პროგრესი არ შეჩერებულა”, - განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიიჩნევენ მართლაც მნიშვნელოვან პარტნიორად, როცა საქმე ეხება შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რადგან ჩვენი ქვეყანა შავ ზღვაზე მდებარეობს.

„ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი მიღწევა დაგვიგროვდა. თუმცა, ამჟამად NATO-სთვის და ზოგადად, რთული პერიოდია. ვარშავის სამიტზე დავინახეთ, რომ NATO-ს, როგორც ალიანსს, ლიდერის პოზიცია უკავია თავდაცვის კუთხით, თუმცა ის გამოწვევების წინაშე დგას. საქართველომ ბევრს მიაღწია. დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობის შესახებ დისკუსიების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოკავშირეებმა და პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის არჩევანს. საქართველო დასავლური არჩევანის გამო უკვე დაისაჯა, რაც სამწუხაროა ყველასთვის. მსგავს საკითხებზე დიალოგმა კი უნდა მიგვიყვანოს პასუხამდე, თუ როგორ შექმნას NATO-მ უსაფრთხოება მსოფლიოში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სახელმწიფოს მეთაურმა ვიზალიბერალიზაციაზე საუბრის კონტექსტში აღნიშნა, რომ ამ პროცესის გაჭიანურება ევროკავშირის შიგნით არსებულ პრობლემებს უკავშირდება.

„პირდაპირ რომ გითხრათ, ჩვენ გაცილებით უფრო ორგანიზებული ვართ ამ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე ევროკავშირი. ჩვენ საშინაო დავალება ძალიან კარგად შევასრულეთ და ქებას ვიმსახურებთ. ვაჩვენებთ, რომ ვიზიარებთ ევროპის ფასეულობებს. ევროკავშირის შიგნით არის გამოწვევები, მათ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს ვიზალიბერალიზაციას და მას უფრო დატვირთული ევროპული დღის წესრიგი ექნება.

გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ 2012 წლის არჩევნები იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, როგორც დემოკრატიული ძალისხმევა.

„ეს იყო ის მომენტი, რომელმაც აჩვენა, რომ მთავრობა შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალური ადამიანების მიერ ხმის მიცემით. ეს იყო მშვენიერი გამოცდილება.  არჩევნები უნდა გაიმართოს ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, რომ ჩაერთონ და დიდი ყურადღებით დააკვირდნენ ამ პროცესს. ჩვენ ეს დაგვეხმარება, როგორც ქვეყანას, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები... წინა არჩევნები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო სახელისუფლებო ცვლილების თვალსაზრისით, დღევანდელი არჩევნები კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია - ჩვენ საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური ცხოვრების ახალი სტანდარტი უნდა ვაჩვენოთ.  2012 წელს ხალხი აკეთებდა არჩევანს შავსა და თეთრს შორის, ახლა კი ხალხი გააკეთებს თავისუფალ არჩევანს.

ჩვენ უნდა ვუჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ  ვიღაცისთვის, ვიღაცის ასარჩევად. ჩვენ გვსურს, რომ გადავიდეთ ევროპულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ეს არ არის მარტივი, როგორც ამომრჩევლებისთვის, ასევე პოლიტიკოსების კონტექსტში, რადგან ამომრჩევლები მიჩვეულები არიან ისეთ საარჩევნო კამპანიას, სადაც ვსაუბრობთ სამყაროს აღსასრულზე. ამგვარი გარემო ახლა უკვე არ არსებობს და არ არის ასეთი ტრაგიკული არჩევანის წინაპირობა. ასევე, პოლიტიკოსები მიჩვეულები იყვნენ ამგვარ რიტორიკას, ისინი საუბრობდნენ შავ-თეთრ ფერებში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კურტ ვოლკერის კითხვაზე, რა უნდა იცოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებმა და რა გზავნილი ექნება მათდამი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა:

 „საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და მნიშვნელოვანია გლობალური სტაბილურობისთვის, თავისუფლების, დემოკრატიისა და სტაბილურობის ცნებების დასაცავად. ეს მართლაც ასეა და ვლინდება კიდეც. ყოველთვის გქონდეთ საქართველო თქვენს გონებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ.

თბილისის საერთაშორისო კონფერენციას მაღალი რანგის პირები, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, აშშ-ის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური, დიპლომატიური, აკადემიური და ექსპერტული წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 10:32

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ დემოკრატიულ პროცესში",- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შეკვეთილის საზაფხულო სკოლაში „შენი ხმა ჩვენი მომავლია" კამპანიის მონაწილეებს.

„თქვენ ამ სკოლებში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური შედეგი აუცილებლად იქნება.

თქვენ სწორი დამოკიდებულება უნდა გააჩინოთ ამ პროცესების მიმართ, დაარწმუნოთ მოსახლეობა, რომ მათი მოქალაქეობრივი მოვალეობაა წავიდნენ არჩევნებზე.

თქვენ შეიძლება შეგხვდნენ ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ  პოლიტიკოსებმა არ გაუმართლეს, რომ დადიოდნენ არჩევნებზე და არაფერი არ იცვლებოდა, იცოდეთ, რომ ეს მიდგომა არასწორია.

შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსმა არ გაამართლა, მაგრამ ქვეყანა ვითარდება. შეიძლება რომელიღაცა პოლიტიკური პარტია არ მოგწონდეს, მაგრამ არ უნდა თქვა უარი შენს ქვეყანაზე და შენი ქვეყნის გაძლიერებაზე და წინსვლაზე.

მთავარია, რომ თქვენ ხართ იმედით, თქვენ თვითონ გჯერათ, რომ ქვეყანა განვითარდება, თქვენ თვითონ ხედავთ საქართველოს მომავალს, თქვენ თვითონ ხართ საქართველოს მომავალი და თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ეს ქვეყნა აამუშაოთ დემოკრატიული პრინციპებით და დემოკრატიული ღირებულებებით.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც თქვენ გაესაუბრებით შეუცვლით შეხედულებას და დაარწმუნებთ, რომ შეიძლება არ მოსწონდეს ესა თუ ის პოლიტიკოსი, მაგრამ არ შეიძლება არ უყვარდეს ქვეყანა, არ შეიძლება ამ ქვეყნისთვის არ წავიდეს არჩევნებზე", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პროექტი "შენი ხმა ჩვენი მომავლია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად არჩევნებში მონაწილეობისადმი საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას ითვალისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტი საზაფხულო სკოლებს უკვე ეწვია ბაზალეთში, ქობულეთში, ამბროლაურში, წყალტუბოში, ანაკლიაში, დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა სიღნაღის საზაფხულო სკოლაშიც.

 

თუ საარჩევნო უბნები 8 ოქტომბერს სავსე იქნება, დაპირისპირებები არ განმეორდება, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 31 აგვისტო 2016 17:15

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და საქართველოს ევროპულ არჩევანზე, არჩევანის თავისუფლებაზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე საჯარო ლექცია წაიკითხა.

პრეზიდენტმა საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა, კორცხელის ინციდენტს, კიდევ ერთხელ უწოდა სამარცხვინო და აღნიშნა, რომ ამ ფაქტს თავად საზოგადოებამ უნდა მისცეს შესაბამისი შეფასება.

„ამომრჩევლის გააქტიურება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენ საბოლოოდ უარი ვთქვათ ერთმანეთთან დაპირისპირებასა და აგრესიაზე.

გარანტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის განვითარებისა და სტაბილურობისა გადის არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებზე, არამედ თითოეულ ამომრჩეველზე.

მე თქვენ გაძლევთ გარანტიას, რომ  თუ საარჩევნო უბნები 8 ოქტომბერს იქნება სავსე, იქნება რიგები, იმისთვის რომ ჩვენ როგორც მოქალაქეებმა ჩვენი პიროვნული ვალი განვახორციელოთ, არასდროს არ განმეორდება ის დაპირისპირებები, რასაც ჰქონდა ადგილი სამწუხაროდ ჩვენს წარსულში.

მე მინდა კიდევ ერთხელ, სწორედ ზუგდიდში გავუსვა ხაზი იმ სამარცხვინო ფაქტს, რომელიც კორცხელში მოხდა და კიდევ ერთხელ სწორედ აქედან ვთქვა, რომ არც ჩემთვის და არც მთელი საქართველოს ამომრჩევლისთვის, მიუხედავად იმისა რომელ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს ესა თუ ის ამომრჩეველი, მიუღებელია ჩვენთვის მუშტიკრივით, დაპირისპირებით, ერთმანეთის მტრად გამოცხადებით რაიმეს მიღწევა პოლიტიკურად.

ჩვენ ამას არც არასდროს მივიღებდით და არც მომავალში არ მივიღებთ. კიდევ ერთხელ მინდა ამასთან დაკავშირებით ვთქვა, რომ ადეკვატური და სწარფი რეაგირება ამ სამარცხვინო ფაქტზე უნდა ყოფილიყო და იქნება სახელმწიფოდან.

მაგრამ არა მხოლოდ სახელმწიფო რეაგირებს ხოლმე, არამედ თვითონ საზოგადოებამაც უნდა მისცეს თავისი შეფასება და დამიჯერეთ შეფასება უნდა ადეკვატურად გამოიხატოს ჩვენი მოქალაქეობრივი აქტიურობით საარჩევნო უბნებთან",- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ის ურთიერთობა და დიალოგი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს შორის.

„ჩვენი აქტიური თანამშრომლობა პოლიტიკოსებთან, მათთან დიალოგში ყოფნა, დისკუსიის რეჟიმში ყოფნა არის გარანტი ჩვენი სახელმწიფოს მართლაც დემოკრატიული და სიღრმისეული განვითარების",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

უნივერსიტეტში პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მრჩევლებს უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ უმასპინძლეს, რომლებმაც სტუმრებს სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიაში “მომავლის ბანაკს" ესტუმრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 18:26

გიორგი მარგველაშვილი დღეს ანაკლიის “მომავლის ბანაკს" ესტუმრა და ბანაკის მონაწილეებს გაესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტს ,”მომავლის ბანაკში” სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ უმასპინძლა, რომელმაც პრეზიდენტს ბანაკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და შემეცნებითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პრეზიდენტმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და ბანაკის მონაწილეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

“მომავლის ბანაკში” 14 - დან 18 წლამდე ასაკის 300 ახალგაზრდა ისვენებს, ბანაკი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.

 

დღეს ჩვენ საოცარ მოვლენას ვზეიმობთ, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 15:24
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მცხეთის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრიდან მიულოცა. ”დღეს ჩვენ საოცარ მოვლენას ვზეიმობთ - ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა ძველი და ახალი აღთქმა, ძველი და ახალი აღთქმის წმინდანები ერთად შეკრიბა. ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა წარსული და მომავალი, ღვთიური და ადამიანური ერთმანეთში. ეს არის დღესასწაული დიდი გმირობისთვის მომზადების, რადგან ამის მერე მაცხოვარი ეწამა ჩვენთვის. გილოცავთ ყველას და ყველა ყოფილიყავით ამ ძალის შედეგად მზად დიდი გამარჯვებისთვის”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

მოვედი რომ თანადგომა გამოვხატო, - საქართველოს პრეზიდენტი გონიოში ჩავიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 აგვისტო 2016 14:38
"მძიმე წუთებია ყველა სამხედროსთვის, მოვედი რომ თანადგომა გამოვხატო“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გონიოში გააკეთა, სადაც ზღვაში დაკარგული ორი ქართველი ჯარისკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საქმის ვითარება გამოკითხა და დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს გაესაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 18:07
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ბეტინა კადენბახს საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

საქართველოს პრეზიდენტი "შენი ხმა ჩვენი მომავალია"კამპანიის მიმდინარეობას გაეცნო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 13:59
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "შენი ხმა ჩვენი მომავლია" კამპანიის ფარგლებში ბაზალეთის საზაფხულო სკოლას ეწვია და პროექტის მეორე ეტაპის მიმდინარეობას გაეცნო. გიორგი მარგველაშვილმა კამპანიაში მონაწილე ახალგაზრდებისგან ინფორმაცია მოისმინა საზაფხულო სკოლის აქტივობების შესახებ. სტუდენტებმა პრეზიდენტს მცხეთაში გასვლითი ღონისძიებებისას, ამომრჩევლებთან პირისპირ შეხვედრების დროს მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. ქვეყნის პირველი პირი კონკრეტული მაგალითებით და შემთხვევებით დაინტერესდა, რომლის თაობაზეც პრეზიდენტსა და სტუდენტებს შორის დისკუსია გაიმართა. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა მოდელირებული საარჩევნო კამპანია და არჩევნები გამართეს, სადაც სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა, როგორც უბანზე მისულმა პირველმა ამომრჩეველმა. ახალგაზრდული კამპანიის ფარგლებში საზაფხულო სკოლები ბაზალეთზე, ქობულეთსა და ბაკურიანში გაიხსნა, და ის საქართველოს კიდევ ხუთ ქალაქს მოიცავს. პროექტი 10 სექტემბერს დასრულდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური