ხალხს ართმევენ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის პოლიტიკურ ტრადიციას,- ​გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 09 მაისი 2017 17:26

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში მიიღო მონაწილეობა და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მოსახლეობას კონსტიტუციური რეფორმის შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარუდგინა.
საქართველოს პრეზიდეტის განცხადებით, კონსტიტუცია თანხმობის დოკუმენტია და მთავარი, რითიც იზომება მისი ხარიხსი არის ის, როგორ თანხმდება საზოგადოება ერთად ცხოვრების მთავარ, ფუნდამენტურ წესზე.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია იწყება სიტყვებით „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“, ეს არ არის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მთელ საზოგადოებას ერთიან პროცესში აერთიანებს და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს პროცესის თანამონაწილე.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია ძლიერი, ბირთვული სახელმწიფოს მიერ.
ევროპის და ამერიკის მხარდაჭერა გვაქვს არაღიარების პოლიტიკასთან მიმართებაში. ჩვენ უფრო ნათლად უნდა ვხედავდეთ სირთულეს, ამ სირთულეების ფონზე კონსტიტუციაში მთავარსარდლის ფუნქციები გამქრალია.
„კონსტიტუციაში პრეზიდენტი იქნება უმაღლესი მთავარსარდალი, რა თქმა უნდა, ნათქვამია, რომ ეს სტატუსი შენარჩუნებულია, თუმცა, არცერთი ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა უნდა განახორციელოს ფაქტიურად აღარ არის შენარჩუნებული.
პირველი და მნიშვნელოვანი ეს არის უშიშროების საბჭოს საკითხი. წარმოდგენილი მოდელი გვთავაზობს გავაუქმოთ უშიშროების საბჭო და შევქმნათ თავდაცვის საბჭო, რომელიც ფუნქციონირებს მხოლოდ ომის დროს.
პროექტის მიხედვით, პრემიერმინისტრი ეუბნება პრეზიდენტს გამოაცხადოს ომი და პრეზიდენტს არ აქვს არავითარი უფლება იკითხოს რატომ აცხადებს ომს. პირდაპირ უნდა  მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს კითხვის გარეშე და გადაუგზავნოს ის პარლამენტს.
ჩემი კითხვაა -  რა საჭიროა ასეთი ხელმოწერა. ან რა საჭიროა ასეთი მთავრსარდლის ფუნქცია, რომელსაც არც ეკითხებიან, მიგაჩნია, რომ ომი გამოსაცხადებელია თუ არა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ტრადიცია, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები თავის თავს ხედავენ ქვეყნის, სახლემწიფოს ხელმძღვანელის ამრჩევად.
საქართველოს პრეზიდენტი გარკვეულწილად მმართველი ძალის განცხადებებს გამოეხმაურა, რომ თითქოს პირდაპირი წესით პრეზიდეტის არჩევის შემთხვევაში ჩნდება ოდიოზური ფიგურის არჩევის საფრთხე.
„რატომ ვეუბნებით მოქალაქეებს, რომ თქვენ არ ხართ კვალიფიციური აირჩიოთ პრეზიდენტი, რომ თუ თქვენ მოგანდეთ არჩევანის უფლება, თქვენ აირჩევთ ოდიოზურ ფიგურებს.
ოდიოზური ფიგურები პოლიტიკაში ყოველთვის ჩნდებიან, დღეს 9 მაისია, ერთერთ ასეთ ოდიოზურ ფიგურაზე გამარჯვების დღესასწაული. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მოვიდა ეს პოლიტიკური ფიგურა ხელმძღანელობაში? ოდიოზური ფიგურა სხვა თემაა.
დემოკრატიის ძირი და საფუძველი ამომრჩეველია. ხალხს რომ ართმევ ამ უფლებას არგუმენტი ის რომ თურმე ხალხმა შეიძლება ოდიოზური ფიგურა აირჩიოს, ჩემი პოლიტიკური ფილოსოფიისთვის მიუღებელია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო სისტემის იმ ხარვეზებზე და საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც კონსტიტუციური პროექტითაა განსაზღვრული - ეს 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დატოვება, საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვა და გადაუნაწილებელი ხმების განაწილების ბონუსსისტემაა.
პრეზიდენტის განმარტებით, ეს საკითხები კითხვებს აჩენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაძლიერდებიან ოპოზიციური პარტიები, ვერ შეძლებენ არსებული ბარიერის გადალახვას, შედეგად კი ვერ მივიღებთ მრავალფეროვან პარლამენტს. 
„მე ველი ისეთ საქართველოს, სადაც იქნება 3-4 ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომლებიც იკამათებენ, მაგრამ არ მოუნდებათ ერთმანეთის განადგურება და ციხეში ჩასმა“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტის არჩევის წესის შესაცვლელად მმართველ ძალას ძლიერი არგუმენტი სჭირდება, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 09 მაისი 2017 16:32

როგორი უნდა იყოს ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის სისტემა და როგორ სახელმწიფოში გვსურს ცხოვრება, როგორი თვითმმართველობა გვსურს, როგორი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის სისტემა, - ეს ის თემებია, რომელზეც დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
საყოველთაო განხილვებში ჩართვამდე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა კამპანიის “კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში გამართული შეხვედრისას დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემა, რომელიც ჩადებულია საკონსტიტუციო ცვლილებებში ვერ უზრუნველყოფს მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას, ოპოზიციური პარტიების გაძლიერებას და ამომრჩეველთა ხმების დაცულობას. პრეზიდენტის აზრით, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება თუ, როგორც ცვლილებებშია დარჩება 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარერი, აეკრძალებათ პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნა და დაკანონდება გადაუნაწილებელი მანდატების ე.წ. განაწილების ბონუსსისტემა. 
“საარჩევნო სისტემაში პრობლემურია ბლოკების შექმნის უფლების აკრძალვა. ამის მერე ყველაზე უსამართლო ნაწილი, რომელსაც მე ვხედავ, არის გაუნაწილებელი ხმების საკითხია - როცა ყველა გაუნაწილებელი მანდატი მიაქვს არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას. 
ასეთი ერთობლიობა, ჩემი აზრით, შექმნის ისეთ ვითარებას, როდესაც ასეთი სამი, ოთხი, ხუთი ძლიერი პოლიტიკური პარტიის შექმნა გაჭირდება, რაც გამოიწვევს ხელისუფლების დაპირისპირებას ოპოზიციასთან და ვიქნებით ისევ ამ დაპირისპირებაში - ხელისუფლება ოპოზიციას შორის”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკური პროცესი არ უნდა იყოს დაპირისპირების შემქმნელი, არ უნდა იყოს პრინციპული დაპირისპირების, ერთმანეთზე გადაკიდების მიზეზი. 
“სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ვართ მცირერიცხოვანი ერი და ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო, პოლიტიკურად, ტრადიციულად, ვუპირისპირდებით ძალიან აგრესიულად ერთმანეთს, ყველაზე მეტად ალბათ ეს დაპირისპირება სწორედ სამეგრელოს ახსოვს. 
ეს უნდა შეიცვლოს. არ შეიძლება, რომ ჩვენ ოპოზიციას არ მივცეთ საშუალება, რომ უფრო გაძლიერდეს და მითუმეტეს ეს გაძლიერება იყოს არა ერთი, არამედ  მოხდეს რამდენიმე ოპოზიციური ძალის გაძლიერება, მოხდება არა ეს სამოქალაქო დაპირისპირება, არამედ იქნება მშვიდი კამათი და ვინ რამდენ პროცენტს აიღებს'', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან საუბრისას.
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს ასეთი მმართველობის მოდელები, სისტემები ევროპაში და დემოკრატიულია, მაგრამ, საქართველოში უკვე 90-იან წლებში ჩამოყალიბებულია პრეზიდენტის არჩევის ტრადიცია, რომელიც შექმნილია, როდესაც დაფუძნდა პრეზიდენტის ინსტიტუტი.
“როდესაც გვქავს უკვე ასეთი ტრადიცია, როდესაც ჩვენ როგორც მოქალაქეები და ამომრჩევლები მივეჩვიეთ იმას, რომ პრეზიდენტს ვირჩევთ, თუ შენ ამას მე მიცვლი, თუ მართმევ არჩევანის უფლებას, ეს უნდა ამიხსნა რატომ აკეთებ ამას. რა პრობლემა იქნება იმაში, რომ ჩვეულებრივმა, რიგითმა მოქალაქემ, რიგითმა ამომრჩეველმა აირჩიოს პრეზიდენტი”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
 

ქვეყნის ჯარისთვის მთავარსარდლის გაქრობა, პრობლემურად მიმაჩნია, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 08 მაისი 2017 15:34

"საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ისტორიული უსამართლობის შედეგად ოკუპირებულია ძალიან ძლიერი მეზობლის მიერ. ურთულეს ვითარებასა და გარემოში ვაყალიბებთ ჩვენს სახელმწიფოებრივ სიძლიერეს. ამ ვითარებაში ქვეყნის ჯარისთვის მთავარსარდლის გაქრობა, რომელიც რეალურად ამ კონსტიტუციაშია, პრინციპულად პრობლემურად მიმაჩნია,“-  აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე, ბათუმში გააკეთა.

ამ პროცესის გაღრმავებით მივალთ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნამდე, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 08 მაისი 2017 13:20

"ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ და მივდივართ შეთანხმებამდე ერთიან ჭეშმარიტებამდე, რასაც ჰქვია ქვეყნის უზენაესი კანონი, რომელიც ჩვენ მომავალ თანაცხორებას განაპირობებს. ეს გადავსებული დარბაზი არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ რეალურად ამ პროცესის გაღრმავებით მივალთ მნიშვნელოვანი და საინტერესო დოკუმენტის შექმნამდე. მიხარია, როდესაც ვხედავ ამდენ დაინტერესებულ ადამიანს. მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს. მინდა, მოვუსმინო კომისიის წევრების შეხედულებებს. მაინტერესებს, რა თემებზე იქნება დისკუსია. არის საკითხები, რომელზეც მინდა, ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვისას განაცხადა.

​გიორგი მარგველაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა

გამოქვეყნებულია ახალი ამბები
პარასკევი, 05 მაისი 2017 17:01

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებები - ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, ასოცირების შეთანხმების შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს საქართველოს ინტეგრაციული პროცესებისა და განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში მყარი მხარდაჭერისთვის.
შეხვერდრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების საკითხზე ისაუბრეს, რომელიც  ნოემბერში, ბრიუსელშია დაგეგმილი.
კომისარმა აღნიშნა საქართველოს გამორჩეული როლი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში.
მხარეებმა იმ საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ ისაუბრეს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა.
გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო.
თავის მხრივ ევროკომისარმა ისაუბრა,  ცვლილებების განხილვის პროცესში ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და ფართო კონსენსუსის განხორციელების აუცილებლობაზე.

საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს დედა ენის დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 14 აპრილი 2017 13:23

საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს დედა ენის დღეს ულოცავს:

"1978 წლის 14 აპრილი ჩვენ უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია.
როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ეროვნული ენებისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული ათასობით ადამიანი წინ აღუდგა ამ განზრახვას. მათ უდიდეს ნაწილს ახალგაზრდობა შეადგენდა.
იმ სულისკვეთებისა და მუხტის დასახასიათებლად, რაც მაშინ მთლიანად საქართველოში ტრიალებდა, საკმარისია ვთქვათ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ავტორიტარული ხელისუფლება იძულებული გახდა ხალხისათვის დაეთმო.
საბჭოეთის ისტორიაში პირველმა მშვიდობიანმა საპროტესტო დემონსტრაციამ არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი, არამედ მთლიანად ბოლშევიკური იმპერიისთვის იქცა გარდამტეხ მოვლენად. სწორედ ამ დღემ მისცა პირველი ბიძგი ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობასაც.  
ქართული ენის დაცვა ხომ ამავდროულად იმ სახელმწიფოს აღდგენისკენ სწრაფვა იყო, რომლის ხსოვნასა და იდეასაც თითოეული ქართველი გულით ატარებდა, რომლის თავისუფალ მოქალაქეებსაც დღეს ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ.
და თუმცა ჩვენ მშობლიურ ენას მსგავსი საფრთხე აღარასდროს დაემუქრება, პასუხისმგებლობა მის წინაშე განუწყვეტლივ გვაკისრია - რათა აღვუდგინოთ მისი განსაკუთრებული ადგილი მსოფლიო ცივილიზაციაში, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ხელი შევუწყოთ ქართულის შესწავლაში და ამით განვამტკიცოთ მისი სახელმწიფო სტატუსი,"- აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

"გივი ბერიკაშვილს უკანასკნელ გზაზე ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მიჰყვება"

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 12:44

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:

"სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულს, გივი ბერიკაშვილს უკანასკნელ გზაზე ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მიჰყვება.

სიხარული, რომელსაც იუმორითა და ჰუმანიზმით გაჯერებული მისი თეატრალური თუ კინოროლები გვანიჭებდა არაერთ თაობას, ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებათა რიგს ეკუთვნის.

ბატონი გივის აქტიური და მართალი სამოქალაქო პოზიცია იმავე ენერგიით იკვებებოდა, რითაც მისი შემოქმედება - ადამიანისა და სამშობლოს სიყვარულით. წინასაარჩევნო პერიოდში მისი თანადგომა განსაკუთრებით ძვირფასი და გამამხნევებელი იყო ჩემთვის.

ქართულ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას,"- ნათქვამია პრეიდენტის განცხადებაში. 

საქართველოს პრეზიდენტი პროექტის - „არა ოკუპაციას“ პრეზენტაციას დაესწრო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 24 მარტი 2017 14:07

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს კასპის ოკუპაციის მუზეუმში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის - „არა ოკუპაციას“ პრეზენტაციას დაესწრო.
პროექტს მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი” ახორციელებს, რომლის მიზანიც გორის, კასპისა და თბილისის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე, ასევე, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოსა და რეგიონის მიმართ შექმნილ საფრთხეებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე.
საქართველოს პრეზიდენტმა პროექტის პრეზენტაციაზე მუზეუმში შეკრებილ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრა.
''ჩვენ ვიმყოფებით კასპის ოკუპაციის მუზეუმში, უკვე 23 წელია ეს ადგილი გახდა სკოლა, სადაც იზრდება ახალი თაობა, მაგრამ ამავე დროს არ ხდება წარსულის დავიწყება და აქ მუზეუმი განთავსდა, იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს სამშობლო დასაცავია, რომ თავისუფლება დასაცავია, რომ დამოუკიდებლობა შესანარჩუნებელია და რომ ნებისმიერი ნაბიჯი უკან ნიშნავს ათობით ჩვენი თანამემამულის გაუბედურებას და წყვდიადში ჩავარდნას. 
25 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ დამოუკიდებლობის შენება და თითოეული ჩვენი მოქალაქე მზად არის რომ ამ დამოუკიდებლობის დაცვის სადარაჯოზე იდგეს. 
მე მხარს ვუჭერ თქვენს წამოწყებას, რადგან მიმაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს სამშობლოს და თავისუფლების დაცვის თემების მიჩუმათება",- აღნიშნა პრეზიდენტმა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კასპის ოკუპაციის მუზეუმში, 5 თვის მანძილზე დისკუსიები და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებზე, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის გარანტიებზე, ოკუპაციის გამოცდილებაზე, სამოქალაქო აქტივობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.

თქვენ ხართ რეალურად მეოთხე ხელისუფლება, - საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 მარტი 2017 13:15
საქართველოს პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს: „დღეს ჟურნალისტების პროფესიული დღეა. მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ რეალურად მეოთხე ხელისუფლება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და კიდევ ერთხელ, მსურს აღვნიშნო, რომ როგორც მოქალაქე, როგორც პრეზიდენტი და ქვეყნის მეთაური, რომლის ერთერთი მოვალეობაც ამ ქვეყანაში ძალთა ბალანსის უზრუნველყოფაა, ვაღიარებ თქვენს მნიშვნელობას - იმას, რომ თქვენ ხართ მეოთხე ხელისუფლება და კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ მუდმივად დაგეხმარებით გაძლიერებასა და იმ როლში, რომელიც თქვენ უნდა ითამაშოთ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 მარტი 2017 13:09
„ძალიან მიხარია ყოველ წელს აქ თქვენთან ერთად ყოფნა და ნოვრუზ ბაირამის, გაზაფხულის შემოსვლის, ახლის დაბადების, ახლის დაწყების თქვენთან ერთად ზეიმი. გილოცავთ და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას,' - ასე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური