საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიას ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 12:05

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კონექტიკუტიში, სანაპირო დაცვის აკადემიას  (United States Coast Guards Academy) ესტუმრა და აშშ-ში დაღუპული ქართველი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ (ბესო) გორჯოლაძის ხსოვნას პატივი მიაგო.

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი აკადემიაში სამხედრო პატივით მიიღეს.

ქვეყნის პირველ პირს აკადემიის ეზოში კადეტთა საპატიო ყარაული დახვდა. სტუმრის პატივსაცემად სანაპირო დაცვის აკადემიის ჰამილტონ-ჰოლის წინ საქართველოს დროშა აღმართეს, რის შემდეგაც გაისმა 21 სამხედრო ზალპი და აკადემიის სასულო ორკესტრმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობა სასწავლებლის ხელმძღვანელმა კონტრადმირალმა ჯეიმს რენდონმა და აკადემიის ქართველმა კურსანტებმა პირადად გაუწიეს.

მისალმების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები ქართველი სტუდენტების მასპინძელი ოჯახების წევრებს პირადად გაესაუბრნენ.

კონტრადმირალმა რენდონმა მადლობა გადაუხადა საქარველოს პრეზიდენტს ვიზიტის გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად აკადემიაში სტუმრობისათვის.

გიორგი მარგველაშვილმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა კონტრადმირალ რენდონს მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ საერთო ტრაგედიამ და ტკივილმა, ქართველი და ამერიკელი ხალხები უფრო მეტად დააახლოვა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობა გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.

საქართველოს პრეზიდენტმა სანაპირო დაცვის აკადემიაში ვიზიტის ფარგლებში დაღუპული  ქართველი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესო გორჯოლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური კედელი მოინახულა.

საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა აკადემიის კურსდამთავრებულთა დარბაზში შეკრებილ აკადემიურ პერსონალსა და კურსანტებს სიტყვით მიმართა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საოცრად ამაღელვებელია  ის მეგობრობა, რომელითაც აქ ჩამოსულ ქართველ სტუდენტებს მათი თანაკურსელები ხვდებიან.

ეს ნათლად ჩანს და დასტურდება იმ უდიდესი პატივისცემითაც, რომესაც კადეტები დაღუპული ქართველი თანაკურსანტების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოხატავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა კადეტებისადმი მიმართვაში რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევბის შესახებ ისაუბრა.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება გლობალურ და რეგიონალურ კონტექსტში, შავი ზღვის სანაპირო საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის შედეგად აფხაზეთსა და 2014 წელს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ საქართველოს სანაპირო უსაფრთხოების სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის უმაღლესი სასწავლებლების არსებობა.

უმაღლესმა მთავარსარდალმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა სანაპირო დაცვის აკადემიას თანადგომისათვის და აღნიშნა, რომ ეს სასწავლებელი ამერიკის და საქართველოს სამხედრო ძალებს საუკეთესო პროფესიონალებს უზრდის, რომლებიც ერთად დგანან გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების დასაცავად.

ქართველმა კადეტებმა ელდარ საგანელიძემ, კონსტანტინე ყიფიანმა, ალექსანდრე წერეთელმა და ოფიცერ-კანდიდატმა თამთა ანთაძემ საქართველოს პრეზიდენტს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრის დასარულს საქართველოს პრეზიდენტმა აკადემიის ქართველ და ამერიკელ კურსანტებთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.

საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიის პრემიერმინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 09:58

საქართველოს პრეზიდენტი გაეროში სლოვენიის პრემიერმინისტრ მირო ცერარს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის  საჭიროა, უმაღლეს დონეზე ვიზიტების გააქტიურება.

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიის მხარეს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის  მადლობა გადაუხადა.

რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა არ არის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 10:50

„რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა კი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, არამედ რუსეთთან საუბარი აბსოლუტური აუცილებლობაა. თუმცა, ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს, თვითონ რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა, შიდა პოლიტიკური დისკუსი რაღაცაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სადაც ჩვენ საერთოს დავინახავთ. არცერთი ეს ომი რუსეთისთვის არაფრის მომტანია, საქართველოს 20%-ის ოკუპირება რუსეთთან მიმართებაში არცერთ რუსულ პრობლემას არ წყვეტს,“- ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.  

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 10:16

გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად  ნიუ-იორკში   გამოფენა-გაყიდვა Discover Georgia-ს დახურვას დაესწრო.

Chelsea Market-ში  გამოფენა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარმოდგენილი იყო ქართული პროდუქცია,  ხალხური რეწვის ნიმუშები,  თანამედროვე  დიზაინერების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები.

საქართველოს პრეზიდენტმა სტენდებზე წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის გამოფენები ქვეყნის პოპულარიზაციას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას ემსახურება.

„მნიშვნელოვანი გამოფენაა და იგი ხელს  უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას შეერთებულ შტატებში.  მნიშვნელოვანია,  რომ პრეზიდენტი მოვიდა დახურვის ცერემონიაზე და პირადად ესაუბრა იმ ბიზნესმენებს და  პოტენციურ მომხმარებლებს,  რომლებიც შემდგომში შეიძლება დაინტერესდნენ.“- აღნიშნა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 16:20

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავღანეთიდან ჩამოსვენებული ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს პრეზიდენტმა  დაღუპულის ახლობლებლებს მიუსამძიმრა და ავღანეთში ქართულ სამშვიდობო მისიას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და საზოგადოებას მიმართა:

"დღეს მძიმე დღეა მთელი საქართველოსთვის. პირველ რიგში მინდა, მივმართო ოჯახს, მივუსამძიმრო და ვუთხრა მადლობა ასეთი გმირის გაზრდისთვის.

მინდა, მივუსამძიმრო იმ ბიჭებსაც, რომლებიც დარჩნენ ავღანეთში და, რომლებმაც დაკარგეს თანამებრძოლი, იმ ახალგაზრდებს ვინც ვნახეთ აეროპორტში და ვუთხრა, რომ ჩვენ გვესმის მათი ტკივილის.

შეიარაღებულ ძალებს მინდა ვუთხრა, რომ მადლობლები ვართ იმ დიდი სამსახურისთვის, რომელსაც ქართული არმია საქართველოსთვის ეწევა და იმ სისხლისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის ღვრის.

საზოგადოებას მინდა ვუთხრა რომ ასეთი ვაჟკაცებით ვიყავით ჩვენ ძლიერი, ვიქნებით მომავალში. საქართველო კვლავ გააგრძელებს არსებობას, როგორც ძლიერი სახელმწიფო  და ძლიერი საზოგადეობა სწორედ ასეთი ბიჭების წყალობით და ისინი აღარ დაიღუპებიან, ისინი გააგრძელებენ ახალი ქვეყნის შენებას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავღანეთში, 22 სექტემბრს დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.

 

გიორგი მარგველაშვილმა ალექსის ციპრასს პრემიერმინისტრად არჩევა მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 12:10

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარტია „სირიზას“ და ალექსის ციპრასს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან გულითადი მილოცვა პარტია „სირიზას“ არჩევნებში გამარჯვებასთან და საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად თქვენ ხელახალ არჩევასთან დაკავშირებით. დიდი პატივით მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. მჯერა, რომ თქვენი ლიდერობით საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის არსებული ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი ქვეყნების სასიკეთოდ. თქვენო აღმატებულებავ, ღრმა პატივისცემით მინდა ყოველივე საუკეთესო გისურვოთ ბერძენი ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

პრეზიდენტი ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 10:55

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო.

„ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ავღანეთში ქართველი მებრძოლის, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულიჯანიშვილის გარდაცვალების შესახებ. ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ფასდაუდებელია სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მამულიშვილის სიცოცხლე. ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, თანამებრძოლებს შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას“, - აცხადებს პრეზიდენტი.

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულიჯანიშვილი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია. 

 

საქართველოს პრეზიდენტი მოსამართლეთა კორპუსს მიმართავს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 17:00

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსამართლეთა კორპუსს მიმართავს. newsday.ge პრეზიდენტის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო დღეების განმავლობაში  ადგილი ჰქონდა  სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობას, როგორც ქვეყანაში არსებული  პოლიტიკური სპექტრის,  ასევე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების  წარმომადგენლის - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან.

ასეთი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე  მხარდაჭერას ვუცხადებ მთელ სასამართლო კორპუსს და მომავალშიც  ვადასტურებ ჩემი და საზოგადოების თანადგომას  დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ამ რთულ  გზაზე,"- აღნიშნულია მიმართვაში.

ოპოზიცია პრეზიდენტისგან პოლიტპატიმრების დაუყოვნებელივ გათავისუფლებას ითხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 23:46

გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარლამენტარმა გიორგი ბარამიძემ, განცხადება გააკეთა და მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართა, რომ სხვა პოლიტპატიმრებიც დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. ამის შესახებ "რუსთავი2" იტყობინება.

“მივმართავ პრეზდენტ მარგველაშვილს, ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ გაათავისუფლოს. ეს არის მისი კომპეტენცია იმიტომ, რომ ივანიშვილი და სხვები და პარლამეტის უმრავლესობა ამ ნაბიჯს არ გადადგამს. მოვითხოვთ პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი საპყრობილიდან,“ - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმეწუთიანი თათბირის შემდეგ გამოაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ამერიკის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 15:22

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს აშშ-ს ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველო - ამერიკის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონული თანამშრომლობის პრობლემატიკას და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართვერლოს პრეზიდენტმა ასე სწრაფად მიმიღო, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.

ჩვენი შეხვედრის დროს განვიხილეთ უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის და კულტურის საკითხები. მათ შორის საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის საკითხიც. აღვნიშნეთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია კავშირების გაღრმავება ამ და სხვა სფეროებში.

ასვე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ენიჭება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას“,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ.

 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური