საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 29 სექტემბერი 2018 16:41

გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აქვს შესაძლებლობა თავისი პოზიცია კიდევ უფრო აქტიურად დაამტკიცოს ევროპის და აშშ-ს მასშტაბით.
„ამ წუთას ჩვენ დავბრუნდით „ვესტ პოინტიდან“, რომელიც არის ამერიკის ერთერთი მთავარი სამხედრო სასწავლებელი, სადაც გვქონდა ჩემთვის ძალიან სასიხარულო შესაძლებლობა შევხვედროდი ქართველ კადეტებს. 
50-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე გადის აშშ-ში მომზადებას და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები, რომლებიც არის ფუნდამენტი, ასევე მომავალი ურთიერთობებისა ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის. გუშინ და გუშინ წინ მქონდა შესაძლებლობა ათობით ჩემს ამჟამინდელ და წარსულში კოლეგებთან, რომლებიც დღესაც აქტიურები არიან პოლიტიკაში გვეურთიერთა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
საქართველო ამ ეტაპზე იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ჩვენს სიმართლეს და ჩვენ პოზიციას ვამტკიცებთ კიდევ უფრო აქტიურად, ევროპის და აშშ-ს მასშტაბით. ჩვენი მტკიცება იმ პრობლემებისა, რომლებიც ჩვენ გვაქვს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით, ჩვენ საერთაშორისო როლთან, ჩვენი დღისწესრიგის გაღრმავებასთან მიმართებით ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით, ამას სჭირდება ყოველწუთიერი მტკიცება, ჩვენი კოლეგების გაერთიანება ამ ღირებულებების ირგვლივ და როდესაც ნიუ იორკში არის ასეთი დიდი კონცენტრაცია მსოფლიო ლიდერების,  ეფექტურად იყო გამოყენებული და მე ვფიქრობ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აგური დაიდო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების და პრობლემების გადაწყვეტის მიმართებით“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018 13:06

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 111 პირი.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების აქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 42 მსჯავრდებული, მათ შორის, 3 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანი. ხოლო, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 69 პირს, მათ შორის 4 ქალბატონსა და 6 არასრულწლოვანს.
შეწყალების საკითხთა კომისიამ 19-23 სექტემბრის პერიოდში  866 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. 
კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილა.
"გიორგი მამალაძის საქმე განიხილა შეწყალების საკითხთა კომისიამ. გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება. ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ ვინც ესწრება კომისიის სხდომას.
გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს შესაბამისად დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა”, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიას ივანე მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს, რადგანაც მას განცხადება შეწყალების თაობაზე, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შეწყალების პროცედურა, არ დაუწერია.

​საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018 14:38

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით 25 სექტემბერს ნიუ იორკს ეწვევა.
გიორგი მარგველაშვილი მე-14 საერთაშორისო ფორუმის „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში“ მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი გაეროს ღონისძიებების ფარგლებში იმართება და მას მსოფლიოს 50-მდე მოქმედი თუ ყოფილი ლიდერი დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტი საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად სამუშაო პანელზე დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.
გიორგი მარგველაშვილი რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც იმსჯელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და სამუშაო სადილი კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.
ქვეყნის მთავარსარდალი ამერიკის შეერთებული შტატებში „ვესტ პოინტის“ სამხედრო აკადემიას (West Point) ეწვევა და აკადემიის ხელმძღვანელობასთან და კადეტებთან გამართავს შეხვედრას. გიორგი მარგველაშვილი საჯარო ლექციას წაიკითხავს და აკადემიის ქართველ კადეტებსაც შეხვდება.
ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტი ამერიკული ფონდის Appeal of Conscience Foundation მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზეიმო მიღებას 2018 Annual Awards Dinner დაესწრება, რომელიც უმაღლესი რანგის სტუმრებისთვის იმართება.
წლევანდელი ღონისძიება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისიტინ ლაგარდისა და საფინანსო ორგანიზაციის „რიჩმონტი“ თავმჯდომარის ჯოან რუპერტის პატივსაცემად იმართება, რომელსაც მადლენ ოლბრაიტი, ჰენრი კისინჯერი, ჯეიმს ბეიკერი, კოლინ პაუელი და სხვა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები, კონგრესისა და სენატის, ასევე ბიზნესის წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო გამოცემებთან. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 29 სექტემბერს დასრულდება.

​საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მონაწილეებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 21 სექტემბერი 2018 12:31

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე გამოიფინა ის წიგნები, რომლითაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ მწერლებს, რომლებიც ქმნიან ქართულ კულტურას, ქმნიან მის დღევანდელობას და განაპირობებენ ერის სულიერ განვითარებას.
"ჩვენ დღევანდელი დღით ვეცადეთ, რომ ფრანკფურტის ფესტივალის ემოციისათვის, რომელიც მსოფლიოს წინაშე საკუთარი სამშობლოს წარმოჩენის ემოციაა - შეგვექმნა გარკვეული წინაპირობა. ფესტივალი მნიშვნელოვანი მოვლენაა პოლიტიკური თვალსაზრისითაც. მე მასში პოლიტიკურ კონტექსტსაც ვხედავ. ჩვენი კულტურის უნიკალურობის ჩვენება გარდა იმისა, რომ სიამაყის ნიშანია, პოლიტიკურად ამ ქვეყნის დაცულობისა და განვითარების საფუძველია.
ჩვენ ამით მსოფლიოს ვანახებთ, რომ ჩვენ ვართ წიგნიერი ერი, რომელსაც საკუთარი დამწერლობა გააჩნია. გააჩნია ამოუწურავი მრავალფეროვანი მწერლობა და ეს კულტურა არ გამქრალა საუკუნეების განმავლობაში ამ ურთულეს რეგიონში. ჩვენ თანამედროვეობაში ვქმნით მომავლის საფუძვლებს. ქართული მწერლობის ეს ელჩობა არის ჩვენება იმისა, რომ ქართველი არ არის დამპყრობელი, აგრესორი, კრიმინალი, არამედ არის კულტურის მატარებელი, თავისი იდენტობისათვის გმირულად მებრძოლი ერი. ჩვენი გადარჩენა ძირითადად ამაზეა დამოკიდებული",  - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ასევე იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ფესტივალისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში. ხაზგასმით აღნიშნა, წიგნის ეროვნული ცენტრის როლი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზების საქმეში, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. საქართველოს პრეზიდენტმა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი ქართული ლიტერატურის განვითარებისა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის დააჯილდოვა და ჯილდო პირადად გადასცა.
ცენტრმა კონკურსის გზით უზრუნველყო პროექტის ძირითადი კონცეფციის შექმნა, რომელიც ეფუძნება ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და ზოგადად დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებს, პერსონაჟებს. ანბანით მოთხრობილი საქართველო / Georgia Made by Characters - კონცეფცია მარკეტინგულმა კომპანიამ connect შექმნა, რომლის ტექსტის ავტორი თანამედროვე მწერალი აკა მორჩილაძეა, ხოლო ბრენდინგი გია ბოხუას, კახა კახაძეს და თაკო ჭაბუკიანს ეკუთვნის.
ამ კონცეფციის იდეის მიხედვით ცენტრისა და JWT Metro- ს თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ცნობილი ანიმაციური ვიდეო რგოლი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ქართული ანბანის 33 ასონიშნით აცნობს საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ლიტერატურას. ამავე კონცეფციაზე დაყრდნობით შეიქმნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი, რომლის პროგრამა შინაარსობრივად მრავალფეროვანია, მრავალფუნქციური და ინტერაქტიული. პავილიონში მოწყობილ 2 სცენაზე 10-14 ოქტომბერს 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება და ქართულ ლიტერატურას გააცნობს, გაიმართება დისკუსიები და ლიტერატურული კითხვები. 
პავილიონში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი მათ შორის ცენტრის მიერ მხარდაჭერილი 300 გამოცემა. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი კულტურული და 500-მდე ლიტერატურული აქტივობა. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის საშემოდგომო პროგრამა დატვირთულია ლიტერატურული, საგამოფენო, მუსიკალური, კინოსა და თეატრალური ღონისძიებებითა და კულინარიული შოუებით.

​საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ივლისი 2018 11:03

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით რუსეთში აკრედიტებულ ელჩებთან გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოზიტიური დღის წესრიგი 12 აგვისტოს შეთანხმების დაცვითა და დევნილთა დაბრუნებით უნდა შეიქმნას.
"საქართველო კვლავაც მიისწრაფვის დავების მშვიდობიანი მოწესრიგებისაკენ. ჩვენი არაერთი შეთავაზებაც რუსეთის ფედერაციისადმი მიზნად ისახავს არსებული კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლას თანამშრომლობის სივრცით. მაგრამ ნდობის აღდგენა შეუძლებელია მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევითა და სუვერენიტეტის შელახვით.
პოზიტიური დღის წესრიგისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება და ლტოლვილთა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში.
რაც შეეხება ნატოს, საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობა ემსახურება უსაფრთხოებას რეგიონში და ხელს უწყობს სტაბილურობას თავად რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებთან", - აღნიშნულია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 სექტემბერი 2017 16:38

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია მიიღო
შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.
,, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას განხილული იყო აშშ - საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების საკითხები, როგორც სამხედრო თანამშრომლობის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე ქვეყნის შიდა, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 აგვისტო 2017 10:01

“შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.
ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ესპანეთის ხელისუფლებას და ხალხს”,- აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 10:07

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეფან პოლტორაკი სასახლეში მიიღო.
მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინას საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე მსგავსი მიზნები ამოძრავებთ და ორივე ქვეყანა რუსეთიდან მომავალი საფრთხეებისა და აგრესიის პირისპირ დგას.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინაში და გააგრძელებს ორმხრივი ურთიერთმხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობას და უკრაინის მხარდაჭერას ყველა ფორმატში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეფან პოლტორაკმა გიორგი მარგველაშვილს უკრაინის პრეზიდენტის მადლობა გადასცა იმ პირადი წვლილისათვის, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში.
შეხვედრისას საუბარი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის მზადების საკითხებს შეეხო, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.

პრობლემებზე მითითება არის ის, რაც ჩვენ გვეხმარება უკეთესი საზოგადოების შექმნისათვის, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 13:24

საქართველოს პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა სახალხო დამცველის საპარლამენტო გამოსვლას და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის აქცენტები ქვეყნის პოლიტიკურ- საზოგადოებრივ დისკუსიას განაპირობებს, ძალიან საინტერესო და ყურადსაღებია.
პრეზიდენტი მოუწოდებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას გააანალიზონ და მხედველობაში მიიღონ ყველა ის საკითხი, რომელიც ომბუდსმენმა წამოჭრა საპარლამენტო გამოსვლისას.
გიორგი მარგველაშვილმა იმ განწყობების შესახებაც ისაუბრა, რომელიც სახალხო დამცველის მიმართ არსებობს და იმ ადამიანებს უპასუხა "ვისაც მიაჩნია, რომ ომბუდსმენი გუნდრუკს უნდა უკმევდეს ხელისუფლებას, დაკავებული იყოს შედარებითი ანალიზებით, წარმოაჩენდეს არა პრობლემებს, არამედ ქადაგებდეს რამდენად კარგადაა ვითარება.
"ბევრი საინტერესო ინსტიტუტი არსებობს, ბევრი საინტერესო პოლიტიკოსი მოევლინება ხოლმე საზოგადოებას, რომელიც აღავლენს დიდებას ძლიერთა ამა ქვეყნისა მიმართ, მაგრამ არა ომბუდსმენი.
ომბუდსმენის ფუნქცია მდგომარეობს სწორედ იმაში და ჩვენ ომბუდსმენის სამსახურს და სახალხო დამცველის სამსახურს ვუხდით ხელფასს სწორედ იმაში, რომ აღმოაჩინოს პრობლემები, წარმოგვიდგინოს, მოგვცეს შესაძლებლობა მათი ანალიზის და მათი დაძლევის.
თუ ომბუდსმენი მხოლოდ ისაუბრებს იმის თობაზე რა არის გაკეთებული კარგი, ასეთ შემთხვევაში ასეთ ინსტიტუტს არ ექნება ფასი.
არიან ადამიანები, რომლებიც ამას სრულიად უფასოდ აკეთებენ და მათ შეგვიძლია მივანდოთ ეს საქმე.
სწორედ კრიტიკული ანალიზი, სწორედ პრობლემებზე მითითება არის ის, რაც ჩვენ გვეხმარება უკეთესი საზოგადოების შექმნისათვის,'' -  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, რომელსაც უჩა ნანუაშვილიც ესწრებოდა.

საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 18 მაისი 2017 17:45

„მივესალმები შესაძლებლობას თქვენთან ერთად განვიხილო მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. 

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას კონსტიტუციის ახალი პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე საკუთარი შეხედულებები გააცნო, მათი მოსაზრებები მოისმინა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 
ქვეყნის პირველმა პირმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით არსებული აქტიური ჩართულობა და აღნიშნა, რომ სწორედ კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელიც მთელ საზოგადოებას ერთიან პროცესში აერთიანებს და მნიშვნელოვანია, ყველა იყოს მიმდინარე პროცესის თანამონაწილე. 
„მე კანონპროექტის დადებამდე ჩავერთე ჩავერთე ამ თემის აქტუალიზაციის საკითხში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ათობით შეხვედრა ჩვატარეთ. ეს შეხვედრები კვლავ გრძელდება.
ასევე, ჩავები კამპანიაში, რომელსაც საკონსტიტუციო კომისია ატარებდა და მათთან ერთადაც მივიღე მონაწილეობა საყოველთაო განხილვებში.
მიმაჩნია, რომ, რაც უფრო ფართოდ გაიშლება დისკუსია, მით უფრო შინაარსობრივი იქნება ჩვენი მსჯელობა ქვეყნის უმაღლეს კანონზე. რამდენიმე პრინციპი, რომელიც ჩემთვის იყო და ახლაც ამოსავალია, არის ის, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს თანხმობის დოკუმენტი და ამ დოკუმენტმა, გარდა იმისა, რომ შექმნის ქვეყნის განვითარების სამართლებრივ ბაზას, გარკვეულწილად უნდა შექმნას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის პრეცედენტიც, რაც ამ სამართლებრივ პროცესს და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს ნორმალურ ჭრილში წარმართავს. 
მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც მე განვიხილავ ამ პროცესში, ქვეყნის დაცულობისა და უსაფრთხოების საკითხებთან კონსტიტუციის კავშირში მდგომარეობს. ამ თვალსაზრისითაც, კონსტიტუცია არის არა მარტო მოქმედი კანონი ქვეყნის ყოველდღიური სამართლებრივი ცხოვრებისათვის, ან პოლიტიკური თამაშის წესებისთვის, არამედ ეს არის კანონი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურდება და აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის კრიზისი და ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორი იქნება კონსიტუცია.
დაბოლოს, მთავარი ამოსავალი პრინციპი ჩემთვის, სხვადასხვა მოდელების, ან ფუნქციების განხილვის თვალსაზრისით არის ის, რომ კონსტიტუცია იყოს დაბალანსებული. მისაღებია ნებისმიერი მოდელი, რომელიც დაბალანსებულია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მზად ვარ მოვისმინო თქვენი შეხედულებები და ხედვები“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
„ეროვნულ პლატფორმაში“ გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლებიც ესწრებოდენენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური