საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 10:16

გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად  ნიუ-იორკში   გამოფენა-გაყიდვა Discover Georgia-ს დახურვას დაესწრო.

Chelsea Market-ში  გამოფენა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარმოდგენილი იყო ქართული პროდუქცია,  ხალხური რეწვის ნიმუშები,  თანამედროვე  დიზაინერების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები.

საქართველოს პრეზიდენტმა სტენდებზე წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის გამოფენები ქვეყნის პოპულარიზაციას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას ემსახურება.

„მნიშვნელოვანი გამოფენაა და იგი ხელს  უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას შეერთებულ შტატებში.  მნიშვნელოვანია,  რომ პრეზიდენტი მოვიდა დახურვის ცერემონიაზე და პირადად ესაუბრა იმ ბიზნესმენებს და  პოტენციურ მომხმარებლებს,  რომლებიც შემდგომში შეიძლება დაინტერესდნენ.“- აღნიშნა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 16:20

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავღანეთიდან ჩამოსვენებული ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს პრეზიდენტმა  დაღუპულის ახლობლებლებს მიუსამძიმრა და ავღანეთში ქართულ სამშვიდობო მისიას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და საზოგადოებას მიმართა:

"დღეს მძიმე დღეა მთელი საქართველოსთვის. პირველ რიგში მინდა, მივმართო ოჯახს, მივუსამძიმრო და ვუთხრა მადლობა ასეთი გმირის გაზრდისთვის.

მინდა, მივუსამძიმრო იმ ბიჭებსაც, რომლებიც დარჩნენ ავღანეთში და, რომლებმაც დაკარგეს თანამებრძოლი, იმ ახალგაზრდებს ვინც ვნახეთ აეროპორტში და ვუთხრა, რომ ჩვენ გვესმის მათი ტკივილის.

შეიარაღებულ ძალებს მინდა ვუთხრა, რომ მადლობლები ვართ იმ დიდი სამსახურისთვის, რომელსაც ქართული არმია საქართველოსთვის ეწევა და იმ სისხლისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის ღვრის.

საზოგადოებას მინდა ვუთხრა რომ ასეთი ვაჟკაცებით ვიყავით ჩვენ ძლიერი, ვიქნებით მომავალში. საქართველო კვლავ გააგრძელებს არსებობას, როგორც ძლიერი სახელმწიფო  და ძლიერი საზოგადეობა სწორედ ასეთი ბიჭების წყალობით და ისინი აღარ დაიღუპებიან, ისინი გააგრძელებენ ახალი ქვეყნის შენებას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავღანეთში, 22 სექტემბრს დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.

 

გიორგი მარგველაშვილმა ალექსის ციპრასს პრემიერმინისტრად არჩევა მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 12:10

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარტია „სირიზას“ და ალექსის ციპრასს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან გულითადი მილოცვა პარტია „სირიზას“ არჩევნებში გამარჯვებასთან და საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად თქვენ ხელახალ არჩევასთან დაკავშირებით. დიდი პატივით მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. მჯერა, რომ თქვენი ლიდერობით საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის არსებული ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი ქვეყნების სასიკეთოდ. თქვენო აღმატებულებავ, ღრმა პატივისცემით მინდა ყოველივე საუკეთესო გისურვოთ ბერძენი ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

პრეზიდენტი ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 10:55

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო.

„ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ავღანეთში ქართველი მებრძოლის, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულიჯანიშვილის გარდაცვალების შესახებ. ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ფასდაუდებელია სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მამულიშვილის სიცოცხლე. ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, თანამებრძოლებს შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას“, - აცხადებს პრეზიდენტი.

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულიჯანიშვილი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია. 

 

საქართველოს პრეზიდენტი მოსამართლეთა კორპუსს მიმართავს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 17:00

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსამართლეთა კორპუსს მიმართავს. newsday.ge პრეზიდენტის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო დღეების განმავლობაში  ადგილი ჰქონდა  სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობას, როგორც ქვეყანაში არსებული  პოლიტიკური სპექტრის,  ასევე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების  წარმომადგენლის - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან.

ასეთი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე  მხარდაჭერას ვუცხადებ მთელ სასამართლო კორპუსს და მომავალშიც  ვადასტურებ ჩემი და საზოგადოების თანადგომას  დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ამ რთულ  გზაზე,"- აღნიშნულია მიმართვაში.

ოპოზიცია პრეზიდენტისგან პოლიტპატიმრების დაუყოვნებელივ გათავისუფლებას ითხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 23:46

გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარლამენტარმა გიორგი ბარამიძემ, განცხადება გააკეთა და მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართა, რომ სხვა პოლიტპატიმრებიც დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. ამის შესახებ "რუსთავი2" იტყობინება.

“მივმართავ პრეზდენტ მარგველაშვილს, ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ გაათავისუფლოს. ეს არის მისი კომპეტენცია იმიტომ, რომ ივანიშვილი და სხვები და პარლამეტის უმრავლესობა ამ ნაბიჯს არ გადადგამს. მოვითხოვთ პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი საპყრობილიდან,“ - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმეწუთიანი თათბირის შემდეგ გამოაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ამერიკის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 15:22

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს აშშ-ს ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველო - ამერიკის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონული თანამშრომლობის პრობლემატიკას და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართვერლოს პრეზიდენტმა ასე სწრაფად მიმიღო, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.

ჩვენი შეხვედრის დროს განვიხილეთ უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის და კულტურის საკითხები. მათ შორის საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის საკითხიც. აღვნიშნეთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია კავშირების გაღრმავება ამ და სხვა სფეროებში.

ასვე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ენიჭება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას“,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ.

 

საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 14:17

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს  15:00 საათზე განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტია სავარაუდოდ, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრებს.

საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად ოპერის მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 13 სექტემბერი 2015 11:59

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს ოპერის მსოფლიო ვარსკვლავებს და ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის "ნატვრის ხე" წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

პრეზიდენტის სასახლეში საოპერო მომღერლები ნინო სურგულაძე, 21-ე საუკუნის უდიდესი ტენორი ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი, ბარიტონი ალბერტო გაძძალე, ვიოლინო ფრანჩეს კადეგო და მაესტრო დანიელე რუსტიონი იმყოფებოდნენ.

 მიღებაზე აღინიშნა, რომ 13 სექტემბერს, 21:00 საათზე, ოპერის მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" საქველმოქმედო გალა კონცერტს გამართავს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებთან საუბრისას აღნიშნა, იგი მიესალმება მსგავსი სახის საქველმოქმედო აქტივობებს და წარმატებებს უსურვებს პროექტის მონაწილეებს.

ნინო სურგულაძემ, როგორც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის "ნატვრის ხე" დამფუძნებელმა პრეზიდენტს პროექტით დაინტერესებისათვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა შევხვედროდით პრეზიდენტს და გაგვეცნო მისთვის ჩვენი პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი კონცერტი წარმატებით ჩაივლის და კიდევ ბევრ ბავშვს დავეხმარებით“, -აღნიშნა ნინო სურგულაძემ.

„ჩვენ ძალიან დიდ ძალისხმევას ჩავდებით იმაში, რომ ის მოლოდინი, რომელიც აქვს ჩვენ მიმართ ქართულ საზოგადოებას გავამართლოთ. ძალიან დიდ ყურადღებას ვგრძნობთ და არაფერს დავიშურებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვაჩვენოთ ჩვენი თავი“,- აღნიშნა ფაბიო არმილიატო.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" 2014 წელს დაფუძნდა. ფონდმა 2014 წელს ორი საქველმოქმედო ღონისძიება გამართა და შემოსული თანხით 11 ბავშვს მკურნალობა დაუფინანსდა

საქართველოს პრეზიდენტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 სექტემბერი 2015 13:17

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბორგე ბრენდეს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო-ნორვეგიას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივება და საქართველოს მოქალაქეებისათვის ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე მიმოსვლისათვის ხელსაყრელი პირობების შემოღება იყო.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რუსეთის პოლიტიკას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულებების დაუშვებლობა.

ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ბორგე ბრენდეს  ნორვეგიის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას. ბორგე ბრენდემ მადლიერება გამოხატა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისათვის, კერძოდ NATO-ს სამშვიდობო  მისიებში მონაწილეობისთვის და ქართულ მხარეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა. ბორგე ბრენდე ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური