გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 11:20

საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა  ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში გაიმართა.

შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის პირველმა პირმა სიტყვით მიმართა და ქართველი ემიგრანტების შეკითხვებს უპასუხა.

საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებთან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე, ეკონომიკურ პროცესებზე,  ქვეყნის საგარეო კურსზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქართველი ემიგრანტების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბიზნესში მოღვაწე ქართველი ემიგრანტების, როგორც გამოცდილ მეწარმეთა უნარების გამოყენება, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას.

"უმნიშვნელოვანესი საკითხია აქტიური ურთიერთობის შენარჩუნება და გაღრმავება ჩვენს დიასპორასთან და მათ მოთხოვნებსა და ინტერესებზე აქტიური პასუხი სახელმწიფოს მხრიდან.

ამ დიალოგში, უნდა არსებობდეს  ინფორმაცია საჭიროებების და  ინტერესების შესახებ და ამ მოთხოვნებს სახელმწიფო, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, უნდა პასუხობდეს.

ემიგრანტების გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,  გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი თემაა, რომელშიც შესაძლებელია თქვენი ჩართვა და ეს, პირველ რიგში,  სახელმწიფო მმართველობაა.

თქვენ ხართ ნაწილი იმ საზოგადოების, ისეთი სახელმწიფო მოწყობის, რომლისკენაც მიისწრაფვის საქართველო“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის მინისტრი და საქართველოს გენშტაბის უფროსი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

დისკუსიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და დელეგაციის წევრებმა ქართული დაისპორის წარმომადგენლებისათვის მიღება გამართეს.

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართა შეხვედრა ნიუ-იორკში მცხოვრებ დიასპორასთან.

გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დარჩენას იმედოვნებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 11:25

ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მის პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტის თანამდებობა უმნიშვნელოვანესი პოსტია.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი პოსტი და უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც მე მაქვს, რომელსაც ვემსახურები, ვემსახურები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მუდმივად საუბარია პრეზიდენტის შეზღუდულ უფლებებზე და პარლამენტს უხარია, რომ ვეტოს დაძლევის კვოტა პარლამენტში არის ძალიან დაბალი.

მისი თქმით, ვეტოს დაძლევის დაბალი კვოტა სირთულეს არ წარმოდგენს, რადგან ამით პრეზიდენტის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებში მონაწილეობის შესაძლებლობა იქმნება.

"მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები. მუდმივად საუბარია შეზღუდულ უფლებებზე, რომ აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ. მუდმივად პარლამენტს უხარია, რომ ვეტოს დაძლევის კვოტა პარლამენტში არის ძალიან დაბალი, მაგრამ მე ამისგან სირთულეს ვერ ვხედავ, რადგან მე მეძლევა შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებში მივიღო მონაწილეობა. მე მეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ არ ვიყო ჩართული ყოველდღიურ დაპირისპირებებში და პარტიულ პოლიტიკაში. ამ საკითხებს წამოწევენ ხოლმე პოლიტიკოსები, რომელთაც იმედი აქვთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებას მივიღებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოსტი და როლი, რომელსაც მე ვემსახურები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 11:15

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში არიან პატიმრები, რომელთაც ჰქონდათ პოლიტიკური წარსული და აქვთ პოლიტიკური აწმყო. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონსი საქართველოს საელჩოში დიასპორასთან შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, ეს საკითხები ქართული სასამართლოს შიგნით, სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად გადაწყდება.

"მე არ მაქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, შესაბამისად, მე კანონებს ვერც ვწერ, ვერ ვიღებ, მე მათ მხოლოდ ვეტოს ვადებ ხოლმე, როდესაც ამის შესაძლებლობა მაქვს. კანონი, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, არ ვიცი რომ იხილებოდეს პარლამენტში, თუ არის ასეთი ინიციატივა. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვამბობთ სიტყვას - პოლიტპატიმარი, ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმედ გასაგონი და მე ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. საქართველოში არიან პატიმრები, რომელთაც ჰქონდათ პოლიტიკური წარსული, აქვთ პოლიტიკური აწმყო. ეს საკითხები გადაწყდება ქართული სასამართლოს შიგნით, სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 10:18

საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი  ვაშინგტონში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა.

ქვეყნის პირველ პირს სამუშაო სადილზე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარემ მადლენ ოლბრაიტმა უმასპინძლა. შეხვედრას დემოკრატიული ინსტიტუტის მმართველი ორგანოს უმაღლესი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვთ მიმრთა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა,  რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძლედა.

მხარეებმა საქართველო-ამერიკას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები საქართველოში პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობით  დაინტერესდნენ.

საქართველოს  პრეზიდენტმა „ენ დი აი“- ში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და მადლობა გადაუხადა ინსტიტუტის წარმომადგენლებს, აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატება და პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანწილად სწორედ, ამერიკელი პარტნიორების ურყევმა მხარდაჭერამ განაპირობა.

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წევრებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 10:10

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წევრებს შეხვდა.

ქვეყნის პირველმა პირმა პირისპირ საუბარი გამართა  სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის პრეზიდენტ  ჯონ ჰეიმრესთან და ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრ და მრჩეველ ზბიგნევ ბრზეჟინსკისთან.

დახურული შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს.

ქვეყნის პირველმა პირმა აქცენტი დასავლეთის როლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, აშშ-მ და ევროპამ ტრადიციული ლიდერობა ითავონ, რათა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  მხარდაჭერის და არაღიარების პოლიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს  ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს.  დელეგაციამ აქცენტი გაამახვილა საქართველოში მიმდინარე  იმ რეფორმებზე, რომელსაც  ჩვენი ქვეყანა ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად ახორციელებს.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტები საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკითაც დაინტერესდნენ და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად პირველი პირისგან მოისმინეს.

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ი სამუშაო ვიზიტის პირველი ეტაპი დადებითად შეაფასა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 16:21

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ი სამუშაო ვიზიტის პირველი ეტაპი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს თემატიკის გასააქტიურებლად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.

 „ჩვენ გვქონდა შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან. მთვარი საკითხები, რაზეც ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას, არის ერთი მხრივ, საქართველოს ევროპული და  ევროატლანტიკური პროცესების გაღრმვება, მეორე მხრივ, მსოფლიო პოლიტიკური დისკუსიების კონტექსტში საქართველოს თემატიკის გააქტიურება“, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ნიუ იორკში საქარვთელოს პრეზიდენტმა ორმხრივი  შეხვედრები გამართა გაეროში პოლონეთისა და ხორვატიის, სლოვენიის, ლიტვისა და ლატვიის ლიდერებთან, ასევე ბელგიის პრემიერმინისტრთან.

გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა საგარეო ურთიერთობათა საბჭოში, ფორდჰემის უნივერსიტეტში კი საჯარო ლექცია წაიკითხა.

ქვეყნის პირველმა პირმა მონაწილეობა მიიღო ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება".

საქართველოს პრეზიდენტი კონექტიკუტში სანაპირო დაცვის აკადემიას ეწვია, დაღუპული ქართველი კადეტების - სოსო მაკარიძის და ბესო გორჯოლაძის ხსოვნას პატივი მიაგო  და კურსანტებს სიტყვით მიმართა.

დღეიდან, ვაშინგტონში დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის  არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინთან.

ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებს და  ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.

დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ვილსონის  და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში. ასევე შეხვედრები გაიმარათება კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელთან, უშიშროების და საგარეო ურთიერთობის კომიტეტების წარმომადგენლებთან.

ქვეყნის პირველი პირი „ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ( NDI ) ხელმძღვანელებთანაც გამართავს სამუშაო სადილს და ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები  საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.

გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი აშშ-ში 2 ოქტომბერს დასრულდება.

 

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 14:24

სახელმწიფოს მეთაური გიორგი მარგველაშვილი დღეს გაეროში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პოლონეთისა და ხორვატიის პრეზიდენტებთან. დაგეგმილია ასევე, შეხვედრა ბელგიის პრემიერმინისტრთან.

გიორგი მარგველაშვილს დღესვე საგარეო ურთიერთობათა საბჭოში და ფორდჰეიმის უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლები ექნება.

ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობას მიიღებს ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში- „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება".

ხვალ კი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონს ეწვევა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის  არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინთან.

ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებს და  ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტი "ოლბრაიშ სთოუნბრიჯ გრუფ"-ის ხელმძღვანელს მადლენ ოლბრაითს სამუშაო საუზმეზე უმასპინძლებს. დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ვილსონის  და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში. ასევე შეხვედრები გაიმარათება კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელთან, უშიშროების და საგარეო ურთიერთობის კომიტეტების წარმომადგენლებთან.

ქვეყნის პირველი პირი „ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ( NDI ) ხელმძღვანელებთანაც გამართავს სამუშაო სადილს და ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები  საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გამართა ორმხრივი შეხვდრები ლატვიისა და სლოვენიის პრეზიდენტებთან და შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

კონექტიკუტიში კი, სანაპირო დაცვის აკადემიაში  (Coast Guards Academy) დაღუპული ქართველი კადეტების - სოსო მაკარიძის და ბესო გორჯოლაძის ხსოვნას მიაგო პატივი და კურსანტებს სიტყვით მიმართა.

გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი აშშ-ში 2 ოქტომბერს დასრულდება.

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიას ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 12:05

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კონექტიკუტიში, სანაპირო დაცვის აკადემიას  (United States Coast Guards Academy) ესტუმრა და აშშ-ში დაღუპული ქართველი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ (ბესო) გორჯოლაძის ხსოვნას პატივი მიაგო.

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი აკადემიაში სამხედრო პატივით მიიღეს.

ქვეყნის პირველ პირს აკადემიის ეზოში კადეტთა საპატიო ყარაული დახვდა. სტუმრის პატივსაცემად სანაპირო დაცვის აკადემიის ჰამილტონ-ჰოლის წინ საქართველოს დროშა აღმართეს, რის შემდეგაც გაისმა 21 სამხედრო ზალპი და აკადემიის სასულო ორკესტრმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობა სასწავლებლის ხელმძღვანელმა კონტრადმირალმა ჯეიმს რენდონმა და აკადემიის ქართველმა კურსანტებმა პირადად გაუწიეს.

მისალმების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები ქართველი სტუდენტების მასპინძელი ოჯახების წევრებს პირადად გაესაუბრნენ.

კონტრადმირალმა რენდონმა მადლობა გადაუხადა საქარველოს პრეზიდენტს ვიზიტის გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად აკადემიაში სტუმრობისათვის.

გიორგი მარგველაშვილმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა კონტრადმირალ რენდონს მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ საერთო ტრაგედიამ და ტკივილმა, ქართველი და ამერიკელი ხალხები უფრო მეტად დააახლოვა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობა გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.

საქართველოს პრეზიდენტმა სანაპირო დაცვის აკადემიაში ვიზიტის ფარგლებში დაღუპული  ქართველი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესო გორჯოლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური კედელი მოინახულა.

საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა აკადემიის კურსდამთავრებულთა დარბაზში შეკრებილ აკადემიურ პერსონალსა და კურსანტებს სიტყვით მიმართა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საოცრად ამაღელვებელია  ის მეგობრობა, რომელითაც აქ ჩამოსულ ქართველ სტუდენტებს მათი თანაკურსელები ხვდებიან.

ეს ნათლად ჩანს და დასტურდება იმ უდიდესი პატივისცემითაც, რომესაც კადეტები დაღუპული ქართველი თანაკურსანტების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოხატავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა კადეტებისადმი მიმართვაში რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევბის შესახებ ისაუბრა.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება გლობალურ და რეგიონალურ კონტექსტში, შავი ზღვის სანაპირო საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის შედეგად აფხაზეთსა და 2014 წელს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ საქართველოს სანაპირო უსაფრთხოების სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის უმაღლესი სასწავლებლების არსებობა.

უმაღლესმა მთავარსარდალმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა სანაპირო დაცვის აკადემიას თანადგომისათვის და აღნიშნა, რომ ეს სასწავლებელი ამერიკის და საქართველოს სამხედრო ძალებს საუკეთესო პროფესიონალებს უზრდის, რომლებიც ერთად დგანან გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების დასაცავად.

ქართველმა კადეტებმა ელდარ საგანელიძემ, კონსტანტინე ყიფიანმა, ალექსანდრე წერეთელმა და ოფიცერ-კანდიდატმა თამთა ანთაძემ საქართველოს პრეზიდენტს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრის დასარულს საქართველოს პრეზიდენტმა აკადემიის ქართველ და ამერიკელ კურსანტებთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.

საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიის პრემიერმინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 09:58

საქართველოს პრეზიდენტი გაეროში სლოვენიის პრემიერმინისტრ მირო ცერარს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის  საჭიროა, უმაღლეს დონეზე ვიზიტების გააქტიურება.

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიის მხარეს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის  მადლობა გადაუხადა.

რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა არ არის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 10:50

„რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა კი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, არამედ რუსეთთან საუბარი აბსოლუტური აუცილებლობაა. თუმცა, ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს, თვითონ რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა, შიდა პოლიტიკური დისკუსი რაღაცაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სადაც ჩვენ საერთოს დავინახავთ. არცერთი ეს ომი რუსეთისთვის არაფრის მომტანია, საქართველოს 20%-ის ოკუპირება რუსეთთან მიმართებაში არცერთ რუსულ პრობლემას არ წყვეტს,“- ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.  

 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური