საქართველოს პრეზიდენტი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2015 10:06

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისრაელში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა სტუდენტებთან გამართა.

ქვეყნის პირველმა პირმა  „IDC Herzliya“-ის ინსტიტუტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა თემაზე  „პატარა სახელმწიფოების გამოწვევა მსოფლიოს ახალ დღისწესრიგში.“

სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში საქმიანობა გაიხსენა და სტუდენტებთან დისკუსიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ქვეყნის პირველმა პირმა ისრაელსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზეც ისაუბრა, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო  რეგიონში ქმნის.  „ისტორიულად საქართველოს საუკუნეების მანძილზე უხდებოდა ბრძოლა საკუთარი იდენტობის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად დიდი იმპერიების წინააღმდეგ, რომელთა ინტერესს წარმოადგენდა ეკონტროლებინათ საქართველოს ტერიტორიები“-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას  განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო  ქართველ  და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას, საქართველოში მცხოვრები ებრაელი ხალხის და მათი როლის  მნიშვნელობას  ახალი სახელმწიფოს შენებაში.

 „ საქართველომ შეძლო და შეინარჩუნა  საკუთარი იდენტობა  და სახელმწიფოებრიობა,  მეოცე  საუკუნეში ხელახლა ააშენა ახალი თანამედროვე სახემლწიფო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა. სახელმწიფო დაფუძნებული წარსულზე, რომელიც ძალიან არის დაკავშირებული ებრაელ ხალხთან და ებრაულ სათვისტომოსთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში მეგობრულად და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. უფრო მეტიც,  მაშინ როდესაც საქართველო აგებდა თავის სახელმწიფოს ებრაელი ხალხი ასევე იყო ამ პროცესის მონაწილე და ისევე განიცდიდა იმ პრობლემებს, როგორც ეთნიკური ქართველები, და იყვნენ ნაწილი ახალი სახელმწიფოს შენების პროცესისა”-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.  საუბარი საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და რეგიონში არსებულ ვითარებას, ასევე ქვეყნის ტრანზიტული როლის მნიშვნელობას შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობაზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.

„ ჩვენი ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია და საქართველოში ცხოვრობენ ქართველები, რომლებიც იმის გამო რომ ეთნიკურად ქართველები არიან საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცნენ. საქართველო არის დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელმაც შეძლო და მიუხედავად დიდი ზეწოლისა შეინარჩუნა საკუთარი იდენტობა, უნიკალური ენა, დამწერლობა, ჩვენი სახემწიფოებრიობა. ეს არის ის განცდა, რომელიც გააჩნია თითოეულ ქართველს, ამაზე ვფიქრობთ ჩვენ პოლიტიკოსები, როდესაც საქართველოს მომავალზე ვსაუბრობთ.  ჩვენ არასდროს შევეგუებით  ოკუპაციას  და არ შევეგუებით, რომ ჩვენს ძლიერ მეზობელს გადაწყვეტილი აქვს დაარღვიოს ჩვენი უფლებები და სუვერენიტეტი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არის აღიარებული და დამტკიცებული“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  გიორგი მარგველაშვილის განცხადებით  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა  უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით. საუბარი საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც შეეხო და ევროკავშირთან ეკონომიკურ ურთერთობებს, საქართველოში იმ ხელსაყრელ პირობებს,  რომელიც ბიზნესის კეთების კუთხით არსებობს. დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა  რეგიონში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა და უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე  გაამახვილა ყურადღება. ასევე საერთაშორისო საზოგადოების როლზე, და მათ ჩართულობაზე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელმწიფო ვიზიტი ისრაელში დღეს დასრულდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 16:45

საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, ისრაელში სახელმწიფო ვიზიტის  ფარგლებში, ჰოლოკოსტის მუზეუმი დაათვალიერეს და იერუსალიმის მთაზე მდებარე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი - "იად ვაშემი" ყვავილების გვირგვინით შეამკეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, დელეგაციასთან ერთად, პატივი მიაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ისრაელში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მოინახულა და გვირგვინით შეამკო სიონიზმის დამფუძნებლის  თეოდორ ჰერცლის მონუმენტი.

საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ისრაელის ეროვნულ ფონდს ესტუმრნენ და ისრაელის ეროვნულ ბაღში ხის დარგვის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ხის დარგვის ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო -ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა და ამ მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერების და გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

„საქართველო ისრაელის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა კავკასიის რეგიონში“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 14:35

ისრაელში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტებმა, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მედიისათვის ერთობლივი  განცხადებები გააკეთეს.

„ჩვენ ვართ პატარა ერები, რომლებიც თანამედროვე დემოკრატიას აშენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ სირთულეები და ავაშენოთ მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემო საკუთარ რეგიონში“, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გახშირებული ტერაქტების გამო და განაცხადა, რომ ჩვენ ქვეყნებს აქვთ ხანგრძლივი ტარადიცია დაძლიონ ძალადობა მშვიდობით და საერთო ღირებულებებით.

„ჩვენ ვიცით, რომ ძალადობის ძალადობით დამარცხება შეუძლებელია,  ძალადობა სიყვარულით უნდა დავძლიოთ - საერთო მიზნებითა და იდეებით“,  -აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მოლაპარაკებების, მშვიდობიანი და დიპლომატიური გზითაა შესაძლებელი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით,  საქართველოს საგარეო მიზნების მიღწევა შესაძლებელია, მხოლოდ საერთაშორისო შეთანხმებებისა და სამართლის ნორმების მტკიცე დაცვით.

მარგველაშვილმა ისრაელის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო, როგორც წამყვანი გეოპოლიტიკური როლის მქონე ქვეყნა, ქმნის ახალ შესაძლებლობებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კავშირის გაძლიერებისათვის. ეს კავშირები მნიშვნელოვანია, ყველასათვის, ვინც ფიქრობს სასარგებლო პროექტების განვითარებაზე, კეთილდღეობასა და მომავალზე და არა, სხვა ადამიანების უფლებების დარღვევაზე.

პრეზიდენტის განცხადებით,  საქართველოს ხელისუფლების მიზანია, გააღრმავოს ეკონომიკური ურთიერთობები და უკვე არსებული თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებში.

პრესკონფერენციაზე ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა საქართველოსა და ისრაელის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მსოფლიოში ერთერთი უძველესი ებრაული დიასპორა ჰყავს.

„ეჭვგარეშეა,  რომ საქართველო ისრაელის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა კავკასიის რეგიონში. საქართველო ისრაელის მსგავსად წარმოადგენს ქვეყანას, სადაც რელიგიური ტოლერანტობა და ყველა კულტურის თანაბარი პატივისცემაა. დღეს, საქართვლოს მნიშვენლოვანი როლი აქვს, საერთაშორისო არენაზე ამ ღირებულებათა გავრცელებაში.  ასევე, მნიშვნელოვანი როლი აქვს აიმაღლოს ხმა ფუნდამენტალიზმის საფრთხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა რუვენ რივლინმა.

მისი განცხადებით,  ფუნდამენტალიზმი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ შუა აღმოსავლეთს, არამედ მთელ მსოფლიოს.

რუვენ რივლინმა საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ  გადაუხადა მადლობა იმ გულითადი წუხილისათვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ისრაელში გახშირებული ტერაქტების გამო გამოთქვა.

ისრაელის პრეზიდენტის განცხადებით,  საქართველომ და ისრაელმა უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა, არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ წმინდა გიორგის საფლავი მოინახულეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 11:41

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქართულ დელეგაციასთან ერთად  სახელმწიფო  ვიზიტით,  ისრაელს ეწვივნენ.

ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა ქალაქ ლოდში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოინახულა.  გიორგი მარგველაშვილს ეკლესიაში ისრაელში მცხოვრები ქართველები დახვდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ წმინდა გიორგის საფლავი და  წმინდა ნაწილები მოილოცეს და ეკლესიაში პარაკლისს დაესწრნენ.

ეკლესიის წინამძღვარმა მამა ნიკოდიმოსმა საქართველოს პრეზიდენტს წმინდა გიორგის ხატი გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი სახელმწიფო ვიზიტით ისრაელს ეწვივნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 11:23

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქართულ დელეგაციასთან ერთად  სახელმწიფო  ვიზიტით,  ისრაელს ეწვივნენ.

ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ხვალ დაიწყება.  ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, სადაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ  და მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურის და პირველი ლედის პატივსაცემად ისრაელის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება.

ქვეყნის პირველი პირი,   სახელმწიფო  ვიზიტის ფარგლებში,  ისრაელის სახელმწიფოს პრემიერმინისტრს  ბენიამინ  ნეთანიაჰუს შეხვდება.  გიორგი მარგველაშვილი ისრაელში ქნესეთსაც ეწვევა, სადაც  გაიმართება შეხვედრები ქნესეთის თავმჯდომარესთან  იული ედელშტეინსთან და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთან ჰაიმ ჰერცოგთან.

გიორგი მარგველაშვილი  ისრაელში ვიზიტის ფარგლებში  ჰოლოკოსტის მუზეუმს დაათვალიერებს და ყვავილების გვირგვინით შეამკობს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს. ქვეყნის პირველი პირი „ისრაელის ეროვნულ ბაღში“ ხის დარგვის ცერემონიაშიც მიიღებს მონაწილეობას,  ასევე პატივს მიაგებს თეოდორ ჰერცლის მემორიალს.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი ლედი ისრაელის ბავშვთა კლინიკებს მოინახულებს.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტი კვლევით ცენტრ IDC-ში სტუდენტებსა და მკვლევარებს სიტყვით მიმართავს.

პრეზიდენტის და ქართული დელეგაციის სახელმწიფო ვიზიტი ისრაელში  20 ოქტომბერს დასრულდება.

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი დღეს სახელმწიფო ვიზიტით ისრაელს ეწვევიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 18 ოქტომბერი 2015 11:48

ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, სადაც პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ და მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურის და პირველი ლედის პატივსაცემად ისრაელის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება.

ქვეყნის პირველი პირი, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილი ისრაელში ქნესეთსაც ეწვევა, სადაც გაიმართება შეხვედრები ქნესეთის თავმჯდომარესთან იული ედელშტეინსთან და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთან ჰაიმ ჰერცოგთან.

გიორგი მარგველაშვილი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ჰოლოკოსტის მუზეუმს დაათვალიერებს და ყვავილების გვირგვინით შეამკობს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს. ქვეყნის პირველი პირი „ისრაელის ეროვნულ ბაღში“ ხის დარგვის ცერემონიაშიც მიიღებს მონაწილეობას, ასევე, პატივს მიაგებს თეოდორ ჰერცლის მემორიალს.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი ლედი ისრაელის ბავშვთა კლინიკებს მოინახულებს.

ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტი კვლევით ცენტრ IDC-ში სტუდენტებსა და მკვლევარებს სიტყვით მიმართავს.

პრეზიდენტის და ქართული დელეგაციის სახელმწიფო ვიზიტი ისრაელში 20 ოქტომბერს დასრულდება.

გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 17:26

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს ბრიუს ენდრიუსს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისა და  გაღრმავების პერსპექტივას. ხაზგასმით აღინიშნა იმ უპირატესობის შესახებ, რომელსაც საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (FTA)  ინიციატივა გულისხმობს.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს „გლობალური მეწარმეობის სამიტის (Global Enterpreneurship Summit) საქართველოში ჩატარების განხილვა შესთავაზა.

საუბარი ასევე შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც დღეს საქართველო ინვესტიციების მოზიდვისა და  ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით ქმნის.

შეხვედრისას ის რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური გამოწვევები და სირთულეებიც განიხილეს, რომლებიც გავლენას ახდენენ არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე.

ბრიუს ენდრიუსმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართულ მხარეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ხელშეწყობასა და მჭიდრო თანამშრომლობას.

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე ენერგოუსაფრთხოების საკითხის განხილვას ითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 16:53

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე "საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის" განხილვას ითხოვს.

აღნიშნული განცხადებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მაია ცქიტიშვილს მიმართა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული მთავრობის აღნიშნულ სხდომას თავად პრეზიდნეტი და უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრებიან. 

"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ, საქართველოს მთავრობის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოთ და განიხილოთ შემდეგი საკითხი: "საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლის ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობა". აღნიშნული საკითხის მთვარობის სხდომაზე განხილვას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრეზიდნეტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი", - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის ინიციატივა მთავრობის სხდომაზე  "საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლის ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის" განხილვის შესახებ, სავარაუდოდ "გაზპრომთან" დაკავშირებულ მოვლენებს უკავშირდება.

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 18:05

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნგრელ კოლეგას იანოშ ადერს სამძიმრის წერილი გაუგზავნა და მწუხარება გამოხატა უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტის არპად გენცის გარდაცვალების გამო.  

„თქვენო აღმატებულებავ,

ღრმად დამამწუხრა უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტის, მისი აღმატებულების, ბატონი არპად გენცის გარდაცვალების ამბავმა. ნება მიბოძეთ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მოგისამძიმროთ და გამოვთქვა ჩვენი ღრმა მწუხარება და გულითადი სიმპათია თქვენს, არპად გენცის ოჯახის წევრებისა და უნგრელი ხალხის მიმართ.

მისი აღმატებულება, ბატონი არპად გენცი იყო გამორჩეული ლიდერი, რომელმაც მისი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში ისტორიული როლი შეასრულა. იგი კომუნისტური ეპოქის დროს უდიდეს გამოწვევებს გაუმკლავდა და ათწლეულის განმავლობაში იყო უნგრეთის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი არპად გენცი სამუდამოდ დარჩება უნგრელი ხალხის მეხსიერებაში.

მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა მწუხარება და თანადგომა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა უნგრეთის საელჩოში პრეზიდენტ არპად გენცის გარდაცვალების გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

 

საქართველოს პრეზიდენტი ფოლკსვაგენის ფონდის გენერალურ მდივანს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 14:23
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფოლკსვაგენის ფონდის გენერალურ მდივან ვილჰელმ კრულს შეხვდა. შეხვედრისას საქართველოში მეცნიერების განვითარების პერსპექტივები და საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო, ასევე, ილიაუნის სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტს, როგორც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულ ერთ-ერთ პროექტს, რომელთა თანადამფინანსებელიც არის ფოლკსვაგენის ფონდი. შეხვედრას ესწრებობდა ილიაუნის რექტორი გიგა ზედანია. როგორც ცნობილია, ფოლკსვაგენის ფონდი მეცნიერების ყველა სფეროში კვლევით პროექტებს აფინანსებს და სამეცნიერო სფეროების განვითარების ხელშეწყობას ახორციელებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური