საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 16:17

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო ჰეიდარ ალიევის მონუმენტი და  გმირთა მოედანზე გაემგზავრა, სადაც პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს.

დღესვე შედგება საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

იგეგმება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციის ხელმოწერა პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ასევე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს პატრიარქთან  ილია მეორესთან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდება და სამაცივრე მეურნეობას მოინახულებს.

ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს ხვალ, 6 ნოემბერს დაასრულებს.

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოხატავს რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 18:32

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მწუხარება გამოხატა რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტეში მომხდარი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს კვირეულის ფარგლებში დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 16:32

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ატლანტიკური საბჭოს  ორგანიზებით, საქართველოში NATO-ს კვირეულის ფარგლებში დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და შეკრებილ საზოგადოებას სიტვით მიმართა.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობაზე გაამახვილა და იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას, ერთიანი მიზნის მიღწევასა და დემოკრატიული საზოგადოების შენებას ემსახურება.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ NATO-ზე და იმ ძალიან რთულ გზაზე, რომელსაც ამ მიმართულებით ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი გადის, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ NATO, როგორც ალიანსი იქმნებოდა სწორედ იმ ღირებულებების, საზოგადოებების და იდეალების ირგვლივ, რომლის საფუძველზეც ყალიბდება ჩვენი სახელმწიფო.

NATO შეიქმნა როგორც უსაფრთხოების სისტემა იმ სახელმწიფოებისათვის, რომელშიც თავისუფალი ადამინები ქმნიდნენ თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ სახელმწიფოებს და ამ ღირებულებების ირგვლივ ერთიანდებოდა და მტკიცდებოდა ეს სისტემაც. ჩვენი ქვეყანაც სწორედ ისტორიულად ძალიან თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე ინდივიდების ერთობაა, რომლებიც თავისუფალი საზოგადოების შექმნისათვის მუშაობენ და მოღვაწეობენ; საზოგადოების, რომელშიც ყველა ჯგუფს შეუძლია ერთნაირად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, შეხედულებები და ამავე დროს იცხოვროს ერთიან სისტემაში.

ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც საქართველო გახდა პირველი დარტყმის ობიექტი 2008 წელს, რის შედეგადაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია,  ჩვენ მაინც ვქმნით დემოკრატიულ სახელმწიფოს; ურთულეს რეგიონში  ვავითარებთ, ჩვენს სტრატეგიულ მიზანს, რომ ვიყოთ კავკასიაში თანამედროვე თანამშრომლობისა და ერთიან, მშვიდობიან მომავალზე ორიენტირებული რეგიონის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ძალა; ხელს ვუწყობთ თანამშორმოლობას ევროპასა და აზიას შორის, იმ რთული გამოწვევების ფონზე, როგორიც გვაქვს უსაფრთხოების, ასევე სხვა კუთხით.

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თვისობრივად აძლიერებს და ავითარებს, ასევე რეფორმების მუდმივი პროცესის შედეგად, კიდევ უფრო თავსებადი ხდება NATO-ს ძალებთან. ეს ჩვენი თავდაცვის სისტემის, შეიარაღებული ძალების დამსახურებაა, რაც  უელსშიც აღინიშნა. ამ დამსახურების შედეგად საქართველომ მიიღო თანამშრომლობის ისეთი ფართო პაკეტი,  რომელიც, შეიძლება ითქვას,  NATO-ს ისტორიაში მანამდე არ ჰქონია.

დღეს საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ქმნიან თავიანთ თანამშრომლობას  რეგიონში და შესაძლებლობას აძლევენ ევროპის ქვეყნებს ალტერნატიული ენერგომატარებლები და სავაჭრო გზები ჰქონდეთ.

საქრთველო   უმნინელოვანესი ლიდერი ქვეყანაა დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებების  თვალსაზრისით;  ასევე წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს  კავშირს,  რომელიც უზრუნველყოფს ჩართულობას გლობალური თანამშრომლობის  მიმართულებით. 

მჯერა,  რომ ასეთი დისკუსიები კიდევ უფრო შორს წაიყვანს საქართვლოს NATO-ში ინტეგრირების გზაზე და საბოლოოდ უზრუნველყოფს იმ დაცულობას, რომლისთვისაც ჩვენ ძალინ ბევრი გვიშრომია; აგრეთვე უზრუნველყოფს უფრო მეტ მშვიდობასა და განვითარებას როგორც გლობალურად, ისე რეგიონისათვის“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ ღონისძიების მონაწილეთა შეკითხვებსაც უპასუხა.

შეკითხვები ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსს, მიმდინარე საკითხებსა და ბოლო დროს, და მედია სივრცეში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის შესახებაც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველო-აშშ-ის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობა და ის შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენი ქვეყნისათვის აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პერსპექტივა ქმნის.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება არაღიარების პოლიტიკისა და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი სისტემური ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაზე გაამახვილა.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

30 ოქტომბერს საქართველოში სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ჩამოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 12:06

30 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვა სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. როგორც "ნიუსდეი საქართველოს" საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში განუცხადეს, სომხეთის სახელმწიფოს მეთაური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ  გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან ერთად ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 15:20

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს  მიმართავს  და მოუწოდებს წამების ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოებას ანგარიში ჩააბარონ.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახალხო დამცველთან უჩა ნანუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც ფაქტობრივად ყოველდღე ვხედათ ახალ, ამაზრზენ ვიდეოებს. ეს ის  სტრესული გარემოა, რომელშიც დღეს საზოგადოება ცხოვრობს. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობის, სადიზმის ყველა ფორმას და აგრეთვე, ამ ინფორმაციის ტირაჟირებას.

მე მივმართავ ყველა სამართალდამცავ ორგანოს, გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, ჩააბარონ ანგარიში საზოგადოებას, ამ კატასტროფულ ვიდეოებში ასახული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც რამდენადაც ჩვენ ვხედავთ სისტემური იყო - რამდენი ადამიანის მიმართ წარმოებს, ან წარმოებდა სამართლებრივი დევნა, რამდენი ადამიანია მიცემული პასუხისგებაში, იმისათვის, რომ ჩვენში გამყარდეს იმის განცდა, რომ სადისტები და მოძალადეები  სამართლიანად დევნილები არიან და მათ საზოგადოება, ისევე, როგორც პოლიტიკური სისტემა, არასდროს შეუნდობს იმას, რაც კეთდებოდა და რაც ვნახეთ ამ კატასტროფულ კადრებში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, შეხვედრისას ორ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს - ბოლომდე უნდა მივიდეს წამების კადრებთან დაკავშირებული გამოძიება, პროცენტულად მხოლოდ მცირე ნაწილი არის გამოძიებული და ერთეული საქმეები არის დასრულებული.

და, მეორე საკითხი, სახალხო დამცველის განცხადებით, ყველა მეთოდის გამოყენებით, უნდა შეიზღუდოს იმ კადრების გავრცელება, რომელიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რადგან მას უკუეფექტი აქვს და შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მეტ რისკებს აჩენს საზოგადოებაში დაძაბულობის კერების შექმნისა და ძალადობის ესკალაციის კუთხით.

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტთან შეხვედრას აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 11:19

"მე გუშინ შვხვდი პრეზიდენტს, გუშინწინ და იმის წინ შევხვდი პრემიერ-მინისტრს, ხვალ და ზეგ ალბათ ისევ შევხვდები პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ჯერ-ჯერობით ასეთი სამსახური მაქვს, რომ ვხვდები ხოლმე კოლეგებს. ამიტომ, გუშინდელ შეხვედრაზე რაიმე განსაკუთრებული და საგანგებო არ ყოფილა. მე მაშინვე განვაცხადე და ბატონ პრეზიდენტსაც მოვახსენე, რომ საქართველოში ვერ ვხედავ საგანგებო მდგომარეობას, ვერ ვხედავ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის რაიმე საფრთხეს. ვხედავ ცალკეულ კონკრეტულ პრობლემებს, საჭიროა პრობლემებთან გამკლავება, რომ ზოგადად და მომავალშიც, თეორიული საფრთხეც კი ავირიდოთ თავიდან. ამიტომ, ყველამ ჩვენი საქმე გულმოდგინედ უნდა ვაკეთოთ და თუ რაიმე მოსაზრება გვაქვს ერთმანეთს გავუზიაროთ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის განცხადებით, ის ისურვებდა ყველა პოლიტიკურმა მხარემ,ყველა ადამიანმა, ვინც მედიის მეშვეობით საზოგადოებასთან კონტაქტობს, ხელი შეუწყოს ვითარების განმუხტვას, და არა პირიქით, პროცესების ესკალაციას.

"ჩვენ იმიტომ ვართ არჩეულნი თუ დანიშნულნი, რომ ეს გავაკეთოთ, თორემ ადამიანებს აღშფოთება სახლში, სამზარეულოშიც შეუძლიათ. არ სჭირდება ამას რაიმე დიდი მონდომება, ჩვენი ამოცანაა შერიგება, თანხმობა, პრობლემების მოგვარება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ერთმანეთს, არ ვეთანხმებით. ჩვენ როგორმე დიალოგი უნდა გადავიყვანოთ არგუმენტების, კონკურენციის რეჟიმში და არა პიროვნული მტრობის რეჟიმში. ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა და პრეზიდენტთანაც ამაზე გვქონდა საუბარი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი დღეს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს შეხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 10:20

დღეს იგეგმება შეხვედრა პრეზიდენტსა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს შორის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მთავარი თემა "რუსთავი 2"–ის მფლობელობასა და სასამართლო დავასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები იქნება.

შეხვედრის ზუსტი დრო ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა და ამის შესახებ კომენტარს არც პრეზიდენტის პრესსამსახური აკეთებს.

საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 10:17

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს  ილია II-ს საპატრიარქოში შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა ქადაგებების დროს  გაჟღერებული უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის.

„მინდა მადლობა გითხრათ, იმ უდიდესი ღვაწლისათვის, რაც თქვენ გაქვთ, - ერში და საზოგადოებაში მშვიდობის, შეწყნარების, ერთმანეთის პატივისცემის და სიყვარულის ღირებულებების დამკვიდრებისათვის.

დიდი მადლობა იმ უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის, რომელიც მოდის ხოლმე თქვენი ქადაგებების დროს.  ამ ბოლო ქადაგებისას თქვენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხშირად ემოციურად ზღვარს გადავდივართ, მიგვანიშნეთ, რომ უნდა ვიპოვოთ სასაუბრო ენა ერთმანეთთან დარბაზებში.  დიდი მადლობა ამ ძალიან  მნიშვნელოვანი გზავნილისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკოსი თქვენს სიტყვას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს და  ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს და მოახდენს მომავალშიც ჩვენს ცხოვრებაზე“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქთან შეხვედრაზე.

„ჩვენ ხმაურიანი ხალხი ვართ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და დამშვიდდება, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა“, -აღნიშნა პატრიარქმა.

საქართველოს პრეზიდენტისა და პატრიარქის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებით განაახლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 17:13

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში განვითარებული პროცესების შესახებ კონსულტაციები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებით განაახლა.

პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს", ევრაზიის ფონდის, NIMD-ის, ბიოლის ფონდის, ადენაუერის ფონდის,  NDI-ის, IRI-ის წარმომადგენლები.

ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" დირექტორი ქეთი ხუციშვილი საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან პრეზიდენტთან კონსულტაციები პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკებების რეჟიმში დაბრუნების წინაპირობას შექმნის.

ქეთი ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანაში დაძაბულობამ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებისა და კონსულტაციების შემდეგ მცირედით იკლო.

მისი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები პრეზიდენტთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის მმართველი პარტია, მზად უნდა იყოს ამგვარი კონსულტაციებისათვის,  მედიაპლურალიზმი თავისთავად ღირებულებაა ჩვენი ქვეყნისათვის და ყველა პოლიტიკურ ძალას თავისუფალი ქმედების საშუალება უნდა მიეცეს.

დღესვე გაიმართება შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან კონსულტაციებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 11:51

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ელიჩო ჩაფიძის განცხადებით, დღეს უმრავლესობა განიხილავს თუ რამდენად ღირს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებში მონაწილეობა და, შეთანხმების შემთხვევაში, რა საკითხებზე იქნება ყურადღება გამახვილებული.

"ჩვენი გუნდი შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენად ღირს ამ კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება და საერთოდ, რა წინადადებები დევს მაგიდაზე. არის ნაბიჯები, რომელსაც პოლიტიკოსები დგამენ, რომ გარკვეული აქტივობა გამოავლინონ, არის ნაბიჯები, რომელსაც შეუძლია კონკრეტულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. თუ ეს ის ნაბიჯია, რომელსაც ჩვენი შედეგამდე მიყვანა შეუძლია, ჩვენ მზად ვართ მასში მონაწილეობის მისაღებად. უბრალოდ იმისთვის, რომ შევიკრიბოთ და კამერების წინაშე რაღაც გარკვეული პოზიციები დავაფიქსიროთ, ამისთვის ძალიან ბევრი სხვა საშუალება გაგვაჩნია. ღირს თუ არა ჩვენი მხრიდან მონაწილეობა და რა საკითხებზე უნდა გამახვილდეს ამ შეხვედრებზე ყურადღება, ამას განვიხილიავთ", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციების გამართვის წინადადებით გუშინ გამოვიდა. პრეზიდენტი უკვე შეხვდა "თავისუფალი დემოკრატების", "ნაციონალური მოძრაობის", არასაპარლამენტო ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური