საქართველოს პრეზიდენტმა თამარ ბერუჩაშვილი დიდ ბრიტანეთში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 16:05

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ასევე  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თამარ ბერუჩაშვილი მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ახალდანიშნულ ელჩს  მის შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თამარ ბერუჩაშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2016 წლის 1 მარტიდან შეუდგება.

საქართველოს პრეზიდენტი ალბანელ კოლეგას ალბანეთის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 28 ნოემბერი 2015 14:34

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ალბანეთის პრეზიდენტს, მის აღმატებულება ბუიარ ნიშანის ალბანეთის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:

„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ ალბანეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე. თქვენი ქვეყნისათვის ამ ღირშესანიშნავ დღეს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ალბანეთთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას, რომელიც ურთიერთნდობასა და პატივისცემას ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები მეგობარი ალბანელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

საქართველოს პრეზიდენტმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2015 11:56

საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და საფრანგეთის ელჩს საქართველოში რენო სალენსს პირადად მიუსამძიმრა.

"ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის სახელმწიფოს. ფრანგ მოკავშირეებთან ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა მაშინაც გამოჩნდა, როცა ევროკავშირის ფარგლებში,  ქართველი მებრძოლები ფრანგ მებრძოლებთან ერთად დადგნენ აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში და შეასრულეს მნიშვნელოვანი მისია. ამ რეალობაში  ნათლად უნდა დავინახოთ, როგორი გამოწვევის წინაშე დგას  დღეს კაცობრიობა.

"ისლამური სახელმწიფო" არის ერთი დიდი ტყუილი, რადგან არც სახელმწიფოსთან აქვს არანაირი კავშირი და არც ისლამთან, ეს არის ტერორისტული წარმონაქმნი, რომელიც ისევე დაასრულდება, როგორც ასრულებენ ტერორისტები.“– აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

ჩემთვის ტერორიზმი და ვანდალიზმი არანაირად არ ასოცირდება რელიგიასთან და ისლამთან, - საქართველოს პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2015 10:45

ჩემთვის ტერორიზმი და ვანდალიზმი არანაირად არ ასოცირდება რელიგიასთან და ისლამთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის სასახლეში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, საფრანგეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ შეძლოს გაერთიანება, რათა აგრესიას და ტერორს ძალიან ძლიერად უპასუხოს.
"დღეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ერთად ყოფნა და ერთად დგომა იმ ღირებულებების განსამტკიცებლად, რასაც ტოლერანტობა ჰქვია. ჩვენ, მთელმა კაცობრიობამ, სამყაროს მთელმა ცივილიზებულმა ნაწილმა ამ დღეებში სწორედ ტოლერანტობის თვალსაზრისით მივიღეთ გამოძახილი. საფრანგეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ გავერთიანდეთ და ძალიან ძლიერად ვუპასუხოთ აგრესიას, ტერორს. ეს კი უნდა მოხდეს იმით, რომ არასდროს შეიბღალოს ჩვენში ტოლერანტობის სულისკვეთება - ტერორი არასდროს არ შეგვცვლის ჩვენ და არ გაგვხდის განსხვავებულის მიუღებლებად. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემთვის არც ტერორიზმი, არც ვანდალიზმი, არანაირად არ ასოცირდება რელიგიასთან და ისლამთან. მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თავის თავს მუსლიმებს ეძახიან და ამ დროშით ცდილობენ ტერორის დათესვას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ისლამი ჩემთვის არ ასოცირდება იმ საშინელებებთან, რაც ხდება სირიაში, სხვა ქვეყნებში და რაც მოხდა საფრანგეთში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 11:11

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში აკრედტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ავლაბრის სასახლეში მიმდინარეობს და გაერო - ს განვითარების პროგრამის ინიციატივით იმართება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საგარეო ურთერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, საუბარი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს შეეხება.

საქართველოს პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინის შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2015 17:16

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას და  ვიზალიბერალიზაციის საკითხებს შეეხო. ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო და ამავე კონტექსტში მხარეებმა სასამართლოსა და  მედია დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის  მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს.

„ქვეყნის ევროპული არჩევანი, არა მარტო რომელიმე პოლიტიკური ჯგუფებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მისწრაფებაა, არამედ ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების  იმპლემენტაცის საკითხებზე და მჯერა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში პოზიტიური მიღწევები ექნება“, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის განცხადებით, საქართველოსათვის ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით მნიშველოვანია, რომ ქვეყანამ მტკიცედ დააფიქსიროს საკუთარი ევროპული მისწრაფება.

„ვხედავ ამ მიმართულებით პოზიტიურ შედეგებს და ვხედავ, რომ პროცესი პოზიტიურად ვითარდება და მიღწევებიც თვალსაჩინოა“, - აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

ფედრიკა მოგერინის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო - მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, ეს საქართველოს განსაკუთრებულ როლს სძენს და იგი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განმტკიცების საფუძველია.

ფედერიკა მოგერინიმ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს განხილვისას ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტის როლს დაძაბულობის განმუხტვის კუთხით პოლიტიკურ ძალათა შორის დიალოგის წარმართვის პროცესში.

„ვხვდები რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტის როლი დაძაბულობის განმუხტვის პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პოლარიზაციის რისკი. ჩემთვის ცნობილია თქვენი პირადი წვლილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, -აღნიშნა მოგერინიმ.

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

საქართველოს პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინის მადლობა გადაუხადა გენდერულ საკითხებზე თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილს ღირსების ორდენი გადასცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 07 ნოემბერი 2015 14:39

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო. 

ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა ადვოკატთა ასოციაციის როლზე ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პროცესში.

„დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის პრინციპული და უმნიშვნელოვანესია ეფექტური და სამართლიანი მართლმსაჯულება.  ასეთი მართლმსაჯულება ვერ შედგება თუ არ იქნება ძლიერი დაცვა და არ გვეყოლებიან ისეთი ძლიერი იურისტები, რომლებიც ჩვენს სასამართლო დარბაზებში რეალურ შეჯიბრებითობას შექმნიან. თქვენ ხართ იმის გარანტი, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც შეხებაში მოდის სასამართლოსთან, კანონთან, სამართლებრივ სისტემასთან, თავს გრძნობდეს დაცულად; იცოდეს, რომ მისი ინტერესები იქნება დაცული და განხორციელდება კვალიფიციურად.

თქვენ უნდა მოგეცეთ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად იმოქმედოთ, თავისუფლად ჩაერთოთ მართლმსაჯულების პროცესში და თავისუფლად გამოიყენოთ მთელი თქვენი კვალიფიკაცია. იმ ეთიკურ სტანდარტებში, რომლებიც აქვთ ადვოკატებს, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ თქვენ უნდა თქვენი კლიენტის, იმ ადამიანის, ვინც თქვენ გენდობათ, ინტერესები დააყენოთ საკუთარ ინტერესებზე მაღლა. ეს ძალიან დიდი მორალური ტვირთია. ხშირად შესაძლებელია ისეთ ადამიანს იცავთ, ისეთ საქმეს იცავთ, რომელსაც საზოგადოება, დავუშვათ, არ უჭერს მხარს. ხშირად რაღაც ზეგავლენაა მასზე საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით, მაგრამ მაინც, მე ვხედავ როგორ მტკიცედ დგახართ თქვენ ამ ვალდებულების უკან - პირადი მიკერძოებულობის გარეშე დაიცვათ მთავარი და შექმნათ შეჯიბრებითობა ქართულ სასამართლოში. კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა.

ასოციაცია ავითარებს და ზრდის ადვოკატების კვალიფიკაციას, მრავალი თვალსაზრისით იზრდება თქვენი დაცულობის ხარისხიც და მინდა, რომ მიგულოთ თქვენ გვერდით”, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიებაზე შეკრებილ ადვოკატებს.

გიორგი მარგველაშვილმა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს მადლობა გადაუხადა  ადვოკატთა  უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის. რისთვისაც სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი  ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა და  ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) პრეზიდენტმა  მარია სლაზაკიმ.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის,  სასამართლო ხელისუფლების, იუსტიციის საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ევროპის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების  დელეგაციები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 13:21

"რუსთავი 2-ის" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს.

გიორგი მაგრველაშვილი დილიდან აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად მარნეულში იმყოფებოდა.

 

 

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 16:17

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო ჰეიდარ ალიევის მონუმენტი და  გმირთა მოედანზე გაემგზავრა, სადაც პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს.

დღესვე შედგება საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

იგეგმება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციის ხელმოწერა პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ასევე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს პატრიარქთან  ილია მეორესთან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდება და სამაცივრე მეურნეობას მოინახულებს.

ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს ხვალ, 6 ნოემბერს დაასრულებს.

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოხატავს რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 18:32

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მწუხარება გამოხატა რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტეში მომხდარი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური