გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ახლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მივდივართ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 09 აპრილი 2016 14:33

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„27 წლის წინ ქართველმა ერმა და მისმა საუკეთესო შვილებმა დაღვარეს სისხლი იმისთვის, რომ 2 წლის შემდეგ საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი.
ჩვენ ეს ბრძოლა ღირსეულად გავიარეთ დამოუკიდებლობიდან და ახლა მივდივართ თავისუფლებისაკენ.
დღეს ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც ქართული სულის გამარჯვებას რუსულ ტოტალიტარულ საბჭოთა მანქანაზე და აგრეთვე დღეს ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც 25 წლისთავს საქართველოს დამოუკიდებლობიდან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე" დაათვალიერეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს და პრეზიდენტის მრჩევლებს პარლამენტის განახლებული სხდომათა დარბაზი დაათვალიერებინა.

საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატები წარადგინა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 28 მარტი 2016 15:26

საქართველოს  პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატები წარადგინა. ქვეყნის პირველმა  პირმა წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრა გამართა, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კიდევ ერთი კანდიდატი ანა დოლიძე. 

„მე დღეს წარვადგინე ორი ახალი მოსამართლე, ქალბატონი თამარ ლალიაშვილი და ქალბატონი ნონა თოდუა. ქალბატონი ანა დოლიძე უკვე წარდგენილი მყავს დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ.  მინდა მოგახსენოთ, რომ ეს სამივე ქალბატონი თავისი გამორჩეული ბიოგრაფიით, თავისი პროფესიონალიზმით და ამავე დროს თავისი პრინციპულობით, იქნებიან ადამიანები, რომლებიც სწორედაც საქართველოს სახელით გამოიტანენ განაჩენებს. არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არა რომელიმე ჯგუფის, არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ საქართველოს სახელით შესძლებენ, რომ გამოიტანონ განაჩენები და უკეთესი მართლმსაჯულება მისცენ ქვეყანას,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თამარ ლალიაშვილის განცხადებით გახდე მოსამართლე ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ადამიანის წინაშე: „როდესაც ხდები მოსამართლე უნდა ემსახურო და დაემორჩილო მხოლოდ კონსტიტუციას და სამართლიან კანონს და არა სხვა რაიმეს ან ვინმეს. ეს არის ბრძოლა დამოუკიდებელი სასამართლოსათვის,“- აღნიშნა თამარ ლალიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.   

სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით ნანა თოდუამ განაცხადა, რომ მოსამართლეები შეზღუდულები არიან ნორმის განმარტების დროს და ხშირად მიმართავენ ნორმის სიტყვასიტყვით ადეკვატურ განმარტებას, მაშინ როდესაც ნორმის განმარტების სხვადასხვა ხერხი არსებობს, რომელიც შეიძლება მოსამართლემ კარგად გამოიყენოს მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხედავს, რომ არასამართლიანად არის ქმედება დაკვალიფიცირებული ან ადამიანის უფლება შელახულია გამოძიების ეტაპზე, ამის გამოსწორებისთვის სასამართლოს აქვს მთელი რიგი ბერკეტები თუ ის ნორმას სწორად განმარტავს.

თამარ ლალიაშვილს 2001- 2006 წლებში საქრთველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებოდა ეკავა, ხოლო 2000-2001 წლებში იგი იყო საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 1993-1999 წლებში კი თამარ ლალიაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის თანამდებობას იკავებდა.  1988 წელს თამარ ლალიაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ თანამშრომელი იყო. 2010 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის წოდება. არის 2 წიგნისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტმა დაასახელა ნონა თოდუას კანდიდატურა.

ნონა თოდუას 30 წლიანი საგანმანათლებლო-სამეცნიერო მუშაობის სტაჟი აქვს.  წლების განმავლობაში  იგი  ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2014 წლის იანვრიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის პროფესორია. ნონა თოდუა არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი.  ნონა თოდუამ 1981 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსისტეტის  იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

ჯარისკაცის მთელი მოღვაწეობა ისაა, რომ მშვიდობით შეინარჩუნოს და გადაარჩინოს თავისი ქვეყანა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 25 მარტი 2016 14:58

საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას დაესწრო.  სერჟანტთა მომზადების სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე  ცენტრის ახალი ხელმძღვანელის წარდგენაც მოხდა.

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 13 წელი შეუსრულდა.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა  მიმართა, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცების დაუღალავი შრომის შედეგად საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდება, გამთლიანდება და ეს  ყველაფერი  მშვიდობიანი გზით მოხდება.  გიორგი მარგველაშვილმა ჯარისკაცებს მათ მიერ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და დღევანდელი დღე მიულოცა.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს. ჩვენ ვართ სერჟანტთა სკოლაში - სკოლაში იმ ადამიანებისა, რომლებზეც გადადის მთავარი ტვირთი ბრძოლისა, იმ სირთულეებისა, რომლებიც ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე შეეხება. თქვენ გამგრძელებელი ხართ იმ ტრადიციებისა, რომლითაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიით მოვიდა ჩვენი ქვეყანა. ძალიან მცირე ერმა სწორედ თქვენი წინაპრებით და თქვენნაირი ადამიანებით შევძელით შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა. დღეს ეს ტვირთი - იყო ურთულეს ვითარებაში და ურთულეს გარემოებებში, მაგრამ მაინც შეუნარჩუნო შენს სამშობლოს მომავალი და გააძლიერო ის, გადმოსულია თქვენზე,  თქვენი ძალისხმევით ჩვენ ვახერხებთ, რომ ურთულეს ვითარებაში დავრჩეთ თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყნად. ნიშანდობლივია, რომ თქვენი სასწავლებლის სახელი უკავშირდება გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელს, იმ ადამიანისა, რომელმაც დაამარცხა სიკვდილი თავისი სიმამაცით. ის მუდმივად იცოცხლებს ჩვენს გულებში", - აღნიშნა ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა. 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით,  ჯარისკაცის მთელი მოღვაწეობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ომის გარეშე, მშვიდობით შეინარჩუნოს და გადაარჩინოს თავისი ქვეყანა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და  სკოლის კურსანტები დაესწრნენ. 

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა, 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.

რუსეთის პოლიტიკა საგანგაშოა მთელი რეგიონისათვის, -გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 13:35

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს IV გლობალურ ფორუმზე დისკუსიაში „მსოფლიო დღეს - როგორ უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს“ მიიღო მონაწილეობა.

ფორუმი გეოპოლიტიკური კრიზისის განხილვას დაეთმო - ფორუმის მონაწილეებმა  რეგიონში არსებული გამოწვევების, რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობის, ენერგოუსაფრთხოების, კონფესიათაშორისი დიალოგის შესახებ იმსჯელეს.

გიორგი მარგველაშვილმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს რუსეთი ახორციელებს, ეს საგანგაშო სიგნალია არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მთლიანად რეგიონისათვის. საქრთველო რუსეთის ასეთ საქციელს აღიქვამს, როგორც რეგიონში დესტაბილიზაციის სურვილს, რომლის მსხვერპლიც გახდა საქართველო.

„ამ რთულ ვითარებაში და ამ რთულ რეგიონში საქართველო ცდილობს მოკავშირეების გაზრდას და სხვადასხვა ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცებას. საქართველო ყველა მეზობელთან და პარტნიორთან ცდილობს ახალი პროექტების განხორციელებას. ჩვენ ვეძებთ მეგობრებს, რომლებიც სტაბილურობით არიან დაინტერესებულნი. ვცდილობთ რეგიონში მშვიდობიან თანაარსებობას.

მეორე მხრივ, რეგიონში ხორციელდება მსხვილი სხვადასხვა პროექტები, მაგალითად ახალი აბრეშუმის გზის პროექტი, რომელშიც საქართველო მონაწილეობს და ქმნის შესაძლებლობას, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს დაუკავშირდეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან, რომელთან ერთადაც მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში.

გიორგი მარგველაშვილმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ  საქართველო  მზადაა წვლილი შეიტანოს პროექტის Lapis lazuli განხორციელებაში, რადგან მიგვაჩნია, რომ იგი რეგიონს მრავალმხრივ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

„საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობას, ასევე მის უმთავრეს ამოცანას ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება წარმოადგნს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს წინაშე ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, ძალიან მწვავედ დგას“,  - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსლის შემდეგ ფორუმი კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ფორუმის ამოცანაა მსოფლიო ლიდერებმა შეაფასონ გლობალური უსაფრთხოების ხელისშემშლელი სადავო და საკვანძო საკითხები და განსაზღვრონ ის შესაძლებლობები, რომელიც  პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში დაეხმარებათ.

 

საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 07 მარტი 2016 15:56

საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პასკალ მონიემ რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ცერემონიის ოფიციალური ნაწილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსაც შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტმა პასკალ მონიეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

პრეზიდენტმა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 მარტი 2016 14:50

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 10 მებრძოლის ნეშტის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
"ამ ახალგაზრდებმა, ვისაც ჩვენ დღეს, ათწლეულების შემდეგ, კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს, თავი დადეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. ჩვენი ვალია, რომ ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ისინი ოცნებობდნენ და რომელსაც ისინი შეეწირნენ.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სამოქალაქო პანაშვიდს პრეზიდენტთან ერთად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.
აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გიორგი მარგველაშვილი ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 15:56

სახელმწიფოს მეთაურმა გიორგი მარგველაშვილმა ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრთან ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ ურთიერთობა და ეკონომიკური - ტურიზმისა და სავაჭრო, ასევე განათლებისა და კულტურის მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. ხოსე მანუელ გარსია-მარგაიომ ქართულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და არაღიარების პოლიტიკის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისა, მათ შორის მიმდინარე წლის ზაფხულამდე ევროპასთან უვიზო მიმოსვლისათვის ესპანეთის სამეფოს ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრის განცხადებით, ესპანეთი მუშაობს საქართველოში სრულფასოვანი დიპლომატიური მისიის გახსნაზე მიმდინარე წლის განმავლობაში, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

საქართველოს პრეზიდენტსა და ესპანელ სტუმარს შორის შეხვედრა დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

 

საქართველოს პრეზიდენტი იუნკერთა მემორიალთან მივიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 12:40

საქართველოს პრეზიდენტი იუნკერთა მემორიალთან მივიდა. ქვეყნის პირველმა პირმა უშიშროების საბჭოს მდივანთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მრჩევლებთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

"95 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად საბჭოთა იმპერიისგან. 70 წლის შემდეგ ჩვენმა თაობამ შეძლო ამ ბრძოლის მოგება და დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა. დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ გრძელდება და ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი 1921 წლის კონსტიტუციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 10:35

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება  თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა გახსნეს და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს. მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და ლევილის „ქართული კერის“ მმართველი ირენ ციციშვილი.

გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს 1921 წლის კონსტიტუციის 95 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა :

„95 წლის წინ, ჩვენი წინაპრები აქ, ამ დარბაზში, სახელმწიფოს მმართველობის, ერისა და ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს პრინციპს ქმნიდნენ და ადგენდნენ. ეს არის დაწერილი პრინციპი – კონსტიტუცია.  მაშინ, როდესაც ჩვენი წინაპრები საქართველოს კონსტიტუციას ადგენდნენ, რომელზეც ბატონი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოგვახსენებდა, ერთერთს ყველაზე პროგრესულს და ევროპულს მაშინ - კონსტიტუციას, რომლის შინაარსში პრინციპული და დომინანტურია ადამიანის უფლებები, არის ხელისუფლების დაყოფა, არის უმცირესობების უფლებები, როდესაც ისინი ამ კონსტიტუციას წერდნენ აქვე, გვერდით, შულავერში, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ და ემზადებოდნენ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო დაენგრიათ და გაენადგურებინათ. მაშინ მოტივაცია ძალიან ნათელი იყო – საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, უნიკალური, ძალიან სპეციფიკური კულტურით, თავისი ღრმა ისტორიული წარსულით, რომ უნდა გამხდარიყო ევროპული ოჯახის წევრი.  იყო სხვა ტენდენცია, რომ ეს ყველაფერი გადახარშულიყო ერთიან, დიდ პროლეტარიატის ცეცხლში და დაგვეკარგა ჩვენი იდენტობა, ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი სახელწიფოებრიობა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა და ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა ისე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით.

რა თქმა უნდა, როდესაც ხელახლა ქართული სახელმწიფო გახდა დამოუკიდებელი  და, როდესაც 1995 წელს ჩვენ ხელახლა მივიღეთ კონსტიტუცია, ჩვენ ამ მოტივაციით, ჩვენი წარსულისა და ტრადიციის გაგრძელებით, მივიღეთ ახალი უზენაესი კანონი, რადგან ეს არის ჩვენი ტრადიცია და ეს არის ჩვენი წარსული.

ჩვენი წარსულია საქართველოს დამოუკიდებლობა და ის მომენტი, როცა ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ევროპული კულტურის სახელმწიფო ვართ. ჩვენი წარსულია სულხან-საბა, ჩვენი წარსულია დავით აღმაშენებელი, ვაჟა-ფშაველა და ილია ჭავჭავაძე. მოვუწოდებ ყველას, რომ ძალიან ფართოდ გაახილონ თვალები და თვალი ამ წარსულს გაუსწორონ. მზერა გაუსწორონ წარსულს, რომელიც ნათლად არის ორიენტირებული ევროპაზე, ევროპულ ღირებულებებზე და თუკი საუბარია ქართული ტრადიციებისა და ქართველობის დაცვაზე, სწორედ აქ დაიცვან საქართველო – დაიცვან ქართული ტრადიცია, როგორც 1921 წლის კონსტიტუცია, დაიცვან ქართული ტრადიცია, როგორც ილია ჭავჭავაძის სწრაფვა ევროპისაკენ, დაიცვან ქართული ტრადიცია, როგორც სულხან საბას დიპლომატია, თუ ვინმეს სურს საქართველოს დაცვა.

დღეს ჩვენ აქ ვდგავართ და ვზეიმობთ ჩვენს წარსულს, ასევე ვზეიმობთ ჩვენს მომავალს, რომლის ერთი იოტითაც შეცვლა შეუძლებელია და, რომელიც ძალიან ნათლად არის ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე, უმცირესობების უფლებებზე, საკონსტიტუციო პროცესზე, ხელისუფლების დანაწილებაზე და სამართლებრივ სახელმწიფოზე,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

1921 წლის კონსტიტუციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

"უნდა განხორცილედეს პროკურატურის სისტემური რეფორმირება"-საქართველოს პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 14:56

პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინსიტროს რეფორმირების საკითხს შეეხო, მისი თქმით ორივე უწყებაში რეფორმები აუცილებელია.

“შარშან პროკურატურასთან მიმართებაში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლმაც ფაქტობრივად განსაზღვრა მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი. მე მიაჩნია, რომ საპროკურორო საბჭოს უნდა დაეკისროს პროკურორების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება, მაგრამ ასევე გლობალურად უნდა განხორცილედეს პროკურატურის სისტემური რეფორმირებაც. ასევე რეფორმები არის საჭირო შინაგან საქმეთა სამინისტროში. კრიმინალთან ბრძოლა არასდროს მთავრდება, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ კრიმინალი იყოს მარგინალიზებული და მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისათვის“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური