გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის პრმიერ-მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 13:01

სლოვენიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა სლოვენიის პრმიერ-მინისტრ მიტო ცერართან გამართა.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის, შეხვედრისას მხარეებმა დაინტერესება გამოთქვეს, სხვადასხვა სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და სლოვენიის გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით.
შეხვედრისას ხაზი გაესვა მზადყოფნას, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისათვის.
აღინიშნა, რომ პრეზიდენტის დელეგაციაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართვა და ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა, ურთიერთობების გაღრმავებისათვის წინგადადგმული ნაბიჯია.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების-ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველო მიესალმება სლოვენიელი მეწარმეებისა და ინვესტორების მიერ საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის შესწავლას.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სფეროს, ქართულმა მხარემ დაინტერესება გამოხატა ერთობლივი სასოფლო - სამეურნეო პროექტების განხორციელებაში.
ქართული მხარე დაინტერესებულია ასევე, სლოვენიის ბაზარზე საქართველოს სასოფლო - სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება.

გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 11:03

სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს შეხვდა. საქართველოს დელეგაციასთან ერთად გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა და სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, საპარლამენტო მეგობართა ჯგუფების ურთიერთობების გააქტიურებაზე და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა ასევე, თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას მრავალმრივი საპარლამენტო ფორმატით - ევროპის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის, ნატოსა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეების ფარგლებში. როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ 2016 წლის ოქტომბერში, სლოვენიელი დამკვირვებლები ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შეხვედრის დაწყებამდე ,,ოქროს წიგნში" ჩანაწერი გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში 19 ივლისს დასრულდება.

საქართველო - სლოვენიის მთავრობებს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 16:51

საქართველოს პრზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო - სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, საქართველო - სლოვენიის მთავრობებს შორის ორი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებებს, რომელიც საქართველოსა და სლოვენიის მთავრობებს შორის ეკონომიურ თანამშრომლობას და სამუშაო პასპორტების მქონე პირთათვის ვიზების გამარტივებას ეხება.

როგორც ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის შეთანხმებების ხელმოწერა მოწმობს, რომ ქვეყანებს შორის ორმხრივი თამნამშრომლობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

 

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლუბლიანაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 15:59

სლოვენიის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და პირველი ლედის მაკა ჩიჩუას დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიუბლიანაში, კონგრესის მოედანზე გაიმართა.

საქართველოს  და სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა საქართველოსა და სლოვენიის ჰიმნების შემდეგ სლოვენიის სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა დელეგაციის წევრები წარადგინეს.

გიორგი მარგველაშვილმა და სლოვენიის პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორმა მაკა ჩიჩუასთან და ტანია პეჩარისთან ერთად საქართველო-სლოვენიის მეგობრობის ნიშნად, თბილისის ქუჩაზე სიმბოლურად, „მეგობრობის სკამი“ გახსნეს.

სლოვენიის პრეზიდენტის სასახლეში კი, გიორგი მარგველაშვილმა და სლოვენიის პრეზიდენტმა  სამახსოვო ფოტო გადაიღეს და საჩუქრები გაცვალეს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, მაია მელიქიძე, ანა დოლიძე, კახა კოჟორიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში ზურაბ ბექაია, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში 19 ივლისს დასრულდება.

 

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 09:56

18-19 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გაიმართება.

ქვეყნის პირველი პირი ლიუბლიანაში პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და პირველი ლედის მაკა ჩიჩუას დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლუბლიანაში, სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბორუტ პაჰორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შეხვედრა სლოვენიის პირველ ლედისთან ტანია პეჩარისთან.

საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის პატივსაცემად სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბორუტ პაჰორის და ტანია პეჩარის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება.

გიორგი მარგველაშვილი, ვიზიტის ფარგლებში, შეხვდება სლოვენიის პრემიერმინისტრს მირო ცერარს, ასევე, სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს, ქალაქ ლიუბლიანას მერს ზორან იანკოვიჩს და ქალაქ პირანის მერს პიტერ ბოსმანს.

დაგეგმილია ასევე, სამუშაო ლანჩი სლოვენიის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის მინისტრ პიტერ გასპერsიჩთან.

პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება, რომელიც საქართველოსა და სლოვენიის მთავრობებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და სამუშაო პასპორტების მქონე პირთა ვიზების გამარტივებას ეხება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, მაია მელიქიძე, ანა დოლიძე, კახა კოჟორიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში ზურაბ ბექაია, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში 19 ივლისს დასრულდება.

 

საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 13:27

საქართველოს დელეგაცია, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, NATO -ს სამიტზე დასასწრებად ვარშავას დღეს ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა NATO -ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრაზე, რომელიც ავღანეთის თემაზე  - ,,მტკიცე მხარდაჭერის მისია” იმართება.

ქვეყნის პირველი პირი NATO -ს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ სამუშაო სადილსაც დაესწრება.

სამიტის ფარგლებში პირველად იმართება NATO -საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, მიხეილ ჯანელიძე ასევე დაესწრება სამუშაო ვახშამს, რომელიც NATO -ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პატივსაცემად იმართება.

ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მონაწილეობას მიიღებს  ურთიერთთავსებადობის პლატფორმის შეხვედრაში, რომელიც NATO -ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება.

NATO -ს სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრებიც.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და სხვა ოფიციალური პირები.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯონ კერის სასახლეში უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 10:04

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, პრეზიდენტის სასახლეში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯონ კერის ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისათვის, ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისათვის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კი, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს საქართველოსთან ურთიერთობით.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ სულ მალე, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ვარშავაში, ნატო-ს სამიტზე“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, ნატოს ვარშავის სამიტისათვის მზადების საკითხი, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ვიზიტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ხაზს უსვამს ის, რომ იგი ვარშავის სამიტის წინ გაიმართა.

„უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ბატონ კერისთან. თავისთავად ვიზიტი მნიშვნელოვანია, ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში და ხაზს უსვამს ამის მნიშვნელობას ისიც, რომ ეს ხდება ვარშავის სამიტის წინ.

საუბარი შეეხო ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც დღეს საჭირბოროტოა და აქტუალურია საქართველოსთვის.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბუნებრივია ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და გაღრმავებაზე და აქ იყო საუბარი იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება გადაიდგას, რაც კიდევ უფრო გააფართოებს და გააღრმავებს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატს.

საკმაოდ დეტალური საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. განხილული იქნა საქართველოს გეოპოლიტიკური როლი, ის თუ როგორ შეიძლება გაღრმავდეს ის საერთაშორისო ფუნქცია, რასაც საქართველო დღეს ასრულებს და გარდა ამისა, ბუნებრივია განხილულ იქნა საქართველოს წინსვლის შემდგომი დემოკრატიზაციის ნაბიჯები”, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს დელეგაციის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი.

 

სულ მალე, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ვარშავაში, ნატო-ს სამიტზე,- ჯონ კერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 18:25

საქართველოს პრეზიდენტმა ჯონ კერის ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისათვის, ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისათვის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კი, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს საქართველოსთან ურთიერთობით. 
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ სულ მალე, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ვარშავაში, ნატო-ს სამიტზე“, - განაცხადა ჯონ კერიმ 
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, ნატოს ვარშავის სამიტისათვის მზადების საკითხი, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები.
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ვიზიტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ხაზს უსვამს ის, რომ იგი ვარშავის სამიტის წინ გაიმართა.
„უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ბატონ კერისთან. თავისთავად ვიზიტი მნიშვნელოვანია, ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში და ხაზს უსვამს ამის მნიშვნელობას ისიც, რომ ეს ხდება ვარშავის სამიტის წინ. 
საუბარი შეეხო ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც დღეს საჭირბოროტოა და აქტუალურია საქართველოსთვის. 
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბუნებრივია ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და გაღრმავებაზე და აქ იყო საუბარი იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება გადაიდგას, რაც კიდევ უფრო გააფართოებს და გააღრმავებს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატს.
საკმაოდ დეტალური საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. განხილული იქნა საქართველოს გეოპოლიტიკური როლი, ის თუ როგორ შეიძლება გაღრმავდეს ის საერთაშორისო ფუნქცია, რასაც საქართველო დღეს ასრულებს და გარდა ამისა, ბუნებრივია განხილულ იქნა საქართველოს წინსვლის შემდგომი დემოკრატიზაციის ნაბიჯები”, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი.

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მონაწილეებს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 10:33

გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ დღეს, თბილისში ვიზიტით მყოფ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის მონაწილეებს უმასპინძლეს.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე გიორგი მარგველაშვილმა ქართველ და უცხოელ სტუმრებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ეუთოს ფორუმი, როგორც დიალოგის, მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატი, ბუნებრივად ერწყმის თბილისს, საქართველოს და ჩვენი საზოგადოების ეგზისტენციალურ ღირებულებებს.

„სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება საქართველოში გაიმართა. ქვეყანაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა სხვადასხვა ცივილიზაციების დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას.

ჩვენ ვართ ქალაქში, რომელიც სწორედ გასხვავებულთა თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის სიმბოლოს წარმოადგენს. ეს მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა და ამიტომაც ეუთოს ფორუმი, როგორც დიალოგის, მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატი ბუნებრივად ერწყიმის თბილისს, საქართველოს და ჩვენი საზოგადოების ეგზისტენციალურ ღირებულებებს.

საერთო ღირებულებები და საერთო ინტერესები, ეს არის რამაც დღევანდელ დღეს სხვადასხვა კონტინენტის წარმომადგენლები გაგვაერთიანა. მჯერა, რომ ურთიერთანამშრომლობის შედეგად ჩვენ შევძლებთ მშვიდობის უზრუნველყოფას. ჩვენს ქვეყანაში აღარ იარსებებს გამყოფი ხაზები, ოკუპირებული ტერიტორიები. აღარასდროს განხორციელდება ეთნიკური წმენდა. მოსახლეობა აღარ იქნება მოკლებული საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების უფლებას.

სხვა ქვეყნების ინტერესების შელახვითა და მისი მოსახლეობის დევნით, კეთილდღეობა ვერ მიიღწევა. პრივილეგირებული ინტერესის სფეროებისათვის ბრძოლას მივყევართ იმ სავალალო შედეგებამდე, რომელიც ყველას აზარალებს.

საქართველო კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც მნიშვნელოვანია საერთო უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის.

ეს როლი მხოლოდ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით არ შემოიფარგლება. მიუხედავად დარღვეული ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციისა,  ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვახმართ ევროპასა და აზიას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირის გაძლიერებას.

ჩვენ მივისწრაფით, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სიკეთეების მატარებელი იყოს და გაუნაწილოს ეს სიკეთეები სხვა ქვეყნებს.

25 წლის წინ საქართველომ მტიკიცედ განაცხადა, რომ იქნება დამოუკიდებელი,  თავისუფალი ევროპული ქვეყნა, რომლის სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარ საყრდენს კანონის უზენაესობა, დემოკრატია  და ადამიანის თავისუფლება წარმოადგენს.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ეტაპია მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს ქართული დემოკრატია და სახელმწიფოებრიობა.

დარწმუნებული ვარ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში. დასასრულს, კვლავაც მოგილოცავთ წარმატებული სესიის ჩატარებას და  გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებას ესწრებოდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები.

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 ივლისი 2016 15:01

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს.

იმსჯელეს უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტმა შტაინმაიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით.

შეხვედრისას დაისახა კონკრეტული ნაბიჯები არსებული გამოწვევების დასაძლევად.

საუბარი ეუთოს ფორმატში საქართველო - გერმანიის ურთიერთობებს და იმ როლს შეეხო, რომელიც საქართველოს ხელისუფლების აზრით, ეუთომ რეგიონში მშვიდობის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის უნდა შეასრულოს.

პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები გაუზიარა და იქ მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით ესაუბრა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტთან შეხვედრაზე გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის სასახლის ეზო დაათვალიერებინა და გერმანიის დელეგაციასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური