პრეზიდენტი რიო დე ჟანეიროში საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 11:14

5 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება. თამაშების გახსნამდე ერთი დღით ადრე, ოლიმპიურ სოფელს რიო დე ჟანეიროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად  ესტუმრა და საქართველოს ოლიმპიური ნაკრები მოინახულა. პრეზიდენტთან შეხვედრა ოლიმპიურ სოფელში მდებარე საქართველოს დელეგაციის ოფისში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა - ელგუჯა ბერიშვილმა, გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და ვიცე-პრეზიდენტებმა - მამუკა ხაბარელმა და ნინო სალუქვაძემ, ასევე სპორტის სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ გაუწიეს, პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები, სპორტსმენები და მწვრთნელები, შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს ელჩი ბრაზილიაში ოთარ ბერძენიშვილი.

ქვეყნის პირველ პირს სპორტსმენებმა მხარდაჭერისთვის და ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ, ქართველი გულშემატკივრების იმედების გამართლებისათვის. თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება და გამარჯვებები უსურვა.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელაგაცია 40 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ. ქართველი ოლიმპიელები სპორტის 13 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (4), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1). 

ქართველ ოლიმპიელთა შორის 2 ოლიმპიური ჩემპიონია (ნინო სალუქვაძე 1988ლაშაშავდათუაშვილი 2012) 2 ოლიმპიური პრიზიორი, 4 მსოფლიოს ჩემპიონი, 19 ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვე 12 სპორტსმენს. მერვე ოლიმპიადაზე გამოვა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე - მშვილდოსანიხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე - ბატუტზე მხტომელი ლიუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინეესებუა.

 msy.gov.ge
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი 

 

საქართველოს პრეზიდენტი ილია II-ს ანგელოზის დღეს ულოცავს:

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 13:19

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს ანგელოზის დღეს ულოცავს

"გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღსასწაულს, ილიაობას - ელია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ანგელოზის დღეს და სიმართლის გზით სიარულს გისურვებთ ყველას.

29 წლის წინ უწმინდესისა და უნეტარესის თაოსნობით მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ შთამაგონებელ, დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა, რომელსაც მაშინ რამდენიმე წერილიც მივუძღვენი.

ილია ხომ ჩვენი ეპოქის შვილია, ადამიანი, ვის შემოქმედებას და ბიოგრაფიას სკოლაში ვსწავლობდით, და ამ დროს, კომუნისტურ საბჭოთა კავშირში იგი წმინდანად შეირაცხა!

ამ ნაბიჯით იგი გახდა შემოქმედი ახალი სულიერი ისტორიის, ვის ხატშიც ჩვენ თანამედროვეობაში უნდა ვიპოვოთ და ამოვიცნოთ ახალ ფორმებში გამოხატული მარადიული ფასეულობები.

დღესაც შემიძლია გავიმეორო 29 წლის წინ გამოთქმული აზრი, რომ „წმინდანი არის მორწმუნის მიერ არჩეული გზის სისწორის რეალური დასაყრდენი და იმედი, მასაზრდოებელი ძალა“.

ამდენად, უწმინდესმა ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვით ახალი იმპულსი შესძინა ჩვენ ყოველდღიურ გარჯას, უზენაესი, მაგრამ ცოცხალი და ხელშესახები მაგალითის ჩვენებით სწორი ორიენტირი დაუსახა თითოულ ჩვენგანს და საზოგადოებას მთლიანად, ჩვენი უახლოესი ისტორიის დრამატულ მომენტში განგვიმტკიცა საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების რწმენა,"- აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 11:00

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია.

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა ერევანში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო და  ვითარების სწრაფად  დარეგულირების იმედი გამოთქვა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთს შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო, ტურიზმის, ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მზარდი დინამიკის ფონზე, სომხეთთან სხვადასხვა  მიმართულებებში ურთიერთობის გაღრმავების სურვლი გამოითქვა.

მხარეებმა  რეგიონში არსებული ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პარალელურად, შეხვედრისას ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 12:38

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა. შეწყალების სახელმწიფო კომიისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებულთა შორის 11 ქალი და 3 არასრულწლოვანია.   226 მსჯავრდებულიდან 154 საპატიმროებს დღესვე დატოვებს , 72-ს კი დარჩენილი სასჯელი შეუმცირდა.

 

საქართველოს პრეზიდენტი რიო დე ჟანეიროში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 ივლისი 2016 12:08

საქართველოს პრეზიდენტი რიო დე ჟანეიროში მომავალ კვირას გაემგზავრება და ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტი რიო დე ჟანეიროში პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად გაემგზავრება  და მისი ვიზიტი, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრებასთან ერთად, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებსაც ითვალისწინებს.

„ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ამ რეგიონში. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა იმ საკითხში, რასაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის არაღიარების მიმართულება ჰქვია.

საქართველოს პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები. ოლიმპიური თამაშები ეს არის ის უნიკალური ფორმატი, სადაც ბევრი სახელმწიფოს მეთაური იყრის თავს, მათ შორის, იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც არ გვაქვს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების ინტენსიური გაცვლა.

აქედან გამომდინარე, ეს იქნება უაღრესად დატვირთული ვიზიტი, რომელიც, ითვალისწინებს, როგორც ცერემონიულ ნაწილს - ოლიმპიური თამაშების გახსნას, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას  ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც არაღიარების პოლიტიკაში მეტი მხარდაჭერის მოპოვება გვსურს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

შესაძლებელია, საქართველოს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერაპექტივები გაეხსნას,- გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 11:07

"ევროინტეგრაციის პროცესი არ ნიშნავს ურთიერთობებს მხოლოდ ბრიუსელთან და ევროსტრუქტურებთან. თანამშრომლობის და ჩართულობის ფორმატი უნდა გავააქტიუროთ, ასევე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან და ვიშეგრადის ოთხეულთან. ასევე მნიშვნელოვანია აქტიურად დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რაც წარიმართება ევროკავშირში, იმ შედეგებს ბრიტანეთის რეფერენდუმისა, რომელიც ბუნებრივია, გავლენას მოახდენს ევროპის პოლიტიკაზე თავის უახლოეს პარტნიორებთან და ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, საქართველოს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერაპექტივები გაეხსნას”, - განცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ამბასადორიალი 2016-ზე" სიტყვით გამოსვლისას.

უნდა გაღრმავდეს განცდა, რომ რუსეთის პოლიტიკა არასდროს არ იქნება მიღებული, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 10:20

"უნდა გაღრმავდეს ის განცდაც და შეხედულებაც, რომ რუსეთის პოლიტიკა არასდროს არ იქნება მიღებული არც საქართველოში, არც საერთაშორისო თანამეგობრობაში და ის იმიტაცია საერთაშორისო ურთიერთობებისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ე.წ . აფხაზეთის და ე.წ. ოსეთის სახელმწიფოებთან, რაღაცა ტიპის დიპლომატიური შეთანხმებით არის მხოლოდ დაცინვა საერთაშორისო ურთიერთობებზე,“- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ამბასადორიალი 2016-ზე სიტყვით გამოსვლისას გაააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 18:10

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნისნულია რომ  სამართალდამცველებმა პრეზიდენტის მეუღლის შვილის ქმარის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გავაკეთოთ განმარტება საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით:

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სამართალდამცველების მიერ მისი ოჯახის წევრის ჩხრეკის ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული შემთხვევის გარკვევა დაავალა შს მინისტრს. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ პრეზიდენტი დღევანდელ განცხადებაში, შესაძლოა, გულისხმობდა შემდეგ ფაქტს, კერძოდ:

შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება). ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველების მიერ, თბილისში, 2016 წლის 28 ივნისს განხორციელდა სამი პირის ჩხრეკა: 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თორნიკე კ.-ს, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ თ.-ს და 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი მინდია გ.-ს. აქედან, ერთ-ერთი პირი იყო პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მიხეილ თ.-სა და მინდია გ.-ს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდათ, ხოლო თორნიკე კ. -ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცივი იარაღი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი.

ამავე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა მინდია გ.-ს კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, არ დამდგარა.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილე პირთა უფლებების სრული დაცვით და მიზნად ისახავდა შესაძლო დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამდენად, საპოლიციო ღონისძიების ნებისმიერი სხვა ფორმით ინტერპრეტაცია მიუღებლად მიგვაჩნია,'- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მთავარი პროკურორი მზადყოფნას გამოთქვამს გიორგი მარგველაშვილს ნებისმიერ დროს შეხვდეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 17:18

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მის მიერ დღეს საჯაროდ გაკეთებული განცხადების ირგვლივ.
საქართველოს მთავარი პროკურორი  ასევე მზადყოფნას გამოთქვამს  დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შესახვედრად, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად. 
შეხვედრების შესახებ მთავარი პროკურატურის ადმინისტრაცის მიერ უკვე ეცნობათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და  საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურს.
 

ალკოჰოლის ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული, - მანანა კობახიძე პრეზიდენტის შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 17:00

„დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. პირველი რაც ვიფიქრე ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ეს ღიმილი - თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. ამიტომ როცა პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს რაღაც ღირებული უნდა თქვას, მე დღეს პრეზიდენტმა დამაბნია,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის დღევანდელ ბრიფინგს.

დღეს პრეზიდენტმა  პაპუაშვილის სკანდალურ განცხადებასთან ერთად მისი ოჯახის წევრზე განხორციელებულ ზეწოლის მცდელობაზეც ისაუბრა.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური