თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 05 ივნისი 2020 15:03

კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში სამედიცინო მომსახურების მისაღებად თურქეთში წამსვლელ პაციენტებთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაციის თანახმად, მათ უნდა მიმართონ ს.ს. საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ). ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საელჩო იტყობინება.

ისინი უნდა დარეგისტრირდნენ პაციენტების მონიტორინგის სისტემაში მისამართზე: http://covid19st.ushas.com.tr. სისტემაში თავად პაციენტმა, მისმა ახლობელმა, საავადმყოფომ ამ საშუამავლო ორგანიზაციამ უნდა გახსნას მომხმარებლის ანგარიში. რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოცემულია USHAŞ-ის ვებგვერდზე:http://www.ushas.com.tr.  USHAŞ-ი თავად დაუკავშირდება და მიაწვდის საჭირო ინფორმაციას იმ პაციენტებს, რომლებიც დაიშვებიან თურქეთში სამკურნალოდ.

ჩვეულებრივად, თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელმა პაციენტებმა  უნდა მიმართონ თურქეთის ყველაზე ახლომდებარე წარმომადგენლობას და აიღონ სამკურნალო-მიზნობრივი ვიზა. კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში კი, თუ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით თურქეთში წამსვლელი საქართველოს მოქალაქეები სასაზვრო-გამშვებ პუნქტებზე წარადგენენ USHAŞ-ის მოსაწვევ წერილს, ისინი გამონაკლისის სახით, ვიზის გარეშე, დაიშვებიან თურქეთის ტერიტორიაზე. ერთ პაციენტთან ერთად დაიშვება არა უმეტეს 2 პირისა.

უცხოელმა პაციენტებმა და თანმხლებმა პირებმა თურქეთში ჩამოსასვლელად შეუძლიათ ისარგებლონ სტამბოლის აეროპორტით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტით, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტით, ანკარის ესენბოღას აეროპორტით, ანტალიის აეროპორტით, საავტომობილო გზით, კერძოდ, სარფის, ქაფიქულეს, ჰაბურის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით. აეროპორტში და საზღვარზე პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს გაუკეთდებათ ფასიანი კოვიდ 19-ის „პი სი არ“ (PCR) ტესტი ან მოხდება ტესტის მასალის აღება.

აღნიშნული რეგულაციის შესახებ ეცნობათ საქართველოს უწყებებს.

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროცესს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 აპრილი 2020 13:55

დღეს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან  მორიგი რეისი ათენი-თბილისის მიმართულებით.
 
მგზავრებს შორის არიან  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები,   ფეხმძიმე ქალბატონები, 10-მდე მცირეწლოვანი ბავშვი და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
 
საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში  უკვე დაბრუნდნენ მოქალქეები ბერლინიდან,ვენიდან,ამსტერდამიდან, ლონდონიდან,მათ შორის ათენიდანაც( "ეგეოსის ავიახაზები").
 
უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დაგეგმილია ფრენები:
 
 10 აპრილი - თბილისი- ლარნაკა -თბილისი, 12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი, 14 აპრილი თბილისი- ამსტერდამი-თბილისი, 16 აპრილი - თბილისი- პარიზი-თბილისი, 18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი,21 აპრილი- თბილისი-რომი-თბილისი,
24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი,27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი.
 
აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.
 
შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს.

საფრანგეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შეთანხმებაზე განმარტებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019 11:13

საქართველოში საფრანგეთის საელჩო 2013 წლის 12 ნოემბერს საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ გაფორმებული შეთანხმების განხორციელების თაობაზე განმარტებას ავრცელებს.

„2013 წლის 12 ნოემბერს პარიზში ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიზანიცაა დროებითი პროფესიული მიგრაციის გაადვილება, რომელიც ეფუძნება სტუდენტებისა და კვალიფიციური სპეციალისტების მობილობასა და უკან დაბრუნებას პროფესიული კომპეტენციის შეძენის შემდეგ. საქმე ეხება ლეგალური ეკონომიკური მიგრაციის ხელშეწყობას ქვეყანაში შემდგომი დაბრუნების პერსპექტივით, საიდანაც გამომდინარეობს განსაზღვრება „ცირკულარული“, – აცხადებს საქართველოში საფრანგეთის საელჩო.

მათივე განმარტებით, ეს შეთანხმება პირველი ორმხრივი დოკუმენტია, რომელიც საფრანგეთსა და საქართველოს შორის პროფესიული მიგრაციის სფეროში გაფორმდა.

შეთანხმება ითვალისწინებს:

– 12-თვიანი ხანგრძლივობის ბინადრობის ბარათის მოთხოვნის შესაძლებლობას საფრანგეთში დიპლომირებული ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლის შემდგომი პირველი პროფესიული გამოცდილება მიიღონ საფრანგეთში საქართველოში მათი დაბრუნების პერსპექტივით.

– ერთი წლის ხანგრძლივობის, განახლებადი დროებითი ბინადრობის ბარათის მითითებით „დაქირავებული მშრომელი“ მოთხოვნის შესაძლებლობას ისეთი პროფესიის ადამიანებისთვის, რომლებიც შეესაბამება საქართველოს მოქალაქეებისთვის ღია 50 პროფესიიდან ერთ-ერთს. საფრანგეთის მიერ წლიურად გაცემული დროებითი ბინადრობის ბარათების რაოდენობა ამ კატეგორიის მშრომელთათვის 500-ს არ უნდა აღემატებოდეს.

– 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდა ფრანგი და ქართველი კვალიფიციური სპეციალისტების გაცვლის განვითარებას; რომლებიც საფრანგეთში ან საქართველოში გაემგზავრებიან კარიერული პერსპექტივის გასაუმჯობესებლად დაქირავებული შრომით მიღებული გამოცდილების წყალობით. ორივე ქვეყანაში მიღებული ახალგაზრდა ფრანგი და ქართველი კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 150 ადამიანს წელიწადში.

2018 წლის 3 დეკემბერს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოსცა კანონი აღნიშნული შეთანხმების აპრობაციის მიზნით, რაც ხელშეკრულების განხორციელების პირველი ეტაპია.

„საფრანგეთის საელჩო საქართველოში შესაბამის დროს გამოაქვეყნებს ყველა საჭირო ინფორმაციას შეთანხმების შესრულების პირობების შესახებ საქართველოს იმ მოქალაქეების შემოსვლისა და ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით, რომელთაც შეთანხმებით სარგებლობა სურთ“, – აცხადებენ საფრანგეთის საელჩოში.

ინფორმაცია საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისათვის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 13:36

28 ნოემბერს საზღვარგარეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანში. საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბნები 8-დან 24 საათამდე იმუშავებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს:
 
გადაამოწმეთ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მისამართები https://map.cec.gov.ge
 
გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ ქალაქში, სადაც თქვენი საარჩევნო უბანია განთავსებული.
 
დაუშვებელია არჩევნებში მონაწილეობის დელეგირება, ანუ სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა.
 
ხმის მიცემა ვერ განხორციელდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე
 
აუცილებელია ხმის მიცემის დროს წარმოდგენილი იყოს საქართველოს მოქალაქის ვადიანი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი ვადიანი მოწმობა.
 
საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის ქვეყანაში საელჩოს/საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზს http://bit.ly/ConsularHotLine
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები შეფერხების გარეშე განახორციელებენ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და საკუთარ წვლილს შეიტანენ არჩევნების სათანადო დონეზე ჩატარებაში.

სარფის სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილება კვლავ შეფერხებულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 09:58

სარფის სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილება ისევ შეფერხებულია, რის მიზეზადაც თურქეთის პროგრამული ხარვეზები სახელდება. 
როგორც შემოსავლების სამსახურში იუწყებიან, გვიან ღამით საზღვრის გადმოკვეთა რიგში მდგომმა საქართველოს 300-მდე მოქალაქემ შეძლო. თურქმა მებაჟეებმა და ჟანდარმერიამ მოქალაქეების იდენტიფიცირება ქართული მხარის დახმარებით შეძლეს. კერძოდ, მათ რიგში მდგომ საქართველოს მოქალაქეებს პასპორტები გამოართვეს და საქართველოს მხარესთან გადაამოწმეს. 
სარფში საქართველოს მხარეს მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კი ისევ არ შეუძლიათ თურქეთის საზღვრის გადაკვეთა.
რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეებს, მათ შეუძლიათ სასაზღვრო კონტროლის გავლა როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხარეს. 
სარფის სასაზღვრო პუნქტზე, თურქეთის მხარეს პროგრამული პრობლემა 26 ოქტომბერს, საღამოდან შეიქმნა.
პროგრამული ხარვეზი თურქეთის სხვა სასაზღვრო პუნქტებზეც ფიქსირდება.

თაღლითობის ფაქტზე ლატვიისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 26 აპრილი 2016 11:41

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქეები - ვლადისლავს ბორისოვსი, ევგენის კალნმალისი და საქართველოს მოქალაქე  დავით გაგნიძე დააკავეს.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ფულად თანხებს. ამ მიზნით მათ შეიმუშავეს და განახორციელეს თაღლითური გეგმა, რომლის თანახმადაც, საქართველოში დაარეგისტრირეს კომპანია სახელწოდებით „ჯორჯიაფრუტი 16“ და საქართველოში მოქმედ რამდენიმე კომერციულ ბანკში გახსნეს  საბანკო ანგარიშები. რეალურად კი, საწარმოს შექმნა და საბანკო ანგარიშების გახსნა განხორციელდა ფიქტიურად და მიზნად ისახავდა დიდი ოდენობით სხვისი კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებას. 
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ აშშ-ში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შედეგად, 2016 წლის 20 აპრილს ფიქტიური კომპანიის - შპს „ჯორჯიაფრუტი 16“-ის საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოირიცხა 449 994 აშშ დოლარი.
იმავე დღეს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვლადისლავს ბორისოვსმა, ევგენის კალნმალისმა და დავით გაგნიძემ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან გამოიტანეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 440 000 აშშ დოლარი, რა დროსაც განხორციელდა მათი დაკავება. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გამოძიების მიერ სრულად იქნა ამოღებული მითითებული თანხა.
ვლადისლავს ბორისოვსის, ევგენის კალნმალისს და დავით გაგნიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური