ანაკლიის პორტის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ მიმართული კამპანიის დეტალები ცნობილია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2020 15:49

მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი პროექტის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, რამაც საქართველოს ეკონომიკური სარგებელი დააკარგინა

თბილისი, საქართველო, 2020 წლის 9 სექტემბერი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (ADC) დღეს გააზიარა დამატებითი დეტალები საქართველოს მთავრობის კამპანიის შესახებ, რომელიც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმართული იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის გასაჩერებლად - ახდენდა რა პოტენციური ინვესტორების, დამფინანსებლების, კონტრაქტორებისა და მომწოდებლების დემოტივირებას.

კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს სახელით შემდეგი განცხადება ვრცელდება:

ასეთი მასშტაბის ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს სჭირდება მთავრობის მხარდაჭერა; კერძოდ, ინვესტორებისა და ფინანსური ინსტიტუტების წახალისება, მხარდაჭერა ნებართვებისა და სავალდებულო თანხმობების მოპოვებაში, განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმი და სხვა; ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ასევე - მიწის გამოყოფა და გზითა და რკინიგზით უზრუნველყოფა. მსოფლიო ეკონომიკაში იშვიათია შემთხვევა, რომ მთავრობამ ოპონირება გაუწიოს მის მიერვე დამტკიცებულ პროექტს.

საქართველოს მთავრობის კამპანიამ, რომლითაც კონსორციუმს ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში,  მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას და მის როლს რეგიონში.

საქართველოს მთავრობის კონკრეტულ ქმედებებს თუ გადავხედავთ, ეს არის მიზანმიმართული და კარგად ორკესტრირებული კამპანია პროექტის წინააღმდეგ, რომელსაც თავდაპირველად მთავრობა თვითონ უჭერდა მხარს, თუმცა შემდეგ მისი განადგურება გადაწყვიტა - მმართველი პარტიისა და მისი ლიდერების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გავლენით.

მთავრობამ სხვადასხვა არგუმენტები გამოიყენა პროექტში ჩართული სხვადასხვა  ინვესტორის, დამფინანსებლისა თუ პარტნიორის მიმართ, თუმცა, მისი მიზანი იყო ერთი: დაეფრთხო ყველა, ვისაც შეიძლებოდა ჰქონოდა ინტერესი პროექტთან მიმართებაში და ამით დაესვა წერტილი პროექტისთვის.

ეს მხოლოდ დამთხვევაა, რომ მინისტრები (და მათ შორის ორი პრემიერ-მინისტრიც), რომლებმაც გააჟღერეს თავიანთი მხარდაჭერა პროექტის მიმართ ან გამოთქვეს წუხილი პროექტის ირგვლივ წარმოშობილ წინააღმდეგობებზე, მალევე გადადგნენ ამგვარი განცხადებების გაკეთებიდან?

მთავრობის ქმედებების გამო საქართველოსთვის მიყენებული ზიანი გაცილებით დიდია, ვიდრე ანაკლიის პორტისა და მასთან ასოცირებული სპეციალური ეკონომიკური ზონის დანაკარგები. მთავრობის ქმედებები აფრთხობს უცხოელ ინვესტორებს - მაშინ, როცა საქართველოს ჰაერივით სჭირდება უცხოური ინვესტიციები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წელს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2017 წელს არსებული, თითქმის 2 მილიარდიდან, 1.3 მილიარდამდე შემცირდა ; 2020 წლის პირველ კვარტალში კი მხოლოდ 171.8 მილიონს შეადგენდა[1]. ეს არის კატასტროფული ვარდნა, თანაც კოვიდ-19-ით გამოწვეულ კრიზისამდე. როგორც ევროპული პოლიტიკური ანალიზის ცენტრის წარმომადგენელმა, აშშ-ის გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, „მთავრობამ მხოლოდ თავისი თავი უნდა დაადანაშაულოს“[2].   

ზოგიერთი მაგალითი, თუ როგორ ცდილობდა მთავრობა კონსორციუმისა და ანაკლიის პორტის პროექტის მოხრჩობას:

2017 წლის ნოემბერი

  • ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კონსორციუმთან შეხვედრა ითხოვა ანაკლიის პორტის პროექტის განსახილველად და განაცხადა, რომ ფოთის პორტის გაფართოებით იგივე მიზნის მიღწევა შეიძლებოდა გაცილებით ნაკლები დანახარჯით.

2018 წლის ივნისი

  • ქართული ოცნების 12 ივნისის კრებაზე, რომელსაც პარტიის 100-ზე მეტი ოფიციალური პირი ესწრებოდა, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაადანაშაულა პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტის მხარდამჭერ მოქმედებებში და ახლო კავშირში კონსორციუმის ინვესტორ მამუკა ხაზარაძესთან. ბატონი კვირიკაშვილი ამ შეხვედრიდან მეორე დღეს თანამდებობიდან გადადგა. 

2018 წლის ოქტომბერი

  • 2019 წლის თებერვალში კონსორციუმისთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის ოქტომბერში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თბილისში, გიორგი გახარიამ (მაშინდელმა შსს მინისტრმა) აშშ ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ იყო საქართველოს ინტერესებში.

2019 წლის იანვარი

  • SSA Marine-მა, რომელიც ანაკლიის პორტის ოპერატორად იყო შერჩეული და ასევე პროექტის პოტენციურ ინვესტორს წარმოადგენდა, კონსორციუმს აცნობა იმ საფრთხის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა სავარაუდოდ ფოთის პორტის გაფართოებას უჭერდა მხარს (2013-2014 წლებში საქართველოს მთავრობის დაკვეთით განხორციელებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფოთი ვერ დააკმაყოფილებდა საქართველოსთვის საჭირო ღრმაწყლოვანი პორტის კრიტერიუმებს, ამიტომაც მაშინ თვითონვე აირჩია საქართველოს მთავრობამ ანაკლია. მოგვიანებით კი მთავრობამ მიდგომა შეცვალა და მისი მხრიდან ფოთის გაფართოების თაობაზე გამოხატული მხარდაჭერა გახდა მკაფიო სიგნალი საინვესტიციო წრეებისთვის, რომ მთავრობა არ უჭერდა მხარს ანაკლიას).  

2019 წლის თებერვალი

  • ევროპის ერთ-ერთმა სუვერენულმა ბანკმა (development bank) კონსორციუმს აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ ვეღარ დააფინანსებდა პროექტს - მთავრობის ნეგატიური ქმედებებისა და ფოთისკენ გადახრილი მხარდაჭერის გამო.

2019 წლის თებერვალი

  • ევროპის მეორე სუვერენულმა ბანკმაც განუცხადა ADC-ს, რომ მისი პარტნიორი ინსტიტუტის მსგავსად, ისიც უარს ამბობს პროექტში მონაწილეობაზე - ზემოხსენებული მიზეზით, ვინაიდან სახელმწიფომ აშკარად შეცვალა მისი მხარდაჭერა ანაკლიიდან ფოთის მიმართულებით.

2019 წლის მარტი

  • ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში მინისტრის მოსმენაზე, ძირი გამოუთხარა SSA Marine-ს, როგორც პოტენციურ ინვესტორსა და პორტის ოპერატორს, როდესაც განაცხადა, რომ კომპანიას არ გააჩნდა გამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობები. ეს მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ასევე დაარღვია საინვესტიციო ხელშეკრულებით განსაზღვრული კონფიდენციალურობის ვალდებულებები.

2019 წლის აპრილი

  • SSA Marine-მა შეატყობინა ADC-ის, რომ ის აჩერებდა აქტივობებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით.

2019 წლის აპრილი

  • ბატონმა გიორგი ქობულიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, განაცხადა “Forbes Week”-ში, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული უარყოფითი საჯარო და მედია განცხადებები ნეგატიურ გავლენას იქონიებდა ბიზნეს გარემოზე საქართველოში. აღნიშნული ინტერვიუს შემდგომ ის რამდენიმე დღეში გადადგა.

2019 წლის მაისი

  • ამერიკულმა დიდმა კერძო საინვესტიციო კომპანიამ, რომელიც მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე იყო ADC-სთან, რათა მონაწილეობა მიეღო პროექტში, განუცხადა ADC-ის, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა კომპანია გააფრთხილეს, რომ ისინი განზე გამდგარიყვნენ პროექტიდან.

2019 წლის ივნისი

  • პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, აშშ-ში სავაჭრო ვიზიტის დროს, ვაშინგტონში ცალ-ცალკე შეხვდა SSA Marine-ის, აშშ-ის კერძო საინვესტიციო ფირმის ხელმძღვანელობას, რომელიც დაინტერესებული იყო პროექტში ინვესტიციით, და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს. პრემიერ მინისტრთან გვერდით მდგომმა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, გამოხატა მხარდაჭერა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით და განაცხადა რომ „ეს გააძლიერებს საქართველოს კავშირებს თავისუფალ ეკონომიკასთან და არ მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ“. საქართველოში დაბრუნებისთანავე, ბატონმა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა, რამაც პროექტი კვლავ ჩააყენა გაურკვეველ მდგომარეობაში. 

2019 წლის სექტემბერი

  • თბილისში გამართულ შეხვედრაზე, ჰონგ კონგში დაფუძნებულ უმსხვილეს კერძო საინვესტიციო ჯგუფს, რომელსაც გააჩნია ცენტრალური აზიის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო სინერგია, და რომელიც განიხილავდა პროექტში შემოსვლას, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ცქიტიშვილმა მკვახედ უთხრა, რომ მთავრობას არ სურდა მათი მონაწილეობა პროექტში. ამავე შეხვედრაზე ქალბატონმა ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის აშკარა წინააღმდეგობა SSA Marine-ის პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

2019 წლის სექტემბერი

  • გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის ვიცე სპიკერმა, იცრუა როდესაც თქვა რომ ჰონგ კონგში დაფუძნებული კერძო საინვესტიციო ჯგუფი არის „რუსული კომპანია“, რაც მიზნად ისახავდა, დაემცირებინა ეს კომპანია ან გამოეწვია შემდგომი დაბნეულობა მთავრობის პოზიციასთან დაკავშირებით პროექტის მიმართ.

2019 წლის სექტემბერი

  • ADC-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან შეხვედრისას პრემიერ მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ „საკითხები უნდა დაცხრეს“, მანამ სანამ ის შეძლებს დაარწმუნოს დიდი პოტენციური ამერიკული ინვესტორი, რომ სახელმწიფო მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს, რაც საბჭოს წევრის მიერ აღქმულ იქნა, რომ ეს იყო პირობა, რომ ADC-ისა და ბატონ ხაზარაძეს შეეწყვიტა მთავრობის საჯაროდ კრიტიკა, ხოლო მთავრობა ADC-ის კრიტიკას შეწყვეტდა.
  • ასევე, იგი სამეთვალყურეო საბჭოს დაპირდა, რომ მთავრობა მისცემდა მას ამერიკული ინვესტორისთვის „მხარდაჭერის წერილს“, რაც არასდროს განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ ADC დათანხმდა მთავრობის მოთხოვნას.   

2019 წლის სექტემბერი

  • აშშ-ის დელეგაცია (რომელიც მონაწილეობას იღებდა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დასპონსორებულ მე-5 ყოველწლიურ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე) შეხვდა პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს. დელეგაციის წევრებმა ბატონ ხაზარაძეს უთხრეს, რომ პრემიერ მინისტრმა გახარიამ მათ უთხრა, რომ ანაკლიის პროექტი არ იყო კომერციულად მომგებიანი, რაც სინამდვილეში ასე არ არის.

2019 წლის ოქტომბერი

  • ფადი ასლიმ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავჯდომარემ საქართველოში, განაცხადა მედიაში, რომ „არავინგანახორციელებს ინვესტირებას ანაკლიის პროექტში, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს სურს მისი განადგურება“.

ზემოთ თქმული არის მხოლოდ ნაწილი იმ შემთხვევებისა, სადაც საქართველოს მთავრობა აქტიურად უთხრიდა ძირს პროექტს და ADC-ის მიერ პროექტის განვითარებას. ADC ყველა მტკიცებულებას წარადგენს საარბიტრაჟო დავაში, რათა დაადასტუროს რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ აღნიშნულის განსახორციელებლად.

შემდგომი დეტალები ანაკლიის პროექტის და ADC-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: http://anakliadevelopment.com

 

საქართველოს მთავრობა ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ამზადებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 მაისი 2018 12:22

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ამზადებს.

"ჯერ კიდევ იმ დღეებიდან, როდესაც ცხედარზე გვიწევდა და მის გადმოცემაზე მუშაობა ჩვენს სამინისტროში შემუშავდა სტრასბურგში გასაგზავნი პირველადის საჩივრის ტექსტი. შემდეგ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ცხედრის გადმოცემის პროცესისთვის ხელი არ შეგვეშალა, ოჯახს და საქართველოს მისცემოდა გლოვის უფლება. ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არამხოლოდ ორგანოების გადმოცემის მოთხოვნის ჭრილში, არამედ სხვა მრავალ ჭრილში, მათ შორის სამართლებრივ ჭრილში იმისთვის, რომ როდესაც იუსტიციის სამინისტროს საქართველოს სახელმწიფოს სახელით რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანს სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში იქ ყველა პროცედურული წესი იყოს მაქსიმალურად დაცული და ჩვენს მხარეზე" - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

იან კელი - საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა, როდესაც ცდილობს აფხაზეთის რეინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017 12:16

საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა, როდესაც ცდილობს აფხაზეთის რეინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ გმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობისას ჟურნალისტებს განუცხადა. 

იან კელის განცხადებით, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მსხვერპლი, რომელიც ქართველებმა და ამერიკელებმა საკუთარი თავისუფლებისთვის გაიღეს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ მომავალზე. ჩვენი პროგრამების უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამომავლო თანამშრომლობას ეხება. თუმცა, ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მსხვერპლი, რომელიც ქართველებმა და ამერიკელებმა საკუთარი თავისუფლებისთვის გაიღეს. საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა, როდესაც ცდილობს აფხაზეთის რეინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში, ახორციელებს საგანმანათლებლო, სავაჭრო და ჯანდაცვის პროექტებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამგვარ მიდგომას“, – განაცხადა იან კელიმ. 

ჩინეთის მთავრობა ქართველი მეცნიერების კვლევებს დააფინანსებს

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 17:31

აბრეშუმის გზის ქვეყნებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება; თანამშრომლობა ერთობლივი ფუნდამენტური კვლევების განვითარებისთვის; აკადემიური გაცვლითი პროგრამების შექმნა და მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რასაც ჩინეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფონდის მიერ შემუშავებული პროგრამის „მეცნიერება-ნიჭი-მომავალი (Science – Talent-Future)” სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს და როლის თაობაზეც დღეს, სამუშაო შეხვედრა ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაციასთან გაიმართა.

ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მზადაა, აბრეშუმის გზის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთობლივად ორგანიზება გაუწიოს მიზნობრივი აქტივობების განხორციელებას, პარტნიორ ფონდებთან ერთობლივად შეარჩიოს და დააფინანსოს აბრეშუმის გზის ქვეყნების საერთო სამეცნიერო მიზნების მქონე გამორჩეული კვლევითი ჯგუფები. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიისა და ჯანდაცვის დარგებში ინოვაციების განვითარების ხელშეწყობისათვის ჩინეთის ფონდი ასევე აპირებს შექმნას ეფექტური საერთაშორისო კოლაბორაციული საინფორმაციო პლატფორმა და გააზიაროს სტრატეგიული კონსულტაციების, მეცნიერების პოლიტიკისა და განათლების სიახლეები.

აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება ქ. პეკინში 2017 წლის 2-4 ივლისს დაგეგმილი სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციები, სამეცნიერო ფონდები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის განმსაზღვრელი სააგენტოები და რომლის მუშაობაში მონაწილეობის მოსაღებად მიწვეულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნება სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი კომიტეტი, შეირჩევა კომიტეტის წევრები, რომლებიც განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, შეაფასებენ კვლევითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ განაცხადებს, შეარჩევენ გამორჩეულ სამეცნიერო ჯგუფებს მათი სამომავლო აკადემიური განვითარების ხელშეწყობისათვის.

ნახევარ განაკვეთზე და ღამის საათებში მუშაობის წესები დამტკიცდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 17:19

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად,  დამტკიცდა ნახევარ განაკვეთზე და ღამის საათებში მუშაობის წესები. 

 "მოხელე ნახევარ განაკვეთზე მუშაობს: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რაც შესაბამისად დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნით; ბ) ბავშვის 1 წლის ასაკის მიღწევამდე; გ) მოხელე ქალის შემთხვევაში – მშობიარობამდე; დ) მოხელის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებამდე", - აღნიშნულია დადგენილებაში. 

ამასთან, დადგენილების თანახმად, ნახევარ განაკვეთზე მყოფ მოხელეს უნარჩუნდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, გარანტიები და მოვალეობები.

„მოხელე ღამის საათებში მომუშავედ ითვლება, თუ იგი ღამის საათებში მუშაობს 22:00 საათიდან 06:00 საათამდე. ღამის საათებში მოხელის სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 საათს. ღამის საათებში მომუშავე მოხელეს ეძლევა ერთსაათიანი შესვენება, რომელიც ითვლება სამუშაო დროში. მოხელე, რომელის მუშაობს ღამის საათებში, თავისუფლდება მორიგეობის მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ მორიგეობის მომდევნო დღე დასვენების ან უქმე დღეა, მოხელე სამსახურში გამოდის მომდევნო სამუშაო დღეს. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაში ღამის საათებში მუშაობის დაწესების შესახებ უნდა იქნას განსაზღვრული ღამის საათებში მუშაობის განრიგი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესით დადგენილ ვადებს“, - ნათქვამია დადგენილებაში.

გარდა ამისა, მთავრობის დადგენილების თანახმად, ღამის საათებში სამუშაოდ მოხელე შესაძლებელია გადაყვანილ იქნას დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ან/და მოხელის განცხადების საფუძველზე. ამასთან, ღამის საათებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით. 

მოხელეს ღამის საათებში მუშაობისთვის ეძლევა კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატი, რომლის საერთო ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 17:10

საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. პროექტი  მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.
 საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ქალთა უფლებების დაცვა და „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული  აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.
ცვლილებები შედის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც.  დღეს მოქმედი რედაქცია არეგულირებს მხოლოდ ოჯახურ ძალადობას. იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული ცვლილებებით ფართოვდება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და იგი მოიცავს არა მარტო ოჯახის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც; კერძოდ: შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის ყველა შემთხვევაში. შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის უქმდება მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება. შემაკავებელი ორდერი პოლიციელის მიერ მისი გამოცემისთანავე შევა ძალაში, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის შემთხვევაზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. თუკი მოქმედი კანონმდებლობით ოჯახური ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება, ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, ასევე, დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში ეძლევა 30-დღიანი შვებულება, ეს უფლება გავრცელდება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლ ქალზეც. ძალადობის მსხვერპლი ქალი, თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც შეძლებს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა. სამართალწარმოების დასრულებამდე დაუშვებელი იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის მსხვერპლია. ცვლილებები ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულებას აწესებს. დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ ოჯახში გამოვლენილი ძალადობის მსხვერპლის მიმართ არსებობდა. „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით; თავის მხრივ კი, პოლიცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით, ვალდებული იქნება, ძალადობის მსხვერპლ ქალს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე.

ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია, სამართალდამცველებს მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ. იმ პირების მიმართ, რომლებსაც, ზოგადად, პროფესიული საქმიანობის განხორცილებისას კონფიდენციალობის ვალდებულება ეკისრებათ (ექიმები, მასწავლებლები, ადვოკატები), განისაზღვრება საგამონაკლისო შემთხვევა − აღნიშნულ პირებს ეს ვალდებულება არ შეზღუდავთ, რომ კომპეტენტურ ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევის თაობაზე, თუკი არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. მასწავლებელი და მანდატური ვალდებულნი იქნებიან, სკოლის დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირსაც მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევებზე. 

ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, შეეზღუდებათ ან ეკრძალებათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება; ხოლო თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს, დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში, მას იარაღი ჩამოერთმევა.
სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ადევნება განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი; ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ეს ქმედება  ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება.
აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად განიხილავს, დასჯადი ხდება იძულებითი სტერილიზაციაც. კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იძულებითი სტერილიზაციისათვის, შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად.

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 1332-ე მუხლიც, რომელიც ითვალისწინებს ქალთა გენიტალიების დამახინჯების კრიმინალიზაციას. ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა. ქალთა გენიტალიების დამახინჯება ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.

იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ან პარტნიორის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების კანონად მიღების შემდეგ ქალთა უფლებები საქართველოში  ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული, საქართველოს კანონმდებლობა კი შესაბამისობაში მოვა  სტამბულის კონვენციასთან, რომელიც ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, ჩამოაყალიბონ  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები. კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მიზნით იქმნება ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქმედებათა განხორციელებასთან  დაკავშირებული ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO), რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ კონვენციის მოთხოვნების დაცვას.
 
 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება ლარის კურსთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 11:40

ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში არის ეროვნული ვალუტის მცურავი კურსი, რომლის ცვლილებები დამოკიდებულია საშინაო და საგარეო მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე და მოლოდინებზე.
ლარის კურსის დროებითი ცვლილება გამოწვეულია შემდეგი ძირითადი ფაქტორებით:

1. მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციით;
2. ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებებით, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით;
3. ლარის კურსთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნით, რასაც სამწუხაროდ ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან თემით სპეკულაციის მცდელობა.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტორების პარალელურად ჩვენს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ იზრდება. მეტიც, გასულ თვეში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ფასების კლება დაფიქსირდა.
ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე რეალურად დგას, ეფუძნება სასესხო პორტფელის გადაჭარბებულ დოლარიზაციას. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციის შედეგად, გეგმავს რიგი კომპლექსური ზომების გატარებას, მათ შორის:

1. მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე - გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სტაბილური და მდგრადი ფისკალური გარემოს განმტკიცებაზე. ანალოგიური მიდგომა იქნება შემდგომი წლების ბიუჯეტების მიმართაც;
2. უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით.

შედეგად, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იქნება დამოკიდებული გარე ნეგატიური ფაქტორებით გამოწვეული ლარის კურსის მოკლევადიან რყევებზე და არსებითად გაჯანსაღდება ეკონომიკური გარემო ქვეყანაში.
დარწმუნებულნი ვართ, რომ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე ხელს შეუწყობს პოზიტიური მოლოდინების შექმნას და ლარის კურსის დასტაბილურებას.

ADB საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას მხარდაჭერას უცხადებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 10:13

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ ADB-ის აღმასრულებელმა დირექტორებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადეს.

მთავრობის მეთაურმა აზიის განვითარების ბანკს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ADB-ის მხარდაჭერას ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარების, საბიუჯეტო მხარდაჭერის და შეღავათიანი ფინანსური რესურსების გამოყოფის მიმართულებით.

შეხვედრისას დეტალურად ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილ პროექტებსა და განათლების რეფორმაზე. აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, დაეხმარონ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის როლის გაძლიერებას, ისე - პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი პორტფელის მქონე განვითარების პარტნიორია. ADB საქართველოს მხარს უჭერს ინფრასტრუქტურული საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში, ასევე დამტკიცებული აქვს საბიუჯეტო მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა, ახორციელებს სხვადასხვა ტექნიკური დახმარების პროგრამას.

შეხვედრისას ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორების ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ მსგავსი წარმომადგენლობითი ვიზიტი საქართველოში ADB-დან ჯერ არ განხორციელებულა.

აზიის განვითარების ბანკის 7 აღმასრულებელი და ალტერნატიული დირექტორი საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. დელეგაციაში, რომელსაც ADB-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ჟონჟინ უანი ხელმძღვანელობს, ADB-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორები - მეთიუ ფოქსი, გაუდენშო ჰერნანდეს უმცროსი, ფილასლაკ იუკასემუონგი, მაპა პატირანა, მაიკლ შტრაუსი, შარაფჯონ შერალიევი იმყოფებიან. პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრას ADB-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გიორგი კიზირია, ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.

საძოვრების აღდგენა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 04 მაისი 2016 16:09

დედოფლისწყარო. 4 მაისი 2016 – ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს მთავრობა წარმატებით ასრულებენ ერთობლივ ინიციატივას ვაშლოვანის დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და ადგილობრივი მეცხვარეებისა და ფერმერების ხელშეწყობის მიზნით.
2013 წლიდან დღემდე ვაშლოვანის დაცულ ტერიტოერიებზე დაინერგა ბუნებრივ დინებაზე დაფუძნებული წყალმომარაგების სისტემა, რომელიც თხუთმეტ ფერმას ემსახურება. გაიხსნა ორი საპილოტე ფერმა, სადაც მიმდინარეობს საძოვრების მდგრადი მართვის მეთოდების  დემონსტრირება. ამოქმედდა ორი თანამედროვე მეტეო სადგური, რომელიც მეტეოროლოგიური დაკვირვების ეროვნულ სისტემას უკავშირდება. ჩამოყალიბების პროცესშია ვეტერინარული მომსახურების ერთიანი სისტემა, რომელიც პოტენციურად 30 ათასამდე ცხვარს მოემსახურება.
2016 წლის ბოლომდე დასრულდება საძოვრების 4 ათასი ჰექტარისა და ცხვრის გადასარეკი ტრასის 300 ჰექტარის აღდგენა.  
2016 წლის 4 მაისს ვაშლოვანის დაცული ტეროტირები მოინახულეს გაეროს განვითარების პორგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ - შომბი შარპმა; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ - ეკატერინე გრიგალავამ; და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ - ლაშა მოისწრაფიშვილმა. ისინი გაეცნენ პროექტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოს და შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული ოთხწლიანი პროექტი შედის ევროკავშირის რეგიონულ პროგრამაში Clima East, რომელიც ეხმარება აღმოსავლეთ სამეზობლო სახელმწიფოების მთავრობებს გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილების შედეგებს და შემოიღონ საძოვრების მდგრადი მართვის ახალი, ინოვაციური მეთოდები.

ვერცხლისწყლის შემცირება საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 14:23

23 მარტს გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში მინამატას კონვეციის რატიფიცირებისა და განხორციელების გზების  შესახებ. მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის, აკადემიური და საგანმანათლებლო ინსტიტუტების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით+ მიმართეს ნათია ნაცვლიშვილმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამების ხლემძღვანელმა, და ალვერდ ჩანქსელიანმა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსმა.
სამუშაო შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ვერცხლისწყლის აღრიცხვას, გავრცელების პოტენციური წყაროების გამოვლენასა და შეფასებას, რეკომენდაციების შემუშავებას კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების მომზადების  მიზნით   და ინსტიტუციური შესაძლებლობების შესწავლას, რომელიც აუცილებელია მინამატას კონვენციის რატიფიცირებისა და მისი წარმატებული განხორციელებისთვის.       
პროექტის ინიციატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით.
მინამატას კონვენციის შესახებ:
მინამატას კონვენციის სახელი უკავშირდება იაპონიის ქალაქს მინამატა, სადაც გასული საუკუნის 50-იან წლებში ადგილობრივი საწარმოს მიერ მინამატას ყურეში ვერცხლისწყლით დაბინძურებული წყლის ჩაშვების შედეგად მოიწამლა ათი ათასობით ადამიანი, ხოლო მსხვერპლის რაოდენობამ 2000-ს მიაღწია.
მინამატას კონვენცია აწესებს რიგ ვალდებულებებს სხვადასხვა წარმოებიდან ვერცხლისწყლისგავრცელებაზე, ვერცხლისწყლის შემცველი პროდუქტების გამოყენებასა და წარმოებაზე, ექსპორტსა და იმპორტზე, ასევე ოქროს მცირემაშტაბიან (კუსტარულ) მოპოვებაზე, რომელიც ვერცხლისწყლის გავრცელების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.
საერთაშორისო შეთანხმება მინამატას კონვენციის შესახებ მიღწეულ იქნა 2013 წლის იანვარში. კონვენცია ძალაში შევა 90 დღეში მას შემდეგ, რაც მის რატიფიცირებას 50 სახელმწიფო მოახდენს.
საქართველო აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო მოლაპარაკებაში კონვენციის მიღების თაობაზე. 2013 წლის ოქტომბერში ქვეყანამ ხელი მოაწერა ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციას და ამჟამად მისი რატიფიცირებისათვის ემზადება.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური