საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაიზრდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 27 მარტი 2019 11:34

საქართველო ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემას (LRIT CDC) მიუერთდება. ამით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის პირველია, რომელიც აღნიშნული სისტემის ნაწილი გახდა.

ევროკავშირმა გადაწყვეტილება გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემასთან საქართველოს მიერთების შესახებ ქვეყანაში საზღვაო ტრანსპორტის დარგში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე მიიღო. ევროკავშირი საქართველოს თხოვნას გაწევრიანების შესახებ ერთი წელი იხილავდა. საქართველოს საზღვაო სექტორმა გაიარა უმკაცრესი ერთწლიანი მონიტორინგი და უმკაცრეს კრიტერიუმებზე დაყრდნობით წარმატებით გადალახა გაწევრიანების ყველა ეტაპი. 

შედეგად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს მიერთებას ევროკავშირის კოლექტიურ მონაცემთა ცენტრთან (LRIT CDC). ასეთი ტიპის ინტეგრაცია პირდაპირ ევროპულ სერვისებში, ერთ-ერთი პირველია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიაში. 

აღნიშნულ სისტემაში ჩართვით საქართველოს გაუჩნდება შესაძლებლობა ყოველ 6 საათში ავტომატურ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მისი დროშის ქვეშ მცურავი გემების შესახებ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან; ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, მიიღოს ინფორმაცია ევროკავშირის წყლებში მცურავ ნებისმიერ გემზე, რომელიც გაივლის საქართველოს საზღვრებიდან 1000 საზღვაო მილის ფარგლებში. გარდა ამისა, ევროკავშირის LRIT სისტემაში ჩართვით საქართველოს ხელი მიუწვდება მსოფლიო მასშტაბის საერთაშორისო ქსელთან (LRIT) და მის წევრ სახელმწიფოებთან ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობით კუთხით.

შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება მსოფლიო საზღვაო სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის ხარისხი, საქართველო გახდება პრესტიჟული ევროპული სტრუქტურის წევრი ქვეყანა, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება საქართველოს საზღვაო დროშის იმიჯზე.

ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს შესაძლებლობები საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და ზღვის გარემოს დაცვის თვალსაზრისით. ამდენად, ამ სისტემაში გაწევრიანება წარმოადგენს მეკობრეობასთან ბრძოლისა და ჩვენი მეზღვაურების დაცვის ქმედით საშუალებას.

ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემა დღესდღეობით მსოფლიოს გლობალურ LRIT სისტემაში ჩართული ყველაზე თანამედროვე და მსხვილი მონაცემთა მართვის ცენტრია, რომელიც დღის განმავლობაში 8000 გემს უწევს მონიტორინგს.

საქართველოს პრეზიდენტმა „ალილოს“ მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 იანვარი 2019 12:11

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაო "ალილოს" ათონელის სასახლესთან უმასპინძლა, მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცა და საჩუქრები გადასცა:
"გილოცავთ ყველას შობის დღესასწაულს. მე ვარ ძალიან მოხარული, რომ პირველად ამ სასახლესთან გამოიარა "ალილომ" და მგონი, რომ ეს არის ძალიან სასიხარულო ამბავი, ძალიან ლამაზი ტრადიცია. ყველას გილოცავთ ქრისტეშობის დღეს და დღესასწაულს. მისი მადლი ფარავდეს ყველა ოჯახს და სრულიად საქართველოს და თქვენ, ჟურნალისტებს პირადად, ვინც დიდხანს, ზოგჯერ სიცივეში მელოდებით, თქვენც გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერი იყოს ეს შობის დღე თქვენთვის",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 16 დეკემბერი 2018 20:31

თელავში დღეს საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო კონსტიტუციაზე და მან ინაუგურაციის სტუმრებსა და საქართველოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დამოკიდებულია ჩვენი სამხედრო ძალების პროფესიონალიზმზე, მზადყოფნაზე, თანამედროვე აღჭურვილობაზე, მტკიცე სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე, მე ვუცხადებ სრულ ნდობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის მისი მიზანი. „გამოვხატავ პატივისცემას ჩვენი ჯარისკაცებისა და ვეტერანების მიმართ. მინდა იყოთ დარწმუნებული, რომ მთლიანად ვიქნები ჩართული შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის ჩემი მიზანი. როგორც მთავარსარდალმა, აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ ჯარის იდეოლოგიური და პოლიტიკური ნიშნით დაყოფის მცდელობები, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში, არის სრულიად მიუღებელი. ეს აზარალებს სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს. მე ჩავალ ავღანეთში ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ღირსეულად და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად იბრძვიან ჩვენი პარტნიორების გვერდით. ისინი ებრძვიან გლობალურ საფრთხეებს, რომელიც ემუქრება მშვიდობას მსოფლიოში, რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობა და სტაბილურობა არის უმთავრესი პირობა კაცობრიობის წინსვლისთვის”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 09:53

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩევლები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ანალოგიურ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; მუშაობს ონლაინ ჩათიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არც ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. ამას გარდა, დაუშვებელია საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 3 დამკვირვებელი, მედია ორგანიზაციებს წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს - 1 წარმომადგენელი.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. ცესკოს მედია ცენტრში გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

და ბოლოს, შევახსენებთ მოქალაქეებს, რომ დღეს არის უქმე, არასამუშაო დღე. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თითოეული ამომრჩევლის აქტიურობა მნიშვნელოვანია.

ასევე, მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი არჩევნების მშვიდ, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩატარებას, რაც ამომრჩევლებს მისცემს შესაძლებლობას თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება.

საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციას აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები ვიზიტი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 14:24

შსს-ს სასაზღვრო პოლიციასა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) შორის, საერთაშორისო მხარდაჭერისა და დახმარების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის მოდერნიზების მიზნით, დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეთანხმებებს ხელი მოეწერა.

ხელშეკრულების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების -„კასუმლოსა“ და „ქედის“ მშენებლობა დაიწყება, ასევე, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი დაკვირვების, თვალთვალისა და მონიტორინგის ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვება.

შეთანხმების საფუძველზე დაიგეგმა სასაზღვრო სექტორების კოშკურებით, ღამის ხედვისა და სითბური კამერებით აღჭურვა, სპეცავტოტექნიკისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა. 2017 წლის მარტამდე საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი მთლიანად აღიჭურვება დაკვირვების სისტემებითა და ტექნიკური საშუალებებით.

თებერვლიდან ასევე იგეგმება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური ცენტრის მშენებლობის დაწყება, სადაც შესაძლებელი იქნება ინსტრუქტორების გადამზადება და სამომსახურეო ძაღლების გაწვრთვნა. ახალი კინოლოგიური ცენტრი თანამედროვე სტანდარტების ვოლიერებით, სანაშენე ბოქსებითა და საოპერაციოებით იქნება აღჭურვილი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური