1 იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 11:21
2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. 

შედეგად, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდა საბაჟო გადასახადისგან; ამასთან, ქართულ სერვისსა და პროდუქციას გაეხსნა 1,4 მილიარდიანი ბაზარი. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ. 

ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. მკვეთრად იზრდება ღვინის ექსპორტის მონაცემები (2017 წლის იანვარ-აპრილში ზრდა წინა წელთან შედარებით - 270%). 

2017 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთიდან შემოვიდა 4 541 ვიზიტორი, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

გიორგი მარგველაშვილი - თავისუფალი საქართველოს შესაქმნელად კარგად უნდა გავიაზროთ ყველა გამოწვევა და გავერთიანდეთ მთავარი მიზნის მისაღწევად

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 იანვარი 2018 11:48
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი,  2018 წელი მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის იმ დარბაზიდან მიულოცა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა და ქვეყნის უზენაეს მიზნად აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მთლიანი საქართველოს შექმნა დაასახელა.
 
"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ 2018 წელს! გილოცავთ იმ დარბაზიდან,  სადაც ასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა პირველი ქართული რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ ასმა წელმა დრამატულად განვლო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ დღესაც ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ვიღწვით უზენაესი მიზნისთვის- თავისუფალი საქართველოს შექმნისათვის. იმისთვის,  რომ ამ მიზანს მივაღწიოთ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ყველა გამოწვევა და გავერთიანდეთ მთავარი მიზნის მისაღწევად.
 
უზენაესი მიზანია ერთიანი, მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად.
მიზნების მიღწევის მთავარი საშუალება,  რა თქმა უნდა,  უფრო ძლიერი და უფრო ეფექტიანი განათლების სისტემაა. 
 
განათლების სისტემა, რომელიც უფრო ძლიერ ახალ თაობას გაზრდის.
 
უაღრესად მნიშვნელოვანია,  რომ ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად კიდევ უფრო წავახალისოთ მეწარმეები, ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის დოვლათს.
 
მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების ტრადიციას აგრძელებენ და ჩვენს ქვეყანას იცავენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის  გარეთ, კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ და გვერდში ამოვუდგეთ.
 
მთავარი და მნიშვნელოვანია,  მივიღოთ ერთმანეთის განსხვავებულობა და ვაღიაროთ ის, რომ ჩვენი ინდივიდუალიზმი ჩვენი სიმდიდრეა.
ამ სულისკვეთებით,  მე, ახალი 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე.
 
გილოცავთ ამ წელს და მიგულეთ თქვენ თანამოაზრედ ყველა იმ ახალ გამარჯვებაში, რომელიც თავისუფლების სულისკვეთებით იქნება გაერთიანებული," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა მიმართვაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელი საზეიმოდ აღინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017 12:00

საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთამინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოსა და აზერბაიჯანსშორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.

მინისტრმა ღონისძიების დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მიხეილ ჯანელიძემ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს, ასევე ისაუბრა ხალთაშორის მეგობრულ ურთიერთობებსა და ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ პოტენციალზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები სამომავლო მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ძლიერ ფუნდამენტს წარმოადგენს.

„ჩვენ ნამდვილად ძალიან დიდ მწვერვალებს მივაღწიეთ ორმხრივ ურთიერთობებში. ეს არის სამაგალითო მეზობლობა და თანამშრომლობა რომელიც დღეს გაგვაჩნია. ეს თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგების მომტანი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონისთვის. ჩვენ შევძელით ერთად უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტების განვითარება, პროექტების რომელიც აკავშირებს ევროპას და აზიას „ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივი ძალისხმევით ახერხებენ ქვეყნებისა და ზოგადად რეგიონის პოპულარიზაციას, როგორც ევროპის ასევე აზიის მასშტაბით.

„ჩვენ კიდევ უფრო მეტ ნაბიჯს გადავდგამთ მომავალში იმისათვის რომ ეს პარტნიორობა, ეს მეგობრობა კიდევ უფრო თვალსაჩინო იყოს ყველა ჩვენი მეგობრისთვის, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის და ხელშესახები შედეგის მომტანი იყოს როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის ასევე ყველა იმ ქვეყნისთვის რომელიც დაინტერესდება ითანამშრომლებს და გამოიყენებს ამ შესაძლებლობებს.“ - აღნიშნა მინისტრმა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჩამოყალიბებულ სამაგალითო ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ გაიმართა ფიკრეტ ამიროვის სახელობის განჯას სახელმწიფო ფილარმონიის კამერული ორკესტრის კონცერტი .
საზეიმო ღონისძიება რუსთაველის თეატრში ჩატარდა.

შემოქმედებითი საქართველო: 5 წარმატებული პროექტი, 7 ძირითადი რეკომენდაცია

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 15 დეკემბერი 2017 14:43

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროგრამის „კულტურის სტრატეგია-2025“ პირველი წლის შედეგები თბილისში გამართულ კონფერენციაზე შეაჯამეს. მისმა მონაწილეებმა ისაუბრეს იმ წარმატებულ პროექტებზე, რომლებიც 2017 წელს განხორციელდა ინიციატივის ფარგლებში. პროგრამის რეალიზაცია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და შემოქმედების“ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობდა.  

 

5 წარმატებული პროექტი s

 

  • მუზეუმების ღამე

„მუზეუმების ღამე“ — ეს ცნობილი საერთაშორისო აქციაა, რომლის დროსაც მუზეუმების ექსპოზიციების დათვალიერება ღამით უფასოდაა შესაძლებელი. ამ პროექტს რამდენიმე წლის წინ, როდესაც ის პირველად ჩაუშვეს საქართველოში, წარმატება არ მოჰყოლია. 2017 წელს ის ჩართეს პროგრამაში „კულტურის სტრატეგია 2025“ და ევროკავშირის პროგრამა „კულტურა და შემოქმედების“ რეკომენდაციების შესაბამისად ჩაატარეს.

„მე სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი იმით, რომ წელს „მუზეუმების ღამით“ ყველა ჩვენს მუზეუმში ხალხის ტევა არ იყო. ციფრები თავად მეტყველებს ყველაფერზე: აქციაში 53 883 ადამიანი მონაწილეობდა!“ — თქვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

 

  • თბილისის კონსერვატორიის იუბილე

თბილისის კონსერვატორიის იუბილის ფარგლებში დედაქალაქში მუსიკალური ფესტივალი, ოთხი მასშტაბური კონფერენ ცია და 300-ზე მეტი კონცერტი ჩატარდა.

 

  • ქართული კინოს განვითარება

პროექტში „გადაიღე საქართველოში“ ერთი წლის განმავლობაში ცხრა ფილმმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა გადაღებებშიც 1 800 ადამიანი იყო ჩართული.

 

„ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ, დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ კულტურა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სულიერი განვითარებისთვის. ეს ეკონომიკის კონკრეტული სფეროა, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის“, — აღნიშნა მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

 

  • რეგიონებთან მუშაობა

 

2017 წელს ქვეყნის სამ რეგიონში, 16 ქალაქში საინფორმაციო ტურები და ტრენინგები ჩატარდა, რომლის მონაწილეთა რაოდენობამ 600 კაცს გადააჭარბა.

 

  • არაფრომალური განათლება

კულტურული მემკვიდრეობის საგანმანათლებლო პროგრამებში 87 934 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც მოისმინეს ლექციები და ეწვივნენ კულტურის ობიექტებს. მსურველებს კარი გაუღეს: „კინოს სკოლამ“ — სადაც 3 500-ზე მეტი კინოჩვენება გაიმართა, და „ცოცხალმა წიგნებმა“ — განაკუთრებული მნიშვნელობის პროექტმა, რა დროსაც 65 ქართველი მწერალი სკოლების მოსწავლეებს შეხვდა და გამოცდილება გაუზიარა მათ. 

 

„არაფორმალური განათლება გვეხმარება ერთმანეთს დავუახლოვოთ ტრადიციული სფეროები და შევქმნათ კრეატიული პროექტები“, — ამბობს მიხეილ გიორგაძე.

 

7 ძირითადი რეკომენდაცია

 

შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და კულტურის განვითარების საკითხების ექსპერტი რაგნარ სიილი პროგრამა „კულტურა და შემოქმედებისგან“ შვიდ მთავარ რეკომენდაციას იძლევა საქართველოში  ამ ინდუსტრიის პოპულარიზაციისთვის.  

 

  1. კულტურისა და შემოქმედების სფეროში პროფესიონალების გუნდის ჩამოყალიბება. ისინი შეიმუშავებენ საქმიანობის გეგმას და თვალყურს მიადევნებენ მის ეტაპობრივ შესრულებას.
  2.  პროგრამის ჩაშვება, რომელიც კულტურისა და შემოქმედების სფეროს ტურიზმით დაუჭერს მხარს. იმგვარი პროექტებისთვის ხელშეწყობა, რომლებიც განავითარებს კულტურისა და შემოქმედების სფეროს, და იმ ტურისტების მიზიდვა, რომლებიც პოტენციურად დაინტერესებულები არიან საქართველოს კულტურით.
  3. კრეატიული ჰაბებისა და ტექნოლაბების გახსნა. ეს კულტურისა და შემოქმედების განვითარების ცენტრები და მოედნებია, სადაც ჩატარდება ლექციები, სემინარები, კონფერენციები და სხვა აქტივობები.
  4. კულტურისა და შემოქმედების რეგიონული განვითარების კუთხით საბჭოების მოწვევა და აუცილებელი კვლევების ჩატარება. ეს ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგინებშიც, რაც მთლიანად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.
  5. შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ეროვნული პოლიტიკის დადგენა. ეს აუცილებელია სახელმწიფოს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში სრულად ჩასართავად.
  6. იმ ორგანიზაციების სპეციალური ქსელის შექმნა, რომლებიც კულტურასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ პროგრამებსა და პროექტებს ახორციელებენ. ისინი უზრუნველყოფენ კულტურული ინდუსტრიების მრავალფეროვნებას.
  7. IT-ტექნოლოგიებსა და კრეატიულ მიმართულებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ცენტრების განვითარება. ეს ახალგაზრდებს დაეხმარება, იპოვონ საკუთარი თავი შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროებში. 

 

მთავარი დასკვნა

 

კონფერენცია შეაჯამა პროგრამა „კულტურა და შემოქმედების“ ხელმძღვანელმა ტიმ უილიამსმა:

„საქართველო, ალბათ, ყველაზე წარმატებულია ექვს ქვეყანას შორის. ის ეტაპობრივად ითვისებდა გამოცდილებას, რომელსაც ჩვენ ვუზიარებდით. „სტრატეგია 2025-მა“ ასახა ეს და ძალიან კარგი შედეგებიც აჩვენა. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანა მომავალშიც განავითარებს შემოქმედებით ინდუსტრიებს“. 

საქართველომ, 2018-2019 წლებში, შესაძლოა, MSC სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017 17:50

საქართველომ, 2018-2019 წლებში, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილემ ბენედიქტ ფრანკემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

განიხილება შესაძლებლობა, ამ მიზნით გამოყენებული იყოს „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია", ან „საქართველოს ევროპული გზა", რომლებსაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ღონისძიებები კიდევ უფრო გაამდიდრებს.  

აღნიშნული შესაძლებლობა პირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის ვოლფგანგ იშინგერის შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას გაიმართა.  საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ყოველწლიურად მონაწილეობს. გლობალურ ფორუმზე, რომელიც მიუნხენში  2018 წლის თებერვალში გაიმართება, გიორგი კვირიკაშვილი უკვე მიწვეულია.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რამდენიმე ათწლეულია, უსაფრთხოების პოლიტიკაზე მსჯელობისთვის უმთავრეს გლობალურ ფორუმს წარმოადგენს. ყოველი წლის თებერვალში, კონფერენცია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მსჯელობისთვის,  თავს უყრის 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ პირს - მსოფლიო ლიდერებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად იმართება არაერთი მაღალი დონის ღონისძიება სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილისა და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო საქართველო-გერმანიას შორის არსებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდა. 

საუკუნის ახალი ხელშეკრულება: ახალი ეტაპი აზერბაიჯანისა და საქართველოს პოლიტიკურ–ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
შაბათი, 23 სექტემბერი 2017 22:42

როგორც ცნობილია, 14 სექტემბერს ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში ჩატარდა კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში საბადოები „აზერის“, „ჩირაგის“ და საბადო „გუნაშლის“ (აჩგ) სიღრმეზე მდებარე ნაწილის ერთობლივად დამუშავების და ნავთობის მოპოვების წილების განაწილების შესახებ შესწორებული და ხელახლა შედგენილი ხელშეკრულების ხელის მოწერის ცერემონია.
ცერემონიაში მონაწილეობას ღებულობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, აშშ–ის, თურქეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები, კომპანიები „BP”–ის, “Chevron”–ის, “INPEX”–ის, “Statoil”–ის, “ExxonMobil”–ის, ”TP”–ის, „ITOCHU”–ის და “ONGC Videsh”–ის წარმომადგენლები.
მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტიანმა პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკისგან შორს მყოფი, ანტი–აზერბაიჯანული პოზიციის მქონე ზოგიერთი ძალები აცხადებენ, რომ ეს ხელშეკრულება არის უსარგებლო.
სინამდვილეში ამ ხელშეკრულებას გააჩნია ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამ ძალებს არ უნდათ ამის დანახვა ან განზრახ არ ხედავენ ამას.
ხელის მოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებას გააჩნია დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის: „ამ საბადოების დამუშავება გაგრძელდება 2050 წლამდე. ამ კონტრაქტზე ხელი მოეწერება აზერბაიჯანისთვის უფრო მომგებიანი, უკეთესი პირობებით. კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ უცხოური ინვესტორები ჩვენს ქვეყანას გადაუხდიან ბონუსს 3,6 მილიარდი დოლარის ოდენობით. SOCAR–ის წილი აწეული იქნება 25 პროცენტამდე. ნავთობის მოგების დონე, რომელსაც მიიღებს აზერბაიჯანი, იქნება 75 პროცენტი.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ „საუკუნის ხელშეკრულების“ ხელმოწერის დროს ნავარაუდევი იყო, რომ „აზერი–ჩირაგ–გუნაშლი“–ში არის 511 მილიონი ტონა ნავთობი. მაგრამ რეზერვებმა გაადაჭარბეს პროგნოზებს. ამჟამად „აზერი–ჩირაგ–გუნაშლი“–ში არის 500 მილიონი ტონა მოუპოვებელი ნავთობი“.
მოპოვების წილების განაწილების შესახებ შეცვლილი და ხელახლა შემუშავებული ხელშეკრულების საფუძველზე BP რჩება პროექტის ოპერატორად. როგორც ხელშეკრულების ერთი ნაწილის, SOCAR–ის აჩგ–ში მონაწილეობის წილი 11,65 პროცენტიდან აწეული იქნება 25 პროცენტამდე და საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდს გადაუხდიან ბონუსს 3,6 მილიარდი დოლარის ოდენობით. არსებობს იმის პოტენციალი, რომ მომდევნო 32 წლის განმავლობაში აჩგ–ში ჩადებულ იქნას 40 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია. ხელშეკრულების დამტკიცების შემდეგ აჩგ–ში პარტნიორების მონაწილეობის ახალი წილები იქნება შემდეგი შეფარდებით: BP-30,37 პროცენტი, AzACG (SOCAR) - 25,00 პროცენტი, Chevron- 9,57 პროცენტი, INPEX- 9,31 პროცენტი, Statoil- 7,27 პროცენტი, ExxonMobil- 6,79 პროცენტი, TP- 5,73 პროცენტი, ITOCHU- 3,65 პროცენტი და ONGC Videsh Limited (OVL)- 2,31 პროცენტი.
ამ ხელშეკრულების შემდეგ SOCAR–სა და პარტნიორებს შორის აჩგ სახელშეკრულებო ტერიტორიისთვის მოპოვების დამატებითი პტალფორმის შეფასების მიზნით მიღწეულია შეთანხმება საინჟინრო–საპროექტო სამუშაოების ჩატარების შესახებ.
კომპანია BP–ის გენერალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ დადლიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ გასული 23 წლის განმავლობაში „საუკუნის ხელშეკრულებამ“ წარმატება მოუტანა აზერბაიჯანს და ყველა ჩვენთაგანს, გააუმჯობესა ენერგიის მიწოდება ევროპაში და ეს სამუშაოები. დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა აზერბაიჯანის ისტორიაში, რადგან ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო 32 წლის განმავლობაში ჩვენ ვიმუშაოთ ერთად და განვახორციელოთ აჩგ–ის გრძელვადიანი დამუშავების პოტენციალი და ახალი ინვესტიციებით, ახალი ტექნოლოგიებით და ახალი ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმუმამდე ავიყვანოთ ნავთობის მოპოვების კოეფიციენტი: „ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით სწორი იქნება ამ ხელშეკრულებას ვუწოდოთ „საუკუნის ახალი ხელშეკრულება“, – აღნიშნა ბ. დადლიმ. 
თურქეთის ენერგო და ბუნებრივი რეზერვების მინისტრმა ბერათ ალბაირაქმაც თავის გამოსვლაში მაღალი შეფასება მისცა ხელშეკრულების მნიშვნელობას.
ბ. ალბაირაქმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს TANAP–ის მიერ საქმიანობის დაწყება გახდება ისტორიული მოვლენა: „2019 წელს გაერთიანდება TANAP–თან და იქცევა ევროპისათვის გაზის მე–4 სტრატეგიულ წყაროდ. აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობა მნიშვნელოვანი მაგალითია ევროპისათვის. მომავალ წელს TANAP–თან ერთად დაიწყება 16 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ექსპორტირება“.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ალან დუნკანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ „საუკუნის ხელშეკრულებიდან“ გასული ოცდასამი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში ჩადებულ იქნა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია და მსოფლიო ბაზარზე გამოტანილ იქნა სამ მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობი. მან გამოხატა კმაყოიფილება იმით, რომ ხელშეკრულების გაგრძელება ჩვენს ქვეყნებს მოუტანს ეკონომიკურ სარგებელს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ელია ელოშვილმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ხელშეკრულების ხელის მოწერის დღე არის დიდი და ისტორიული დღე. მან აღნიშნა, რომ არის დიდი მიღწევები და გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნების ენერგო დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ეს გადაწყვეტილება სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ხელშეკრულების მომცველ პარტნიორ ქვეყნებს, არამედ მილიონობით ადამიანს.
საქართველო, როგორც სანდო სატრანზიტო ქვეყანა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი, გამოიჩენს ძალისხმევას ჩვენი თანამშრომლობის ამის შემდეგაც გაფართოვებისათვის. საქართველო მიესალმება ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი თანამშრომლობის ამის შემდეგაც განვითარებისათვის უფრო მეტად გააძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტარის მოადგილემ მანაბუ ჰორიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სტაბილური ენერგომომარაგების განხორციელების, ენერგოწყაროების განშტოების თვალსაზრისით „აზერი–ჩირაგ–გუნაშლი“–ს იაპონიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
გარდა ამისა, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიბ ერდოღანმა, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ტერეზა მეიმ, ნორვეგიის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ტერჟე სოვიქნესმა აზერბაიჯანის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ მილოცვის წერილებში განსაკუთრებულად აღნიშნეს, რომ „ერთობლივი დამუშავების და მოპოვების წილების განაწილების ხელშეკრულების“ გაგრძელებას აქვს ისტორიული მნიშვნელობა, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ აზერბაიჯანი მომავალშივ თავს გაამართლებს, როგორც გლობალური ენერგომომმარაგებელი.
მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს პროექტი არის იმ ეფექტური თანამშრომლობის ერთ–ერთი ყველაზე კარგი მაგალითი, რომელიც განხორციელდება საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მნიშვნელოვანი როლი რეგიონში სტაბილურობის დამყარებასა და ჩვენი ხალხების სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში, ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში და წარმატებით აგრძელებს ამ როლის შესრულებას.
ამავე დროს, ეხლანდელმა მსოფლიო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ აზერბაიჯანი თავისი პოტენციალითა და შესაძლებლობებით არ არის 1990–იან წლებში ახლად შექმნილი ქვეყანა. აზერბაიჯანი ისეთი ქვეყანაა, რომელიც ცხოვრობს საკუთარ ხარჯზე.
და მეორეც, იმ დროს ქვეყანაში პრაქტიკულად არ იყვნენ საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალისტები. არ იყვნენ კოპმანიები, რომლებიც სუბსაკონტრაქტო სამუშაოებს შეასრულებდნენ ევროპული ნორმატივების შესაბამისად, ხოლო აზერბაიჯანს არ ჰქონდა საკუთარი წილის დაფინანსების შესაძლებლობა. ხოლო დღეს სხვა მდგომარეობაა. ქვეყნის სავალუტო რეზერვები აღემატება 40 მილიარდ დოლარს, არის პოლიტიკური სტაბილურობა, ხდება ეკონომიკის ზრდა, ინფრასტრუქტურის განვითარება, აზერბაიჯანს გააჩნია ავტორიტეტი რეგიონში და იგი განავითარებს საკუთარ ბიზნესს მეზობელ ქვეყნებში.
აქედან გამომდინარე ცნობილი ხდება, რომ სწორედ ეს აწუხებს ანტი–აზერბაიჯანულ ძალებს და ისინი ყოველ ნაბიჯზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიის განხორციელებით ცდილობენ დარტყმა მიაყენონ მის გაზრდილ ავტორიტეტს. ჩვენ გვჯერა, რომ მათი ეს სურვილი დარჩება აუხდენელი.

ხატაი აზიზოვი

AZERTAC-ის საკუთარი კორესპონდენტი

საქართველოში iPhone 8-ის ექსკლუზიური მოდელი 5 555 ლარად გაიყიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017 15:38

საქართველოში ახალი iPhone 8-ის ექსკლუზიური მოდელი 5 555 ლარად გაიყიდა. 
როგორც ერთ-ერთ მაღაზიაში განაცხადეს, ექსკლუზიური მოდელი წინასწარი შეკვეთით უცხოეთის მოქალაქემ შეიძინა. 

iPhone 8 საქართველოში კვირის ბოლოს გამოჩნდება და მისი ფასი უკვე 2500 ლარიდან დაიწყება. რაც შეეხება საიუბილეო iPhone 10- ს, მასზე წინასწარი შეკვეთები 3 ნოემბერს დაიწყება და iphone 10 -ის ექსკლუზიური მოდელი მოდელი 9 999 ლარი ეღირება.

Apple-მა iPhone 8, iPhone 8+ და საიუბილეო iPhone X კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში 12 სექტემბერს წარმოადგინა.

iPhone 8 და iPhone 8+ ვიზუალურად iPhone 7-ის მსგავსია, რაც შეეხება iPhone X-ს, იგი განსხვავებულია. ამ მოდელის მთავარი ღირსება ე.წ. უსაზღვრო ეკრანია - all screen. ანუ, წინა პანელი მთლიანად ეკრანს უკავია. 

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ეკრანი მაღალი გარჩევადობითა და ფერთა ფართო გამით გამოირჩევა. ასევე, მას აქვს სახის სკანერი, თუმცა აღარ აქვს თითის სკანერი.

რაც შეეხება ფასებს, აშშ-ში iPhone 8 699 $ ეღირება, iPhone 8 + - 799 $, ხოლო iPhone X- 999 $.

წყარო: bpn.ge

„ჩვენ ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი" - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 12 აგვისტო 2017 13:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდგორობის დღესასწაულზე განაცხადა, რომ „ჩვენ აღარ ვიმღერებთ ”ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველოს”, ჩვენ ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი“:

”დღეს არის ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და ძლიერების. დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული და თანმიმდევრული შრომით და ჩვენ, ქართველებს უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი. მინდა საქართველოს ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით. საქართველო იქნება ძლიერი, ჩვენ აღარ ვიმღერებთ ”ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველოს”, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ხელბურთი: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველო 28:24 ალჟირი

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017 11:01

8 აგვისტოს ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიას თბილისის ოლიმპიური სასახლის მთავარმა დარბაზმა უმასპინძლა. სანახაობა ანსამბლ სუხიშვილების მიერ შესრულებულმა ხორუმმა დაამშვენა.

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დოქტორი ჰასან მუსტაფა, საერთაშორისო ფედერაციის მაღალჩინოსნები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

გახსნის ცერემონიის შემდეგ საქართველოს ნაკრები, რომელიც ამ ტურნირის დებიუტანტია, ალჟირს დაუპირისპირდა. ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც B ჯგუფშია გერმანიასთან, ჩილესთან, ისლანდიასთან და იაპონიასთან ერთად, პირველი შეხვედრა 28:24 მოიგო.

„ეს არის პირველი დიდი ტურნირი, რომელშიც ჩვენი ჭაბუკთა ნაკრები მონაწილეობს. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და გულშემატკივარი გავახარეთ. ალჟირის ნაკრები სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის და მათთან გამარჯვება ჩვენს ბიჭებს მომდევნო მატჩებისთვის უსათუოდ დადებითად დამუხტავს. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას და გპირდებით არც მომავალში დავიშურებთ ძალ-ღონეს ქომაგების გასახარებლად", - ეს კომენტარი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ ალჟირთან გამარჯვების შემდეგ გააკეთა.

როდესაც 10 მაისს, ბაზელში გამართულ წილისწყრაზე გაირკვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ალჟირის გუნდი იქნებოდა და თან მათთან სასტარტო შეხვედრაში მოგვიწევდა დაპირისპირება ყველანი სამწვრთნელო შტაბი ოპტიმისტურად იყო განწყობილი. აფრიკელებთან იოლი მატჩი რომ არ გველოდა ეს ისედაც ცხადი იყო. შეხვედრა ორივე გუნდმა თავიდანვე ფრთხილად დაიწყო და ალბათ, ამიტომაც იყო ვერცერთმა გუნდმა გოლის გატანა სამი წუთის მანძილზე რომ ვერ მოახერხა, ბოლოს კი ნავსი ლუკა ბულბულაშვილმა გატეხა და აქედან მოყოლებული ალჟირის ნაკრები მუდამ მდევრის როლში იმყოფებოდა.

საქართველოს ნაკრების ხელბურთელები თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ, თუმცა დაკვირვებული თვალი შეატყობდა, რომ ბიჭები მაინც ღელავდნენ. ნელ-ნელა ნერვიულობამაც იკლო და ჩვენმა გუნდმაც მარწუხებს მოუჭირა. მე-18 წუთისთვის უკვე 8 ბურთიანი უპირატესობით ვიგებდით, ხოლო პირველი ტაიმი 7 ბურთიანი ჰანდიკაპით დავასრულეთ.

მეორე ნახევარიც ქართველთა შეტევებით დაიწყო და უპირატესობასაც მეთოდურად ვიმტკიცებდით. გუნდის ლიდერობა ერეკლე არსენიშვილმა და ირაკლი კბილაშვილმა იტვირთეს. მეტოქეს პირველმა 9, ხოლო მეორემ 7 ბურთი გაუტანეს. ერეკლე არსენიშვილი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამსახურებულადაც დასახელდა.

საქართველოს ნაკრებს მცირე ჩავარდნა მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე მოუვიდა, როდესაც ალჟირს 9 ბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ. ბექა ორჯონიკიძის შეგირდები მოდუნდნენ, უხეშობასაც უმატეს და ერთდროულად ორი მოთამაშეც ორი წუთით გაგვიძევეს. აფრიკელებმა ამით ისარგებლეს და სხვაობა ოთხ ბურთამდე შეამცირეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრას საქართველოს 19 წლამდე ნაკრები დღეს, 9 აგვისტოს იაპონიის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო და მოლდოვა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017 10:39

საქართველო და მოლდოვა 25 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყანაში რიგი ღონისძიებები გაიმართა. დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.
„მოხარული ვარ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ როგორც ორმხრივი, ისე  მრავალმხრივი ურთიერთობების კუთხით. ამ წლების განმალობაში  ჩვენი მიღწევები უკავშირდება  მრავალ სფეროში არსებულ საერთო ინტერესებს, განსაკუთრებით კი ევროპული ინტეგრაციის პროცესებს.  დარწმუნებული ვარ  ორმხრივი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ შევძლებთ სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას,“ - აღნიშნულია მიხეილ ჯანელიძის მიერ მოლდოველი კოლეგისადმი გაგზავნილ წერილში.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გალბურიც საქართველოსა და მოლდოვას შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ: „ეს მნიშვნელოვანი თარიღი საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ  ქართულ-მოლდოვურ ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების სიმტკიცეში, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ერთმანეთის ნდობას და მხარდაჭერას, რაც ორ ქვეყნას შორის პოლიტიკური დიალოგის და ორივე მხარისთვის სასარგებლო თანამშრომლობის  კიდევ უფრო გაღრმავების  მტკიცე საძირკველს წარმოადგენს.“
საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში  საქართველოს საელჩოს ინიციატივით მოლდოვის ფოსტის მიერ დამზადდა საფოსტო კონვერტები და მარკები შესაბამისი სიმბოლიკით.  საფოსტო მარკაზე გამოსახულია საქართველოსა და მოლდოვას დროშები და ყურძნის მტევანი. ხოლო საფოსტო ბეჭედზე ამოტვიფრულია მოლდოვას სახელოვანი მმართველი -შტეფან ჩელ მარე (სტეფან დიადი 1433-1504) და საქართველოს მეფე ვახტანგ გორგასალი. 

დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში ქ. კიშინეუსა და ქ. ბელციში ცენტრალურ უბნებში  ბილბორდებზე  მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელი სპეციალური ლოგო. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური