საფრანგეთის ეროვნული ფლოტის საპატრულო ხომალდ "კომანდან ბირო"-ს ვიზიტი ბათუმში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 20 ნოემბერი 2019 18:07

თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამსრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო საპატრულო ხომალდი "კომანდან ბირო'» ბათუმს ეწვევა 2019 წლის 22-25 ნოემბერს.

დახვედრის ცერემონიის შემდეგ, რომელიც მე-10 ნავმისადგომთან გაიმართება პარასკევს, 22 ნოემბერს, 10:00 სთ-ზე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, მ.ა. ბატონი დიეგო კოლასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი და "კომანდან ბირო"-ს მეთაური, მე-3 რანგის კაპიტანი მაქსიმ ლერუა შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ბათუმის მერი) და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძრვანელ პირებთან.

 ფრანგი მეზღვაურები, სანაპირო დაცვის წევრები (შინაგან საქმეთა სამინისტრო) და სპეციალური ოპერაციების ძალები (თავდაცვის სამინისტრო) ისარგებლებენ გემის ვიზიტით, რათა ერთობლივი სწავლება ჩაატარონ, რომელიც ორშაბათს, 25 ნოემბერს, 'კომანდან ბირო"-ს პორტიდან გასვლის დროს, ღია ზღვაში, 10:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე გაიმართება.

საფრანგეთის ელჩის შეხვედრა ქართული მედიის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 ნოემბერი 2019 07:37

2019 წლის 14 ნოემბერს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბ-მა დიეგო კოლასმა საფრანგეთის რეზიდენციაში ძირითადი ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები მიიღო.

ჟურნალისტებთან გამართული ეს პირველი შეხვედრა გახლდათ შესაძლებლობა, რომ მომხდარიყო აზრთა გაცვლა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და გამართულიყო მსჯელობა პრესის თავისუფლების, ამჟამინდელი მედია ლანდშაფტის შესახებ, ასევე მოსმენილიყო ამ დარგის პროფესიონალთა წუხილი.

თავის წარდგენის შემდეგ, ბ-მა კოლასმა სტუმრებს საქართველოში მისი საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ამ პრიორიტეტებს შორისაა საქართველოს ევროპასთან კონკრეტული დაახლოების მხარდაჭერა, ასევე დემოკრატიული პრინციპების განვითარება, სახელდობრ ადამიანის უფლებების დაცვა, პრესის თავისუფლება და სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. პრიორიტეტები აგრეთვე მოიცავს ქვეყანაში ფრანგული ენის სწავლების გაძლიერებას, როგორც ევროპისკენ და საუნივერსიტეტო სწავლებისა და ხარისხიანი სამუშაო ადგილებისკენ გახსნილობას.

 https://bit.ly/355wWgt

საფრანგეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019 15:29

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. 
დავით ზალკალიანმა ფრანგ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.
მინისტრმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პროცესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარება. მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.
საფრანგეთის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი, აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ფრანგმა დიპლომატმა აგრეთვე კმაყოფილება გამოხატა სექტორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის უწყებებს შორის. ამის გარდა, ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 10 მაისი 2019 14:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს უმასპინძლა.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ქართველი და ფრანგი ხალხის ურთიერთობის მრავალწლიან ისტორიას და აღნიშნა, რომ საფრანგეთი რთულ წლებში ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს, რასაც ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას, ასევე, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მთავრობის მეთაურმა ფრანგულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო სამართალდაცვითი და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მინისტრ კასტანერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთთან ნაყოფიერი და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მეტი გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019 16:49

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, რიჩარდ ფერანს შეხვდა.

 შეხვედრაზე საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება განათლებისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე გამახვილდა.

ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას შორის აქტიური კავშირისა და ინტენსიური გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო დიმიტრი ამილახვარის პოლიტიკური დიალოგის ფორმატსაც, სადაც ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, კონკრეტული ინიციატივები იქნება განხილული.

„საუბარი გვქონდა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკურ განზომილებაზე, ასევე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ განათლების, კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. გვქონდა ძალიან თბილი, საინტერესო შეხვედრა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეხვედრა დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ვისაუბრეთ დიმიტრი ამილახვარის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას და ამ ფორმატში განიხილება ყველა კონკრეტული ინიციატივა, რომლითაც ჩვენ გავამყარებთ ურთიერთობებს საფრანგეთსა და საქართველოს შორის და ეს ხელს შეუწყობს ასევე, პარლამენტებს შორის ურთიერთობების განვითარებასაც",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, გიორგი კახიანი, დავით სონღულაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრით, ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

 

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 იანვარი 2019 12:01

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 14-16 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ პარლამენტის პრეს-სამსახური იუწყება.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტს, ჟერარ ლარშეს და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, რიჩარდ ფერანს შეხვდება.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტში.

ირაკლი კობახიძე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს და ფრანგი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ლევილის სასაფლაოსა და მამულს მოინახულებს.

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეიძის შთამომავლებს შეხვდება და პერ-ლაშეზის სასაფლაოზე ქართველი სახელმწიფო მოღვაწის საფლავს გვირგვინით შეამკობს.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: სოფიო ქაცარავაგიორგი კახიანიდავით სონღულაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

საფრანგეთი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018 16:26

საფრანგეთი დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. შესაბამის განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საფრანგეთი გულწრფელად ულოცავს საქართველოს ახლადარჩეულს პრეზიდენტს,  სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში. საფრანგეთი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს  ახლადარჩეულ  პრეზიდენტთან, ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეუძლია იქონიოს ჩვენი იმედი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  მტკიცე მხარდაჭერის კუთხით“ - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
 

საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018 12:49

პარიზში გაიმართა პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. 
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საფრანგეთის დელეგაციას - ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ფლორანს მანჟანი, ხოლო გერმანულ მხარეს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მიხაელ ზიბერტი. 
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სამმხრივი კონსულტაციები განპირობებულია ევროპის ორ წამყვან სახელმწიფოსთან - საფრანგეთთან და გერმანიასთან ჩამოყალიბებული მჭიდრო, ინტენსიური და დინამიკურად მზარდი ურთიერთობებით და საქართველოს, როგორც ამ ორი ქვეყნის საიმედო პარტნიორის ინტერესით, სამმხრივ ფორმატში (საქართველო-გერმანია-საფრანგეთი) საფუძველი ჩაეყაროს მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს. პარიზში ჩატარებული კონსულტაციების ფარგლებში ყურადღება დაეთმო ქართული მხარისთვის პრიორიტეტულ საგარეო პოლიტიკურ თემებს, რაშიც საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციები, მხარდაჭერა და ამ ქვეყნებთან კოორდინირებული მუშაობა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.  
მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, განსაკუთრებით კი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე, რეგიონული უსაფრთხოების ასპექტებსა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე. 
მკაფიოდ აღინიშნა, რომ ზემოჩამოთვლილი თითოეული თემა როგორც საფრანგეთის, ისე გერმანიის მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს და შესაბამისად, სავსებით მიზანშეწონილია მათი რეგულარული განხილვა სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატში. 
ხაზი გაესვა, რომ საქართველო განაგრძობს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რასაც ქვეყნის მთავრობა აქტიურად და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის გზით დგამს ევროპულ ოჯახთან შემდგომი დაახლოების, მათ შორის სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების, ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიმართულებით. ვახტანგ მახარობლიშვილმა აგრეთვე მადლობა გადაუხადა ფრანგ და გერმანელ კოლეგებს საფრანგეთისა და გერმანიის მიერ საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ღირებული მხარდაჭერისათვის. გამოითქვა იმედი, რომ ევროპის ეს ორი ლიდერი სახელმწიფო ამ მიმართებით შემდგომშიც გვერდში დაუდგება ჩვენს ქვეყანას.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთთან არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ამის გარდა, შედგა საგნობრივი მსჯელობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ფრანგული და გერმანული  მხარეების შემდგომი ჩართულობის კონკრეტულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. 
მხარეებს შორის აგრეთვე შედგა აზრთა და პოზიციების ურთიერთგაცვლა რეგიონული გამოწვევების შესახებ. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, მეზობელ ქვეყნებთან და თანამშრომლობას ახლო აღმოსავლეთისა და აზიის რეგიონებთან. 
საფრანგეთისა და გერმანიის დელეგაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებული კურსის მიმართ. ფრანგულმა და გერმანულმა მხარეებმა ასევე მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. ხაზი გაესვა, რომ საქართველო, რომელიც მთელ რეგიონში დემოკრატიული განვითარების ყველაზე წარმატებული მოდელია და ევროპა-აზიის დამაკავშირებელ გეოსტრატეგიულ ცენტრად ჩამოყალიბდა, მუდმივად იქნება ევროკავშირის და კონკრეტულად საფრანგეთისა და გერმანიის პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. 
მნიშვნელოვანია პირველი სამმხრივი კონსულტაციების მონაწილეთა მიერ მიღწეული შეთანხმება, რომ კონსულტაციებს სამომავლოდ რეგულარული ხასიათი მიეცეს, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის საქართველოს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის არსებულ თანამშრომლობას. 

დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობის ნაწილი რუსეთთან მიმართებით მედიას არაობიექტურად მიიჩნევს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018 11:18

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მათ ქვეყანაში რუსეთი არაობიექტურ სურათს ქმნის
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik.
 დასავლეთის მოწინავე ქვეყნების მოსახლეობის ნაწილს რუსეთთან მიმართებით საკუთარი მედიის ობიექტურობის არ სჯერა. ამაზე მეტყველებს „Sputnik.მნენიას" გამოკითხვის შედეგები.

კვლევის თანახმად, რომელიც საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–თვის 2018 წლის 9–20 აგვისტოს ჩატარდა, ფრანგების 53%–ს, გერმანელების 50%–ს, ბრიტანელების 47%–ს და ამერიკელების 43%–ს მიაჩნიათ, რომ მათ ქვეყნებში მედია რუსეთის არაობიექტურ სურათს ქმნის. "რუსულ საკითხში" საკუთარ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს საფრანგეთის მოსახლეობის მხოლოდ 25%, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 33% და აშშ–სა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოსახლეობის 39% ენდობა.

საინტერესოა, რომ რუსეთის შესახებ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს უფროსი თაობის წარმომადგენლებზე მეტად ახალგაზრდა ფრანგები და გერმანელები მიიჩნევენ არასანდოდ: საფრანგეთში აღნიშნულ აზრს ემხრობა 35 წლამდე ასაკის რესპონდენტების 58% 35 წელს ზემოთ ასაკის გამოკითხულთა 51%–ის წინააღმდეგ, გერმანიაში, შესაბამისად, 54% 48%–ის წინააღმდეგ. აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში, პირიქით, უფროსი თაობა უფრო მეტად საუბრობს რუსეთის შესახებ მედიის არაობიექტურობაზე: 35 წელს ზემოთ ასაკის ამერიკელების 46% 35 წლამდე ასაკის გამოკითხული რესპონდენტების 34%–ის წინააღმდეგ და შესაბამისად, უფროსი ასაკის ბრიტანელების 51% ახალგაზრდა თაობის 38%–ის წინააღმდეგ.

გამოკითხვა Sputnik–ვის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა 9–20 აგვისტოს ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 4033–მა რესპონდენტმა. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენს. მაქსიმალური ცდომილება +/– 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.

ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას" შესახებ

Sputnik–ი ერთ–ერთი მსხვილი მსოფლიო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს მულტიმედიურ და რეგიონალურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, მსოფლიოს 130 ქალაქსა და ინტერნეტში ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. Sputnik–ი 24–საათიან რეჟიმში გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე. Sputnik–ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 50 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China–ს ხელმომწერების რაოდენობა კი დაახლოებით 9 მილიონს აღწევს. 22 სარედაქციო ცენტრში მთელი მსოფლიოს მასშტაბით – ტოკიოდან მონტევიდეომდე ათობის ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik–ი მედიაჯგუფ Россия сегодня–ში შედის. Sputnik–ის სათაო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. პროექტის პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები: Populus, Ifop და forsa. „Sputnik.მნენიას" ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში აქტუალური სოციალური და პოლიტიკური საკითხების გარშემო.



Read more: 
https://sputnik-georgia.com/pressclub/20181023/242602216.html

პასკალ მენიემ მამუკა ბახტაძეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური მილოცვა გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 31 ივლისი 2018 10:02

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა.

დიპლომატმა საქართველოს მთავრობის მეთაურს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამოგზავნილი ოფიციალური მილოცვა გადასცა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს და აღინიშნა ეკონომიკური კავშირების მასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა.

საფრანგეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები, მათ შორის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

ხაზი გაესვა ბიზნესებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება და ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოში ფრანგული ინვესტიციების განხორციელებას.

ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ფრანგმა დიპლომატმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ხელს უწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას და ნდობის აღდგენას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობაზე და აღნიშნეს, რომ მის გაღრმავებას ხელს შეუწყობს საქართველოში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაფუძნება, რის შესახებაც შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ცოტა ხნის წინ გაფორმდა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ბანკი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან...

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური