სააკაშვილი ყველანაირად შეეცდება საქართველოში დესტაბილიზაცია შექმნას-მეჭიაური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 13:58

უკრაინული “ვიკილიქსის” მიერ გავრცელებულ სტატიას სათაურით, “სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს“, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატი თამაზ მეჭიაური აფასებს.
დეპუტატი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მსგავსი ზრახვები მართლაც ამოძრავებს და ის საკუთარი გეგმების განსახორციელებლად არაფერზე იტყვის უარს.
ამასთან, მეჭიაური მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საქართველოში დაძაბული ატმოსფერო შექმნას და სხვადასხვა თემებით სპეკულირებს.
“სააკაშვილი თავისი ზრახვების განხორციელებისთვის არაფერზე დაიხევს უკან. უკრაინაში მრავლად არიან საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებსაც აქედან წაღებული დიდძალი ფინანსური რესურსი აქვთ. სააკაშვილს საქართველოშიც ჰყავს თანამზრახველები და ის ყველანაირად შეეცდება დესტაბილიზაცია შექმნას."
ამასთან, მეჭიაური მიიჩნევს, რომ უკრაინაში “გვიან მაგრამ, მაინც მიხვდნენ თუ რას წარმოადგენს სააკაშვილი რეალურად“.
 სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს. ამ სათაურით სტატიას უკრაინული “ვიკილიქსი” აქვეყნებს. გვარამიას ჩვენ გმირად გავხდით, ხოლო ახალგაზრდა დედის მკვლელობა ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. ჩამოვაგდოთ ეს ნაძირალები“. უკრაინული „ვიკილიქსის“ ინფორმაციით, ამ ტიპის დავალება მისცა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დროს. ამ შეხვედრაზე ბოკერია ეუბნება სააკაშვილს, რომ შესაძლოა, ამ ამბავს „მსხვერპლი მოჰყვეს, რაზეც სააკაშვილი პასუხობს, რომ ეს „უკეთესიც იქნება“, „რომ „დაბრიდონ“ ქალი, და, მით უმეტეს, ბავშვიანი ქალი, ეს ზუსტად ის არის, რაც საჭიროა. ეს ქალი კოლექტივიდან უნდა შევარჩიოთ. ეს იქნება პინგვინის ბანდის თავდასხმა და იქნება უკვე რეალური თავდასხმა მედიასაშუალებებზე. ეს ააფორიაქებს მსოფლიოს და კამერით უნდა იყოს გადაღებული. და შენი ნიღბიანი პირები ჩუმად უნდა გაქრნენ“, – ეუბნება სააკაშვილი ბოკერიას. გიგა ბოკერია ამბობს, რომ მთავარია, ამის შესახებ წინასწარ ვერავინ შეიტყოს. „თუ ვინმე გაიგებს, ყველაფერი დაინგრევა. მე ამ ბიჭებს პირდაპირ არ ვეკონტაქტები. მათთან გაგუშა მუშაობს. ოპერატორი იქნება „რუსთავი-2“-დან და ის ყველაფერს დააფიქსირებს და შემდეგ თურქეთში გადავლენ“, – ამბობს ბოკერია. ამაზე სააკაშვილი ბოკერიას პასუხობს, რომ მან გიორგი მარგველაშვილს სააკაშვილისგან მადლობა უნდა გადასცეს და სთხოვოს, რომ მან ელჩები მიიწვიოს, შეხვდეს მათ სიტყვის თავისუფლების საკითხზე და შესაბამისი განცხადებებიც გააკეთოს. „ამ ფონზე, „რუსთავზე“ თავდასხმა, მსხვერპლი, ყველაფერი სწორად იქნება გაკეთებული. მოდი, ჩამოვაგდოთ ეს ნაძირალები“, – ამბობს სააკაშვილი.

ჩერგოლეიშვილი სტამბოლის აეროპორტში გამართულ საუბრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 13:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 315- მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რაც ხელისუფლების შესაცვლელად შეთქმულებას გულისხმობს ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი სოციალურ ქსელში ეხმაურება. გავრცელებული ინფორმაციით სუს-ის მიერ გამოძიების დაწყების ერთ-ერთი საფუძველი ე.წ "უკრაინული ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული მასალა გახდა, სადაც სტამბოლის აეროპორტში მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას შეხვედრა და საუბარია აღწერილი. თამარ ჩერგოლეიშვილი სწორედ სტამბოლის აეროპორტში მისი და მის მეუღლის- გიგა ბოკერიას გადაადგილებას და იქ გამართული საუბრის შესახებ წერს:

 

"საქართველოს მთავრობა საჯაროდ ვიძლევი ჩვენებას:

20 ოქტომბერს მე, გიგა და გიორგი კანდელაკი გავემგზავრეთ მადრიდში. 22 ოქტომბერს მე და გიგა უნდა წავსულიყავით ლონდონში. 25 ოქტომბერს ვბრუნდებოდით თბილისში .

გიგა და კანდელაკი EPP-ის სამიტს უნდა დასწრებოდნენ. მე თან მადრიდში უნდა გამესეირნა და თან ევროპელი პოლიტიკოსები მენახა და ჩვენი კამპანიის "დაიცავი თავისუფლებას" მხარდაჭერა მეთხოვა.

21 ოქტომბერს მადრიდში ჩამოვიდა მიშაც. გიგაც, გიორგი კანდელაკიც, მიშა სააკაშვილიც, დათო ბაქრაძეც და მგონი გიგი წერეთელიც იქ იყვნენ, სამიტს ესწრებოდნენ.

22 ოქტომბერს მე და გიგა უნდა წავსულიყავით ლონდონში, 25 ოქტომბრამდე. გარდა იმისა, რომ კატო უნდა გვენახა შეხვედრები გვქონდა დაგეგმილი პიტერ პომერანცევთან, ედვარდ ლუკასთან და ბილ ბროუდერთან.

21 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ნიკა გვარამიას განცხადების შემდეგ შანტაჟის თაობაზე, გიგამ დამირეკა და მითხრა, რომ თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით.

მე გადავდე ლონდონის შეხვედრები. დავუკავშირდი ჩვენ ტურისტულ კომპანიას, რომელმაც აგვიღო ახალი ბილეთები - მადრიდი - სტამბული - თბილისი.

21 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30-ზე გავემართეთ აეროპორტისკენ. ჩვენი რეისი 23:55-ზე მიფრინავდა.

გზაში შევიტყვე რომ მიშაც ჩვენი რეისით მოფრინავს სტამბულამდე და მერე ოდესაში მიდის.

ჩვენ ადრე მივედით - კაფეში დავჯექით და წყალი, კოკაკოლა და ფორთოხლის ფრეში დავლიეთ.

ამასობაში მიშაც მოვიდა, Duty Free-სთან შევხვდით და ეგრევე მივედით გასასვლელთან. მადრიდი სტამბულის რეისით ბევრი უკრაინელი მგზავრობდა, დაესიენ მიშას და ფოტოებს იღებდნენ. ფაქტობრივად ვერც ვილაპარაკეთ.

მიშა ბიზნეს კლასით მგზავრობდა. ჩვენ ეკონომით. შესაბამისად, თვითმფრინავში არ გვისაუბრია.

სტამბულში რომ ჩავფრინდით, მიშა თვითმფრინავიდან უკვე გასული იყო. მე და გიგა, ორი მწეველი, მეორე სართულისკენ წავედით - მოსაწევად და იქვე კაფეში "დავბანაკდით".

6:05 წუთზე გავემართეთ გეითისკენ. გზაში შევიარეთ მაღაზიაში - კესოს ვუყიდეთ ყურსასმენები (დაგვაბარა) და მე ჩემთვის ვიყიდე სახის კრემი.

გეითთან როდესაც მივედით, ტელეფონებს დავხედეთ და მიშას missed call-ები გვქონდა. ხმა დაწეული იყო და ვერ გავიგეთ. გიგამ გადაურეკა და სანამ ზარი გავიდოდა, დავინახეთ რომ მიშა მოვიდა თბილისის რეისის გასასვლელთან პასპორტით ხელში.

ჩასხდომა უკვე დაწყებული იყო.

სამივენი ვიდექით ზედ გასასვლელთან, ხალხი თვითმფრინავში სხდებოდა, ნაწილი მიშასთან მოდიოდა და ფოტოს იღებდა. ხალხშივე ვლაპარაკობდით - როგორც უკვე ვთქვი ვიცინოდით ჩემს დაჭერაზე. ვიცინოდით ხმამაღლა.

მერე დავიშალეთ - არათუ არ დამემშვიდობა, არამედ გადავკოცნე კიდეც, აბა შენ იცი, ჭკუით მეთქი ვუთხარი და ბოლოები შევედით თვითმფრინავში.

თქვე მაგარო ლენჩებო!

P.S. ლონდონის შეხვედრები გადავდე და ედვარდ ლუკას ხვალ ვხვდებით ვახშამზე (ამაღამ მივდივართ), პიტერ პომერანცევს და სხვებს ორშაბათს-სამშაბათს."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური