ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018 17:52

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე ხელის მოწერით როგორც ცენტრალური, ისე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები; იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ  გამჭვირვალედ;  უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს.

„დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთელმა საარჩევნო ადმინისტრაციამ, 73 საოლქო და  3637 საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა, ერთდროულად ხელი მოვაწერეთ ეთიკის კოდექსს, ეთიკის იმ პრინციპებს, რომელიც უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის წარმმართველი. ეს გახლავთ პირველ რიგში კანონის პატივისცემა, ჩვენი დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პროფესიონალური სტანდარტი და პროფესიული საქმიანობა. ამავდროულად უნდა აღვნიშნო, რომ ეთიკის კოდექსი განახლდა და წელს აქცენტი უფრო მეტად გაკეთებულია საჯაროობის პრინციპზე - გამჭვირვალობისა და საჯაროობის ხელშეწყობაზე. კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სწორედ ამ პრინციპების დაცვით ჩავატარებთ ძალიან კარგად ორგანიზებულ და გამჭვირვალე არჩევნებს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომებისა და თავმჯდომარე/მოადგილე/მდივნის არჩევის პროცესის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017 11:09

2017 წლის 19, 20 და 21 სექტემბერს საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართა. სხდომები, ყველა - 3,634 უბანზე ჩატარდა[1].

კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ სხდომებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა  კომისიების თავმჯდომარე/მოადგილე/მდივანი აირჩიეს.

საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები წარიმართა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. 13 ადგილობრივი და 3 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები 58 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ  950-მდე უბანში (საარჩევნო უბნების 26%) აკვირდებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომების მიმდინარეობას. სხდომებს ასევე ესწრებოდნენ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ხოლო რამდენიმე საარჩევნო უბანში სხდომის პროცესი გააშუქეს მედიასაშუალებებმაც.

უფლებამოსილი პირების მიერ არცერთი გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულება საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევის შესახებ არ გასაჩივრებულა. გასაჩივრდა მხოლოდ ერთი სხდომის ოქმი (ოქმის შევსების წესისა და შინაარსის დარღვევის გამო), შედეგად, შენიშვნა გამოეცხადათ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის (კრწანისის #19 საუბნო საარჩევნო კომისია) თავმჯდომარესა და მდივანს.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, 13 წევრიანი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ უფლებამოსილი პარტიები. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობიდან ხელმძღვანელ პირებად არჩევის უფლებრივი შესაძლებლობა და პირობები თანაბრად ვრცელდება ნებისმიერ წევრზე, გარდა იმ შემთხვევისა, რომ კომისიის ხელმძღვანელი პირები არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები. თავმჯდომარის/მოადგილის/მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება  აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს და გადაწყვეტილება მიიღება სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.  

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კონკურსის წესით არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან,  კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს 3,410 პირი (94%), მოადგილედ - 3,123 (86%), ხოლო მდივნის პოზიციაზე - 3,235 (89 %).

რაც შეეხება უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, მათგან თავმჯდომარე/მოადგილე/მდივნის პოზიციაზე არჩეულ პირთა სტატისტიკა შემდეგია:

პარტია, რომელმაც დანიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები

თავმჯდომარე

მოადგილე

მდივანი

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"

 

198 (5.44 %)

 

409 (11.2%)

 

251 (6.9%)

 

"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"

 

23 (0.6%)

 

66 (1.8%)

 

100 (2.7%)

 

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"

 

2 (0.05%)

 

8 (0.22%)

 

12 (0.3%)

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

 

1 (0.02%)

 

7 (0.19%)

 

8 (0.22)

 

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

 

0

 

8 (0.22%)

 

12 (0.3%)

 

"საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია"

 

0

8 (0.22%)

 

6 (0.16%)

 

"ევროპული საქართველო"

 

0

 

5 (0.13%)

 

10 (0.27%)

 

3, 634 საუბნო საარჩევნო კომისიის 47 147 წევრიდან 33, 659 (71.4%) არის ქალი და 13, 488 (28. 6%) კაცი. საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევების შედეგების გენდერული სტატისტიკა შემდეგია:

თავმჯდომარე

ქალი 2273 (62.55%)

კაცი 1361 (37.45%)

მოადგილე

ქალი 2301 (63.32%)

კაცი 1333 (36.68%)

მდივანი

ქალი 3346 (92.07%)

კაცი 288 (7.93%)

[1] 19 სექტემბერს სხდომები 69 საუბნო საარჩევნო კომისიაში გაიმართა, 20 სექტემბერს - 2,367 საუბნო საარჩევნო კომისიაში, ხოლო 21 სექტემბერს - 1,198 საუბნო საარჩევნო კომისიაში.

ინფორმაცია ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 24 სექტემბერი 2017 13:09

ქ.ოზურგეთის  #6 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში შემტვრეულია კარები, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამოხეულია  ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლისსია). შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა; ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები  მიმდინარეობს.

ზემო აღნიშნული ინციდენტი არ იქონიებს ზეგავლენას საუბნო საარჩევნო კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაზე; დაზიანებული კედლის სია განკუთვნილია ამომრჩევლებისთვის, რომ მათ საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ; საარჩევნო ადმინისტრაცია  უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს  ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიის ხელახლა განთავსებას კომისიაში და მოქალაქეები კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ორი დღის წინ გარდაბნის #31 საუბნო საარჩევნო კომისიაშიც დაფიქსირდა. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია ასეთი ძალადობრივი ქმედებები და იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული ინციდენტები წარმოადგენს იზოლირებულ, დაუგეგმავ ერთეულ შემთხვევებს და არ მიიღებს საარჩევნო პროცესის დამაზიანებელ სისტემურ ხასიათს.

 

ინფორმაცია გარდაბნის საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 23 სექტემბერი 2017 12:00

გარდაბანში, სოფ.ლემშვენიერას #31 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში ჩამსხვრეულია ფანჯარა, ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლის სია) და კომისიის განკარგულება. შემთხვევა დაახლოებით 18:30 წთ-ზე მოხდა. გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნულის შესახებ უკვე მიაწოდა ინფორმაცია საპატრულო პოლიციას და შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

საარჩევნო ადმინისტრაცია გმობს ნებისმიერი სახის ძალადობრივ ქმედებას და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდება. 

ზემოაღნიშნული ფაქტის მიუხედავად, #31 საუბნო საარჩევნო კომისია ხვალ დილიდან განაგრძობს საკუთარ საქმიანობას, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიის ხელახლა განთავსებას კომისიაში და მოქალაქეები შეუფერხებლად შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.

 

ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 14:26

ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს დილიდან, დაფარული ნომრით უცნობმა პირმა დარეკა ბათუმის ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთან და მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა გადაიდო. აღნიშნული ქმედება შესაძლოა წარმოადგენდეს  საუბნო სარჩევნო კომისიის პირველი სხდომის ჩატარების ხელშეშლის მცდელობას.

შესაბამისად, გვინდა მივმართოთ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს, ნუ დაეყრდნობიან უცნობი პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, კომუნიკაცია იქონიონ მხოლოდ ზემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ საქმიანობაში.

ამასთან, საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო და ხაზგასმით აღსანიშნავია ფაქტები, რომლებიც დღეს დილით დაფიქსირდა თბილისის, რუსთავის და სხვა საარჩევნო ოლქებში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც ტარდება საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები. კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის მიერ ნომინირებული კომისიის წევრები სხდომაზე გამოცხადდნენ პროცესის დაწყებამდე წინასწარ გამზადებული წერილითა და ტექსტით, რომელიც შეიცავს განსხვავებულ აზრს და უარყოფით მოსაზრებებს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების არჩევის შედეგების შესახებ.

სხდომების დაწყებამდე, ერთი და იგივე სუბიექტის წარმომადგენლების მიერ წინასწარ გამზადებული იდენტური ტექსტით პროცესის ნეგატიურად შეფასება, იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება შემდგომში არჩეული, განიხილება პროცესის დისკრედიტაციისთვის გამიზნულ წინასწარ დაგეგმილ ქმედებად.

ჩვენ ხელთ გვაქვს აღნიშნული ფაქტების მტკიცებულებები, რომლებიც მოგვეწოდა სხდომების დაწყებამდე.

შესაბამისად, გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ საარჩევნო სუბიექტებს, ნუ მიაყენებენ ზიანს საარჩევნო პროცესს კონკრეტული ინტერესების გამო და ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციის კანონიერ საქმიანობას. ამასთან, მივმართავთ დამკვირვებლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციის  საქმიანობის მონიტორინგში და მიუკერძოებლად ასახონ მიმდინარე ფაქტები და პროცესები.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 03 სექტემბერი 2017 11:30

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს (როგორც კონკურსის წესით არჩეულ ისე, უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს), საუბნო კომისიაში მიღებული ანაზღაურების გამო სახელმწიფო დაფინანსება არ შეუწყდებათ.

კონკრეტულად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეყვანილ პირებს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად დასაქმდებიან, საარჩევნო კომისიაში მიღებული ხელფასი არ ჩაეთვლებათ ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდებათ სახელმწიფო დაფინანსება; ასევე, არ შეუწყდებათ სოციალური პაკეტი პირებს, რომლებიც იღებენ სოციალურ პაკეტს საქართველოს მთავრობის  დადგენილების შესაბამისად.   

ანალოგიური წესი ვრცელდება საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებსა და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნულ წარმომადგენლებზე.

ზემოაღნიშნული რეგულირდება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის და 43-ე მუხლის მე-4  პუნქტის შესაბამისად.

 

ცესკოს მიმართვა ჩართულ მხარეებს საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსთან დაკავშირებულ კამპანიაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 11:17

რამდენიმე დღეა  მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, რომელიც  საარჩევნო გარემოს მიზანმიმართული დაზიანების მცდელობის ნიშნებს შეიცავს.

პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ, საუბნო კომისიის წევრთა კონკურსის შესახებ მედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია, კონკრეტულად, კონკურსანტის ვიდეოკადრები და სატელეფონო საუბრების ვიდეოჩანაწერები არ წარმოადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესს და შესაბამის მტკიცებულებებს; თუმცა, უსაფუძვლოდ გამოყენებულია სწორედ ამ პროცესის დისკრედიტაციისთვის და ამავდროულად, შეიცავს ადამიანების პერსონალური ინფორმაციის უკანონო გადაღება/გამჟღავნების ნიშნებს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია და ფაქტები საარჩევნო კანონის მოთხოვნების დარღვევის კატეგორიაში  საერთოდ არ ხვდება. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ წინასწარ, კამპანიური ხასიათის სიუჟეტების გავრცელება, მსგავს დაუზუსტებელ, გაურკვეველი წარმომავლობის სატელეფონო ჩანაწერებზე დაყრდნობით,  რეალურ საფუძველს მოკლებულია და მიზნად ისახავს ჩართული მხარეებისა და საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მოხდენას.

საზოგადოებისა და ჩართული მხარეებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი კანონმდებლობის სრული დაცვით გამოცხადდა. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ იყო საჯარო და ნებისმიერ პირს (რომელიც კანონმდებლობით გაწერილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს) შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და შეიტანოს განცხადება 30 აგვისტოს ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საჯარო დაწესებულებაა და საოლქო საარჩევნო კომისიაში პროცესები არის ღია უფლებამოსილი პირებისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების საქმიანობისა და ოლქში მიმდინარე პროცესების  დაკვირვება შეუძლიათ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, აკრედიტებულ დამკვირვებლებს და მედიას.

რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას, კრიტერიუმები გაწერილია საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გადაწყვეტილება მიიღება კონკურსის დასრულების შემდეგ, ხოლო არჩევის პროცესში საოლქო საარჩევნო კომისია, როგორც დამოუკიდებელი კოლეგიალური ორგანო, სწორედ კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედებს და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს უფლებამოსილი პირების მონაწილეობით პროცესის გამჭვირვალობას. თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომპეტენციის ფარგლებში, გამოიყენებს ყველა შესაძლო ფორმას საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესის ღიაობის, კანონშესაბამისობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად.  

 ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ, რომ არჩევნები არის კომპლექსური, მრავალმხრივად მნიშვნელოვანი პროცესი პირველ რიგში მოქალაქეებისთვის და ვთხოვთ, რომ მიზანმიმართულად, დაუზუსტებელი საბაბით არ შექმნან პრობლემა და არ დააზიანონ საარჩევნო გარემო.

ასევე, მოვუწოდებთ თითოეულ საარჩევნო მოხელეს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავიანთი ქმედებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა, პატივი სცენ პირადი და პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობას, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციების ფუნქცია-მოვალეობების სწორად წარმართვას და საქართველოს მოქალაქეების კანონიერ უფლებას - თავისუფლად და შეუზღუდავად მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს ყველა ჩართულ მხარესთან და ხელი შეუწყოს მათ საქმიანობის განხორციელებაში. 

ცესკოს განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თაობაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 20 აგვისტო 2016 20:03
გვინდა გამოვეხმაუროთ მედია საშუალებებით პოლიტიკური სუბიექტების მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და ცალკეულ შეფასებებს, რომლებიც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესს. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული მოსაზრებები არ ემყარება დადასტურებულ გარემოებებს, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართოს აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, მშვიდ გარემოში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურ ძალისხმევას ჩადებს და უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაღალი პროფესიული სტანდარტებით წარმართვას, რისთვისაც ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა: • უზრუნველყონ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა უფლებამოსილ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ შეუფერხებლად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებსა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესს; • არ დაუშვან რომელიმე პოლიტიკური მხარის მონაწილეობა და ჩარევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; • გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ კანონმდებლობით, პატივი სცენ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ აღიარებულ პრინციპებს; • გაითვალისწინონ პროცესისადმი ინტერესი და შეძლებისდაგვარად მოკლე დროში გაასაჯაროვონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შედეგები. ამასთან, გვინდა მივმართოთ პოლიტიკურ სუბიექტებს და სხვა ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესის კანონიერ ჩარჩოებში წარმართვას, არ დაუშვან კომისიის საქმიანობაში ჩარევისა და ხელშეშლის ფაქტები, რომლებიც ცალკეულ ოლქებში დაფიქსირდა, არ გააკეთონ ისეთი შეფასებები, რომლებიც არ ემყარება ფაქტობრივ მასალებსა და გარემოებებს და რომელმაც შესაძლოა დამაზიანებლად იმოქმედოს პროცესის სანდოობაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი, რათა აქტიურად დააკვირდნენ ზემოაღნიშნულ პროცესს და ხელი შეუწყონ მის ღიაობას და ობიექტურ ასახვას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური