”პატრიოტთა ალიანსმა” სასამართლო დავა შესაძლოა სტრასბურგში გააგრძელოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 10:45

”პატრიოტთა ალიანსმა” მანდატების ხელახლა განაწილებაზე სასამართლო დავა შესაძლოა,  სტრასბურგში გააგრძელოს.

"პრაქტიკულად, საარჩევნო ადმინისტრაციას რა გადაწყვეტილებაც უნდა იმას იღებს. ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გვაქვს წარდგენილი  და იმედია ანტიკონსტიტუციური ნორმების გადახედვას მივაღწევთ. რაც შეეხება  გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ ჩვენ მას სტრასბურგში  გავასაჩივრებთ, ვინაიდან სახეზეა მართლმსაჯულების უფლების დარღვევა,”- აღნიშნული განცხადება  სააპელაციო სასამართლოში პროცესის დარულების შემდეგ ”პატრიოტთა ალიანსის” იურისტმა ლევან ჩხეიძემ გააკეთა.

 

ნინო ბურჯანაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 13:49

”ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, იმასთან დაკავშირებით რომ პარტიას უარი ეთქვა ბიულეტენების გადათვლაზე:

„საოლქო კომისიებმა ყველამ, როგორც ერთმა უარი გვითხრა ჩვენს კანონიერ მოთხოვნებზე და არ დააკმაყოფილა ჩვენი არც ერთი საჩივარი, რათა გახსნილიყო უბნები და გადათვლილიყო ბიულეტენები. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ბუნებრივია, მივმართეთ სასამართლოებს, სადაც ასევე, ყველამ, როგორც ერთმა არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელები. მინდა მოგიყვანოთ რამდენიმე მაგალითი ე.წ. დემოკრატიული და ევროპული საქართველოს თავისუფალი სასამართლოს ქმედებებიდან: მაგალითად, საოლქო კომისიების მიერ დაუბალანსებელი და გაყალბებული ოქმების შედგენისათვის საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს დააწერინეს ახსნა-განმარტებები და აქაც ყველამ, როგორც ერთმა მათ მიერ ჩადენილი დანაშაული გაამართლეს იმით, რომ ჰქონდათ სიცხე, დაიღალნენ, ეძინებოდათ, ან ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელნი ან ძალიან ასაკოვანი იყვნენ,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

მაია რჩეულიშვილი ე.წ. ბათუმის მაგნოლიას სასამართლო სხდომებს არ დაესწრება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 11:37

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა  მაია რჩეულიშვილმა მოსამართლეს თხოვნით მიმართა, რომ ის სასამართლო სხდომებს არ დაესწროს, - ამის შესახებ   ე.წ. ბათუმის მაგნოლიას საქმეზე მიმდინარე პროცესზე  მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა განაცხადა.

 შესაბამისად, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას  დღევანდელი პროცესიც, მაია რჩეულიშვილის გარეშე მიმდინარეობს.

სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული რესტორანში დააკავეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 09:53

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული 1980 წელს დაბადებული ო.ვ. და წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ლ.ე. თბილისის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს.

დადგინდა, რომ ძებნილი მსჯავრდებული ო.ვ. რუსთავის მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს ქურდობის, ყაჩაღობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით (საქართველოს სსკ-ს 177-ე, 179-ე და 19-177-ე მუხლებით) იხდიდა. იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლოში ბადრაგირების დროს გაიქცა. მსჯავრდებულ ო.ვ.-ზე ძებნა 2016 წლის 1 სექტემბერს გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა ოვ.-სა და ლ.ე.-ს დაკავებისას ოქროს ძეწკვები, ჯვრები, საყურეები და ბეჭდები ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ძვირფასეულობა, დაკავებულებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში განხორციელებული ჯგუფური შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცეს.

ძებნილ მსჯავრდებულ ო.ვ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ს 379-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებებისთვის წარედგინა, რაც დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას /გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობას გულისხმობს.

დაკავებულ ლ.ე.-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

ზუგდიდის სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი 2016 11:13

ზუგდიდის სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო  უწყების ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები  და წარსულში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი გ. ფიჩხაია  განზრახ მკვლელობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით დამნაშავედ ცნო.  პროკურატურის ცნობით, სასამართლო  პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 30 აპრილს, საღამოს საათებში, მარტვილის რაიონის სოფელ კურზუში გ. ფიჩხაიას წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე პ.ბერულავასთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა რა დროსაც, გ.ფიჩხაიამ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით პ. ბერულავას  დანა მუცლის არეში დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბერულავა მიღებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.  როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართალდამცველებმა გ. ფიჩხაია 2016 წლის 1 მაისს ჩხოროწყუს რაიონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და  2381-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცივი იარაღის ტარება იმის მიერ, ვინც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის) წარედგინა.  ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  ფიჩხაია სრულად ცნო დამნაშავედ   წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მარიხუანას მეორადი მოხმარებისთვის პატიმრობა გაუქმდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 20:21

29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ნასამართლევი პირის მიმართ.

2016 წლის 17 და 20 ივნისს, აგრეთვე, ამავე წლის 4 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და მოითხოვა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ წესის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმა შეიცავს იმავე შინაარსს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ადრე უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, სასამართლოს, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, გამოაქვს განჩინება სადავო აქტის ძალდაკარგულად ცნობის თაობაზე.

2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებით საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ის წესი, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დაადგინა, რომ უმიზნო და გაუმართლებელია თავისუფლების აღკვეთა პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და როდესაც არ არსებობს პირის მიერ სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხე. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურია.

კონსტიტუციურ წარდგინებებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა, ძველი გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, თუმცა ამჯერად, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უშუალო მოხმარებისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე "ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შენახვისათვის. პირადი მოხმარების მიზნით ამ რაოდენობით მარიხუანის შენახვა თავისთავად მიუთითებს მისი განმეორებით, ან თუნდაც რუტინულად მოხმარების რეალურობაზე და ამ პირობებშიც უკვე დადგენილია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაჰუმანური ხასიათი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარიხუანის განმეორებით ან არაერთგზის მოხმარება არ წარმოადგენს იმაზე მეტი საფრთხის შემცველ ქმედებას, ვიდრე მისი 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შენახვა. სასჯელი, რომელიც არაპროპორციულად იქნა მიჩნეული ამ უკანასკნელი ქმედებისთვის, ასევე არაპროპორციული იქნება მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება არ საჭიროებს პროპორციულობის არსებითი განხილვის ფორმატში ხელახალ შეფასებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა მიჩნეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მერაბიშვილს, კოდუასა და სირაძეს პატიმრობა შეეფარდათ

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 15:28

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა - 2005 წლის 14 ივლისს ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის - ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, ბრალდებულების ივანე მერაბიშვილის  და ამჟამად ძებნაში მყოფების ერეკლე კოდუას და გია სირაძის და მიმართ.

ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს  ბრალად ედებოდათ მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით;  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე, ჯგუფურად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ივანე მერაბიშვილს  ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, ასევე ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სახის დამახინჯება.

საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ,  რომელშიც ვალერი გელაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა წართმეული ქონების გამო და შეურცხმყოფელად იხსენიებდა საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით მისი ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა  შს სამინისტროს  იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, რომელმაც თავის მხრივ დავალება მისცა შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას, მან კი ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს. 2005 წლის 14 ივლისს, სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლებმა მოახდინეს ვ. გელაშვილს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, თავს დაესხნენ მას და  მის თანხმლებ პირებს, ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, დააწვინეს ასფალტზე და იარაღის კონდახებით სცემეს. ცემის შედეგად ვ. გელაშვილმა  სიცოცხლისათვის სახიფათო  სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.

ღია სასამართლო სხდომაზე  საქმის არსებითად განხილვისას, დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.  მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებისა და  საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლომ ბრალდებულების მიმართ  გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.  ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს „ამნისტიის შესახებ„ საქართველოს კანონის, შთანთქმის პრინციპის გამოყენებითა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ხოლო ივანე მერაბიშვილს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, „ამნისტიის შესახებ„ საქართველოს კანონის, შთანთქმის პრინციპის გამოყენებითა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით და  9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სამივე მსჯავრდებულს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, ასევე ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლითა და 3 თვის ვადით. ამ დროის განმავლობაში მსჯავრდებულებს აეკრძალათ დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

განაჩენი ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მათი დაპატიმრებიდან, სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებულები ითხოვენ სააპელაციო საჩივრის განხილვას მათი მონაწილეობის გარეშე. რაც შეეხება განაჩენს ივანე მერაბიშვილის მიმართ, შეიძლება გასაჩივრდეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.   

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვა იწყება

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 09:51

ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო საჩივრის განხილვა იწყება. ბრალდებისა და დაცვის მხარეები შუამდგომლობებით წარსდგებიან, თუმცა წინასწარ არ კონკრეტდება რა შუამდგომლობებით მიმართავენ ისინი მოსამართლეს.

პროცესის მიმდინარეობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია.

„ვიცით, რომ ეს სასამართლო არის პირდაპირ კონტროლში პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან, მურუსიძის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ამოვწურავთ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რომ უდანაშაულო 5 ადამიანი, პატიმრობას ამას არ დავარქმევ, ტყვეობაში აყვანილი 5 უდანაშაულო ადამიანი გამოვიყვანოთ ციხიდან, დავუბრუნოთ საკუთარ ოჯახებს,“ - აცხადებს ირაკლი ალასანია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი, 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

7 წლიანი სასჯელი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 15:26

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ვაჟა ხოზრევანიძე დამნაშავედ  სცნო ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით. 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 31 მარტს,  დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. ბათუმში მდებარე საცხოვრებელ სახლში ვაჟა ხოზრევანიძეს ყოფილ მეუღლეთან მ.ფ-სთან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც ვაჟა ხოზრევანიძემ მოკვლის მიზნით, ნაჯახით მ. ფ.-ს თავის, ზურგისა და ხელის არეში  სიცოცხლისთვის სახიფათო მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ვაჟა ხოზრევანიძემ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან ფაქტის შემსწრე პირებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს. 
სამართალდამცველებმა ვაჟა ხოზრევანიძე იმავე დღეს შემთხვევის ადგილზე დააკავეს. 
ხელვაჩაურის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით წარუდგინა.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ვაჟა ხოზრევანიძე სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

დავით უსუფაშვილმა პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 16:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად პარლამენტს ზაზა რუხაძე წარუდგინა.

შეგახსენებთ, სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს: გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური