მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურა მასალებს ასაჯაროებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 14:30

საქართველოს მთავარი პროკურატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე - ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს:

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგები.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე წლის 14 იანვარს დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეების - ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები. 
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის: გამოიკითხნენ განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები ბ. ალავიძე და პ. ქათამაძე, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები, დათვალიერდა ხსენებული მოსამართლეების მობილური ტელეფონები, ჩატარებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ხსენებული მიმართვების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების განმახორციელებელი პირების დადგენის მიზნით.
ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამავდროულად ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები. 
ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ მიღებული მიმართვებისა და სატელეფონო შეტყობინებების შესახებ წერილობით აცნობეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. აღნიშნული ინფორმაცია და მასალები, როგორც აღინიშნა, შემდგომი რეაგირებისთვის გადმოგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში.  გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოეგზავნათ უკრაინული მობილური ტელეფონის ნომრიდან. 
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოკითხვისას ორივე მოსამართლემ კატეგორიულად უარყო, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მანამდე ან მას შემდეგ, მათ საქმიანობაში ჩარევის ან/და ჩარევის მცდელობის სხვა რაიმე ფაქტის არსებობა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით.  გამოძიების ფარგლებში საქმეზე სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.
ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, თავად მოსამართლეთა თანხმობით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ასაჯაროებს უზენაესი სასამართლოდან შემოსულ მასალას, რომელიც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი, მათ შორის მოსამართლეებისთვის გაგზავნილ მიმართვებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს,"-  ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

მასალა იხილეთ ბმულზე: დოკუმენტი_1;
                                                     
დოკუმენტი_2;
                                                     
დოკუმენტი_3;
                                                     
დოკუმენტი_4;
                                                     დოკუმენტი_5;
                                                     
დოკუმენტი_6;
                                                     
დოკუმენტი_7;
                                                     
დოკუმენტი_8;
                                                     
დოკუმენტი_9;
 

გიორგი ცერცვაძის საქმეზე კიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს იმსჯელებენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 26 იანვარი 2017 11:32

ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმეზე, კიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს იმსჯელებენ. 

დაკავებულის ადვოკატის ასისტენტი „მოამბესთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ დაცვის მხარემ გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტი და მიმართა ყველა კომპეტენტურ უწყებას, შესაბამისად იმედოვნებენ, რომ ქართველ პოლკოვნიკს დღეს გაათავისუფლებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ცერცვაძე უკრაინის სამართალდამცველებმა 15 იანვარს, მოსკოვის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. რუსული მხარე მას 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს. საერთაშორისო მასშტაბით ძიება მასზე 2016 წელს გამოცხადდა.

უზენაეს სასამართლოში ანალიტიკურ განყოფილებათა სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 13:33

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილებისა და ევროკავშირის პროექტის-მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა- ინიციატივით და ორგანიზებით, სასქართველოს უზენაეს სასამართლოში, სასამართლო სისტემის სხვადასხვა ინსტანციების ანალიტიკური განყოფილებების წარმომადგენლთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების,  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს ზემოხსენებულ უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნის საკითხი, რომლშიც თვამოყრილი იქნება სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ანალიტიკური ინფორმაცია (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილებების შესახებ). ხსენებული ბაზის შექმნა, ხელს შეუწყობს მოსამართლეთა და მათი თანაშემწეებისთვის სასამართლო სისტემაში  არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. სამუშაო შეხვედრებს რეგულარული  ხასიათი მიეცემა.

დღეს "ცენტრ-პოინტის" საქმის განხილვა გაგრძელდება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 10 იანვარი 2017 10:43

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრ-პოინტის" საქმის განხილვა გაგრძელდება. ბათუმის "მაგნოლიის" ეპიზოდზე ბრალდებული მაია რჩეულიშვილის ადვოკატი სასამართლოს პროცესების გადადების შუამდგომლობით მიმართავს. 

ადვოკატის თქმით,  მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურესდა, დაცვის მხარე კი  პროცესების ბრალდებულის დასწრების გარეშე ჩატარების წინააღმდეგია

ტყუილია, რომ რაიმე სახის პროვოცირებას ჰქონდა ადგილი, იქ იყო ორი ადამიანი, - ნიკა გვარამია

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 10 იანვარი 2017 10:20

„აბსოლუტური ტყუილია, რომ რაიმე სახის პროვოცირებას ჰქონდა ადგილი. ჯერ ერთი, მე საერთოდ არ ვიცნობ რატი გაჩეჩილაძეს, არც შემინიშნავს იქ. ეს აბსოლუტურად სხვა დღე იყო ჩემთვის და გაჩეჩილაძე კი არა, საერთოდ არავინ არ გამხსენებია. ვსაუბრობდით ჩუმად, ნორმალურად და ვსაუბრობდით ჩემს პრობლემაზე, მამაჩემის გარდაცვალებაზე და ა.შ. მეტი რაზე უნდა გვესაუბრა... მე, მართალია, თავდასხმა არ მინახავს, იმიტომ რომ ეს თავდასხმა მოხდა უკნიდან და მიპარვით. მიუხედავად ამისა, მე ვნახე ორი თავდამსხმელი, რომელიც გარბოდა. ამას გარდა, ეს ორი თავდამსხმელი ნახეს იქ მყოფმა ჩემმა მეგორბებმა და ნახეს, რომ ორივე იღებდა ამაში მონაწილეობას. მე არავითარი საფუძველი არ მაქვს მათ არ ვენდო. ასე რომ, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ იქ იყო ორი ადამიანი და სახელმწიფო გამოძიებას და ბრალდებას აქვს ვალდებულება, რომ დაადგინოს მეორე ადამიანის ვინაობა,“ -  აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა  ნიკა გვარამიამ მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით გააკეთა.

შეგახსენებთ, გვარამიას ცემის ფაქტზე ბრალდებული რატი გაჩეჩილაძე 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

რატი გაჩეჩილაძე 5 000 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 10 იანვარი 2017 10:01

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო  სხდომის კოლეგიამ ცვლილებით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ რატი გ.ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა  გირაო - 5 000 ათასი ლარი. ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა მიმალვის საფუძვლით,  ვინაიდან რატი გ.  საკუთარი ინიციატივით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, რატი გ.-ს  ბრალად ედება ძალადობა, კერძოდ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან  საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

საქმე ეხება  2017 წლის  7 იანვარს, რესტორან „დაინინ რუმში“  პირადი მოტივით ჩადენილ ცემის ფაქტს. 

სასამართლომ ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის სპეციფიკის, ხასიათის და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით,  მიიჩნია, რომ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და პროცესუალური საფუძველი.  შესაბამისად,  გამოყენებული შემაკავებელი ხასიათის აღკვეთის ღონისძიება - გირაო , უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის   20 თებერვალს 13:00 საათზე გაიმართება.

სასამართლომ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 06 იანვარი 2017 13:51

ხალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრების მიმართ არაერთგზის ძალადობის ჩადენისთვის, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თამაზ ჭიტაძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის II ნაწილის „ა“  „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 12 სექტემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თამაზ ჭიტაძემ ადიგენის რაიონის სოფელ პატარა სმადაში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში დედას ც.ჭ.-ს და არასრულწლოვან შვილს ნ. ჭ.-ს სრულიად უმიზეზოდ მიაყენა შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელთა დამცირება და ტანჯვა გამოიწვია. სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ასევე დადასტურდა, რომ თამაზ ჭიტაძე სხვადასხვა დროს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი, დედას და შვილს სისტემატიურად აყენებდა  შეურაცხყოფას, ემუქრებოდა და ამცირებდა.
თამაზ ჭიტაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის II ნაწილის „ა“  „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვანისა და ოჯახის  ორი წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  შეეფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით.    
აღსანიშნავია, რომ თამაზ ჭიტაძე დედისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის რამდენჯერმეა ნასამართლევი. 2014 წლის 2 ივლისს,  ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით შეუფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 საათი. ვინაიდან იგი თავს არიდებდა სასჯელის მოხდას, სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე შეეცვალა ჯარიმით 1125 ლარის ოდენობით. ასევე, თამაზ ჭიტაძე 2015 წლის 27 თებერვლის სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის II ნაწილის „ა“ „ბ“ „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით და ჯარიმა 1125 ლარი განესაზღვრა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ თამაზ ჭიტაძე სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით განუსაზღვრა. ვინაიდან თამაზ ჭიტაძეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიერ 2015 წლის 27 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 1125 ლარის ოდენობით მოუხდელი ჰქონდა, იგი მიემატა 2016 წლის 12 სექტემბერს ჩადენილი დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით, თამაზ ჭიტაძეს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით და ჯარიმა 1125 ლარის ოდენობით განესაზღვრა. თამაზ ჭიტაძე პატიმრობაში სასამართლო დარბაზიდან იქნა აყვანილი.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ლოგო ილია კიკაბიძეს ჩამოერთვა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 15:49

სასამართლომ დააკმაყოფილა  გია გაჩეჩილაძის სარჩელი  „მაესტროს“ ლოგოსთან დაკავშირებით. სასამართლოს გააწყვეტილების თანახმად,  ტელეკომპანია „მაესტროს“ ლოგო ილია კიკაბიძეს ჩამოერთვა. 



სასამართლომ რომან შამათავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 15:38

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ - რომანშამათავას მიმართ დათო ც.-სა და პაატა ქ.-ს უმწეო მდგომარეობაში, განზრახ მკვლელობის  მცდელობის საქმეზე  დამამძიმებელ გარემოებებში და მას სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონისა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად რომან შამათავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.   

წარდგენილი ბრალის თანახმად, რომან შამათავას ბრალად ედებოდა უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა (2 ეპიზოდი) და თავისუფლების უკანონო აღიკვეთა სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით, ასევე პაატა ქ.-ს მიმართ ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

საქმის მასალების თანახმად, რომან შამათავა 2007 წელს დაინიშნა საქართველოს შსს კ.უ.დ-ის აფხაზეთის ა.რ. მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2008 წლის ზაფხულში, მან შურისძიების მოტივით, მართლმსაჯულების გვერდის ავლის გზით განიზრახა სიკვდილით დაესაჯა სამეგრელო - ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს რეინჯერი დათო ც. და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის თანამშრომელი პაატა ქ.,   რომლებიც შამათავას ინფორმაციით თანამშრომლობდნენ აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის სპეცსამსახურებთან.  შამათავას დავალებით კ.უ.დ.-ის თანამშრომლებმა, 10 დღის ინტერვალით,  დათო ც. და პაატა ქ. ჩაიყვანეს ბათუმში, ყოფილი გემთმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, მოათავსეს კატარღის ბორტზე და გაიყვანეს ზღვაში, რითაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.  რომან შამათავამ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს, რომლებსაც ახვეული ჰქონდათ თვალები, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ერთჯერადი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა,  ხოლო დანაშაულის კვალის მოსპობის მიზნით, გვამები ჩააგდო ზღვაში.   

თბილისის საქალაქო სასამართლომ იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი დაზარალებულთა გვამები, შესაბამისად, სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დამდგენი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ასევე ვერ იქნა ამოღებული და შესწავლილი დანაშაულის ჩადენის იარაღი, მასრები და გულა, რითაც შესაძლოა გამოწვეული იყო გარდაცვალება, წარდგენილი ბრალი გადააკვალიფიცირა და პირის მსჯავრდება მოხდა დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

ამასთან, სასამართლომ კვალიფიკაცია შეუცვალა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის პაატა ქ.-ს ეპიზოდში წარდგენილ ბრალდებას,  ვინაიდან მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თავდაპირველად წარდგენილი ბრალის შემადგენლობა, შესაბამისად შამათავას მსჯავრი დაედო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებისათვის, ჩადენილი სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით. 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 12:43

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლომ  გიორგი დგებუაძის, იგივე მასტერას და კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიას ბრალზე იმსჯელა.

სასამართლომ გადაწყვეტილება  ცოტა ხნის წინ მიიღო.  გარდა გიორგი დგებუაძის ბრალდებისა, სასამართლომ გამოაცხადა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის დავით ახალაიას ბრალდების საქმე. ის სასმართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში, განზრახ მკვლელობის მუხლში დამნაშავედ ცნო, ხოლო 33 -ე მუხლით, უფლებამოსილების გადამეტებაში სასამართლომ ახალია გაამართლა.

დავით ახალაიას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მუხლი ამნისტირებულია,შესაბამისად სასჯელს ¼ მოაკლდა და საბოლოოდ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

რაც შეეხება გიორგი დგებუაძეს, სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში ისიც დამნაშავედ ცნო 25/109 მუხლით, განზრახ მკვლელობაში დახმარება. გიორგი დგებუაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისი ექსტრადიცია ჰოლანდიიდან მარტში მოხდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური