შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 26 იანვარი 2019 17:52

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ 27 იანვარს 09:00 საათიდან თბილისში, მდინარე მტკვარზე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად - ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით.

 სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს (წერეთლის გამზირი) მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნიდან თამარ მეფის ხიდის გავლით.
 
ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე დაუბრუნდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის საინფორმაციო „ქოლ-ცენტრის“ მომსახურება რეგიონებშიც დაინერგება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 22 ივლისი 2018 16:53

საპატრულო პოლიციის საინფორმაციო „ქოლ-ცენტრის“ მომსახურება დედაქალაქის შემდეგ რეგიონებშიც ინერგება. საქართველოს მასშტაბით ოპერატორთა გადამზადება დასრულდა, რაც მოსახლეობას საპოლიციო სერვისების ოპერატიულად და დისტანციურად მიღების საშუალებას მისცეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საპატრულო პოლიციის რეფორმას, რომლის ერთ-ერთ კომპონენტია საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მომსახურების განვითარება. საპატრულო პოლიციის რეფორმირების ახალ ეტაპზე მომსახურების ერთიან ცენტრში 1 მაისს ამოქმედდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი – 2 41 42 42, რომელიც მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და გარკვეული სერვისების მიწოდებას უკვე უზრუნველყოფს.

ორთვიანი მუშაობის შედეგად პრაქტიკაში გამოკვეთილი გამოწვევების სრულყოფის მიზნით შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პროფესიულ დონეს იმაღლებენ „სერვის +“-ის, ეფექტურ კომუნიკაციის წარმოების, შესაბამის ბაზებში მუშაობის, პერსონალური მონაცემების გაცემის სპეციფიკის, მოქალაქეთა საჭიროებების სწორ იდენტიფიცირების და საჭირო სხვა მიმართულებებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და „112“ -ის ხელმძღვანელები საინფორმაციო სატელეფონო მომსახურების ცენტრის გადამზადებულ თანამშრომლებს შეხვდნენ. თეიმურაზ კუპატაძე და ნიკა გელაშვილი გადამზადების სატელეფონო მომსახურების ცენტრის სტანდარტის პრეზენტაციას დაესწრნენ.

მომსახურების სტანდარტი და ოპერატორთა სამუშაო სახელმძღვანელოები ტრენინგების პარალელურად შეიქმნა და საპატრულო პოლიციის საინფორმაციო ცენტრი ამ სტანდარტის მიხედვით იმუშავებს.

 

 

იმედია ბოლომდე მივა ეს გამოძიება და გაიხსნება ეს საქმე, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 14 თებერვალი 2017 11:40

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას გამოეხმაურა და დანაშაულის გახსნისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მადლობა გადაუხადა. განცხადება ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

მინდა, განცხადება გავაკეთო გუშინ და დღეს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს ძალიან მძიმე დანაშაულის გახსნისთვის. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ძალიან მალე, ბოლომდე მივა ეს გამოძიება და საბოლოოდ გაიხსნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. ძალიან კარგია, რომ წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ და მინდა პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო ოპერაციის შემდეგ“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის დანაყოფებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 01 ნოემბერი 2015 11:10

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ და საქართველოს ყველა რეგიონში, „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე მესამე წელია მონაწილეობს.

აქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.

"რუსთავი 2-ის" ოფისთან სატვირთო ავტომობილებს საპატრულო პოლიცია ამოწმებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 17:55

დღეს დილიდან რუსთავი 2-ის შემოსასვლელთან ყველა სატვირთო ავტომობილს საპატრულო პოლიცია ამოწმებს.  პატრულის თანამშრომლები ამბობენ, რომ დავალება მათ ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. 

რუსთავი 2-ის ერთ-ერთი მანქანის შემოწმების დროს ადგილზე სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მივიდა და მოითხოვა განმარტება თუ კანონის რომელი ნორმის საფუძველზე ხდებოდა სატვირთო ავტომობილების შემოწმება. კითხვაზე ნიკა გვარამიამ პასუხად მხოლოდ ის მიიღო, რომ ეს იყო დავალება და ისინი ამ დავალებას ასრულებდნენ.

პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 12:59

საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გიორგი წ. და 1981 წელს დაბადებული გიორგი ჩ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის, ხოლო 1982 წელს დაბადებული გიორგი ც, 1986 წელს დაბადებული დავით ნ. და 1968 წელს დაბადებული ხათუნა ც. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ირანის ისლამური რესპუბლიკის ორ მოქალაქეს თავისუფლება აღუკვეთეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ. ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ ღამის კლუბის თანამშრომლებმა ორ კლიენტს - ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს ფული წაართვეს, შემდეგ კი თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბარის ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს.

გამოძიება გიორგი წ-ს და გიორგი ჩ-ს მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 143-ე და 178-ე მუხლებით), ხოლო გიორგი ც-ს, დავით ნ-ს და ხათუნა ც-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).

"რუსთავი2"-თან მორიგე საპატრულო მანქანა ევაკუატორით წაიღეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 17:07

"რუსთავი2"-თან მორიგე საპატრულო მანქანა პირდაპირი გაგებით წაიღეს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "თავისუფალი ზონის" წევრი ფარნაოზ ჭკადუა წერს და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, ტელეკომპანიის შენობასთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან. "რუსთავი 2"-ის საქმეზე პროცესი დილიდან მიმდინარეობს. სხდომაზე ცოტა ხნის წინ შესვენება გამოცხადდა. არსებობს ვარაუდი, რომ განაჩენი დღეს გამოცხადდება

შს მინისტრი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 15 აგვისტო 2015 22:24

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მოადგილეებთან ერთად, საპატრულო პოლიციის რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებს შეხვდა და მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მიქიაშვილი წარუდგინა.

მინისტრმა სამუშაო შეხვედრისას საპატრულო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და არსებული პრობლემები განიხილა. გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის რეგიონების სამმართველოების ხელძღვანელებს დავალებები მისცა და ყურადღება დეპარტამენტის გამართულ მუშაობასა და კანონდარღვევის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაზე გაამახვილა. მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანაბარია და საპატრულო პოლიციამ კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება.

შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას წარმატებები უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური