საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 24 იანვარი 2021 18:36

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.

საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სესიაზე მსჯელობის მთავარი თემა გლობალური პანდემია და „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების საკითხი იქნება. დელეგატებს სიტყვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მიმართავს.

მათივე ცნობით, სასესიო და საკომიტეტო მუშაობის პარალელურად, დელეგაციის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.

„ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე, დეპუტატებთან ერთად, ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დაემსს, გენერალურ მდივან მარია პეიჩნოვიჩ ბურიჩს, ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ დუნია მიატოვიჩს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს და კომისიის მდივან სიმონა მენგინი-გრანატას, ასევე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კლეფერს შეხვდება.

„2020 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია გამართავს პირველ ვიზიტს, ზამთრის სესიაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ვიზიტის განხორციელება, რადგან არის ბევრი აქტუალური საკითხი, ანგარიში, რომელიც საქართველოს ეხება. ჩვენ ვაპირებთ, ძალიან აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ განხილვებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც პირველივე დღეს იქნება წარმოდგენილი, გახლავთ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. სადამკვირვებლო მისიის ის მიგნებები, რომელიც მათ დააფიქსირეს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მონიტორინგის ანგარიში და ის დადებითი შეფასებები, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მიმართ“, – განაცხადა სტრასბურგში გამგზავრებამდე დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი, თამარ ტალიაშვილი და ფრიდონ ინჯია შედიან.

საპარლამენტო დელეგაცია შვეიცარიაში შეხვედრებს გამართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 17:57

საქართველოს პარლამენტის შვეიცარიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი სამუშაო ვიზიტით ქალაქ ბერნში იმყოფება. 5-8 აპრილს ქართველი კანონმდებლები შვეიცარიელ კოლეგებთან შეხვედრებზე ორი ქვეყნის პარლამენტის ურთიერთობების გამყარების და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ყურადღება ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებაზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე პოლიტიკური მხარდაჭერის ასპექტებზე გამახვილდება. შეხვედრებზე მხარეები ჟენევის სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში შვეიცარიის როლის გაზრდაზეც იმსჯელებენ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას შვეიცარიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია, უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი და პარლამენტის წევრი, ფატი ხალვაში წარმოადგენენ.

საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიემგზავრება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 15:19

25-26 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო), საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის მე-15 სესია გაიმართება. საკომიტეტო მოსმენების ფორმატში, 57 ქვეყნის 300-მდე პარლამენტარი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიას გამართავენ და მოხსენებებს განიხილავენ. საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, სხვადსხვა ქვეყნის კანონმდებელი, ეუთო-ს სივრცეში მიგრანტთა და ლტოლვითა კრიზისსა და კოლექტიური პასუხისმგებლობის გაძლიერების საკითხზე სპეციალურ დებატებს გამართავენ. 

ზამთრის საპარლამენტო ასამბლეის განსახილველ საკითხთა შორის, განსაკუთრებული ყურადღება, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის განსახილველ თემებზე, იდეებსა და მიმართულებებზე გამახვილდება. 25-ე ყოველწლიურ სესიას, 1-5 ივლისს, საქართველოს დედაქალაქი, თბილისი უმასპინძლებს, რომლის მუშაობაშიც 57 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას საქართველოს პარლამენტიდან თედო ჯაფარიძე, გიორგი წერეთელი, გიორგი ვოლსკი და ვიქტორ დოლიძე დაესწრებიან.

საპარლამენტო დელეგაცია ავსტრიის ეროვნული საბჭოს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2015 10:17

ავსტრიაში ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, ავსტრიის ეროვნული საბჭოს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს შეხვდა. 
პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ავსტრიის ეროვნულ საბჭოს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ავსტრიის ეროვნული საბჭოს წევრები საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებით, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით და რუსეთთან ურთიერთობით დაინტერესდნენ. 
მათ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ კურსს და მხარდაჭერას უცხადებს ვიზალიბერალიზაციის პროცესში. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ვიქტორ დოლიძემ ავსტრიის ეროვნული საბჭოს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ვიზიტით საქართველოში მოიწვიეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა ავსტრიაში ვიზიტი მედიასთან საუბრისას შეაჯამა.
"ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს კოლეგებმა ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ყველა იმ საკითხში, რაც გვაინტერესებს - ეუთოს მხრიდან ეს არის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება და ძიება იმ გზების, რომელიც ეუთოს საქართველოში დააბრუნებს. მოგეხსენებათ, დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთის ვეტოს გამო, ეს ორგანიზაცია სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებებით,მათ შორის, მომავალ წელს, ზაფხულში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა ვიქნებით, ამაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 
მისივე განცხადებით, ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტისგან მიიღეს პირობა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ავსტრია საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება და იზრუნებს, რომ კოლექტიური გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფი და სასიკეთო იყოს საქართველოსთვის. მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრია ნატოს წევრი ქვეყანა არ არის, ის თავდაცვის სამინისტროების დონეზე მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან.
"ჩვენ პრეზიდენტისგან მივიღეთ ძალიან მყარი პირობა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ავსტრია არა მხოლოდ თავად იქნება აქტიური მხარდამჭერი, არამედ იზრუნებს იმისთვისაც, რომ კოლექტიური გადაწყვეტილება იყოს რაც შეიძლება სწრაფი და სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. უსაფრთხოების ნაწილში, ავსტრია, ცხადია, ცოტა უფრო განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობს, ნატოს არაწევრი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს თავდაცვის სამინისტროების დონეზეც და ერთ-ერთი საჯარო გამოსვლა, რომელიც მე მქონდა პარლამენტის შენობაში, სწორედ ავსტრიის ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიერ იყო ორგანიზებული. ასე რომ, ისინი ამ სფეროშიც აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან. ბევრი თემებია, ვისაუბრეთ მეტ ბიზნეს -კონტაქტებზე და ამისთვის არსებობს ბიზნესფორუმი საქართველო-ავსტრიის, რომელიც მალე ისევ ჩატარდება, ვისაუბრეთ განათლების საკითხებზე, იმიტომ, რომ ბევრი ქართველისთვის ავსტრია რჩება საინტერესო ადგილად განათლების მიღების თვალსაზრისით. პარლამენტთან გვექნება უფრო მჭიდრო კავშირი ახალგაზრდების სტაჟირებისთვის და სხვა დამატებითი შესაძლებლობის მიცემისთვის ამ ქვეყანაში სწავლის განმავლობაში" - განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური