ბიძინა ივანიშვილის განცხადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 24 ივნისი 2019 16:35

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.

თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.

მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.

იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც.

უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.

რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად აქვს „ქართულ ოცნებას“.

შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

და კიდევ ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, არის ის მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი;

ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთან, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.

გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრაზე გენდერული კვოტირების საკითხზე იმსჯელა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017 10:52

გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტზე იმსჯელა, რომელიც გენდერული კვოტირების საკითხს შეეხება.

კანონპროექტის თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს დაევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე წარადგინონ განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას დაუბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა, პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი.

კანონპროექტის მიღების მიზანია, პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დროებითი ნორმის შემოტანის გზით, წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება. კანონპროექტის ავტორია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი (Task force).

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და გენდერული თანასწორობის საბჭოსწევრმა, ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, კანონპროექტი შემოსულია 37 ათასი ადამიანის ხელმოწერით, პროცედურები გავლილია და კანონპროექტი კომიტეტებს განსახილველად გადაეცა.

მისი განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილება მიმართულია შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. 
„დიდი ხანია გენდერულ თანასწორობაზე და ქალთა მონაწილეობის გააქტიურებაზე სამუშაოები ტარდება და ასეთი კანონპროექტები სხვადასხვა ფორმით პარლამენტში იხილებოდა.

ეს შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში დაიგეგმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამ კანონპროექტის განხილვისას წამყვან კომიტეტად განისაზღვრა და ჩვენ ვგეგმავთ, რომ სამუშაო პროცესი, პირველ რიგში, ჩვენს კოლეგებთან დავიწყოთ. თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ამ იდეას მხარს უჭერს. შემოთავაზებული ცვლილება არ ეხება ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზეც პარტიებმა პოლიტიკური ნება გამოიჩინონ და მეტი ქალი კანდიდატი წარმოადგინონ საარჩევნო სიებში“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი და ენძელა მაჭავარიანი. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES Georgia), ქალთა პოლიტიკური გაძლიერების რესურსების ცენტრი, გენდერული თანასწორობის ქსელი, ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის, „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი და „ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“.

"ამომრჩევლებს მოვუწოდებ, იყვნენ აქტიურები" - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 12:18

ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. გიორგი მარგველაშვილმა ხმა მთაწმინდის მე-6 უბანზე უკვე მისცა. საქართველოს პრეზიდენტმა ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ამომრჩევლებს მოვუწოდებ, აქტიურები იყვნენ დღესაც, ისევე როგორც იყვნენ აქტიურები 8 ოქტომბერს. მივიდნენ უბნებზე, დააფიქსირონ თავიანთი ხმა. მე შევასრულე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა, მოვედი და გამოვიყენე ჩემი ხმის უფლება”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

„პარლამენტში რეალური პოლიტიკოსების დეფიციტი გვექნება“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 29 ოქტომბერი 2016 15:42

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე შეიცვალოს არჩევნების მეორე ტურში. საკმაოდ ადვილად პროგნოზირებადია მეორე ტური გამომდინარე იქიდან, თუ რა ხდებოდა აქამდე. გარდა იმისა, რომ სახელისუფლებო კანდიდატებს პირველ ტურებში ჰქონდათ საკმაოდ დიდი უპირატესობა, მეორე ტურებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული რესურსი. გარდა ამისა, მეორე პოლუსზე რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობაა დარჩენილი, ესეც გარკვეულ უპირატესობას აძლევს ხელისუფლებას იმიტომ, რომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ჯერ კიდევ არის ქართული ოცნების სასარგებლოდ." - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "სტარვიზიის" ეთერში. უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმინეთ რადიო star fm-ზე, "აქტუალური თემის" შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

ბრიტანეთის საელჩო არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 17:20

დიდი ბრიტანეთის საელჩო 2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებს დააკვირდება. პროცესი საერთაშორისო დამკვირვებლის მანდატით განხორციელდება. დიდი ბრიტანეთის და ჰოლანდიის საელჩოები, 30 ოქტომბერს, 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურებს დააკვირდებიან. 
დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმიტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქართული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას და საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდა. 
„8 ოქტომბერს ბევრმა ჩვენგანმა საერთაშორისო თანამეგობრობიდან მოვახერხეთ თბილისსა და ქვეყნის მასშტაბით, არჩევნების მიმდინარეობისთვის თვალი გვედევნებინა. ეს ყოველთვის საინტერესო პროცესია, ვინაიდან საქმე გვაქვს ნამდვილ, „ცოცხალ დემოკრატიასთან“. ვგეგმავ იგივე გავაკეთო 30 ოქტომბერსაც, როდესაც ბევრ ოლქში მეორე ტურები გაიმართება. იმედი მაქვს საქართველოს მოქალაქეები, შეძლებისდაგვარად გამონახავენ დროს და დააფიქსირებენ თავიანთ არჩევანს საარჩევნო ყუთებთან“, - განაცხადა ელჩმა. 

„ქართულმა ოცნებამ თავისი გაიტანა“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 15 ოქტომბერი 2016 17:41

„მიუხედავად სხვადასხვა მხრიდან მცდელობებისა, კრიზისის ფორმირება არ მოხდა. შეიძლება ითქვას, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უკვე დალაგდა მეტ-ნაკლებად პოლიტიკური მოზაიკა. ფაქტობრივად პირდაპირ თუ ირიბად ყველამ აღიარა ის ვითარება, რაც შეიქმნა პოლიტიკურ ველზე.  „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გაიტანა. მათი წინასაარჩევნო კონცეფცია ძირითადად აგებული იყო ორპოლუსიანობაზე, ანუ „კეთილი ძალა ვარ მე და ბოროტი ძალა არის ნაციონალური მოძრაობა“. ეს გააძლიერა შეთქმულების თეორიითა და ჩანაწერებით, რითაც ამომრჩეველი დატოვა ფაქტობრივად მესამე არჩევანის გარეშე.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.“

„გირჩი“ გამოტოვებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 10:30

„გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს საარჩევნო ბლოკი „პლატფორმა -პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“. ეს არის რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება, რადგან ბლოკს აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც ადამიანური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის, ისე ფინანსური კუთხით," - აღნიშნული განცხადება ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ გაავრცელა.

„გირჩმა"  საარჩევნო ბლოკის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად საკუთარი პრინციპების ერთგულება დაასახელა:
  „გირჩი“ არის საკუთარი პრინციპების ერთგული და არსებობს ზღვარი, რომელსაც ჩვენ არასოდეს გადავალთ. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, „გირჩი“ გამოტოვებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ ჩვენ დავრჩებით პარტიად, რომელმაც არსებობის ერთი წლის განმავლობაში შექმნა პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში. გირჩი რჩება პოლიტიკაში და განაგრძობს ბრძოლას იმ იდეებისა და ფასეულობებისთვის, რომლისაც სჯერა. შევხვდებით შემდეგ არჩევნებზე“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ირაკლი კობახიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 19:54

ჩვენს ინტერესებშია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან, სამართლიან გარემოში ჩატარება და ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. ჩვენ დღეს ვსაუბრობდით პროვოკაციების საშიშროებაზე, სამწუხაროდ, ორი მცირე ინციდენტი მოხდა დღეს, ორ სხვადასხვა რეგიონში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ  ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ჩვენ კიდევ ერთხელ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები. კარგია, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ მსუბუქი პროვოკაციებით შემოიფარგლა და რაიმე მძიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.კიდევ ერთხელ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რომ მომავალში მაქსიმალურად მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები.

ცესკოს განცხადება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 31 აგვისტო 2016 10:48

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომელთაც ცესკოს №60/2016 დადგენილების საფუძველზე მიენიჭათ უფლებამოსილება საპარლამენტო არჩევნებში ისარგებლონ იმავე რიგითი ნომრით, რომლის სარგებლობის უფლებაც მინიჭებული ჰქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიზნებისთვის, როგორც საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალა, ისე საერთო ეროვნულ ან/და ადგილობრივ მაუწყებელებში განთავსებული ფასიანი და უფასო რეკლამა არ უნდა შეიცავდეს იმ რიგით ნომერს, რომლის გამოყენების უფლება შესაბამის საარჩევნო სუბიექტებს, ამავე დადგენილების შესაბამისად, აქვთ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩატარდება წილისყრის პროცედურა ყველა შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისთვის და გამოიცემა რიგითი ნომრების შესახებ ცესკოს განკარგულება.

სოციალური და სხვა მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია ზემოაღნიშნული წესის სავარაუდო დარღვევების შესახებ, როგორც ბლოკი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“-ს, ისე ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ.

შესაბამისად, მოვუწოდებთ აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტებს, დაიცვან თანაბრობის პრინციპი და გაითვალისწინონ, - იმის მიუხედავად, რომ რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს/ბლოკებს ამ ეტაპზე ოფიციალურად არ წარუდგენიათ საარჩევნო ადმინისტრაციაში პარლამენტის წევრობის კანდიდატები, ისინი, როგორც რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ვალდებული არიან დაიცვან საკანონმდებლო მოთხოვნები და სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცესკო ასეთ ფაქტებს, დადასტურების შემთხვევაში, განიხილავს, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღვევას.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 მაისი 2016 13:23

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იწყებენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგს. 20 მაისს გამართულ პრეს კონფერენციაზე, მონიტორინგის დაწყების შესახებ განაცხადეს იანოშ ჰერმანმა - ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, და შომბი შარპმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.   
„ხაზი მინდა გავუსვა მედიის თავისუფლებისა და ხარისხიანი გაშუქების მნიშვნელობას არჩევნების პერიოდში. ჩვენთვის საამაყოა ხელი შევუწყოთ სანდო და პროფესიულ მედიამონიტორინგს, რომელიც შექმნის მედიის შესახებ ღია დიალოგის შესაძლებლობას და წვლილს შეიტანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2010 წლიდან ხელს უწყობენ მედიამონიტორინგის ჩატარებას საქართველოში. 2016 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, მედიამონიტორინგს განახორციელებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს - საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.
არჩევნების დაბალანსებული, მიუკერძოებელი და პროფესიული გაშუქების თვალსაზრისით შეფასდება ორმოცზე მეტი ტელეკომპანია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია საშუალება.
„მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ მედიამონიტორების ასეთ გამოცდილ გუნდთან. დარწმუნებული ვარ, რომ მედიამონიტორინგი დაეხმარება ქართველ ჟურნალისტებს, შეასრულონ თავისი პროფესიული მოვალეობა არჩვენების გაშუქებისას, და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ მსჯელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის როლის შესახებ“, - თქვა შომბი შარპმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.
საპარლამენტო არჩვენების მედიამონიტორინგი ჩატარდება 2016 წლის მაისიდან ნოემბრამდე. მონიტორინგის ანგარიშები ხელმისაწვდომი იქნება ვებ გვერდზე: www.MediaMonitor.ge და სოციალურ მედიაში: www.facebook.com/MediaMonitor.ge

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური