ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018 17:52

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე ხელის მოწერით როგორც ცენტრალური, ისე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები; იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ  გამჭვირვალედ;  უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს.

„დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთელმა საარჩევნო ადმინისტრაციამ, 73 საოლქო და  3637 საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა, ერთდროულად ხელი მოვაწერეთ ეთიკის კოდექსს, ეთიკის იმ პრინციპებს, რომელიც უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის წარმმართველი. ეს გახლავთ პირველ რიგში კანონის პატივისცემა, ჩვენი დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პროფესიონალური სტანდარტი და პროფესიული საქმიანობა. ამავდროულად უნდა აღვნიშნო, რომ ეთიკის კოდექსი განახლდა და წელს აქცენტი უფრო მეტად გაკეთებულია საჯაროობის პრინციპზე - გამჭვირვალობისა და საჯაროობის ხელშეწყობაზე. კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სწორედ ამ პრინციპების დაცვით ჩავატარებთ ძალიან კარგად ორგანიზებულ და გამჭვირვალე არჩევნებს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ეთიკის კოდექსი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 14 ოქტომბერი 2017 14:42

ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში დოკუმენტს ხელი ერთდროულად მოეწერა.

როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის რამდენიმე  ძირითად ნორმას აერთიანებს, ესენია: კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.

„დღეს, არჩევნებამდე ზუსტად 7 დღით ადრე, საარჩევნო ადმინისტრაციის, ყველა დონის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ერთდროულად მოვაწერეთ ხელი საარჩევნო ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსს. ეს ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის ნიშნავს  იმას, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავატაროთ ჩვენს საქმიანობაში ის პრინციპები, რასაც ეს კოდექსი აღიარებს. ეს არის  კანონის პატივისცემა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რომ  ვიმოქმედოთ გამჭვირვალედ და ჩვენი საქმიანობა იყოს მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისი. ვთვლი, რომ ამ პრინციპების გაზიარებას, გათავისებას და პრაქტიკაში გატარებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საარჩევნო ადმინისტრაცია წლებია უკვე სწორედ ამ პრინციპებს ემსახურება და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეთიკურად და მაღალპროფესიულად ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კოდექსის თანახმად საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები; უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.

ეთიკის კოდექსი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლების მიზნით შემუშავდა. 

ტრენინგი მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017 11:47

მედიასთან კომუნიკაციის საკითხებზე საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა ტრენინგი გაიარეს.

სწავლება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ გახსნეს. როგორც გიორგი შარაბიძემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სანდო, დროული, ზუსტი ინფორმაციის გაცემა მედიასთან ეფექტური ურთიერთობის არსებითი საფუძველია.

მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე ესაუბრა ტრენინგის მონაწილეებს ჟერომ ლეღო და განაცხადა, რომ საოლქო კომისიების თავმჯდომარეები რეგიონებში არჩევნების სახეს წარმოადგენენ და მედიის წარმომადგენლებთან მათი ეფექტური კომუნიკაცია საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მედიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებსა და ინტერვიუს მიცემის ტექნიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ქეთი მაისურაძემ  და ფონდის ექსპერტმა თამარ მამულაშვილმა ჩაატარეს.

3 დღიან ტრენინგი ცესკომ IFES-ის მხარდაჭერით განხორციელა.

 

 

 

საარჩევნო ადმინისტრაციის საზოგადოებრივი აქცია - „იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 10 სექტემბერი 2017 16:04

საარჩევნო ადმინისტრაცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განაგრძობს ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.

ამომრჩეველთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკოს ”სწავლების ცენტრის” თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს საგანმანათლებლო პროექტის ”ვესაუბრებით ამომრჩევლებს” მეორე ეტაპის განხორციელება. აღნიშნული ეტაპის მთავარი მიზანია მოქალაქეთა ინფორმირება და აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ აქციაში -  „იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“.

ინფორმირების კამპანიას უახლოეს დღეებში შეუერთდებიან 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებიც ამომრჩევლებთან შეხვედრებს გამართავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დაეხმარებიან მოქალაქეებს გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიაში და ასევე, დამატებით მიაწოდებენ ინფორმაციას 2017 წლის არჩევნებისა და  მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.

ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების  მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.

2017 წლის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამომრჩევლები მონაცემების გადამოწმებას, გარდა ანდროიდის სისტემაზე მორგებული აპლიკაციისა, წელს უკვე iOS-ის სისტემის მობილურისა და პლანშეტის გამოყენებითაც შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, ადაპტირებული ვებგვერდის საშუალებით უსინათლო ამომრჩევლები შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.

მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა წელს ცესკომ ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებსაც - ისინი ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ვიდეო ზარის საშუალებით ჟესტურ ენაზე მიიღებენ და შეძლებენ  გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

ამომრჩევლებს სიებში მონაცემების გადამოწმება საარჩევნო უბნებზეც შეეძლებათ. კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული იქნება არაუგვიანეს 21 სექტემბრისა.

იმისათვის რომ, კანონმდებლობით უფლებამოსილ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან არიან მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ მოქალაქეებს:

აღნიშნულ მოქალაქეებს ცესკო შეახსენებს, რომ ისინი 14 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოცხადდნენ სააგენტოში (იუსტიციის სახლებში) და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ მიუთითონ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

რეგისტრაციის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, - კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლდებიან მომსახურების გადასახადისგან, რის შესახებაც დეტალური ინფორმაციის მიღება სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი და ონლაინ ოპერატორი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დაგვიკავშირდნენ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური