ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 12:10

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ფეისბუქ გვერდის ინფორმაციით,  დაკავებულია 1974 წელს დაბადებული, რუსთავში მცხოვრები პირი. 
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოიძიება. დაკავებულმა დე-ფაქტო საზღვარი 13 თებერვალს გადაკვეთა. 

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სნაიპერების წვრთნები დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 12:03

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების სნაიპერების წვრთნები დაიწყო.  სნაიპერებს პირობითი მოწინააღმდეგისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების დავალება მიეცათ.
გარდა ამისა, სნაიპერებს ასწავლიან ყალბი საცეცხლე წერტილების მოწყობას მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ასევე ძირითად პოზიციაზე შეუმჩნევლად გასვლას და მასკირებას მოწინააღმდეგესთან მოულოდნელი შეხვედრის დროს.
წვრთნების დროს ძირითადი ყურადღება გამახვილდება სნაიპერების მოქმედებაზე მთიანი რელიეფის პირობებში.

თანამედროვე ქართულ–რუსული ურთიერთობების ასპექტები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2015 17:17

მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა,  პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი დროით ჩიხში შევიდა. რამ გამოიწვია ურთიერთობების უკიდურესად გართულება ორ მეზობელ ქვეყანას შორის, როგორია ამ ურთიერთობების დინამიკა და არსებობს თუ არა მისი გაუმჯობესების პერსპექტივები? ეს ის აქტუალური საკითხებია, რომელიც  ქართული და რუსული საზოგადოების დიდ ნაწილს აღელვებს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (სამაჩაბლოში) განვითარებული კონფლიქტების შედეგად, რუსულ–ქართული ურთიერთობები უკიდურესად გამწვავდა.  2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის შედეგად, რუსეთმა აღიარა საქართველოს 2 რეგიონის დამოუკიდებლობა.  ამან რუსეთის პოლიტიკური იმიჯი საქართველოში საგრძნობლად შელახა. რუსეთი საქართველოში ოფიციალურად განიხილება, როგორც აგრესორი ქვეყანა და უკვე 7 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები 2 ქვეყანას შორის გაწყვეტილია.
რა შეიცვალა რუსულ–ქართულ ურთიერთობებში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ? 3 წლის წინ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რამდენიმე შეხვედრის შედეგად, თანდათანობით აღდგა სავაჭრო–ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, ასევე სატრანსპორტო მიმოსვლა. რთული ურთიერთობების მიუხედავად, შეიცვალა ოფიციალური თბილისის რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში; აღდგა რუსეთის წამყვანი სატელევიზიო არხების მაუწყებლობა საქართველოში.
პარალელურად, 2 ქვეყნის წარმომადგენლები დისკუსიებს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებშიც მართავენ. შეიძლება ითქვას, რომ აქამდე გამართული 33 რაუნდი პრაქტიკულად  უშედეგოდ დასრულდა, თუმცა, ქართული მხარე მისი გამართვის აუცილებლობას ეჭვქვეშ არ აყენებს და მისი გაგრძელების საჭიროებას უსვამს ხაზს.  „მანიაკალური მტრობა, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ღვივდებოდა, წასულში დარჩა“, –განაცხადა აბაშიძე–კარასინის ერთ–ერთი შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა.
მიუხედავად ურთიერთობების ერთგვარი დათბობისა, რუსეთში არ განიხილება საქართველოს 2 რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვა და ამ რეგიონებიდან რუსული სამხედრო ნაწილების გაყვანის საკითხი. ამდენად, ეს საკითხი ორი ქვეყნის ურთიერთობებს „წითელ ხაზად“ გასდევს. შესაბამისად, დღის წესრიგში არ დგას მეზობელ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის და ფართომასშტაბიანი პოლიტიკური დიალოგის დაწყების საკითხები. ერთი მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც დარღვეულია, ხოლო საქართველო განაგრძობს არაღიარების პოლიტიკის უზრუნველყოფას. მეორე მხრივ, ამ 2 რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებენ რუსეთის ფედერაცია, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. რთული სათქმელია, თუ როდემდე გაგრძელდება ეს მდგომარეობა და დაირღვევა თუ არა ამ მხრივ სტატუს–ქვო უახლოეს ან უფრო შორეულ მომავალში.
ფაქტია, რომ ჯერ კიდევ 90–იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში არ წარმოებდა კავკასიის და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ რუსეთის და მისი პოლიტიკის ღრმა ანალიზი, აგრეთვე იმის ანალიზი, თუ რა პოზიციას დაიკავებდნენ და რომელ მხარეს დადგებოდნენ აფხაზები და ოსები რეგიონში სიტუაციის გამწვავების სემთხვევაში. შესაბამისად, საქართველოს სახელისუფლებო წრეების ბოლომდე გაუთვლელი პოლიტიკის და რუსეთის შესაბამისი აგრესიული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ დროებით კონტროლი დაკარგა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ხოლო პოლიტიკური ურთიერთობები 2 ქვეყანას შორის ჩიხში შევიდა.
ამ პირობებში, საქართველო აგრძელებს მკვეთრად გამოხატული ევროატლანტიკური ორიენტაციის მატარებელ საგარეო–პოლიტიკურ კურსს, რომელიც მიზნად ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს. სხვა საკითხია, თუ რამდენად რეალურია ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება იმ პირობებში, როცა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია.
მიუხედავად რთული პოლიტიკური ურთიერთობებისა, ერთმორწმუნე რუსებს და ქართველებს გაცილებით მეტი რამ აკავშირებს, ვიდრე ყოფს. ისინი პატივს სცემენ ერთმანეთის კულტურას, ხელოვნებას, ისტორიას, ტრადიციებს. ქართველები და რუსები ერთად იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ. ბოლო წლებში კვლავ აქტიურდება საზოგადოებრივი და კულტურული ურთიერთობები.
თბილისში  ბოლო რამდენიმე წელია, წარმატებით ტარდება რუსული კინოს ფესტივალი. რუსული კინოს 4 თბილისური ფესტივალის შემდეგ, სულ ახლახანს, ნოემბრის დასაწყისში, უკვე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ქართველ მაყურებელს საშუალება ჰქონდა, კვლავ გაცნობოდა რუსული კინოს თანამედროვე შედევრებს. ორიოდე კვირის წინ თბილისში საზეიმოდ აღინიშნა გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის 170 წლის იუბილე. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის თბილისურ სპექტაკლებზე (გაიმართა 3,4 და 5 ნოემბერს) ყველა ბილეთი წინასწარ იყო გაყიდული.  
სულ უფრო ხშირია კონტაქტები ორი ქვეყნის ექსპერტულ წრეებს შორის, რომლებიც გულახდილად ცდილობენ გამოსავლის ძიებას იმ რთული ურთიერთობებიდან, რომელიც 2 მეზობელ სახელმწიფოს შორის წამოიშვა. საქართველოში ყოველწლიურად მატულობს რუსი ვიზიტორების რაოდენობა. მით უმეტეს, რომ მათთვის საქართველოში სტუმრობა უვიზოდაა შესაძლებელი.
სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს ეგვიპტეში მომხდარი რუსული საჰაერო ხომალდის ჩამოვარდნის და პარიზში განხორციელებული საშინელი ტერორისტული აქტის შემდეგ საქართველოს ტურისტული მიმზიდველობა რუსეთისთვის კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი რუსეთში გასამგზავრებლად კვლავინდებურად სავიზო რეჟიმი მოქმედებს, რაც ხელს უშლის ორი ქვეყნის შემდგომ დაახლოებას.
თუ როგორ განვითარდება ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის უახლოეს მომავალში, დიდწილად 2 სახელმწიფოს ხელმძღვანელთა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, პოლიტიკური კონტაქტები უმნიშვნელო ხასიათს ატარებს. პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები „წითელი ხაზების“ არსებობისა და ურთიერთკომპრომისების არარსებობის პირობებში ჯერჯერობით არ იკვეთება. მიუხედავად ამისა, პოლიტიკის მიღმა, ერთმორწმუნე რუსები და ქართველები მშვენივრად ახერხებენ ურთიერთობას; საქართველოში დიდ პატივს სცემენ მდიდარ რუსულ კულტურას, რომელიც მსოფლიო კულტურის საგანძურის ღისეული ნაწილია და პირიქით, რუსეთში უყვართ ქართული კულტურა და ტრადიციები, რაც სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

ვასო კაპანაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 16 ივლისი 2015 19:42

2015 წლის 15 ივლისს დაიწყო რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის ფართომასშტაბიანი წვრთნები სამხრეთის სამხედრო ოლქში, ამასთან წვრთნები მიმდინარეოს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ცხინვალის რეგიონში. წვრთნებში მონაწილეობს 58-ე არმიის 1500-ზე მეტი არტილერისტი. წვრთნებში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეიარაღება, როგორიცაა 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები «Акация», «Мста-С» და «Мста-Б»,  ზალპური ცეცხლის რეაქტიული საშუალებები «Град», «Торнадо-Г» და «Ураган», ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები «Штурм-С» , ნაღმტყორცნები «Поднос» და «Сани». სულ წვრთნებში მონაწილეობს 300 ერთეული სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღება.

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს პროვოკაციული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას, საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამასთან, შეშფოთების საფუძველს ქმნის აგრეთვე რუსეთის ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ბანერებს დამონტაჟების განახლება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის დაწყებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიული ქმედებების ამ მორიგ გამოვლინებას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ აღკვეთოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული ქმედებები.
 

სოფელ ძევერაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის რეგიონისთვის ამერიკის დახმარების კოორდინატორი და USAID-ის მისიის დირექტორი იმყოფებოდნენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
კვირა, 17 მაისი 2015 14:58

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის რეგიონისთვის ამერიკის დახმარების კოორდინატორი, ალინა რომანოვსკი და USAID-ის მისიის დირექტორი, სტივენ ჰეიკინი, შიდა ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში ჩავიდნენ და  იმ ოჯახებს შეხვდნენ, რომელთაც დახმარება გაეწიათ USAID-ის მიერ დაფინანსებული ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) პროექტის  ფარგლებში.

პროექტი NEO-ს მიმდინარე დახმარება ითვალისწინებს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე 31 სოფლიდან 135 ფერმერის მიერ წარმოების მასშტაბის გაზრდას. აქ ღია გრუნტში და სათბურებში, დაახლოებით 37 ჰექტარ ფართობზე, აწარმოებენ ბოსტნეულს, მწვანილსა და ჟოლოს, წარმოების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ამ დახმარების შედეგად მოსახლეობისათვის შეიქმნება თითქმის 950 სეზონური სამუშაო ადგილი.

პროექტის ხელშეწყობით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე თემებში განხორციელებული 15 მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურის პროექტის დადებითი შედეგები 1 750 ოჯახზე აისახა.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური