ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა მიუღებელია - ვლადიმერ კონსტანტინიდი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 ოქტომბერი 2019 17:05

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავება წარმოადგენს ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. მიუღებელია მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, რამდენადაც ის წარმოადგენს მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო და ქმედით მექანიზმს და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, 24 ოქტომბერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებული ძალების მიერ, ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრულის დაკავების შესახებ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი განიხილება დღეს გამართულ, საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიულ შეხვედრაზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ამოცანას - 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას. ქართული მხარე ასევე მკაცრად დასვამს საკითხს დღეს - ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგ შეხვედრაზე.“-აღნიშნა კონსტანტინიდმა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019 10:28

2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად - საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

აღსანიშნავია, რომ წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 44 მეტი ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად  უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ 44 ქვეყნის სახელითაა, და მას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

რეზოლუციის წარდგენისას, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუცია ეფუძნება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს. ბატონმა იმნაძემ,   ხაზგასმით განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკიდურესად შემაშფოთები რჩება. მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ასევე, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის უახლესი ანგარიშის ნახვა დიდ გულისტკივილს იწვევს, სადაც აღწერილია ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების „ტრაგიკული დაღუპვა“ საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას. ასეთი შემთხვევები ხშირია: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია.

სხდომაზე აგრეთვე გაკეთდა შემდეგი მხარდამჭერი განცხადებები: სუამ-ის ქვეყნების სახელით ისაუბრა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა; ჩრდილო ევროპული და ბალტიის ქვეყნების სახელით განცხადება გააკეთა ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა, რომელსაც მიუერთდნენ ბულგარეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ნიდერლნდები, პოლონეთი და სლოვენია. მხარდამჭერი ეროვნული განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მუდმივმა წარმომადგემლებმა.

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში.

საქართველოს დიპლომატიური სამსახური მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან აღნიშნული საკითხი, მის საბოლოო გადაჭრამდე, რომელიც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანდგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 10 წლის თავზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 13:05

2018 წლის 7 აგვისტოს 10 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და შედეგად საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ. 
 
სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიითა და შემდგომი უკანონო ნაბიჯებით, რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები და შექმნა სახიფათო პრეცენდენტი დამკვიდრებულ საერთაშორისო წესრიგზე იერიშის მიტანის თვალსაზრისით. რუსეთის ქმედებები 2008 წელს ნაკარნახევი იყო ევროპაში საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ძირის გამოთხრის ამბიციით.
 
ათი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1-15 აგვისტოს მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე და ასობით სამხედრო ტექნიკა, წარმოადგენს უპრეცენდენტო ხასიათის მცდელობას რუსეთის მხრიდან, მოახდინოს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ამავდროულად წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას.
 
რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს
 ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო. საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრება, მუდმივი გატაცებები და უკანონო დაკავებები რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან ახდენს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს დესტაბილიზაციას. ამ უკანონო პროცესების შედეგად, არაერთი ოჯახი გაიყო, ბევრმა ადამიანმა დაკარგა წვდომა საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რელიგიური მნიშვნელობის ადგილებსა და სასაფლაოებზე. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები აერთიანებს ისეთ მძიმე შემთხვევებს, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დარღვევები, აგრეთვე მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, რაც გაუსაძლისს ხდის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას.
 
მაშინ, როცა ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველობა რჩება ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაციის სამიზნედ. სამი დევნილი პირის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტები ნათლად წარმოაჩენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელებულ დაუსჯელობის სინდრომს და ეთნიკურ ნიადაგზე წახალისებულ ძალადობას.
 
მუდმივი პროვოკაციული ნაბიჯების პასუხად, საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების დღის წესრიგს. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებისათვის, რათა სათანადო გადაწყვეტა მოუძებნოს რუსეთ-საქართველოს შორის გადაუჭრელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა პრობლემებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის.  სრულად იცავს რა ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს, საქართველომ არაერთხელ ცალმხრივად დაადასტურა და  პირნათლად ასრულებს ძალის არგამოყენების ვალდებულებას, რუსეთის  მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში.
 
ამავდროულად, საქართველომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურა ძალისხმევა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების ჩართულობისა და შერიგების მიმართულებით. ამ კონტექსტში, საქართველოს მთავრობამ წარადგინა ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე გაყოფილ საზოგადოებებს შორის ხალხთაშორისი კონტაქტებისა  და ნდობის აღდგენის გაძლიერებას.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდად აფასებს საერთაშორისოსაზოგადოების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ. ქართული მხარე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიზნით.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს თავისი უკანონო ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ, შეცვალოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ აღიარების გადაწყვეტილება და სრულად მოახდინოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ჰამი აქსოის განცხადება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 10:59

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ჰამი აქსოის განცხადება, სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დასმულ შეკითხვაზე

საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარებასა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, გაეროს ქარტიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების უხეშ დარღვევას.

ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს თურქეთის საელჩო საქართველოში. 

დე ფაქტო აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" ინფორმაციით, სირიამ მათი დამოუკიდებლობა აღიარა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 მაისი 2018 13:18

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ იუწყება.

როგორც ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, სირიისა და „სამხრეთ ოსეთის“ ერთმანეთის აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილება დღეიდან შედის ძალაში.

თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთსა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება დაიდო“.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ სირიის ხელისუფლების ამ ნაბიჯს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით განვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დროში სირიაში მშვიდობა დამყარდება და მისი ხალხი მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდება’, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას 2018 წლის ბოლომდე კიდევ ერთი სახელმწიფო აპირებს. 

„აფხაზები და ოსები იმედგაცრუებულები არიან რუსეთისგან“ - პაატა ზაქარეიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:53

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში განაცხადა, რომ  აფხაზები და ოსები იმედგაცრუებულები არიან რუსეთისგან, რადგან მათ ვერ მიიღეს ის, რასაც მოელოდნენ და რომ რუსეთი მათ რეალურ დამოუკიდებლობას არასოდეს დაუშვებს. „აფხაზებმა და ისებმა ის ვერ მიიღეს, რასაც მოელოდნენ რუსეთისგან და საკუთარი დე-ფაქტო ხელისუფლებისგან. ისინი ხედავენ, რომ კორუფცია ყველაფერს ჭამს და ანადგურებს. ეს ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულ შანსს არ აძლევს საქართველოს, მაგრამ, მათ აქვთ ისეთი განცდა, რომ რუსეთმა ისინი მიატოვა და რომ ისინი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი არ არიან.  იქ მცხოვრები ყოველი მეორე მოსახლე ნამყოფია თანამედროვე საქართველოში და ხედავენ როგორ ვითარდება საქართველო, როგორ ვითარდება დემოკრატია. ხედავენ, რომ საქართველო აშკარა ლიდერია პოსტსაბჭოთა სივრცეში.“

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9fRPUgIhVtQ

„ ოკუპაციით წაგებული თავად რუსეთი დარჩა“ - პაატა ზაქარეიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:51

„რუსეთმა თავისას ვერ მიღწია. მუქარითა და  საქართველოსთვის ტეროტორიის წართმევით და ის ფიქრობდა, რომ საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ მიაბრუნებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. საქართველო სულ უფრო და უფრო მიდის ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. თუ კი ვინმემ წააგო ამით, პირველ რიგში რუსეთმა.“ -  განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9fRPUgIhVtQ

„რუსეთი არასოდეს დაუშვებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეალურ დამოუკიდებლობას“ - პაატა ზაქარეიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:48

„ერთმა აფხაზმა მაღალჩინოსამნა ერთხელ მითხრა, რომ ადრე მათ ჰქონდათ დამოუკიდებლობა, მაგრამ არ ჰქონდათ აღიარება, დღეს მათ აქვთ აღიარება, მაგრამ არა აქვთ დამოუკიდებლობა. მათ, განსაკუთრებით ყირიმის ამბების შემდეგ, გაიგეს, რომ რუსეთი სინამდვილეში არასოდეს დაუშვებს  /აფხაზეთის და სამხერთ ოსეთის/ ნადვილ, რეალურ დამოუკიდებლობას.“ -  განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9fRPUgIhVtQ

„ტერიტორიის მონიშვნა არ ნიშნავს, რომ შენ აკონტროლებ სიტუაციას“ - პაატა ზაქარეიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:44

„ტერიტორიის მონიშვნა არ ნიშნავს, რომ შენ აკონტროლებ სიტუაციას. დღეს აიფონი აკონტროლებს სიტუაციას. იყო ქვის ხანა, ქვა დარჩა, მაგრამ ქვის ხანა წავიდა. ასევ წავიდა ბრინჯაოს ხანა. ნავთობი დიდხანს იქნება, მაგრამ ნავთობის ხანაც წავიდა უკვე.  სრულიად სხვა ეპოქაა დღეს, 21-ე საუკუნეში, რუსეთს კი, რომელიც ჩარჩა გასულ საუკუნეში, ეს არ ესმის.“  -  განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9fRPUgIhVtQ

 

„რუსულ ენაზე გადაცემების გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია“ - პაატა ზაქარეიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:35

„ძალიან კარგია, რომ გადადიხართ მაუწყებლობის ახალ ფორმატზე, რუსულ ენაზე გადაცემების გაკეთება ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკმაოდ დიდი სეგმენტია ქართულ საზოგადოებაში რუსულენოვანი მოსახლეობის, რომელთათვისაც რუსულ ენაზე ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანია...აფხაზები და ოსები უსმენენ მხოლოდ რუსულენოვან გადაცემებს და იქ ძალიან იშვიათად არის მათ შესახებ ინფორმაცია.    აუცილებელია, შეიქმნას რუსულენოვანი სახლემწიფო არხი, იმის მსგავსი, როგორიც იყო „პიკი“ ნაციონალური მოძრაობის დროს. თუმცა, იქ გადაცმები პროპაგანდისტული იყო და „ყიდდა“ არა  ისეთ საქართველოს, როგორც სინამდვილეში იყო. ეს კი უნდა იყოს საინფორმაციო არხი, სადაც საუბარი იქნება იმაზე, თუ რა ხდება აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9fRPUgIhVtQ

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური