მუხროვანში სპეცდანიშნულების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 07 ივნისი 2016 17:43

მუხროვანში სპეცდანიშნულების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.  ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ.

კურსი 14 თვის განმავლობაში  გრძელდებოდა და მისი მიზანი სპეცდანიშნულების მებრძოლთა სხვადასხვა სამხედრო დისციპლინაში მომზადება იყო.  მოსამზადებელ ეტაპზე სწავლება 350-მა სამხედრო მოსამსახურემ დაიწყო, თუმცა კურსის დასრულება მხოლოდ 15-მდე ჯარისკაცმა მოახერხა. სამხედროებმა საცეცხლე, ტაქტიკური, ტოპოგრაფიული და სხვა ტიპის სპეციალური დანიშნულების მომზადება გაიარეს.


კურსდამთავრებულ სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები გენერალური შტაბის უფროსმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა გადასცეს. 

3 წელი 7 ქართველი სამხედროს დაღუპვიდან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 06 ივნისი 2016 17:47

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ორბზე“ განხორციელებული თავდასხმიდან 3 წელი გავიდა. 6 ივნისის თავდასხმას 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები: კაპრალები - თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები - ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი ჰელმანდის პროვინციაში, 2013 წლის 6 ივნისს მოწინავე საპატრულო ბაზა "ორბზე" განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები, მისიის შესასრულებლად, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში 2013 წლის აპრილიდან იმყოფებოდნენ.

საქართველოს თავდაცვის უწყება კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას, არასდროს დაივიწყებს მათ მიერ გაღებულ მსხვერპლსა და ქვეყნისა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს.

ქაბულში ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გაიხსნა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 06 ივნისი 2016 10:07

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ქაბულში, RSM-ის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გაიხსნა. ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკა აგლაძე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე და უწყების სხვა პირები. ცერემონიალზე ქართულ დელეგაციასთან ერთად უცხოელი სამხედრო წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მემორიალის გახსნის შემდეგ კაპელანმა მამა გიორგიმ პარაკლისი გადაიხადა. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი 42-ე ბატალიონის ასეულის პირად შემადგენლობას შეხვდა.

 „შესაძლებლობა გვქონდა გავსაუბრებოდით ჩვენს სამხედროებს. ქართველმა საზოგადოებამ იცის, რომ გაეროს მისიაში აქ, ავღანეთში ძალიან მაღალ თანამდებობაზე მსახურობს ქართველი გენერალი ჩაჩიბაია, რომელიც შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იმყოფებოდა. ვისაუბრეთ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, იმ ძირითად გამოწვევებზე რომელიც ავღანეთში არსებობს, შესაძლებლობებზე, 2017 წლის გეგმებზე. ასეთ დრო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ ნებისმიერი ხელისუფლების ვალია, უშუალოდ იმ ხალხისგან მიიღოს პირველადი ინფორმაცია, ვინც ცხელ ზონაში იმყოფება და ვისაც წვდომა აქვს კონკრეტულ ფაქტებთან, წვდომა აქვს შესაძლებლობებთანაც და წვდომა აქვს მოთხოვნების იმ რესურსთან, რომელიც არსებობს. დღეს ავღანეთში ვითარება არ არის იმდენად სტაბილური, ვივარაუდოთ, რომ აქ რამე მისია მალე დასრულდება და, შესაბამისად, ჩვენ ბუნებრივია, მოგვიწევს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება პარტნიორებთან ერთად“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამართული შეხვედრების შემდეგ ნატოს წევრ ქვეყნებში ვიზიტებს განაახლებს. ავღანეთიდან ის ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 17 მაისი 2016 16:00

III მსუბუქი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს. სწავლების პროცესს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრო.

„წელს შეიარაღებულ ძალებში გაიმართება, წინა წლებთან შედარებით, ყველაზე ფართომასშტაბიანი სწავლება „დიდგორი 2016“ . მიმდინარე სწავლების მიზანია,   „დიდგორი 2016“-ისთვის მომზადება,  რათა სარდლობის შტაბმა და დაქვემდებარებულმა ქვედანაყოფებმა  უკეთ  გაიარონ ის პროცედურები, რომელიც აუცილებელია სამხედრო გადაწყვეტილების მიღებისა და კოორდინაციისთვის“,- აღნიშნა დასავლეთ სარდლობის სარდალმა.

სამხედრო წვრთნების მიზანი „დიდგორი 2016“-ის სწავლებისთვის ბრიგადების, ბატალიონების და ასეულების შტაბების მომზადებაა. სწავლების ამოცანაა ბრიგადისა და ბატალიონის შტაბებში სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის წარმართვა, შტაბების მიერ საშტაბო და კრიზისული ვითარების დროს დაგეგმარების ჩატარება; შტაბების მომზადების დონის ამაღლება მართვისა და კონტროლის პროცედურების შესრულებაში; მართვის პუნქტების მოქმედებების შეფასება და სტანდარტიზაცია; რეალურთან მიახლოებულ სცენარში შტაბების მიერ ოპერაციების სინქნორიზაცია და ინტეგრაცია.

სწავლებაში დასავლეთ სარდლობის შტაბის, III ქვეითი ბრიგადის, II საარტილერიო ბრიგადის და სწავლების მხარდამჭერი ქვედანაყოფის 360 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სწავლებას დასავლეთ სარდლობის შტაბიდან გამოყოფილ დამკვირვებლებთან ერთად აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აკვირდებიან.

სამეთურო-საშტაბო სწავლება  III ბრიგადის ტერიტორიაზე 20 მაისამდე გაგრძელდება.

ნატოს ლიცენზირებული ასეული

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 11 მაისი 2016 13:32

სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ დაწყების შემდეგ საქართველოს პირველად ეყოლება ოფიციალურად ნატო-ს მიერ ლიცენზირებული ასეული, - ამის შესახებ საქართველოს თავდცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სწავლების დაწყებამდე განაცხადა. თინა ხიდაშელის თქმით, 26 მაისს, “ბრიტანელები და ამერიკელი ბიჭები” იდგებიან ქართველ სამხედროებთან ერთად.
მისივე განმარტებით, უშუალოდ თვითონ როგორც თავდაცვის მინისტრი საქართველოს და შეიარაღებულ ძალებს მიმართავს ყველაზე უფრო მაღალი პოდიუმიდან. „მე მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ვინაიდან ისტორიული მომენტის მომსწრე ვართ ყველანი - მნიშვნელოვანი და განსხვავებულია ეს სწავლება, ვინაიდან საქართველოში არასოდეს არც ერთ სამხედრო სწავლებაში ამდენ პარტნიორს მონაწილეობა არ მიუღია. ეს არის ყველაზე დიდი სწავლება, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკული ტექნიკა და ტანკები არიან სწავლებაში წარმოდგენილი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს სამხედროებს შესაძლებობა ეძლევათ აქ, საკუთარ მიწაზე გამოსცადონ და მიიღონ მაღალი პროფესიული გამოცდილება იმ ტექნიკასთან ურთიერთობაში, რომელიც ნატო-ში ძალიან ხშირად არის წარმოდგენილი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 
მისივე თქმით, აღნიშნული სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ასეთი ღონისძიებების დროს ჩდება და მყარდება რწმენა, რეალური თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, რომელიც საქართველოს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან აქვს.
თავდაცვის მინისტრის თქმით, სწორედ ასეთ ვითარებაში იჭედება მეგობრობა და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. 
11-24 მაისს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ (Noble Partner 2016) ჩატარდება. სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დღეს გაიხსნა. 

დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის იბრძოლებენ

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 03 მაისი 2016 10:39

დღეს, გამთენიისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლაში დაჭრილი ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე გერმანიაში გაემგზავრა. უმცროსი სერჟანტი ჯონი თოფურია და კაპრალი თენგიზ დიასამიძე პარაკანოე კაიაკის რიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად სალიცენზიო შეჯიბრებაში იასპარეზებენ. 
გარემოსთან ადაპტაციის მიზნით, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში შეჯიბრებამდე 10 დღით ადრე გაემგზავრნენ. სამხედროები აეროპორტში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცილეს.
პარაკანოე კაიაკის რიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო შეჯიბრება გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში 13-დან 19 მაისის ჩათვლით გაიმართება. სალიცენზიო შეჯიბრებაში გამარჯვებულები ბრაზილიაში, რიოს ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.

თავდაცვის მინისტრმა დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 02 მაისი 2016 14:59

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდა. თინათინ ხიდაშელმა, სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო, მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრებს გაესაუბრა.

თავდაცვის მინისტრთან ერთად მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრის პიორველი მოადგილე დავით ებრალიძე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნკი ნიკოლოზ აგლაძე იმყოფებოდა. 
„ყველა დღე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია ამ ტიპის ურთიერთობა ახლობლებთან, იმ ადამიანებთან ვინც მოდიან საფლავებზე და ერთმანეთს უზიარებენ ამ დროს საკუთარ ისტორიებს, საკუთარ ტრაგედიებს, საკუთარი შვილების გმირობის ამბებს. ამიტომ, მრავალმხრივ საინტერესო არის ხოლმე აქ მოსვლა, როდესაც სხვადასხვა ოჯახის წევრები იმყოფებიან და მათგან ისმენ ამბებს, მათი შვილები როგორ იზრდებოდნენ, რა გარემოში იზრდებოდნენ და როგორ ყალიბდებოდნენ გმირებად. ჩვენ სულ ვამბობთ და მინდა, მუდმივად გვახსოვდეს, რომ ძალიან სახელოვანი ისტორია გვაქვს, მაგრამ არანაკლებ სახელოვანი აწმყო. რეალობის აღქმისთვის, იმის დასანახად, რა პრობლემების წინაშეა დღეს ჩვენი ქვეყანა, რა ტიპის გამოწვევების წინაშეა, სწორედ, ეს აწმყო, სწორედ ეს გმირები რომლებიც ჩვენს გვერდზე, ჩვენს გვერდით ქუჩებში იზრდებოდნენ, ჩვენს სკოლებში დადიოდნენ და შემდეგ ქვეყნის თავისუფლებას შეეწირნენ, სწორედ, მათი ისტორიები არის ყველაზე საუკეთესო დასტური და ყველაზე საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევების მიმართ. ჩვენი ქვეყანა ხშირად არის ხოლმე არჩევანის წინაშე და ყოველი ასეთი არჩევანის გაკეთების დროს ალბათ ეს არის ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც უნდა მოხვიდე და დაფიქრდე, ვიდრე არჩევანს გააკეთებ. ჩვენ დღეს თავდაცვის სამინისტროში გავხსენით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში და მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი და კიდევ ერთი ადგილი შეემატა ჩვენს დედაქალაქს, სადაც აი ასეთი გახსენების, ჭეშმარიტების მომენტი დგება ხოლმე, როდესაც განსაკუთრებული არჩევანის წინაშე დგახარ, საით წახვიდე. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად გვახსოვდეს ეს ისტორიები, გვახსოვდეს ეს ადამიანები და გვახსოვდეს ის, რომ ნებისმიერ ეპოქაში შეიძლება დაიბადო გმირად“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად, მუხათგვერდიდან თავდაცვის მინისტრმა და უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანეზე“ გადაინაცვლეს. მათ დაღუპულ გმირთა საფლავები ყვავილებით შეამკეს და ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ.

აღდგომის დღესასწაული ბაგრამის ბაზაზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 02 მაისი 2016 12:56

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, თბილისიდან ჩასულ დელეგაციასთან, 52-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეულის სამხედროებთან ერთად, ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეხვდა.

გენერალთან ერთად ავღანეთს ესტუმრნენ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარიძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე და ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ანზორ გოგუაძე. მათ ქართველ ჯარისკაცებს ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული მიულოცეს.

სტუმრები საეკლესიო ლიტურგიას ბაზაზე დისლოცირებული ქვედანაყოფების ჯარისკაცებთან ერთად დაესწრნენ, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში, ავღანეთში ქართული კონტინგენტის მოძღვარმა, მამა ზაქარიამ ჩაატარა. საზეიმო ლიტურგიას ქართველებთან ერთად ამერიკელი, რუმინელი, ბოსნიელი მართლმადიდებლური აღმსარებლობის სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.

ქალი სამხედროების სარვამარტო მილოცვა ავღანეთიდან (ვიდეო)

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 მარტი 2016 10:33

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში  "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მყოფი ქართული ქვედანაყოფების - 22-ე ბატალიონის, 23-ე ბატალიონის „ალფა“  ასეულისა და 32-ე ბატალიონის „ბრავო“  ასეულის შემადგენლობაში, მამაკაცებთან ერთად, ქალი სამხედროებიც მსახურობენ. ქართველი ქალები პირნათლად ასრულებენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს - ბაზების გამშვებ პუნქტებზე ჩხრეკას, უშუალოდ ბაზის ტერიტორიაზე შემოსული პირების ესკორტირებასა თუ ყოველდღიურ საშტაბო საქმიანობას.

სარვამარტოდ,  ქაბულში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მთავარი შტაბის ბაზაზე მყოფმა ქალმა სამხედრო მოსამსახურეებმა 23-ე ბატალიონის ალფა ასეულის მეთაურის, მაიორ ირაკლი ქობალიასგან  კოინები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. მათ კი, თავის მხრივ, საკუთარ კოლეგებს და ყველა ქალს 8 მარტი მიულოცეს.

ავღანეთში სამხედრო მისიაში მყოფ ქართულ კონტინგენტში 13 ქალბატონი ირიცხება, მათგან 4 ოფიცერია, 6 - სერჟანტი, ერთი კაპრალი, ერთი რიგითი და ერთიც სამოქალაქო პირი.

 

"მართვა და სამხედრო განათლება“ - სემინარი თავდაცვის სამინისტროში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 15:32

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გერმანელი ექსპერტების ხელმძღვანელობით სამდღიანი სემინარი - „მართვა და სამხედრო განათლება“ მიმდინარეობს. ღონისძიება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო ბაქრაძემ გახსნა. ყოველწლიური სემინარი საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა.

სემინარის ფარგლებში გერმანელი ექსპერტები თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას უზიარებენ და ისეთ თემებზე მსჯელობენ, როგორიცაა: ჯარისკაცების უფლებები და მოვალეობები, სამხედრო კანონი და დისციპლინა, სამხედროების ინტეგრაცია საზოგადოებაში, სამხედრო ომბუდსმენის როლი გერმანიის ბუნდესტაგში და სამხედრო კაპელანის ინსტიტუტი. ასევე განიხილება გენდერისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხები.

სემინარი 16 თებერვალს გაიხსნა და 18 თებერვალს დასრულდება. კურსს საქართველოს თავდაცვის უწყების 35 წარმომადგენელი ესწრება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური