საველე სწავლებები ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 15 ივლისი 2016 16:41

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას დაქვემდებარებულ სადაზვერვო ქვედანაყოფებში სიტუაციური საველე სწავლება გრძელდება. სწავლებები ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობს და თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.

სწავლების ფარგლებში დღეს სამხედრო მოსამსახურეებმა კონტრრეკოგნოსირების ოპერაციები ჩაატარეს. ოპერაციები რეიდს, ჩასაფრებას, მოწინააღმდეგის ძებნას, დევნას და განადგურებას მოიცავდა.

სიტუაციური საველე სწავლება 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სწავლებაში 200-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

საველე სწავლების განმავლობაში სამხედროები მომზადებას გადიან მარშრუტის რეკოგნოსირებაში, სათვალთვალო საგუშაგოების მოწყობასა და თვალთვალის წარმოებაში, ასევე, ზონის და რაიონის რეკოგნოსირებაში.

აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების ანგარიში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 15:20

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ანგარიში დღეს საფრანგეთის ელჩმა და საქართველოში ევროკავშირისა და გაეროს მისიის წარმომადგენლებმა  მოისმინეს. უცხოელ დიპლომატებს თავდაცვის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ხიდაშელმა საგამოძიებო ჯგუფის წევრებთან ერთად უმასპინძლა. შეხვედრას  ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე.

შეხვედრის დასაწყისში აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის ღირსეული პარტნიორია და წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში. ბესიკ ლოლაძის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირსების თემა, მეორე მხრივ კი - ადამიანის უფლებები. სწორედ ამიტომ, ქართულმა მხარემ პრინციპულ საკითხად მიიჩნია, გამოძიება უმაღლესი სტანდარტების დაცვით წარმართულიყო და სიმართლის დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად  სწრაფი ნაბიჯები გადაიდგა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საქმეში რაც შეიძლება მეტი გამჭვირვალობა, მეტი ინფორმირებულობა იყოს. ყველამ იცოდეს დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება არასწორი მენეჯმენტის პირობებში ძალიან მძიმე ბრალდების საქმე  უდანაშაულო ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით და  ღირსების შელახვით მიმდინარეობდეს. მინდოდა სცოდნოდათ, რომ ქართული მხარე აუცილებლად ითხოვს ბოდიშის მოხდას ზუსტად ისეთივე მაღალი ტრიბუნებიდან,  როგორიდანაც ეს ბრალდება გაჟღერდა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია,  ამ ადამიანებს დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ და  დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენი ბიჭები უდანაშაულონი არიან. ეს საქმე შეიძლება გამოდგეს, როგორც მაგალითი იმისა, რომ ცოტა უფრო მეტი მცდელობა უნდა განახორციელოს ნებისმიერმა ორგანიზაციამ, ვიდრე რომელიმე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ ხელს გაიშვერს და   ასეთ მძიმე დანაშაულში დასდებს ბრალს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.  

საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა დიპლომატებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული შეხვედრების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და გამოძიების დასრულებამდე დაგეგმილი ნაბიჯებიც გააცნეს.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და ევროკავშირის მისიის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა დოროტა დლუჩი-სულიგამ ქართულ მხარეს სიმართლის დადგენის ძალისხმევისა და გამჭვირვალობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რადგან სამხედროების მიერ არასრულწლოვნებზე შესაძლო სექსუალური ძალადობა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლის დადგენა. თუ სამხედროებს დამნაშავედ ცნობენ, ისინი უნდა დაისაჯონ. თუ ისინი არ არიან დამნაშავენი, მაშინ სიმართლე ყველამ უნდა იცოდეს, რადგან შეიარაღებული ძალების რეპუტაცია საფრთხის ქვეშ არის. ასე რომ, კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად  უდგება და გამჭვირვალობას ირჩევს,“ - აღნიშნა ელჩმა პასკალ მენიემ.  

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მიემგზავრება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 17:22

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიემგზავრება. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მიმავალი ქართული დანაყოფის გაცილების ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე.
ცერემონია ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გახსნა. II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

„ამ ბრიგადისთვის ეს არ არის პირველი მისია ავღანეთში და დარწმუნებული ვარ, თქვენი წინამორბედების მსგავსად, თქვენც ამაყად ჩაიტანთ საქართველოს დროშას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. დარწმუნებული ვარ,ზუსტად ისე, როგორც შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფების სამხედროები, თქვენც ამაყად ემსახურებით ამ დროშას, დაიცავთ მის ღირსებას და კიდევ უფრო ხმამაღალ სიტყვას იტყვით ჩვენი სამხედროების კეთილსინდისიერი, გამძლე, გმირული ცხოვრების წესის და ბრძოლისუნარიანობის შესახებ. განსაკუთრებით მივესალმები იმ სამხედრო მოსამსახურეებს, ვინც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მსახურობდით. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა თქვენს მეთაურებთან. იცით, რომ ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფი იმყოფებოდა და მინდა, ამ ტრიბუნიდან, თქვენს ბრიგადაში, თქვენი თანდასწრებით გავიმეორო, რომ არასოდეს არავის არ მივცემთ უფლებას, ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს მიაყენონ შეურაცხყოფა, უმიზეზოდ გაიშვირონ მათკენ ხელი და შეეხონ ყველაზე უფრო მთავარს, ღირსებას და რეპუტაციას. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის საქმისთვის სრულიად უპრეცედენტო ზომები განვახორციელეთ. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეს იყო პირველი საგამოძიებო მისია, რომელიც რომელიმე პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროდან ოდესმე ჩასულა. ძალიან მოკლე ხანში ჩვენ მოვითხოვეთ გაეროსგან ბოდიშის მოხდა თქვენთვის, ქართული სახელმწიფოსთვის და საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ორგანიზაციისთვის მისი რეპუტაცია მნიშვნელოვანია და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ამას გპირდებით როგორც თავდაცვის მინისტრი, როგორც საქართველოს მოქალაქე და როგორც ადამიანი, რომლისთვისაც ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი არის თქვენი ღირსება და რეპუტაცია,“ - მიმართა თინათინ ხიდაშელმა სამხედროებს.

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა მარმალზე გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში იმსახურებენ. II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული 32-ე ბატალიონის “ბრავო“ ასეულს ჩაანაცვლებს.

ავღანეთში ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრება ჩატარდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 13:23

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრება ჩატარდა. სპორტული ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო  სამშვიდობო მისიის დროს გარდაცვლილი სამხედროების ხსოვნას მიეძღვნა. შეჯიბრებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის სამხედროები მონაწილეობდნენ. ასპარეზობა ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი უმცროსმა სერჟანტმა ადიკო ზექალაშვილმა აიღო; 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში - I კლასის რიგითმა სიმონ ქოქოშვილმა; 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში I კლასის რიგითმა დავით ნოზაძემ გაიმარჯვა, ხოლო, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში კაპრალმა გიორგი იმერლიშვილმა.

გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

 

სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 28 ივნისი 2016 13:03

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, პარტნიორობა მშვიდობის ფარგლებში (PFP), სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დაიწყო. ქართველებთან ერთად სამთო მომზადებას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების - საბერძნეთი, ლიტვა, ლატვია, აშშ, თურქეთი, უნგრეთი, ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი, შვედეთი და უკრაინა - სამხედრო მოსამსახურეები გადიან.

სამი კვირის განმავლობაში  კურსში მონაწილე 33 სამხედრო ისეთ სამთო უნარ-ჩვევებს შეისწავლის, როგორიცაა სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები, ორიენტირება ადგილმდებარეობაზე, მარშრუტების დაგეგმვა რუკაზე, გადაადგილება კომპასის და რუკის მეშვეობით მთიან რელიეფზე, დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენა, კოლექტიური გადარჩენა და ევაკუაციის ორგანიზება. სამთო მომზადების განმავლობაში სამხედროები ბუნებრივ და ხელოვნურ კედელზე კლდეზე ცოცვის ხერხებს გაეცნობიან. მათ ფიქსირებულ თოკზე ასვლა, მდინარის გადალახვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და დაბრკოლებაზე მოწყობილი გადასასვლელის გაცნობა და კლდიდან  დაშვება მოუწევთ. ზაფხულის საბაზისო კურსი 2400მ სიმაღლეზე მარშგადაადგილებასა და კარვებში ღამის გათენებასაც მოიცავს.

კურსის დასასრულს სამხედრო მოსამსახურეები კომპლექსურ და ფიზიკურ ტესტებს ჩააბარებენ, რაც  ფიქსირებულ თოკზე ასვლას, კვანძებს, კლდეზე ცოცვას, კლდეზე დაშვებასა და გადაადგილება 12 კმ.+1200მ-ზე ასვლას ითვალისწინებს.

ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს  სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცემათ. სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი 15 ივლისს დასრულდება.  

 

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა არ გაუქმებულა,- გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 17:52

“აღვნიშნავ იმას, რომ არ არის გაუქმებული არანაირი სამსახური. არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინსიტროს მხრიდან, ეს არის ზუსტი განსაზღვრება იმისა რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. მინდა დავეთანხმო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, არ უნდა იქნას მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ უდნა იქნას განხილული კოლეგიალურად როგორც მთავრობის სხდომაზე ასევე უშიშროების საბჭოში,“ -  ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ თინა ხიდაშელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც   სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა უქმდება.      

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიღება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 11:02

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2016-2017 აკადემიური სასწავლო წლისთვის მიღება დღეს დაიწყო. სამხედრო სასწავლებელში მიღების პირველ დღეს უკვე 50-მდე განაცხადია შესული, მათ შორის 7 აპლიკანტი გოგონაა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალ სასწავლო წელს სიახლით ხვდება.  წელს  პირველად,  სასწავლებელში გოგონებს იღებენ. 

ლიცეუმში საბუთების მიღება 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პარალელურად კი, აპლიკანტებს ფიზიკური და ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტების ჩაბარება მოუწევთ.  ფიზიკური ტესტი 60 და 2000 მეტრ დისტანციებზე სირბილსა და ღერძზე მიზიდვას მოიცავს. ტესტებში აღებული ქულების მიხედვით ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან.

ლიცეუმი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.  წელს ლიცეუმში ადგილების რაოდენობა 126 მოსწავლით განისაზღვრება, რომელთაგან  106 ვაჟი, ხოლო,  20 - გოგონა იქნება.   

საარტილერიო სწავლება ორფოლოს პოლიგონზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 20 ივნისი 2016 17:35

ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა. საველე სროლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.

გეგმურ საარტილერიო სწავლებაში დასავლეთ სარდლობის  II  საარტილერიო ბრიგადის 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ.

„იმ საერთაშორისო სწავლებების გარდა, სადაც ძალიან აქტიურად ვმონაწილეობთ,  ყველა ჩვენს სარდლობას და დანაყოფს აქვს თავისი გეგმური წვრთნები და სწავლებები. დღეს ვიმყოფებით რეაქტიული არტილერიის დანაყოფის სწავლებაზე. როგორც წესი, ხელმძღვანელი არ უნდა იყოს ყოველთვის ბოლომდე კმაყოფილი სროლებით, თუმცა,  ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნამდვილად კმაყოფილი ვარ და ნამდვილად ძალიან კარგად ისროლეს - არც კი ველოდი, ისე  წარმატებულად  განხორციელდა აღნიშნული კურსი... მინდა,  მადლობა გადავუხადო პირად შემადგენლობას, სარდლობას და თითოეულ მეთაურს, რომლებმაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი დასმულ ამოცანას. შემიძლია ვთქვა, რომ ამოცანა 100%-ით შესრულებულია“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. 

ბატარეის და ბატალიონის შემადგენლობაში ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გეგმურ წვრთნებში 18 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის დანადგარი იყო ჩართული.   

 

„თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 20 ივნისი 2016 10:40

სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ რეგიონული მასშტაბის კურსს - „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“  მასპინძლობს. ღონისძიებაში  საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის მაღალი და საშუალო რგოლის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

პროგრამის მიზანი უსაფრთხოების სისტემის მმართველობის უზრუნველსაყოფად სტრუქტურისა და პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. კურსის მსვლელობისას უსაფრთხოების სექტორის მმართველობის პრინციპებსა და მეთოდებს, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. კურსი ხელს შეუწყობს სამინისტროებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე თანამშრომლობასა და კოორდინაციას.

პროგრამა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიისა და კრენფილდის უნივერსიტეტების ორგანიზებით საქართველოში მეექვსედ ხორციელდება.

კურსი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

სამხედრო საინჟინრო ბრიგადის საინჟინრო ასეულის წვრთნები

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 17 ივნისი 2016 12:16

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საინჟინრო ბრიგადის საინჟინრო ასეულის პირადი შემადგენლობა იყო ჩართული.

ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, საინჟინრო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გოჩა შავგულიძე და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამხედრო მოსამსახურეებს პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ სიტყვით მიმართა, წვრთნების დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საბრძოლო მასალების განადგურების სწავლება 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 10 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. სწავლება  თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. საბრძოლო მასალების განადგურების სწავლება ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ინჟინრებმა ჩაატარეს.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური