ტურნირი შვიდკაცა რაგბიში

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 12:25

თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის ორგანიზებით, შეიარაღებულ ძალებში შვიდკაცა რაგბში ტურნირი გაიმართა. 

ზაფხულის შუალედური შეჯიბრება 9 და 10 აგვისტოს გონიოს სტადიონზე მიმდინარეობდა და მასში შეიარაღებული ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

ფინალურ ეტაპზე  სპეციალური ოპერაციების ძალებმა მეტოქე  მესამე ქვეითი ბრიგადა საბოლო ანგარიშით 24:7 დაამარცხა. გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლებთან ერთად ჩემპიონატის თასებიც გადაეცათ.   მეორე ადგილი დაიკავა მესამე ქვეითმა ბრიგადის გუდნმა, ხოლო მესამე ადგილი პირველი ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა.

 

SNGP-ის პროექტის ალბანელი წარმომადგენლის როტაცია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 29 ივლისი 2016 16:38

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმარების პროექტის ალბანელ ლიდერს, პოლკოვნიკ ტონინ მარკუს მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ალბანელ სამხედრო მრჩეველს მადლობა საქართველოში წარმატებული მისიისთვის გადაუხადა.

ალბანელი პოლკოვნიკის ტონინ მარკუს სამშობლოში როტაცია საქართველოში ექვსი თვის მოღვაწეობის შემდეგ განხორციელდა. მას ალბანეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ადი ნდონი შეცვლის, რომელიც საქართველოში SNGP-ის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. მას თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, შოთა ღვინერია და ნატო-საქართველოს ფარგლებში კონტრიბუტორი ქვეყნების მიერ მოვლენილი სამხედრო მრჩევლები დაესწრნენ.

მარათონი ახალციხეში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 22 ივლისი 2016 17:04

სამხედრო საქმისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, რეკრუტებისა და სტუდენტების მონაწილეობით, ახალციხეში მარათონი გაიმართა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ინიციატივით მოწყობილ ღონისძიებაში ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე,  ინსტრუქტორები, ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის ოცეული, ასევე, ახალციხის სტუდენტების საექსპედიციო ჯგუფი, ახალციხის  მძლეოსანთა კლუბის ახალგაზრდა სპორტსმენები, ახალციხის მერიის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა ახალგაზრდები ჩაერთნენ.

„მსგავსი ღონისძიებები საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ტრადიციაა, ყოველ სამ თვეში ერთხელ იმართება და მასში ყველა სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს -მეთაურიდან  რიგითამდე. სპორტული ღონისძიებები და შესაბამისი პროგრამები  საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ერთიანობის შენარჩუნებას  უწყობს ხელს და ამაღლებს რეკრუტების მოტივაციას. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია  შეიარაღებული ძალების პოპულარიზაცია, საზოგადოება მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ ჯარი არის მისი ნაწილი“, - განაცხადა პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ.

მარათონმა სტარტი ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრიდან აიღო. მონაწილეებს  4.3 კილომეტრი უნდა გაერბინათ და ფინიშამდე, კვლავ ჯავშანსატანკო ცენტრამდე მისულიყვნენ.

სიმბოლური მარათონის მონაწილე  რეკრუტები  ფინიშამდე რაბათის ციხესიმაგრეში შეჩერდნენ და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.

დღესვე  საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებისა  და ახალგაზრდებისთვის ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო ცენტრში მხატვრული ფილმის - "300 სპარტანელის" ჩვენებაც გაიმართა.

დღეს ქართველი სამხედრო ინჟინერ-მესანგრეების პროფესიული დღეა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 22 ივლისი 2016 16:02

დღეს ქართველი სამხედრო ინჟინერ-მესანგრეების პროფესიული დღეა. საზეიმო ცერემონია საინჟინრო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. 24 წლის იუბილე საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ პირადად მიულოცა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები.

„მინდა მივულოცო ეს დღე როგორც მოქმედ, ასევე ვეტერან ინჟინრებს. დღევანდელი დღის აღნიშვნისას, რა თქმა უნდა,  მათი წარმატებების შესახებაც ვისაუბრეთ. ბრიგადაში არსებულ მემორიალზე საკმაო რაოდენობის გვარები წერია იმისთვის, რომ დავაფასოთ და კარგად გავათვითცნობიეროთ თუ რამდენად საფრთხის შემცველია მათი პროფესია. სხვა სამხედრო პროფესიებისგან განსხვავებით, ინჟინრის საქმიანობა არის ყოველდღიურად ოპერაციაზე წასვლა. მინდა ვუსურვო მათ ყოველი ოპერაციის შემდეგ დავალების წარმატებით დასრულება და შინ მშვიდობით დაბრუნება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ინჟინერს იუბილეს და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ.

ინჟინერ-მესანგრეების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და საინჟინრო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გოჩა შავგულიძემ ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა  მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სამხედრო დანაყოფის კაპელანმა კი გარდაცვლილ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.  შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც.

საინჟინრო გვარეობის დღესთან დაკავშირებით  სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. რამოდენიმე მესანგრეს უწყებრივი მედლები და ბრიგადის მეთაურის საპატიო სიგელები გადაეცათ.

იუბილესთან დაკავშირებით, საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე   სამხედრო საინჟინრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო.  ბრიგადის იუბილე კონცერტით დასრულდა.  

24 წლის წინ, 23 ივლისს ზნაურის რაიონის სოფელ იონჩაში, პოლკოვნიკმა კარლენ კალანდაძემ, მაიორმა ანდრო მაღლაკელიძემ, ლეიტენანტებმა - დავით ასაბაშვილმა და გოჩა ასაბაშვილმა, ასევე, მოხალისეებმა - სპარტაკ და ირაკლი მაისურაძეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. მოგვიანებით, სწორედ, ამ თარიღს დაუკავშირდა  საინჟინრო-მესანგრეთა პროფესიული დღე. 

 

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაზა „მარმალზე“

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 21 ივლისი 2016 17:17

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებულმა III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაზა „მარმალზე" გაიმართა. 32-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულმა სამშვიდობო მისია II ქვეითი ბრიგადის ასეულს გადააბარა. მისიის გადაბარების ოფიციალურ ცერემონიალზე 32-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის სპეციალური მედლები გადაეცათ.

უფლებამოსილების გადაბარების პარალელურად ქართულ ქვედანაყოფებს შორის საპატრულო რაიონის გადაბარება და ქართული ასეულის საპასუხისმგებლო ზონაში ერთობლივი პატრულიც განხორციელდა.

მისიის ოფიციალური გადაბარების დასრულების შემდეგ II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა სამშვიდობო მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება უკვე სრული მასშტაბით დაიწყო. ქართველი სამხედროების ამოცანა სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლია. ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

„ჯარში სამსახური არ უნდა იყოს დაკავშირებული მსხვერპლთან, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი“

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 12:10

 თინათინ ხიდაშელის მიერ გამოცემული ბრძანებით, ჯარისკაცს, რომელიც შეიარაღებულ  ძალებში  საცხოვრებელი ადგილიდან  შორ მანძილზე  მსახურობს და პირველი კონტრაქტიც დამთავრებული აქვს, კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, საცხოვრებელ  ადგილთან ახლოს მსახურის შესაძლებლობა ეძლევა.

ეს დაპირება ბათუმში დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე თვის წინ მისცა. ორი დღის წინ კი თინათინ ხიდაშელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და  მიცემული პირობის აღსრულება პირადად აცნობა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარში სამსახური არ უნდა იყოს დაკავშირებული იმ ტიპის მსხვერპლის გაღებასთან, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი და არ ემსახურება არც სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლებას და არც საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებას.

 „ჩვენ რამოდენიმე თვის წინ ვიყავით ამ ბატალიონში. შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფების მსგავსად,  ამ ბატალიონის ერთ-ერთი პრობლემა სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ადგილიდან შორს ყოფნაა, რადგან დანაყოფი საზღვრის უკიდურეს ნაწილშია განთავსებული. პრობლემა,  რომელიც პირად შემადგენლობას ჰქონდა, ეს  იყო მანძილი საცხოვრებელ ადგილსა და სამხედრო ნაწილს შორის. ბუნებრივია,  ყველა სამხედრო მოსამსახურეს თანაბარი ანაზღაურება აქვს. ეს ანაზღაურება არათანაბრად ნაწილდება მგზავრობის დროს, რადგან სამხედროს, რომელიც მოშორებით ცხოვრობს,  მნიშვნელოვნად მეტი ეხარჯება. გარდა ამისა,  არიან ადამიანები, რომელთაც ჩვეულებრივი ოჯახური პრობლემები აქვს - ზოგს მშობლები ჰყავთ ავად, ზოგი კი მრავალშვილიანია. ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ ბიჭებს შევპირდით, რომ კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც ძალიან კონკრეტული პრობლემა ჰქონდათ და, პრაქტიკულად, თვეების განმავლობაში ვერ ნახულობდნენ საკუთარ ოჯახებს,  დავეხმარებოდით. ორმოცდათორმეტივე სამხედრო მოსამსახურე უკვე გადანიშნულია  საკუთარ საცხოვრებელ ადგილთან  უფრო ახლოს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, გამოიცა ბრძანება, რომლითაც პირველი კონტრაქტის დამთავრების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები, კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, არჩევანის მიხედვით საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ. „როცა ადამიანი ერთი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ  ჯარში რჩება,  ეს ნიშნავს, რომ მან ზუსტად იცის მისი უფლება-მოვალეობები და ზუსტად აქვს გაცნობიერებული, რატომ უნდა ქვეყნის სამსახური სამხედრო ფორმაში. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ მათ ხელოვნური ბარიერების მოხსნაში და არ დავაშოროთ  ოჯახებს არასაჭირო ვითარებაში, არასაჭირო გარემოებების გამო“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ბათუმში დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს თავდაცვის მინისტრი  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძესთან და სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალ, პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძესთან ერთად ესტუმრა.

 

თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს ბინები გადასცა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 10:13

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში საცხოვრებელი ბინები გადაეცათ.  აბაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსებში ბინა საკუთრებაში, ამჯერად, 42-მა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. იმავე კატეგორიის 30-მდე სამხედრო კი საცხოვრებელი ბინით შემდეგ ეტაპზე დაკმაყოფილდება.

თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში  გამართულ ცერემონიალზე ბინები  კენჭისყრით განაწილდა. სამხედროებს სახლის გასაღები თავდაცვის მინისტრმა პირადად გადასცა. თინათინ ხიდაშელმა ახალ მესაკუთრეებს ბინების მიღება მიულოცა, სამხედროების ოჯახის მცირეწლოვან წევრებს კი სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.

 „მინისტრობის პირველივე დღესვე განვაცხადე, რომ თავდაცვის სამინისტრო თავის ვალდებულებებს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეასრულებდა მინიმუმ ორი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები უკლებლივ დავაკმაყოფილეთ საცხოვრებელი ბინებით და შემდეგი ეტაპი უკვე იყო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების უზრუნველყოფა. დღეს ბინების გადაცემის მორიგი ეტაპი განხორციელდა. სულ სამი ათეული სამხედრო მოსამსახურეა დარჩენილი, ვინც ამ კატეგორიას განეკუთვნება. ამ ადამიანებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მადლობის გამოხატვის ბევრი ფორმა არსებობს, ბუნებრივია, და თუკი რამ შესაძლებლობა გაგვაჩნია, სწორედ, მათი ინტერესები უნდა დავიცვათ“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ -  თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე.

ბინების გადაცემის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ალაფურშეტი მოეწყო.

საველე სწავლებები ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 15 ივლისი 2016 16:41

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას დაქვემდებარებულ სადაზვერვო ქვედანაყოფებში სიტუაციური საველე სწავლება გრძელდება. სწავლებები ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობს და თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.

სწავლების ფარგლებში დღეს სამხედრო მოსამსახურეებმა კონტრრეკოგნოსირების ოპერაციები ჩაატარეს. ოპერაციები რეიდს, ჩასაფრებას, მოწინააღმდეგის ძებნას, დევნას და განადგურებას მოიცავდა.

სიტუაციური საველე სწავლება 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სწავლებაში 200-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

საველე სწავლების განმავლობაში სამხედროები მომზადებას გადიან მარშრუტის რეკოგნოსირებაში, სათვალთვალო საგუშაგოების მოწყობასა და თვალთვალის წარმოებაში, ასევე, ზონის და რაიონის რეკოგნოსირებაში.

აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების ანგარიში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 15:20

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ანგარიში დღეს საფრანგეთის ელჩმა და საქართველოში ევროკავშირისა და გაეროს მისიის წარმომადგენლებმა  მოისმინეს. უცხოელ დიპლომატებს თავდაცვის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ხიდაშელმა საგამოძიებო ჯგუფის წევრებთან ერთად უმასპინძლა. შეხვედრას  ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე.

შეხვედრის დასაწყისში აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის ღირსეული პარტნიორია და წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში. ბესიკ ლოლაძის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირსების თემა, მეორე მხრივ კი - ადამიანის უფლებები. სწორედ ამიტომ, ქართულმა მხარემ პრინციპულ საკითხად მიიჩნია, გამოძიება უმაღლესი სტანდარტების დაცვით წარმართულიყო და სიმართლის დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად  სწრაფი ნაბიჯები გადაიდგა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საქმეში რაც შეიძლება მეტი გამჭვირვალობა, მეტი ინფორმირებულობა იყოს. ყველამ იცოდეს დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება არასწორი მენეჯმენტის პირობებში ძალიან მძიმე ბრალდების საქმე  უდანაშაულო ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით და  ღირსების შელახვით მიმდინარეობდეს. მინდოდა სცოდნოდათ, რომ ქართული მხარე აუცილებლად ითხოვს ბოდიშის მოხდას ზუსტად ისეთივე მაღალი ტრიბუნებიდან,  როგორიდანაც ეს ბრალდება გაჟღერდა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია,  ამ ადამიანებს დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ და  დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენი ბიჭები უდანაშაულონი არიან. ეს საქმე შეიძლება გამოდგეს, როგორც მაგალითი იმისა, რომ ცოტა უფრო მეტი მცდელობა უნდა განახორციელოს ნებისმიერმა ორგანიზაციამ, ვიდრე რომელიმე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ ხელს გაიშვერს და   ასეთ მძიმე დანაშაულში დასდებს ბრალს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.  

საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა დიპლომატებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული შეხვედრების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და გამოძიების დასრულებამდე დაგეგმილი ნაბიჯებიც გააცნეს.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და ევროკავშირის მისიის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა დოროტა დლუჩი-სულიგამ ქართულ მხარეს სიმართლის დადგენის ძალისხმევისა და გამჭვირვალობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რადგან სამხედროების მიერ არასრულწლოვნებზე შესაძლო სექსუალური ძალადობა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლის დადგენა. თუ სამხედროებს დამნაშავედ ცნობენ, ისინი უნდა დაისაჯონ. თუ ისინი არ არიან დამნაშავენი, მაშინ სიმართლე ყველამ უნდა იცოდეს, რადგან შეიარაღებული ძალების რეპუტაცია საფრთხის ქვეშ არის. ასე რომ, კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად  უდგება და გამჭვირვალობას ირჩევს,“ - აღნიშნა ელჩმა პასკალ მენიემ.  

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მიემგზავრება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 17:22

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიემგზავრება. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მიმავალი ქართული დანაყოფის გაცილების ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე.
ცერემონია ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გახსნა. II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

„ამ ბრიგადისთვის ეს არ არის პირველი მისია ავღანეთში და დარწმუნებული ვარ, თქვენი წინამორბედების მსგავსად, თქვენც ამაყად ჩაიტანთ საქართველოს დროშას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. დარწმუნებული ვარ,ზუსტად ისე, როგორც შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფების სამხედროები, თქვენც ამაყად ემსახურებით ამ დროშას, დაიცავთ მის ღირსებას და კიდევ უფრო ხმამაღალ სიტყვას იტყვით ჩვენი სამხედროების კეთილსინდისიერი, გამძლე, გმირული ცხოვრების წესის და ბრძოლისუნარიანობის შესახებ. განსაკუთრებით მივესალმები იმ სამხედრო მოსამსახურეებს, ვინც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მსახურობდით. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა თქვენს მეთაურებთან. იცით, რომ ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფი იმყოფებოდა და მინდა, ამ ტრიბუნიდან, თქვენს ბრიგადაში, თქვენი თანდასწრებით გავიმეორო, რომ არასოდეს არავის არ მივცემთ უფლებას, ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს მიაყენონ შეურაცხყოფა, უმიზეზოდ გაიშვირონ მათკენ ხელი და შეეხონ ყველაზე უფრო მთავარს, ღირსებას და რეპუტაციას. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის საქმისთვის სრულიად უპრეცედენტო ზომები განვახორციელეთ. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეს იყო პირველი საგამოძიებო მისია, რომელიც რომელიმე პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროდან ოდესმე ჩასულა. ძალიან მოკლე ხანში ჩვენ მოვითხოვეთ გაეროსგან ბოდიშის მოხდა თქვენთვის, ქართული სახელმწიფოსთვის და საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ორგანიზაციისთვის მისი რეპუტაცია მნიშვნელოვანია და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ამას გპირდებით როგორც თავდაცვის მინისტრი, როგორც საქართველოს მოქალაქე და როგორც ადამიანი, რომლისთვისაც ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი არის თქვენი ღირსება და რეპუტაცია,“ - მიმართა თინათინ ხიდაშელმა სამხედროებს.

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა მარმალზე გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში იმსახურებენ. II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული 32-ე ბატალიონის “ბრავო“ ასეულს ჩაანაცვლებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური