სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 28 ივნისი 2016 13:03

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, პარტნიორობა მშვიდობის ფარგლებში (PFP), სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დაიწყო. ქართველებთან ერთად სამთო მომზადებას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების - საბერძნეთი, ლიტვა, ლატვია, აშშ, თურქეთი, უნგრეთი, ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი, შვედეთი და უკრაინა - სამხედრო მოსამსახურეები გადიან.

სამი კვირის განმავლობაში  კურსში მონაწილე 33 სამხედრო ისეთ სამთო უნარ-ჩვევებს შეისწავლის, როგორიცაა სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები, ორიენტირება ადგილმდებარეობაზე, მარშრუტების დაგეგმვა რუკაზე, გადაადგილება კომპასის და რუკის მეშვეობით მთიან რელიეფზე, დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენა, კოლექტიური გადარჩენა და ევაკუაციის ორგანიზება. სამთო მომზადების განმავლობაში სამხედროები ბუნებრივ და ხელოვნურ კედელზე კლდეზე ცოცვის ხერხებს გაეცნობიან. მათ ფიქსირებულ თოკზე ასვლა, მდინარის გადალახვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და დაბრკოლებაზე მოწყობილი გადასასვლელის გაცნობა და კლდიდან  დაშვება მოუწევთ. ზაფხულის საბაზისო კურსი 2400მ სიმაღლეზე მარშგადაადგილებასა და კარვებში ღამის გათენებასაც მოიცავს.

კურსის დასასრულს სამხედრო მოსამსახურეები კომპლექსურ და ფიზიკურ ტესტებს ჩააბარებენ, რაც  ფიქსირებულ თოკზე ასვლას, კვანძებს, კლდეზე ცოცვას, კლდეზე დაშვებასა და გადაადგილება 12 კმ.+1200მ-ზე ასვლას ითვალისწინებს.

ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს  სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცემათ. სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი 15 ივლისს დასრულდება.  

 

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა არ გაუქმებულა,- გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 17:52

“აღვნიშნავ იმას, რომ არ არის გაუქმებული არანაირი სამსახური. არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინსიტროს მხრიდან, ეს არის ზუსტი განსაზღვრება იმისა რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. მინდა დავეთანხმო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, არ უნდა იქნას მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ უდნა იქნას განხილული კოლეგიალურად როგორც მთავრობის სხდომაზე ასევე უშიშროების საბჭოში,“ -  ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ თინა ხიდაშელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც   სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა უქმდება.      

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიღება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 11:02

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2016-2017 აკადემიური სასწავლო წლისთვის მიღება დღეს დაიწყო. სამხედრო სასწავლებელში მიღების პირველ დღეს უკვე 50-მდე განაცხადია შესული, მათ შორის 7 აპლიკანტი გოგონაა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალ სასწავლო წელს სიახლით ხვდება.  წელს  პირველად,  სასწავლებელში გოგონებს იღებენ. 

ლიცეუმში საბუთების მიღება 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პარალელურად კი, აპლიკანტებს ფიზიკური და ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტების ჩაბარება მოუწევთ.  ფიზიკური ტესტი 60 და 2000 მეტრ დისტანციებზე სირბილსა და ღერძზე მიზიდვას მოიცავს. ტესტებში აღებული ქულების მიხედვით ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან.

ლიცეუმი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.  წელს ლიცეუმში ადგილების რაოდენობა 126 მოსწავლით განისაზღვრება, რომელთაგან  106 ვაჟი, ხოლო,  20 - გოგონა იქნება.   

საარტილერიო სწავლება ორფოლოს პოლიგონზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 20 ივნისი 2016 17:35

ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა. საველე სროლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.

გეგმურ საარტილერიო სწავლებაში დასავლეთ სარდლობის  II  საარტილერიო ბრიგადის 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ.

„იმ საერთაშორისო სწავლებების გარდა, სადაც ძალიან აქტიურად ვმონაწილეობთ,  ყველა ჩვენს სარდლობას და დანაყოფს აქვს თავისი გეგმური წვრთნები და სწავლებები. დღეს ვიმყოფებით რეაქტიული არტილერიის დანაყოფის სწავლებაზე. როგორც წესი, ხელმძღვანელი არ უნდა იყოს ყოველთვის ბოლომდე კმაყოფილი სროლებით, თუმცა,  ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნამდვილად კმაყოფილი ვარ და ნამდვილად ძალიან კარგად ისროლეს - არც კი ველოდი, ისე  წარმატებულად  განხორციელდა აღნიშნული კურსი... მინდა,  მადლობა გადავუხადო პირად შემადგენლობას, სარდლობას და თითოეულ მეთაურს, რომლებმაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი დასმულ ამოცანას. შემიძლია ვთქვა, რომ ამოცანა 100%-ით შესრულებულია“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. 

ბატარეის და ბატალიონის შემადგენლობაში ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გეგმურ წვრთნებში 18 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის დანადგარი იყო ჩართული.   

 

„თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 20 ივნისი 2016 10:40

სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ რეგიონული მასშტაბის კურსს - „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“  მასპინძლობს. ღონისძიებაში  საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის მაღალი და საშუალო რგოლის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

პროგრამის მიზანი უსაფრთხოების სისტემის მმართველობის უზრუნველსაყოფად სტრუქტურისა და პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. კურსის მსვლელობისას უსაფრთხოების სექტორის მმართველობის პრინციპებსა და მეთოდებს, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. კურსი ხელს შეუწყობს სამინისტროებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე თანამშრომლობასა და კოორდინაციას.

პროგრამა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიისა და კრენფილდის უნივერსიტეტების ორგანიზებით საქართველოში მეექვსედ ხორციელდება.

კურსი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

სამხედრო საინჟინრო ბრიგადის საინჟინრო ასეულის წვრთნები

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 17 ივნისი 2016 12:16

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საინჟინრო ბრიგადის საინჟინრო ასეულის პირადი შემადგენლობა იყო ჩართული.

ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, საინჟინრო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გოჩა შავგულიძე და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამხედრო მოსამსახურეებს პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ სიტყვით მიმართა, წვრთნების დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საბრძოლო მასალების განადგურების სწავლება 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 10 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. სწავლება  თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. საბრძოლო მასალების განადგურების სწავლება ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ინჟინრებმა ჩაატარეს.

მუხროვანში სპეცდანიშნულების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 07 ივნისი 2016 17:43

მუხროვანში სპეცდანიშნულების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.  ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ.

კურსი 14 თვის განმავლობაში  გრძელდებოდა და მისი მიზანი სპეცდანიშნულების მებრძოლთა სხვადასხვა სამხედრო დისციპლინაში მომზადება იყო.  მოსამზადებელ ეტაპზე სწავლება 350-მა სამხედრო მოსამსახურემ დაიწყო, თუმცა კურსის დასრულება მხოლოდ 15-მდე ჯარისკაცმა მოახერხა. სამხედროებმა საცეცხლე, ტაქტიკური, ტოპოგრაფიული და სხვა ტიპის სპეციალური დანიშნულების მომზადება გაიარეს.


კურსდამთავრებულ სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები გენერალური შტაბის უფროსმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა გადასცეს. 

3 წელი 7 ქართველი სამხედროს დაღუპვიდან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 06 ივნისი 2016 17:47

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ორბზე“ განხორციელებული თავდასხმიდან 3 წელი გავიდა. 6 ივნისის თავდასხმას 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები: კაპრალები - თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები - ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი ჰელმანდის პროვინციაში, 2013 წლის 6 ივნისს მოწინავე საპატრულო ბაზა "ორბზე" განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები, მისიის შესასრულებლად, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში 2013 წლის აპრილიდან იმყოფებოდნენ.

საქართველოს თავდაცვის უწყება კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას, არასდროს დაივიწყებს მათ მიერ გაღებულ მსხვერპლსა და ქვეყნისა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს.

ქაბულში ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გაიხსნა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 06 ივნისი 2016 10:07

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ქაბულში, RSM-ის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გაიხსნა. ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკა აგლაძე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე და უწყების სხვა პირები. ცერემონიალზე ქართულ დელეგაციასთან ერთად უცხოელი სამხედრო წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მემორიალის გახსნის შემდეგ კაპელანმა მამა გიორგიმ პარაკლისი გადაიხადა. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი 42-ე ბატალიონის ასეულის პირად შემადგენლობას შეხვდა.

 „შესაძლებლობა გვქონდა გავსაუბრებოდით ჩვენს სამხედროებს. ქართველმა საზოგადოებამ იცის, რომ გაეროს მისიაში აქ, ავღანეთში ძალიან მაღალ თანამდებობაზე მსახურობს ქართველი გენერალი ჩაჩიბაია, რომელიც შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იმყოფებოდა. ვისაუბრეთ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, იმ ძირითად გამოწვევებზე რომელიც ავღანეთში არსებობს, შესაძლებლობებზე, 2017 წლის გეგმებზე. ასეთ დრო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ ნებისმიერი ხელისუფლების ვალია, უშუალოდ იმ ხალხისგან მიიღოს პირველადი ინფორმაცია, ვინც ცხელ ზონაში იმყოფება და ვისაც წვდომა აქვს კონკრეტულ ფაქტებთან, წვდომა აქვს შესაძლებლობებთანაც და წვდომა აქვს მოთხოვნების იმ რესურსთან, რომელიც არსებობს. დღეს ავღანეთში ვითარება არ არის იმდენად სტაბილური, ვივარაუდოთ, რომ აქ რამე მისია მალე დასრულდება და, შესაბამისად, ჩვენ ბუნებრივია, მოგვიწევს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება პარტნიორებთან ერთად“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამართული შეხვედრების შემდეგ ნატოს წევრ ქვეყნებში ვიზიტებს განაახლებს. ავღანეთიდან ის ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 17 მაისი 2016 16:00

III მსუბუქი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს. სწავლების პროცესს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრო.

„წელს შეიარაღებულ ძალებში გაიმართება, წინა წლებთან შედარებით, ყველაზე ფართომასშტაბიანი სწავლება „დიდგორი 2016“ . მიმდინარე სწავლების მიზანია,   „დიდგორი 2016“-ისთვის მომზადება,  რათა სარდლობის შტაბმა და დაქვემდებარებულმა ქვედანაყოფებმა  უკეთ  გაიარონ ის პროცედურები, რომელიც აუცილებელია სამხედრო გადაწყვეტილების მიღებისა და კოორდინაციისთვის“,- აღნიშნა დასავლეთ სარდლობის სარდალმა.

სამხედრო წვრთნების მიზანი „დიდგორი 2016“-ის სწავლებისთვის ბრიგადების, ბატალიონების და ასეულების შტაბების მომზადებაა. სწავლების ამოცანაა ბრიგადისა და ბატალიონის შტაბებში სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის წარმართვა, შტაბების მიერ საშტაბო და კრიზისული ვითარების დროს დაგეგმარების ჩატარება; შტაბების მომზადების დონის ამაღლება მართვისა და კონტროლის პროცედურების შესრულებაში; მართვის პუნქტების მოქმედებების შეფასება და სტანდარტიზაცია; რეალურთან მიახლოებულ სცენარში შტაბების მიერ ოპერაციების სინქნორიზაცია და ინტეგრაცია.

სწავლებაში დასავლეთ სარდლობის შტაბის, III ქვეითი ბრიგადის, II საარტილერიო ბრიგადის და სწავლების მხარდამჭერი ქვედანაყოფის 360 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სწავლებას დასავლეთ სარდლობის შტაბიდან გამოყოფილ დამკვირვებლებთან ერთად აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აკვირდებიან.

სამეთურო-საშტაბო სწავლება  III ბრიგადის ტერიტორიაზე 20 მაისამდე გაგრძელდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური