შეიარაღებული ძალების ოფიცრებმა „წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ დაასრულეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 13:59

"წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ დასრულდა.  კურსის  დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები მონაწილეებს თავდაცვის მინისტრისა და  გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილეებმა გადასცეს. ლელა ჩიქოვანმა და პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ  სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს, კანადურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და  კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას საქართველოში კანადის თავდაცვის ატაშე, კაპიტანი ივან ალაინი და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

„წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ (EPPC)  სამხედრო წვრთნებისა და თანამშრომლობის დირექტორატის (DMTC) ინიციატივით, სამხედრო წვრთნებისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, კანადის ეროვნულ თავდაცვის დეპარტამენტთან  კოორდინაციით  ჩატარდა.

ათდღიანი თეორიული სწავლების განმავლობაში, მსმენელებმა  საერთაშორისო წვრთნების დაგეგმვის პროცესში, მრავალეროვნული და რეგიონული სწავლების დონეზე,  შტაბის ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები შეისწავლეს.

კურსში  ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მონაწილეობა კანადის,  უკრაინისა და  მაკედონიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მიიღეს. 

„წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ 28 ნომებრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით  თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.

 

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში „ზამთრის კურსი“ მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 11:46

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „ზამთრის კურსი“ მიმდინარეობს.

ერთკვირიანი კურსი, რომელიც  თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ სწავლებასაც მოიცავს, ნატოს მხარდაჭერით, ასევე JTEC-ის და ნატოს საწვრთნელი ცენტრის - ნორვეგიის ზამთრის საბრძოლო ცენტრის  ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. კურსის თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, პრაქტიკულ ნაწილს კურსის მონაწილეები ნორიოს სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე გადიან, სადაც ქართველი და ნორვეგიელი ინსტრუქტორები  სამხედრო მოსამსახურეებს მკაცრ კლიმატურ პირობებში მოქმედების შესახებ გამოცდილებას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უზიარებენ.

ზამთრის კურსის პრაქტიკული ნაწილის მსვლელობისას ქართველი სამხედროები ჯგუფებად დაიყვნენ. თითოეულ ჯგუფს ინსტრუქტორისგან მიღებული კონკრეტული დავალების დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შესრულება დაევალა. ჯგუფები თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების და იმპროვიზაციის მიხედვით შეფასდნენ. ინსტრუქტორებმა დაწვრილებით განიხილეს კონკრეტულ სიტუაციებში ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ქარში და წვიმაში კარავის ან სხვა ნებისმიერი საფარის სწორად აგებას, კოცონის დანთებას, პირადი ნივთების მშრალად შენახვას და სხვა დეტალებს მოიცავდა.  მონაწილეებმა გააანალიზეს შეცდომები და ინსტრუქტორებისგან პრაქტიკული რჩევებიც მიიღეს.

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სამხედრო ოპერაციებზე კლიმატური პირობების გავლენის შესახებ, ასევე, თუ რა სახის დაზიანებები შეიძლება მიიღონ და როგორ უნდა მოქმედებდეს პირადი შემადგენლობა მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში. კურსის მსვლელობისას სამხედროებმა  რთულ კლიმატურ პირობებში იარაღისა და პირადი აღჭურვილობის  მშრალად შენარჩუნების წესები, სივრცის დაგეგმვისა და ზამთრის ოპერაციების ტექნიკური პრინციპებიც შეისწავლეს.

„ზამთრის კურსი“ საქართველოში პირველად ტარდება და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სამომავლოდ  სწავლების საერთაშორისო დონეზე განხორციელება და ნატოს წევრი, პარტნიორი და მეზობელი ქვეყნებიდან სამხედროების მონაწილეობა იგეგმება.

ალიანსის წევრ ბევრ ქვეყანაში,  მკაცრი ზამთრის გამო,  ზამთრის კურსის ჩატარება და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება ნატოს მხრიდან პრიორიტეტად არის მიჩნეული. საერთაშორისო  სტუდენტების მონაწილებით  ზამთრის პირველი კურსი  1927 წელს ჩატარდა.

უწმინდესმა საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხელმძღვანელობას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 10:40

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა მიიღო. უწმიდესმა სამინისტროს ახალი გუნდი დალოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატება უსურვა. პატრიარქთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა უწყებაში დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უწმიდესს შეიარაღებული ძალების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. 

 „თქვენო უწმინდესობავ, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ყოველდღიური მხურვალე ლოცვისთვის და იმ თანადგომისთვის, რომელსაც ქართული შეიარაღებული ძალები გრძნობს თქვენგან. ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ლოცვას, იმიტომ რომ, ადამიანი ვერ იქნება თავგანწირული, თუ რწმენა არ აქვს, თუ შინაგანად ძლიერი არ არის. ბუნებრივია, პირველ რიგში, ეს რწმენა აძლიერებს ქართველ ჯარისკაცს. ჩვენთან თითქმის ყველა დანაყოფშია ეკლესია, რომელიც უშუალოდ ჯარისკაცების ენერგიით, შრომით არის შექმნილი. ეკლესია გვაქვს ავღანეთშიც, რომელიც ასევე ჩვენი ჯარისკაცების მიერ არის აშენებული. თითოეული დანაყოფი, რომელიც იქ ექვს თვეში ერთხელ ჩადის, რაღაც ახალს სძენს ამ ეკლესიას, პირველ რიგში კი, თავად იძენს სულიერ სიმტკიცესა და რწმენას. ჩემთვის და ჩვენი ჯარისთვის, თქვენს ლოცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ერის გაერთიანებისთვის, ქართული საქმისთვის,  ქვეყნის მთლიანობისთვის“. - განაცხადა ლევან იზორიამ. 

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უწმინდესს ახლადდანიშნული მოადგილეები წარუდგინა და ახალ გუნთან ერთად დასახული მიზნების განხორციელებას დაჰპირდა. 

„ჩვენ აქ, თქვენთან მოვედით, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ქართული მისწრაფება. არსებობს ქართული გამოთქმა, „ერი და ბერი“, ეს იქნება იმის დასაწყისი, რომ ჩვენი მაგალითით, „ერის და ბერის“ ერთად დგომით, იმ დიდი სახელმწიფო მიზნებისკენ ერთად მივისწრაფოდეთ და მივაღწიოთ იმ სასურველ მიზნებს, რომელიც დღეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას. თქვენ, ჩვენი სულიერი მამა და მოძღვარი ბრძანდებით. თქვენს ლოცვებს დიდი ძალა აქვს. თქვენი ლოცვა-კურთხევით გავაგრძელებთ იმ მართალ საქმეს, რომელიც დაწყებულია. მინისტრს კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო, ახლა დამტკიცდა ახალი მთავრობა და ჩვენ, როგორც ერთი გუნდი, გავაძლიერებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას და, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას ეკლესიასთან. ჩვენ, ასევე გვყავს სხვა მრწამსის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უკავიათ შეიარაღებულ ძალებში და მათთან ერთად ჩვენ შევძლებთ გავაკეთოთ ის საქმე, რომელიც მიზნად გვაქვს დასახული“. - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. 

პატრიარქმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აუცილებლობაზე, შეიარაღებული ძალების განვითარებასა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელიც, უწმინდესის აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამხედრო სამსახურის სრულყოფისთვის.

„ჩვენ ვემზადებით სინოდის სხდომისთვის, სადაც  ერთ-ერთი საკითხი იქნება, საკვირაო სკოლები. კვირას და კვირის სხვა დღეებში, დღის მეორე ნახევარში, შეისწავლიან საღვთო სჯულს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას და ხელობას, მშენებლობას, ან საოჯახო საქმიანობას. ეს, ძალიან საჭიროა. ადამიანი ჯარიდან რომ წავა, მან უნდა შეინახოს თავისი ოჯახი“.- განაცხადა უწმინდესმა.

ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პატრიარქს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის ტილო უსახსოვრეს, რომელიც სწორედ „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი კოლექციიდან გახლავთ.

ვაზიანში მანევრის კაპიტნის სასწავლო კურსი გრძელდება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 16:27

მანევრის კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელთა მზადების მორიგი ფაზა საველე სწავლებით დასრულდა. წვრთნები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე გრძელდებოდა. კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებს, სწავლების ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდათ ბრძანებები გაეცათ  ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართული პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მესამე ასეულისთვის, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების ჯგუფისთვის.  ბრძანების თანახმად სწავლებაში ჩართულ  ქვედანაყოფებს დასახლებულ პუნქტში არსებულ შენობებში გამაგრებულ პირობით მტერზე უნდა მიეტანათ იერიში და გაენადგურებინათ.  ქვედანაყოფებმა ბრძანება წარმატებით შეასრულეს.

ოპერაციის დასრულების შემდეგ, სამხედროების მიერ, ჯავშანმანქანების დახმარებით, დაჭრილების ევაკუაცია მოხდა. მეწინავე ოპერატიულ ბაზა „გაგრაზე“ დაბრუნების შემდეგ კი, საერთო საჯარისო ცენტრისა და კურსის ხელმძღვანელებმა მსმენელებს სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე მიუთითეს. საველე სწავლებისას კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებმა თეორიაში ნასწავლი პრაქტიკულად განახორციელეს. სწავლებას საერთო საჯარისო ცენტრის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი იროდი ქადაგიშვილი ესწრებოდა. 

17 წელი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსებიდან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 10:05

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსებიდან 17 წელი გავიდა. იუბილე ვაშლიჯვრის ბაზაზე  საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია,  აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები დაესწრნენ.

ცერემონიალი სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებმა  საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებს იუბილე მიულოცეს და სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა.

„გილოცავთ იუბილეს! თქვენი დანაყოფი არის ერთ-ერთი ელიტური დანაყოფი. დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ეს დღე ახალ გენშტაბის უფროსთან ერთად მოგილოცოთ და დაგპირდეთ, რომ ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად შეგიქმნათ საუკეთესო პირობები სარისკო წვრთნების წარმატებულად ჩატარებისთვის. რათა ჩვენი ქვეყანა უფრო დაცული და მომზადებული იყოს იმისთვის, რომ  ყველანაირ საფრთხეს გასცეს დროული და ადეკვატური პასუხი. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. ამ 17 წლის განმავლობაში მათ ჩვენთან ერთად ჩამოაყალიბეს თქვენი დანაყოფი. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა აშშ-ს გაწეული მხარდაჭერისთვის. სიმბოლურია, რომ ამ იუბილეს მათი წარმომადგენლებიც ესწრებიან. ჩვენი ინსტრუქტორები ორი თვეა წარმატებით ახორციელებენ და კიდევ განახორციელებენ წვრთნებს, ეს სიმბოლური გამოხატულებაა იმისა, რაც თავიდანვე საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი და წარმატებებს  პარტნიორებთან ერთად ვიზეიმებთ.

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, ესტონეთის დელეგაციას მივესალმო, რომელიც თქვენთან განსაკუთრებით ამ მიმართულებით თანამშრომლობს. მინდა მივესალმო პოლონეთის და იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც არ იშურებენ ენერგიას და  ძალისხმევას, რათა ჩვენ ვიყოთ იმ სტანდარტების შესაბამისი, რასაც ჰქვია თანამედროვე, ნატოს სტანდარტები. როდესაც ვსაუბრობ ელიტურ დანაყოფზე, მხედველობაში მაქვს წვრთნების ის სარისკო ხასიათი, რომელსაც თქვენ გადიხართ. საზოგადოება ამის მოწმენი გავხდით ახლო წარსულში, როდესაც ერთ-ერთი წვრთნების დროს  დავკარგეთ ჩვენი ძმები, თქვენი თანამებრძოლნი და ვისურვებდი, რომ მომავალში ასეთი შემთხვევები არ გვქონდეს, რომ უსაფრთხოების მაქსიმალური სტანდარტები დავიცვათ. იმ დღეებში და იმ დღეების შემდეგ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის ის, რომ თქვენ აჩვენეთ, თუ რა არის ერთი ოჯახი, თანაგუნდელის ოჯახის თანაგრძნობა, გვერდით დგომა. ეს არის რაც ყველაზე ელიტურს და განსაკუთრებულს ხდის თქვენს დანაყოფს. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო და კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა, რომ ასეთი ღირსეული ქართველები გაზარდეს.

აქ მხოლოდ ფიზიკური მომზადება კი არა, ქართული მებრძოლი სულის გაწვრთნაც ხდება. თქვენ ხართ სამჭედლო ქართული მებრძოლი სულისა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ვისურვებდი, ეს ტრადიციები მომავალშიც გააგრძელოთ“,- მიმართა თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, პოლკოვნიკ დიმიტრი კიკნაძეს ღირსეული მეთაურობისთვის მადლობა გადაუხადა.

გენერალური შტაბის უფროსმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება სპეცდანიშნულების დანაყოფის ისტორიაზე გაამახვილა და სამხედროებს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. დიდ ბრიტანეთში სადაზვერვო ქვედანაყოფების შეჯიბრებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და  სწავლებაზე საპატიო მეორე ადგილის დაკავებისთვის თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები - „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშობლოსთვის თავდადებული“ გადასცა. გენერალური შტაბის უფროსმა ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვა. რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ კი მადლობა და სიგელები დაიმსახურა.

სპეციალური ოპერაციების ძალების 17 წლის იუბილეს ფარგლებში სასროლეთზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა საჩვენებელი ტაქტიკური სწავლება გამართეს. ტაქტიკური სწავლება  სპეციალური დანიშნულების ჯგუფების გადმოსხმას, ობიექტის მიმართულებით  გადაადგილებასა  და  საბრძოლო მასალის გამოყენებით ობიექტის განადგურებას ითვალისწინებდა.

დღესვე, სპეცდანიშნულების ბატალიონის ფოიეში  სამხედრო აღჭურვილობა და სპეციალური შეიარაღება გამოიფინა. იუბილე სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდა.

1992 წლის 22 ნოემბერს, პირველად საქართველოში, ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორთა დახმარებით ჩატარებული „სპეცდანიშნულების საბრძოლო კურსი“ წარმატებით დაასრულა 12-მა სამხედრო მოსამსახურემ. ასე შეიქმნა პირველი სპეცდანიშნულების ჯგუფი და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში  საფუძველი ჩაეყარა სერტიფიცირებული სპეციალური ოპერაციების ტაქტიკურ ქვედანაყოფს.

შემფასებელთა კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 16:18

ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე, ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში პირველი დონის შემფასებელთა ჯგუფის 33-ე კურსი დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით მსგავსი ტიპის სწავლება საქართველოში პირველად ჩატარდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეფასებით ამის გამო აღნიშნულმა კურსმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

სწავლება 14-დან 18 ნოემბრამდე გრძელდებოდა და მასში 19 ქვეყნის 40-მდე წარმომადგენელი, მათ შორის 4 ქართველი, მონაწილეობდა. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები და ნატოს შემფასებელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბეჯები გადაეცათ.
მონაწილეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები უსურვა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა. მან კურსის დირექტორს, მაკედონიელ ვიცე-პოლკოვნიკ იგორ კუზმანოსკის და მის თანაშემწეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სიმბოლური ფასიანი საჩუქრები მიიღეს კურსის უცხოელმა თუ ქართველმა მონაწილეებმაც.

შემფასებელთა კურსის მიმდინარეობისას მისი მონაწილეები ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის წვრთნებსაც დაესწრნენ და მისი შეფასებაც განახორციელეს.

18 ნოემბერი სამხედრო დაზვერვის დღეა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 14:24

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სამხედრო მზვერავებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 18 ნოემბერს სამხედრო დაზვერვას 25 წელი შეუსრულდა.1991 წლის 18 ნოემბერს, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დაზვერვის სამმართველო შეიქმნა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქართველ სამხედროებს მადლობას უხდის

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 11:48

ერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ლევან იზორიას ავღანეთში, ქართველი სამხედროების მიერ, გერმანიის საკონსულოს თანამშრომელთა სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობას უხდის.

 ურსულა ფონ დერ ლეიენის მიერ ლევან იზორიასთვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ქართველი სამხედროების ეს ქმედება დასტურია საქართველო-გერმანიას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისა. „ღრმად პატივცემულო ბატონო მინისტრო, გასულ კვირას მაზარ-ი-შარიფში მდებარე გერმანიის გენერალურ საკონსულოზე განხორციელებული საშინელი თავდასხმის შემდეგ, მინდა ამ გზით უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ჯარისკაცების პროფესიული ქმედებისათვის. ქართველი ჯარისკაცებისგან შემდგარი სწრაფი რეაგირების ძალების დაუყოვნებელი მოქმედებით, შესაძლებელი გახდა მოვლენების უფრო უარესი განვითარების თავიდან აცილება და ჩვენი საკონსულოს თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ეს აქტიური ქმედება კიდევ ერთი დასტურია საქართველოსა და გერმანიას შორის უკვე მრავალი წლის მანძილზე არსებული შესანიშნავი თანამშრომლობისა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც ბევრ წარმატებას მივაღწევთ ამ ერთობლივი მისიის განხორციელებისას“. - ნათქვამია გერმანიის თავდაცვის მინისტრის წერილში.

52-ე და 32-ე ბატალიონების უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ავღანეთში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 13:47

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა კი, სამშვიდობო მისია უკვე დაასრულა. უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.

უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალი საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავღანეთის სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას.

ცერემონიალს ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, ამერიკის არმიის გენერალ-მაიორი ჯონ ტომპსონი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის საცეცხლე მხარდაჭერის ჯგუფისა და ტაქტიკური დაჯგუფება „ტაიგერის" ხელმძღვანელობა, ავღანეთის ეროვნული არმიისა და ფარვანის პროვინციის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები.

ოფიციალური ცერემონიალის დამსწრე სამხედრო და სამოქალაქო პირებს სიტყვით მიმართა საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და 52-ე ბატალიონის მაღალ პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიგა ავალიანმა კი, ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და 32-ე ბატალიონს წარმატება უსურვა.  

ღონისძიების დასკვნით ნაწილში ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" წარმატებით შესრულებისთვის სპეციალური მედლები ქართველ სამხედროებს გენერალ-მაიორმა ჯონ ტომპსონმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და ტაქტიკური დაჯგუფება „ტაიგერის" მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯეისონ დევისმა გადასცეს. 6 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს კი, 52-ე ბატალიონისთვის გაწეული განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მედლები „ქაქუცა ჩოლოყაშვილი" გადაეცათ. დაჯილდოების დასრულების შემდეგ მაღალი რანგის სტუმრებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს და საზეიმო ტორტი გაჭრეს.

 

ქართველმა სამხედრო პარაოლიმპიელის წარმატება მსოფლიოს ჩემპიონატზე

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 12:06

ქართველმა სამხედრო პარაოლიმპიელმა, პარამკლავჭიდში გამართულ მსოფლიოს XIX ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კაპრალმა თემურ დადიანმა მარცხენა მკლავით ასპარეზობაში ინდოელი მეტოქე დაამარცხა და შეჯიბრი მესამე ადგილზე დაასრულა.

თემურ დადიანისთვის ეს წარმატება პირველი არ ყოფილა. შარშან, პოლონეთში პროფესიონალური მკლავჭიდის XV მსოფლიო თასზე, საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურე ორივე მკლავით შეჯიბრში ვიცე–ჩემპიონი გახდა. თემურ დადიანმა მიმდინარე წლის მაისში, რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატიც მეორე ადგილზე დაასრულა.

კაპრალი თემურ დადიანი ISAF–ის მისიის მონაწილე დაჭრილი ჯარისკაცია. 2011 წლის 3 აგვისტოს, ავღანეთში, ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად ქართველმა სამხედრომ ორივე ქვედა კიდური დაკარგა და მარჯვენა ხელი დაიზიანა. შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ, თემურმა მსოფლიო რეკორდი ე.წ. „ფლენჩ“ (Planche) აზიდვებში დაამყარა. მოგვიანებით კი საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. კაპრალი თემურ დადიანი ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მსახურობს.

პარამკლავჭიდის XIX მსოფლიო ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში 1–ელ ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დასრულდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური