თქვენ ყველაზე ეროვნულ საქმეს აკეთებთ, - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 31 იანვარი 2017 12:58

„თითოეული თქვენთაგანი ამტკიცებს იმ საქმეს, რასაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ჰქვია. ჩვენი პარტნიორები თვლიან, რომ სწორედ თქვენი თანადგომით და თანამონაწილეობით ჩვენ მათთან ერთად ვამტკიცებთ მსოფლიოში უსაფრთხოებას. ამიტომ ვართ სანდო პარტნიორები. დარწმუნებულები იყავით, რომ მართალია საქართველოდან შორს, მაგრამ თქვენ აკეთებთ ყველაზე ეროვნულ საქმეს. დღეს თუ ყველაზე მეტად არის ქართველი საქართველოს დროშით დაფასებული, ეს თითოეული თქვენთაგანია“ - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც დღეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ.

გაცილების ცერემონიალი ალექსეევკის შერეულ საავიაციო ესკადრელიაში გაიმართა.  ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ოცეულს მისიის წარმატებით შესრულება უსურვა და საერთაშორისო ოპერაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „დღესII ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მნიშვნელოვან მისიას იწყებს. ამ მისიას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება და პრაქტიკულად, იმ პროცესის განმტკიცებაა, რასაც ჰქვია საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, განმტკიცება იმ მხარდაჭერისა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით. ჩვენ შეგვაქვს მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში ჩვენ პარტნიორებთან ერთად და ვამტკიცებთ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომლის ნაწილიც გვინდა გავხდეთ“.

ქართველი სამხედროების დასამშვიდობებლად ალექსეევკაში მინისტრთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე იმყოფებოდნენ. მათ მშვიდობისმყოფელების მისიის წარმატებით განხორციელება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

„დღეს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ ბანგიში საქართველოს შეიარაღებული ძალების ოცეული მიემგზავრება. მინისტრი იზორია და მე აეროპორტში მოვედით, რათა ქართველ სამხედროებს დავემშვიდობოთ და მშვიდობიანი ფრენა ვუსურვოთ. ვფიქრობ, მისია, რომელშიც ქართველი მშვიდობისმყოფელები ერთვებიან, ძალიან მნიშვენლოვანია. როგორც იცით, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს მისწრაფებას ნატოსა და ევროკავშირში. ძალიან ვაფასებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ მსოფლიოს სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში შეტანილ წვლილს ფრანგ სამხედროებთან ერთად. ვფიქრობ, ასეთი სახის ოპერაციები ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს კიდევ უფრო აახლოებს და მათ შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს. საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა მაღალ დონეზეა. გასული წლის აპრილში, როდესაც თქვენი პრეზიდენტი საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა, ეს თემა ორმხრივი დისკუსიების მთავარი საკითხი იყო,“ - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.    

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცარ-ში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას - EUTM RCA 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართული კონტინგენტი, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ განთავსდება. კაპიტან რომან მოდებაძის მეთაურობით, ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების  უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.

23-ე ბატალიონის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრებამდე 4-კვირიანი გადასროლისწინა მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარა. მათ პატრულირება, საგუშაგოების და საპატრულო ბაზის მოწყობა, ჩხრეკა-კორდონის ოპერაციები, საცეცხლე მომზადება, პირველადი სამედიცინო  მომზადება და ფსიქოლოგიური ტესტირება გაიარეს. ნაკრები ოცეულის შემადგენლობაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის კარგი გამოცდილება აქვთ. სხვადასხვა დროს ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები ჩართულები იყვნენ ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებულ საერთაშორისო 

ავღანეთიდან II ქვეითი ბრიგადის ასეული სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 30 იანვარი 2017 10:57

ავღანეთიდან II ქვეითი ბრიგადის  გაძლიერებული ასეული სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქართველ სამხედროებს ალექსეევკის აეროპორტში დახვდა და ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება პირადად მიულოცა.

„დღეს დანაკარგის გარეშე, უვნებლად დაგვიბრუნდა II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული. მე ორჯერ მქონდა შესაძლებლობა ჩავსულიყავი მათთან ავღანეთში და გერმანელი ოფიცრებისგან მათი საქმიანობის შესახებ დიდი შეფასება მომესმინა.  ყოველთვის სიამაყის გრძნობა მეუფლებოდა, რომ ვიყავი ქართველი. მათ გამოიჩინეს სიმამაცე, პროფესიონალიზმი, როდესაც გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის დროს მაზარ-ი-შარიფში იმოქმედეს ძალიან ოპერატიულად და ამ ქმედებების შედეგად გადაარჩინეს ადამიანების სიცოცხლე. ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს გენერალური მდივნისგან პირადად მოვისმინეთ მადლობის სიტყვები, ჩვენ მივიღეთ მადლობის სიტყვები გერმანიის თავდაცვის მინისტრისგან. ნატოს წევრი ყველა ქვეყანა აღიარებს ჩვენს პროფესიონალიზმს“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს სამშობლოში დაბრუნება გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართელოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმაც მიულოცეს. აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, საქართველოში გერმანიის სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოზეფ ნოლტე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები.

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში  ავღანეთის ჩრდილოეთით, მაზარ-ი-შარიფში მდებარე სამხედრო ბაზა "მარმალზე" სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდნენ. ქართულმა ქვედანაყოფმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია განახორციელა და სამშვიდობო მისიის შესრულების დროს თავი გამოიჩინა. მათ შორის, 2016 წლის 10 ნოემბერს მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას ქართულმა ასეულმა უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეფექტურად შეძლო და ამოცანა წარმატებით განახორციელა. ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში წარმატებით ჩატარებული ოპერაციებისთვის გერმანული სარდლობისგან  მაღალი შეფასებები მიიღეს.

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში როტაციის წესით I ქვეითი ბრიგადის ასეულმა ჩაანაცვლა.

"შეიარაღებული ძალები დემოკრატიულ საზოგადოებაში"

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 12:58

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში „შეიარაღებული ძალები დემოკრატიულ საზოგადოებაში“ სემინარი გაიხსნა. სემინარის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა ნიკოლაშვილი მიესალმა და კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სემინარს ორი გერმანელი ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი მარტინ გერსტერი და კაპიტანი ფრანკ მაგინსკი წარმართავენ. 

სემინარის მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებული სამხედრო ოფიცრებისა და სამოქალაქო პირების ინფორმირება გერმანიის ბუნდესვერში არსებული შიდა მართვის კონცეფციისა და მისი ცალკეული ელემენტების შესახებ.

კურსი საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში იმართება. სამდღიან ტრენინგს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებიან.

 

"ცერცვაძე ყველა ომში მონაწილეობდა, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ აწარმოა"

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 23 იანვარი 2017 17:15

ქართველი ჯარისკაცის გია ცერცვაძის ახლობლები უკრაინის ხელისუფლებას მიმართავენ სამხედრო რუსეთს არ გადასცენ:

„თუკი ცერცვაძეს  რუსეთს გადასცემენ, იქ მას აწამებენ. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის პოლიტიკური მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება გიას მონაწილეობას აგვისტოს ომში რუსეთის წინააღმდეგ,“- განაცხადა გია ცერცვაძის ადვოკატმა, ქსენია პროკონოვამ.

გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით კიევში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

„გია ცერცვაძე ყველა ომში მონაწილეობდა, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ აწარმოა, აქ გია ინსტრუქტორად მუშაობდა და ლუგანსკის ოლქში მოხალისეებს წვრთნიდა,“ - განაცხადა ბატალიონ "აზოვის" ყოფილმა მოხალისემ, ნიკიტა მაკეევიმ.

 

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 16 იანვარი 2017 13:41

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დაიწყო. სწავლება „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ზამთრის კურსში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 14 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ქართველ სამხედროებთან ერთად სწავლებაში ლიტვიდან, საფრანგეთიდან და სომხეთიდან მოვლენილი ჯარისკაცები მონაწილეობენ. 

ზამთრის წვრთნები ორ ეტაპად დაიგეგმა. თავდაპირველად კურსში მონაწილე სამხედროები ორფოლოს პოლიგონზე, მთიან რელიეფზე საშტატო იარაღიდან სროლის ტექნიკას დახვეწენ.  სწავლების მეორე ფაზაში მსმენელები გუდაურში გაემგზავრებიან, სადაც თოვლში თხილამურით მარშგადაადგილება, თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავში მოყოლილი დაზარალებულის ძებნა და ევაკუაცია მოუწევთ. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ზედამხედველობენ. თითოეული ამოცანის შესრულების დროს თითოეული სამხედრო მოსამსახურის ცოდნა შესაბამისი ქულებით შეფასდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები  სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ.

 

I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთშია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 13 იანვარი 2017 10:58

საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში სრული შემადგენლობით უკვე ჩავიდა. ქვედანაყოფს მაზარ-ი-შარიფში, ბაზა "მარმალზე" ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მურთაზ გუჯეჯიანი დახვდა და სამხედროებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა.

თბილისიდან ჩასულ ქვედანაყოფს ბაზა „მარმალზე“ II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის მეთაური, კაპიტანი ბაჩო გახარიაც მიესალმა. რამდენიმე დღეში I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული II ქვეითი ბრიგადის ასეულს როტაციის წესით ჩაანაცვლებს და „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულებას,  გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, შვიდი თვის განმავლობაში შეუდგება. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.

ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადება ქართველი ინსტრუქტორების ზედამხედველობით ჯერ საქართველოში, მანავში, სამი თვის განმავლობაში რეინჯერთა მომზადების სკოლაში გაიარა,  შემდეგ კი, - ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში,  37-ე ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე. ასეულის პირადი შემადგენლობის გადასროლისწინა წვრთნა გერმანიაში სამ ფაზად იყო დაყოფილი. სამხედროებმა ინდივიდუალური, ათეულის, ოცეულის და ასეულის დონის შემაჯამებელი სწავლებები გაიარეს, მათ შორის, სამედიცინო, საცეცხლე, საინჟინრო, კავშირგაბმულობა, ტაქტიკური სწავლება ყველა დონეზე და სწავლებაზე ორიენტირებული მეცადინეობებისთვის სამეთაურო რგოლის შეკრება. ასეულმა გერმანელი ინსტრუქტორების ზედამხედველობით ორჯერ ოცეულის და ასეულის დონის ტაქტიკური სწავლება განახორციელა, რომლის სცენარიც რეალურ სიტუაციასთან იყო მიახლოებული.

გორში ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 06 იანვარი 2017 16:39
I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის უკვე მზადაა. ქართველი მშვიდობისმყოფელების გაცილების ცერემონიალი გორში, I ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
 
საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ქართველ სამხედროებს მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უსურვა. ღონისძიებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და გერმანიის სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოზეფ ნოლტე დაესწრნენ. ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ქართველი მშვიდობისმყოფელების ოჯახის წევრებიც. ღონისძიების დასასრულს ჯარისკაცები კაპელანმა, მამა გიორგიმ დალოცა.
 
 
I ქვეითი ბრიგადის ასეული მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს, როტაციის წესით, ჩაანაცვლებს. გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა, მაიორ მიხეილ მეზვრიშვილის მეთაურობით, შვიდი თვის განმავლობაში ავღანეთში, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს საერთაშორისო მისიას. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა საჭიროების შემთხვევაში მოკავშირე და ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერა და სწრაფი რეაგირება იქნება.
 
 
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მომზადება ასეულმა ჯერ საქართველოში, მანავში, რეინჯერთა მომზადების სკოლაში სამი თვის განმავლობაში ქართველი ინსტრუქტორების ზედამხედველობით გაიარა, შემდეგ კი, - ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში, 37-ე ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე, გერმანელი ინსტრუქტორების ზედამხედველობით. ასეულის პირადი შემადგენლობის გადასროლისწინა წვრთნა გერმანიაში სამ ფაზად იყო დაყოფილი. სამხედროებმა ინდივიდუალური, ათეულის, ოცეულის და ასეულის დონის შემაჯამებელი სწავლებები გაიარეს, მათ შორის, სამედიცინო, საცეცხლე, საინჟინრო, კავშირგაბმულობა, ტაქტიკური სწავლება ყველა დონეზე და სწავლებაზე ორიენტირებული მეცადინეობებისთვის სამეთაურო რგოლის შეკრება.

საინჟინრო ბრიგადას გერმანიის თავდაცვის სამინისტროსგან სპეციალური სადეკონტემინაციო მანქანები გადაეცა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 13:49

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადას სპეციალური სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანები გადასცა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი დაესწრნენ.

„ჩვენ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს გერმანიასთან. ეს ქვეყანა პირველი იყო, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა აღიარა. ჩვენ გვაქვს საუკეთესო თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. განსაკუთრებით გამოვარჩევდი საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში გერმანული მხარის აქტიურობას. წლების წინ დავიწყეთ გერმანიასთან ქიმიურ, ბიოლოგიურ და რადიაციულ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე გახლდით უწყებათაშორისი კომისიის თავჯდომარე აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით. ვიცი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სფეროს თანამედროვე სამყაროში და ამ სფეროში უსაფრთხოების და თავდაცვის უზრუნველყოფას. დღეს ჩვენ გადმოგვცეს სპეციალური ტექნიკა, რომელსაც სწორად გამოვიყენებთ და ეს ერთგვარი საფუძველი იქნება მომავალში ექსპერტების დონეზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან გერმანიასთან. მინდა გამოვხატო მზადყოფნა, რომ აქტიურად ვიქნები პროცესში ჩართული, რათა ყველანაირი პირობები შეგიქმნათ წარმატებული საქმიანობისთვის მომავალში. დარწმუნებული ვარ თქვენი პროფესიონალიზმი, მონდომება და ენერგია, რასაც ამ საქმეში ჩადებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართვის შემდეგ გერმანული მხარის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართული რქბ ასეულის გაწვრთნასთან და ტექნიკის გადმოცემასთან დაკავშირებით.

„მასობრივი დაზიანების საფრთხე 21-ე საუკუნეში აქტუალურია. დასნებოვნებულ ტერიტორიებზე რეაგირებას არსებითად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ამოცანის შესასრულებლად ჩამოყალიბდა ქვედანაყოფი, რომელიც გერმანელების აქტიური ჩართულობით დაარსდა. დღეს წარმოდგენილი ტექნიკა ამ ამოცანების გადაწყვეტაში დაგვეხმარება. ეს პროგრამა ასევე დაგვეხმარება ნატოსთან თანამშრომლობის საკითხში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ,“ - აღნიშნა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ქართველ ინსტრუქტორთა ჯგუფმა მომზადების პირველი ეტაპი გერმანიაში 2014 წლის მარტსა და აპრილში გაიარა. გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ასევე, გამოყო მატერიალურ-ტექნიკური დახმარება, რომელიც მოიცავს სპეციალურ სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანებს.

„ეს ტექნიკა საბაზისო საფეხურს ქმნის იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამ სახის ტექნიკისა და შეიარაღების განვითარება. რადიოაქტიური და ქიმიური თავდაცვითი შეიარაღების განხორციელება მხოლოდ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ შეიარაღებულ ძალებს შეუძლია. ამ სფეროში გერმანული მხარე ცდილობს აქცენტი ორი მიმართულებით დახმარებაზე გააკეთოს. აღნიშნული ტექნიკა საშუალებას აძლევს პირად შემადგენლობას, შეასრულოს ის ფუნქცია-მოვალეობები, რაც მათ ეკისრებათ და მხარდაჭერის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. გარდა ტექნიკისა, გერმანული მხარე ქართულ მხარეს იმ თეორიული საფუძვლების შესწავლაში დაეხმარება, რომლის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა,” - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩი.

 სპეციალური ტექნიკა ორმაგი დანიშნულებისაა. მისი გამოიყენება შეიძლება როგორც საბრძოლო სიტუაციაში კატასტროფების ლიკვიდაციისთვის, ტერიტორიების, შენობების, ინდივიდუალური აღჭურვილობის, ტექნიკის, ჯავშანტექნიკის და პერსონალის დასუფთავება/გაუნებელყოფაში, ასევე სამოქალაქო თავდაცვის სფეროში - ხანძართან ბროლის დროს, სხვადასხვა ეპიდემიების, კატასტროფების და მსგავსი შედეგების ლიკვიდაციისთვის.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საზეიმო ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე, გერმანიის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოსებ ნოლტე და შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის მეთაური, კაპიტანი ბეგლარ იაკობიძე.

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირველი შეხვედრა სამხედროებს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 13:03

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირველი შეხვედრა სამხედროებთან დასავლეთ საქართველოში გამართა. ქუთაისში, III მსუბუქ ქვეით ბრიგადაში ყოფნისას გენერალური შტაბის უფროსმა სამხედროებს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო და განაცხადა, რომ ოპტიმიზაცია ძირითადად უწყებაში სამოქალაქო პერსონალს შეეხება. ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, თავდაცვის უწყების ბიუჯეტის 67 პროცენტი ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე მოდის, ცვლილებების შემდეგ კი, ეს პროცენტული მაჩვენებელი შემცირდება, გამოთავისუფლებული სახსრები კი სამხედრო პოტენციალის ამაღლებას მოხმარდება. რეფორმის უმთავრეს მიზანს, საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება წარმოადგენს.

III მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა როლანდ კიკნაველიძემ გენერალური შტაბის უფროსს ბრიგადაში მიმდინარე აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ქუთაისში შეხვედრის დასრულების შემდეგ გენერალური შტაბის უფროსი, ბათუმში დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონსაც ესტუმრა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობის მიზნით, გენერალური შტაბის უფროსი დასავლეთ სარდლობის ყველა სამხედრო ქვედანაყოფს ესტუმრება და მათ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

23-ე ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა მომზადებას გადის

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 16:04

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას გადის. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადების მესამე ფაზის ფარგლებში, ქვედანაყოფი მოტორიზებულ ოპერაციებს, პატრულირებას, ჩხრეკა კორდონისა და სხვა ტიპის ამოცანებს ოცეულის შემადგენლობით პრაქტიკულად ასრულებს.

საველე სწავლებები ვაზიანის სამხედრო პოლიგონსა და კრწანისში პარალელურად მიმდინარეობს. გადასროლისწინა მომზადება სულ ოთხ ფაზადაა დაყოფილი. I ფაზაზე სამხედროების ინდივიდუალური მომზადება ხორციელდება. II ფაზაზე ამოცანები ათეულის შემადგენლობით, III ფაზის განმავლობაში ოცეულის, ხოლო IV ფაზაზე ასეულის და ბატალიონის შემადგენლობით ხორციელდება.

23-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა სწავლება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ტარდება. საველე სწავლებები რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. ქართველი სამხედროები მომზადებას 23-ე ბატალიონისა და ამერიკული საწვრთნელი ჯგუფის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 ბატალიონის ოთხთვიანი სწავლება იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები გერმანიაში გაივლიან შემოწმებას და შემდეგ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური