17 წელი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსებიდან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 10:05

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსებიდან 17 წელი გავიდა. იუბილე ვაშლიჯვრის ბაზაზე  საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია,  აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები დაესწრნენ.

ცერემონიალი სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებმა  საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებს იუბილე მიულოცეს და სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა.

„გილოცავთ იუბილეს! თქვენი დანაყოფი არის ერთ-ერთი ელიტური დანაყოფი. დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ეს დღე ახალ გენშტაბის უფროსთან ერთად მოგილოცოთ და დაგპირდეთ, რომ ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად შეგიქმნათ საუკეთესო პირობები სარისკო წვრთნების წარმატებულად ჩატარებისთვის. რათა ჩვენი ქვეყანა უფრო დაცული და მომზადებული იყოს იმისთვის, რომ  ყველანაირ საფრთხეს გასცეს დროული და ადეკვატური პასუხი. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. ამ 17 წლის განმავლობაში მათ ჩვენთან ერთად ჩამოაყალიბეს თქვენი დანაყოფი. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა აშშ-ს გაწეული მხარდაჭერისთვის. სიმბოლურია, რომ ამ იუბილეს მათი წარმომადგენლებიც ესწრებიან. ჩვენი ინსტრუქტორები ორი თვეა წარმატებით ახორციელებენ და კიდევ განახორციელებენ წვრთნებს, ეს სიმბოლური გამოხატულებაა იმისა, რაც თავიდანვე საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი და წარმატებებს  პარტნიორებთან ერთად ვიზეიმებთ.

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, ესტონეთის დელეგაციას მივესალმო, რომელიც თქვენთან განსაკუთრებით ამ მიმართულებით თანამშრომლობს. მინდა მივესალმო პოლონეთის და იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც არ იშურებენ ენერგიას და  ძალისხმევას, რათა ჩვენ ვიყოთ იმ სტანდარტების შესაბამისი, რასაც ჰქვია თანამედროვე, ნატოს სტანდარტები. როდესაც ვსაუბრობ ელიტურ დანაყოფზე, მხედველობაში მაქვს წვრთნების ის სარისკო ხასიათი, რომელსაც თქვენ გადიხართ. საზოგადოება ამის მოწმენი გავხდით ახლო წარსულში, როდესაც ერთ-ერთი წვრთნების დროს  დავკარგეთ ჩვენი ძმები, თქვენი თანამებრძოლნი და ვისურვებდი, რომ მომავალში ასეთი შემთხვევები არ გვქონდეს, რომ უსაფრთხოების მაქსიმალური სტანდარტები დავიცვათ. იმ დღეებში და იმ დღეების შემდეგ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის ის, რომ თქვენ აჩვენეთ, თუ რა არის ერთი ოჯახი, თანაგუნდელის ოჯახის თანაგრძნობა, გვერდით დგომა. ეს არის რაც ყველაზე ელიტურს და განსაკუთრებულს ხდის თქვენს დანაყოფს. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო და კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა, რომ ასეთი ღირსეული ქართველები გაზარდეს.

აქ მხოლოდ ფიზიკური მომზადება კი არა, ქართული მებრძოლი სულის გაწვრთნაც ხდება. თქვენ ხართ სამჭედლო ქართული მებრძოლი სულისა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ვისურვებდი, ეს ტრადიციები მომავალშიც გააგრძელოთ“,- მიმართა თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, პოლკოვნიკ დიმიტრი კიკნაძეს ღირსეული მეთაურობისთვის მადლობა გადაუხადა.

გენერალური შტაბის უფროსმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება სპეცდანიშნულების დანაყოფის ისტორიაზე გაამახვილა და სამხედროებს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. დიდ ბრიტანეთში სადაზვერვო ქვედანაყოფების შეჯიბრებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და  სწავლებაზე საპატიო მეორე ადგილის დაკავებისთვის თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები - „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშობლოსთვის თავდადებული“ გადასცა. გენერალური შტაბის უფროსმა ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვა. რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ კი მადლობა და სიგელები დაიმსახურა.

სპეციალური ოპერაციების ძალების 17 წლის იუბილეს ფარგლებში სასროლეთზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა საჩვენებელი ტაქტიკური სწავლება გამართეს. ტაქტიკური სწავლება  სპეციალური დანიშნულების ჯგუფების გადმოსხმას, ობიექტის მიმართულებით  გადაადგილებასა  და  საბრძოლო მასალის გამოყენებით ობიექტის განადგურებას ითვალისწინებდა.

დღესვე, სპეცდანიშნულების ბატალიონის ფოიეში  სამხედრო აღჭურვილობა და სპეციალური შეიარაღება გამოიფინა. იუბილე სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდა.

1992 წლის 22 ნოემბერს, პირველად საქართველოში, ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორთა დახმარებით ჩატარებული „სპეცდანიშნულების საბრძოლო კურსი“ წარმატებით დაასრულა 12-მა სამხედრო მოსამსახურემ. ასე შეიქმნა პირველი სპეცდანიშნულების ჯგუფი და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში  საფუძველი ჩაეყარა სერტიფიცირებული სპეციალური ოპერაციების ტაქტიკურ ქვედანაყოფს.

შემფასებელთა კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 16:18

ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე, ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში პირველი დონის შემფასებელთა ჯგუფის 33-ე კურსი დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით მსგავსი ტიპის სწავლება საქართველოში პირველად ჩატარდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეფასებით ამის გამო აღნიშნულმა კურსმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

სწავლება 14-დან 18 ნოემბრამდე გრძელდებოდა და მასში 19 ქვეყნის 40-მდე წარმომადგენელი, მათ შორის 4 ქართველი, მონაწილეობდა. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები და ნატოს შემფასებელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბეჯები გადაეცათ.
მონაწილეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები უსურვა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა. მან კურსის დირექტორს, მაკედონიელ ვიცე-პოლკოვნიკ იგორ კუზმანოსკის და მის თანაშემწეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სიმბოლური ფასიანი საჩუქრები მიიღეს კურსის უცხოელმა თუ ქართველმა მონაწილეებმაც.

შემფასებელთა კურსის მიმდინარეობისას მისი მონაწილეები ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის წვრთნებსაც დაესწრნენ და მისი შეფასებაც განახორციელეს.

18 ნოემბერი სამხედრო დაზვერვის დღეა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 14:24

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სამხედრო მზვერავებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 18 ნოემბერს სამხედრო დაზვერვას 25 წელი შეუსრულდა.1991 წლის 18 ნოემბერს, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დაზვერვის სამმართველო შეიქმნა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქართველ სამხედროებს მადლობას უხდის

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 11:48

ერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ლევან იზორიას ავღანეთში, ქართველი სამხედროების მიერ, გერმანიის საკონსულოს თანამშრომელთა სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობას უხდის.

 ურსულა ფონ დერ ლეიენის მიერ ლევან იზორიასთვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ქართველი სამხედროების ეს ქმედება დასტურია საქართველო-გერმანიას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისა. „ღრმად პატივცემულო ბატონო მინისტრო, გასულ კვირას მაზარ-ი-შარიფში მდებარე გერმანიის გენერალურ საკონსულოზე განხორციელებული საშინელი თავდასხმის შემდეგ, მინდა ამ გზით უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ჯარისკაცების პროფესიული ქმედებისათვის. ქართველი ჯარისკაცებისგან შემდგარი სწრაფი რეაგირების ძალების დაუყოვნებელი მოქმედებით, შესაძლებელი გახდა მოვლენების უფრო უარესი განვითარების თავიდან აცილება და ჩვენი საკონსულოს თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ეს აქტიური ქმედება კიდევ ერთი დასტურია საქართველოსა და გერმანიას შორის უკვე მრავალი წლის მანძილზე არსებული შესანიშნავი თანამშრომლობისა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც ბევრ წარმატებას მივაღწევთ ამ ერთობლივი მისიის განხორციელებისას“. - ნათქვამია გერმანიის თავდაცვის მინისტრის წერილში.

52-ე და 32-ე ბატალიონების უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ავღანეთში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 13:47

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა კი, სამშვიდობო მისია უკვე დაასრულა. უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.

უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალი საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავღანეთის სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას.

ცერემონიალს ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, ამერიკის არმიის გენერალ-მაიორი ჯონ ტომპსონი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის საცეცხლე მხარდაჭერის ჯგუფისა და ტაქტიკური დაჯგუფება „ტაიგერის" ხელმძღვანელობა, ავღანეთის ეროვნული არმიისა და ფარვანის პროვინციის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები.

ოფიციალური ცერემონიალის დამსწრე სამხედრო და სამოქალაქო პირებს სიტყვით მიმართა საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და 52-ე ბატალიონის მაღალ პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიგა ავალიანმა კი, ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და 32-ე ბატალიონს წარმატება უსურვა.  

ღონისძიების დასკვნით ნაწილში ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" წარმატებით შესრულებისთვის სპეციალური მედლები ქართველ სამხედროებს გენერალ-მაიორმა ჯონ ტომპსონმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და ტაქტიკური დაჯგუფება „ტაიგერის" მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯეისონ დევისმა გადასცეს. 6 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს კი, 52-ე ბატალიონისთვის გაწეული განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მედლები „ქაქუცა ჩოლოყაშვილი" გადაეცათ. დაჯილდოების დასრულების შემდეგ მაღალი რანგის სტუმრებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს და საზეიმო ტორტი გაჭრეს.

 

ქართველმა სამხედრო პარაოლიმპიელის წარმატება მსოფლიოს ჩემპიონატზე

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 12:06

ქართველმა სამხედრო პარაოლიმპიელმა, პარამკლავჭიდში გამართულ მსოფლიოს XIX ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კაპრალმა თემურ დადიანმა მარცხენა მკლავით ასპარეზობაში ინდოელი მეტოქე დაამარცხა და შეჯიბრი მესამე ადგილზე დაასრულა.

თემურ დადიანისთვის ეს წარმატება პირველი არ ყოფილა. შარშან, პოლონეთში პროფესიონალური მკლავჭიდის XV მსოფლიო თასზე, საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურე ორივე მკლავით შეჯიბრში ვიცე–ჩემპიონი გახდა. თემურ დადიანმა მიმდინარე წლის მაისში, რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატიც მეორე ადგილზე დაასრულა.

კაპრალი თემურ დადიანი ISAF–ის მისიის მონაწილე დაჭრილი ჯარისკაცია. 2011 წლის 3 აგვისტოს, ავღანეთში, ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად ქართველმა სამხედრომ ორივე ქვედა კიდური დაკარგა და მარჯვენა ხელი დაიზიანა. შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ, თემურმა მსოფლიო რეკორდი ე.წ. „ფლენჩ“ (Planche) აზიდვებში დაამყარა. მოგვიანებით კი საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. კაპრალი თემურ დადიანი ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მსახურობს.

პარამკლავჭიდის XIX მსოფლიო ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში 1–ელ ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დასრულდა.

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი სამი წლის გახდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 15:13

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს დაარსებიდან სამი წელი შეუსრულდა. ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა. საზეიმო ცერემონია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის "კრწანისის" საწვრთნელ ბაზა "ალგეთში" გაიმართა.

ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ცენტრის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გენერალური შტაბის უფროსმა ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა.

„მიხარია რომ ახალ ქართველ სამხედროებს შევხვდი. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად რთული პროგრამისა ყველა მათგანი ბოლომდე მიაღწევს. ცენტრი უნარიანი სერჟანტებით და ოფიცრებითაა დაკომპლექტებული. მათ აქვთ ჯარისკაცთან მუშაობის გამოცდილება. სასიხარულოა, რომ ხუთას კაცში თოთხმეტი ქალბატონია და მათი შემართება დასაფასებელია. ეს ხალხი არის ძალა, რომელმაც უნდა შეავსოს პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეთა რიგები“ - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ცერემონიის ბოლოს, ცენტრის შვიდ სამხედრო მოსამსახურეს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, ცენტრის იუბილესთან დაკავშირებით, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის ოჯახი სამახსოვრო საჩუქრებით დაასაჩუქრეს.

უფროსი  სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 2013 წელს დაარსდა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას ექვემდებარება.     

90-მა ქართველმა სამხედრომ საცხოვრებელი ბინა მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 სექტემბერი 2016 14:52

90-მა ქართველმა სამხედრომ საცხოვრებელი ბინა მიიღო. ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში ბინების გასაღები მოქმედ და ყოფილ სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა პირადად გადასცა.სპეციალურმა კომისიამ ახალი ბინების მეპატრონეები რამდენიმე კრიტერიუმით შეარჩია, მათ შორის ნამსახურები წლები, სამსახურის დროს ჯანმრთელობის დაზიანება და მრავალშვილიანის სტატუსი იქნა გათვალისწინებული.2013 წლიდან თავდაცვის სამინისტროს ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება 2045 ფიზიკურ პირთან აქვს, რომლებმაც იმსახურეს და კონტრაქტი დაასრულეს.ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულია 996 სამხედრო მოსამსახურე.„ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტად ვსახავთ იმას, რომ მაქსიმალურად ისეთი სოციალური პირობები ჰქონდეთ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, რომ ღირსეულად განახორციელონ თავიანთი სამსახური. როგორც ბაზაზე, ისე საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ ნორმალური, რადგან ეს ხალხი არის ყველაზე მეტად დასაფასებელი სახელმწიფოს მხრიდან,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.  

აშშ-ის კონგრესში ერდოღანი მკაცრად გააკრიტიკეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 15:58

აშშ-ში კონგრესში თურქეთის შესახებ გამართულ სხდომაზე პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და მთავრობა 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მათი ნამოქმედარის გამო მკაცრად გააკრიტიკეს. კონგრესის წევრების მტკიცებით, ერდოღანმა არსებული მდგომარეობით ისარგებლა და წარუმატებელი გადატრიალების მცდელობა პოლიტიკური ძალაუფლების გასაუმჯობესებლად გამოიყენა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის, ევრაზიისა და საფრთხეების ქვეკომიტეტში ″სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთი″ სახელწოდებით სხდომა გაიმართა.
ამერიკის ხმის ინფორმაციით, ქვეკომიტეტის თავმჯდომარის რესპუბლიკური პარტიის კალიფორნიის კონგრესმენის დანა რორაბახერის თქმით, ″ერდოღანი არსებული მდგომარეობით სარგებლობს და წარუმატებელი გადატრიალების მცდელობას პოლიტიკური ძალაუფლების გასაუმჯობესებლად იყენებს, რითაც ისედაც ცუდ მდგომარეობას უფრო მეტად აუარესებს.″
რორაბახერის მტკიცებით, თურქეთში ვინც ერდოღანის ხედვას არ იზიარებს ზეწოლის ქვეშ იმყფება, ″რელიგიური ფილოსოფოსად″ ცნობილ ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობის ″მხარდამჭერი″ ყველა მტკიცებულების გარეშე ″გადატრიალების ინიციატორად″ განიხილება, 15 ივლისის შემდეგ განხორციელებულმა ქმედებებმა ″სულელურ″ დონეს მიაღწია.
″მთავრობა სამხედრო გადატრიალების მცდელობას ადრინდელი საქმეების დასაფარავად და ერდოღანის ხედვების მიმართ არასაკმარისი ერთგულების გამომხატველების გასაწმენდად იყენებს.″-განაცხადა რორაბახერმა და დასძინა, რომ ხელისუფლება ″კუდიანებზე ნადირობას″ ახორციელებს მაგრამ ამ სტრატეგიამ თურქ ხალხს სარგებელი არ მოუტანა.
″სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე ერდოღანის მმართველობაში ტირანია, ზეწოლა და უფრო მეტიც კორუფციაც იყო. კორუფციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ისე ჩანდა, რომ თითქოს ერდოღანს გიულენის მხარდამჭერებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. თუმცა გიულენის მომხრეებმა, ხელისუფლების მმართველებთან ურთიერთობების გაფუჭების ცოდნის მიუხედავად ამ საქმის გამოააშკარავება არ გადაუფიქრებიათ, ეს ცუდი რამ არ არის, პირიქით კარგი რამეა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ისეთი მამაცი ადამიანები გყავთ, რომ მათ იციან, განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანი მათ ბავშვების დაკავებს მაგრამ ისინი მაინც თავის საქმეს აკეთებენ.″- განაცხადა რორაბახერმა.
რორაბახერის თქმით, თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობის შემდეგ განხორციელებული ქმედებებით წითელი ხაზი დიდი ხანია გადაკვეთა.
″სასტიკად ჩადენილი გადატრიალების მცდელობა, დიქტატორული და რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბებას ვერ გაამართლებს. თუკი ერდოღანი ყოველივე ამას საკუთარი ხალხის რეალური დემოკრატიული უფლებების გასანადგურებლად, დასავლეთთან კავშირის შესაწყვეტად და დემოკრატიული პროცესის დასასრულებლად იყენებს ეს მიუღებელია და თურქი ხალხისთვის ისტორიული კატასტროფა იქნება.″- აღნიშნა მან.
რესპუბლიკური პარტიის კალიფორნიის დეპუტატმა პავლე კუკმაც განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს და მის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო თურქეთს ოპტიმისტური თვალით აღარ უყურებდა. სავარაუდოდ, ეს ყოველივე ორ ქვეყანას შორის სამხედრო ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს. მისივე თქმით, ამჟამად თურქეთში დემოკრატია არ არსებობს.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელის ნინა ოგნიანოვას განცხადებით, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მთავრობის მხრიდან მედიაზე ზეწოლამ უპრეცედენტო დონეს იაღწია. ოგნიანოვას თქმით, მედიაზე ზეწოლა ადრეც იყო, მაგრამ 15 ივლისის შემდეგ კატასტროფულ დონემდე გაიზარდა. 2016 წლის მარტის შემდეგ უკვე ანგარიშების ყოველდღიური ჩაწერა დავიწყეთ.
“თურქეთში ისეთ დროს, როდესაც პლურალისტური ხმები ყველაზე მეტად საჭიროა ხელისუფლება წარუმატებელ გადატრიალების მცდელობას, კრიტიკულ მედიის წინააღმდეგ და ოპონენტების გასაწმენდად იყენებ.″-განაცხადა ოგნიანოვამ და დასძინა, რომ თურქეთში ჟურნალისტები თავიანთ საქმიანობას თავისუფლად ვერ ასრულებენ.
ოგნიანოვამ ერთ-ერთი კონგრესმენის კითხვაზე, ″ერდოღანმა და მისმა მთავრობამ მედია ცენზურის მხვრივ 3-4 წელიწადში რა მასშტაბებსაც მიაღწია, რუსეთში პუტინის მთავრობას ამ დონი მასშტაბებზე მისაღწევად 10 წელი დასჭირდა.″-უპასუხა მან.
ამერიკის პროგრესის ცენტრის წარმომადგენლმა ალან მაკოვსკიმ აღნიშნა, რომ თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით აშშ-ის და ევროკავშირის რეაქცია იდეალურზე ნაკლები იყო, ამ სიტუაციამ კი თურქეთში შეთქმულების თეორიის გარემოს შექმნას ხელი შეუწყო.
მაკოვსკის თქმით, თურქეთში ″წმენდის″ ოპერაციების დონემ ″კუდიანებზე ნადირობას″ დაემსგავსა. მისივე თქმით, ფეთჰულაჰ გიულენის ფილოსოფიასთან კავშირის აღიარება სამსახურიდან დათხოვნის და უფრო ცუდი ქმედებისთვის საკმარის საფუძველად არის მიჩნეული. მაკოვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაკავებულების წინააღმდეგ მხოლოდ ერთი მტკიცებულება ″სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ჩარევა″ უნდა არსებობდეს.
″სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანმა განხეთქილების პოლიტიკით იმოქმედა, ქურთებმა განცალკევებულად დარჩნენ და ერდოღანმა გადატრიალების მცდელობის შემდეგ ისე როგორც არასდროს ″ზეწოლას″ ახორციელებდა.″- განაცხადა მან.
მაკოვსკიმ ასევე ისიც აღნიშნა, რომ გიულენის მოძრაობას, სხვა ისლამური მოძრაობებისგან, განსაკუთრებით კი რადიკალი ჯგუფებისაგან განმასხვავებელი ორი თვისება აქვს, რელიგიის ნაცვლად მეცნიერებასა და მათემატიკაზე ფოკუსირებული სკოლების გახსნა და მშვიდობისა და რელიგიათაშორის მეგობრობის შესახებ გზავნილების გავრცელება.
ძალადობის ექსტრემიზმის კვლევების საერთაშორისო ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის აჰმეთ იაილას მტკიცებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ღამეს, 2-3 საათში, გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით 1563 სამხედრო თანამდებობის პირთა სიის ასეთ მოკლე დროში გამოვლენა შეუძლებელია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ სია უფრო ადრე მომზადდა.
დემოკრატიული პარტიის ვირგინიის დეპუტატმა და აშშ-თურქეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ გერი კონოლიმ, თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ და კრიტიკულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
კონოლის თქმით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ თურქი ხალხის საქციელმა მთელ მსოფლიოს სიმპათია მოიპოვა, მაგრამ ერდოღანის მიერ 15 ივლისის შემდეგ ძალაუფლების გასამყარებლად პოლიტიკურ არენაზე თავისი ქმედებებით ეს სიმპათია დაკარგა. კონოლი ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ თურქეთში მედიისა და ოპოზიციის მიმართ განხორციელებული ზეწოლის და სამხედრო გადატრიალების მცდელობის გიულენის მომხრეების აბსოლიტური უმრავლესობის დასადანაშაულებლად გამოყენების გამო ძალიან შეშფოთებულია.
კონოლი გიულენის ექსტრადირების საკითხსაც შეეხო და კანონის უზენაესობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ საკითხში აშშ-ის მიერ თურქეთის ხელისუფლების მხარდაჭერასთან ან არდაჭერასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს მხოლოდ სასამართლო პროცესია.
დემოკრატიული პარტიის ნიუ-იორკის კონგრესმენმა გრეგორი მიქსმა კი განაცხადა, რომ დემოკრატიული გზით არჩეულ თურქეთის ხელისუფლებას მხარს უჭერენ.
″სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირების საკითხის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული. ემოციური განცხადებები ამ პროცესს ვერ დააჩქარებს.″-განაცხადა მან.
მიქსის თქმით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაკავებულების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ამ ადამიანებს სამართლიანად გასამართლების უფლება აქვთ განაცხადა მან და აღნიშნა, რომ თურქეთი მოკავშირე ქვეყანა რომც იყოს, აშშ-მა ამგვარი ქმედებების წინააღმდეგ მკაფიო და ძლიერ გზავნილებს უნდა იძლეოდეს.
წყარო:http://www.cumhuriyet.com.tr/haber/dunya/600385/ABD_Kongresi_nde_Erdogan_i_topa_tuttular.html

უკრაინული დელეგაცია გენერალურ შტაბში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი 2016 16:22

საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით პიოტრ გეტმანის სახელობის სახმელეთო ჯარების აკადემიის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი პავლო ტკაჩუკი იმყოფება. დღეს, უკრაინულ დელეგაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა.

საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა უკრაინულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩვენ ძალიან კარგად ვერკვევით ჩვენი ქვეყნების გარშემო არსებულ სიტუაციაში და გვაქვს ერთნაირი ხედვა. ვაპირებთ უკრაინელ კოლეგებს გავუზიაროთ ცოდნა ჩვენი წინგადადგმული ნაბიჯების შესახებ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელების გამოცდილება ჰიბრიდულ ომებთან დაკავშირებით. მსგავსი ცოდნის გაზიარება ორივე მხარეს წაგვადგება. რაც მთავარია იგეგმება სტუდენტების და სამხედრო პედაგოგების გაცვლა ჩვენს სასწავლებლებში, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარება“- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

შეხვედრაზე უკრაინასა და საქართველოს შორის სამხედრო განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სამხედრო განათლების განვითარების საკითხებს.

„მადლობას ვუხდით გენერალური შტაბის უფროსს საქართველოში მოპატიჟებისთვის. ჩვენ ერთმანეთს ცოტა ხნის წინ ლვოვის აკადემიაში შევხვდით, სადაც გენერალ-მაიორი კაპანაძე დაწესებულების სწავლის პროცესს და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების მეთოდებს გაეცნო. ჩემი ვიზიტის მიზანია ინფორმაცია მივიღო თქვენი სამხედრო სასწავლებლების შესახებ. გვაინტერესებს სწავლის მეთოდები, რომლითაც საქართველოში ოფიცრებს, სერჟანტებს და სხვადასხვა დანაყოფებს ამზადებთ. გარდა ამისა, სურვილი გვაქვს შევისწავლოთ თქვენი გამოცდილება ნატოს სტანდარტებზე გადასვლის პროცესში და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში“ - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა პავლო ტკაჩუკმა.

დღესვე, უკრაინის სახმელეთო ჯარების აკადემიის უფროსი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს და ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მონახულება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური