საერთშორისო მარათონი ქაბულის სამხედრო აეროპორტის ბაზაზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 02 მაისი 2017 13:58

აბულში, ჰამიდ ქარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე,  საერთაშორისო მარათონი გაიმართა. სპორტული აქტივობა ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაჭრილი და დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა და მასში მონაწილეობა 17 ქვეყნის სამასამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა წარმომადგენელმა,  პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

მარათონი ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების დაწყებამდე მონაწილეებს სპეციალურად მარათონისთვის დამზადებული მაისურები სამახსოვროდ გადაეცათ.

უფროს სერჟანტთა კურსის გამოშვება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 28 აპრილი 2017 13:02

დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 39 სამხედრო მოსამსახურემ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სამეთაურო-საშტაბო კურსი დაასრულა. პროგრამა სერჟანტების ასეულისა და ბატალიონის შტაბის სერჟანტების დონეზე მომზადებას ითვალისწინებდა. 20-კვირიანი სამეთაურო-საშტაბო კურსის სასწავლო პროგრამის ფარგლებში სერჟანტებმა თავდასხმითი და თავდაცვითი ოპერაციები, ტაქტიკის საფუძვლები, სამხედრო ისტორია, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, საბრძოლო მომზადების ორგანიზება და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცედურები შეისწავლეს. მსმენელებმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნაც გაიღრმავეს და ლიდერობის უნარ-ჩვევები განიმტკიცეს. 

კურსის მე-10 გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში  გაიმართა. სერჟანტებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა და კარიერული წინსვლა უსურვა. სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სამხედრო განათლების სისტემის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ სამხედრო განათლების სრულყოფას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მინისტრმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში სერჟანტთა როლი განსაკუთრებით გამოყო და ისინი ჯარის ფუნდამენტად მოიხსენია. „ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სამხედრო განათლების სრულყოფაზე. გუშინ ოფიცერთა საწყისი მომზადების კურსებისთვის სტანდარტები მივიღეთ, სხვა ოფიცრებისათვის, მათ შორის, სერჟანტებისათვის ანალოგიური სტანდარტების შემუშავებას ვგეგმავთ. გვსურს, სისტემა ისე იყოს აწყობილი, რომ თითოეულ ოფიცერს საფეხურებრივი განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს, რათა მაქსიმუმს მიაღწიოს. ამ მოტივაციასა და ინსტიტუციურ შესაძლებლობას ჩვენ მაქსიმალურად ვუზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სერჟანტებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სერჟანტთა მომზადების ცენტრი რეგიონში ერთ-ერთი წარმატებულია. მან გაიხსენა ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე, რომლის სახელსაც სერჟანტთა მომზადების ცენტრი ატარებს. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს. 

ცერემონიალის დასასრულს, კურსდამთავრებულები ცენტრის კაპელანმა მამა გიორგიმ  დალოცა. 

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალზე შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მ/შ, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი რომან ქავთარაძე, ასევე სერჟანტთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა. 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.
სერჟანტთა მომზადების ცენტრი თავდაცვის უწყებაში არსებული საგანმანათლებლო მიმართულების ერთ-ერთი მთავარი სასწავლებელია. ცენტრს მემორანდუმი აქვს გაფორმებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე ურთიერთობა აქვს გერმანიის ჰამელბურგის ქვეითთა სკოლასთან და თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად ინსტრუქტორთა გაცვლითი პროგრამა ხორციელდება.

 

ლოგისტიკის დღე დასავლეთ სარდლობაში ტაქტიკურ-ოპერატიული სწავლებით აღინიშნა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 17:31

ლოგისტიკის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის შტაბმა ტაქტიკურ-ოპერატიული დონის ლოგისტიკური სწავლება - „აღალი 2017“ ჩაატარა. სამხედრო წვრთნები ძალების მიზიდვით სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სამხედრო ლოგისტიკოსებისთვის პროფესიული დღის მისალოცად და ლოგისტიკურ სწავლებაზე დასასწრებად სენაკში, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი ჩავიდნენ. ღონისძიებას დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი და სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების მეთაურები დაესწრნენ.

ლოგისტიკური სწავლების მიზანი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ლოგისტიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფების და ელემენტების შერწყმა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება იყო. სწავლების ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბიქტორ სილაგაძემ სტუმრებს წვრთნების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ადგილზე მოწყობილი მართვის და მომარაგების პუნქტი, ასევე საველე ლაზარეთი და სამედიცინო პოლიკლინიკა დაათვალიერებინა.

„აღალი 2017“ ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების II და III ქვეითი, II საარტილერიო ბრიგადების ლოგისტიკური ქვედანაყოფები, ასევე საინჟინრო მესანგრეთა ბატალიონი, სამედიცინო პოლიკლინიკა და სამხედრო პოლიცია მონაწილეობდა.

სწავლების დასრულების შემდეგ, პოლკოვნიკებმა ზაზა ჩხაიძემ, გიორგი მათიაშვილმა და მედეა ბეთაშვილმა, ასევე დასავლეთ სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების მეთაურებმა საბრძოლო მომზადებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 30 სამხედრო ლოგისტიკოსი უწყებრივი მედლებით დაჯილდოვეს.

სენაკის პარალელურად, ლოგისტიკის დღე თბილისში, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზაზე აღინიშნა, სადაც სამხედრო ლოგისტიკოსებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

1992 წლის 25 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ჩამოყალიბდა „შეიარაღებისა და ტექნიკის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო“ და „ზურგის მთავარი სამმართველო“. ამ სტრუქტურებით ლოგისტიკური ელემენტების დანერგვას საფუძველი ჩაეყარა. 2013 წლის 4 დეკემბერს, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ლოგისტიკის დღედ 25 აპრილი განისაზღვრა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური სამსახურების მიერ სამშვიდობო მისიებში მყოფი ქართველი მოსამსახურეების სრული ლოგისტიკური უზრუნველყოფა ხორციელდება. სამხედრო ლოგისტიკოსები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც აქტიურად მონაწილეობენ.

32-ე ბატალიონი ავღანეთიდან სრული შემადგენლობით დაბრუნდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 10:38

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ.

ქართული ქვედანაყოფი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფთან ერთად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მთავარი ამოცანა, ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლი იყო.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

 

მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ავღანეთში მისიის შესრულება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 11:30

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის  მე-12 ბატალიონის  „ბრავო“ ასეულმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე - ქაბულში გაიმართა.  მე-12 ბატალიონის  „ბრავო“  ასეულმა, როტაციის წესით, I ქვეითი ბრიგადის  მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული ჩაანაცვლა.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ქართულ კონტინგენტს სიტყვით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მურთაზ გუჯეჯიანმა მიმართა. მან მისიის წარმატებით შესრულებისთვის  „ალფა“ ასეულს მადლობა გადაუხადა, ხოლო „ბრავო“ ასეულს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის  სრულყოფილად შესრულება უსურვა. 

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის საშტაბო ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა სეტ გლედსტოუნმა ხაზი ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვა და ახლადჩასულ ქვედანაყოფს კი, მისიის შესრულებაში სრული ნდობა გამოუცხადა. „მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული სამშობლოში ბრუნდება. მათ იმ სტანდარტს გადააჭარბეს, რომელიც ექვსი თვის წინ მათთვის დავაწესე. ისინი საქართველოში ამაყად ბრუნდებიან, რადგან მათზე დაკისრებული ამოცანები წარმატებით შეასრულეს. ქართველი სამხედროები ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებენ. მივესალმები, მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულს. ძალთა დაცვის პასუხისმგებლობასთან ერთად,  მიიღეთ გამოწვევა და გააგრძელეთ იმ სტანდარტების გაუმჯობესება, რომლებიც თქვენმა წინამორბედმა ასეულებმა გვიჩვენეს. დარწმუნებული ვარ, ამოცანის შესრულების პერიოდში თქვენი ქვედანაყოფიც თქვენს სამშობლოს  სიამაყის საფუძველს მისცემს“, -აღნიშნა პოლკოვნიკმა  სეტ გლედსტოუნმა.

გადაბარების ცერემონიალს  ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალი უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის საშტაბო ბაზის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ ვანდერბერგი და ამავე ბაზის მთავარი სერჟანტი ქეისთ გვინი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახეურეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

I ქვეითი ბრიგადის  მე-12 ბატალიონის  „ბრავო“ ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. I ქვეითი ბრიგადის  მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეულის პირადი შემადგენლობა, უკვე ყოფილ უფროს სამხედრო წარმომადგენლობასთან ერთად, საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.

 

 

 

III ქვეითი ბრიგადის სამხედროების ნაწილი ავღანეთიდან დაბრუნდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 21 აპრილი 2017 11:43

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ ბრუნდება.

დღეს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე 32-ე ბატალიონის პირველ ნაკადს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ნიკოლას ბერლინელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე დახვდნენ. თავდაცვის მინისტრმა სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და წარმატებით შესრულებული სამშვიდობო მისიისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.

32-ე ბატალიონთან ერთად სამშობლოში ეროვნული გვარდიის მე-4 ოცეული და სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობაც დაბრუნდა. ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთში ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ქართულმა ქვედანაყოფმა სამოქმედო არეალში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელა.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. 32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა სამშობლოში უახლოეს დღეებში ეტაპობრივად სრულად დაბრუნდება.

 

14 წელი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 24 მარტი 2017 17:33

საქართველოსეროვნულიგმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 14 წელი შეუსრულდა.

სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილესაქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს სამხედრო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „სერჟანტთა მომზადების ცენტრი გამორჩეული და ერთ-ერთი პრესტიჟულია შეიარაღებულ ძალებში. თავად სერჟანტები შეიარაღებული ძალების იერარქიაშიჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისთვისსულიერ ფუნდამენტს წარმოადგენენ. მათ ბრძოლაში არაერთი საგმირო მაგალითი გვიჩვენეს. დღეს სერჟანტთა მომზადების ცენტრი ღირსეული ქართველის, ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.დარწმუნებული ვარ, რომსერჟანტები გიორგი ანწუხელიძის თავდადებისა და მხედრულ ტრადიციებსმომავალშიც ღირსეულად გააგრძელებენ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

საზეიმოღონისძიებასშეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ღონისძიების დაწყებამდე, სტუმრებმა საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებსწუთიერი დუმილით პატივი მიაგეს,ასევე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.

ცენტრის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეებს, წახალისების მიზნით, მედლები გადაეცათ.

თავდაცვის მინისტრმა მედალი „სამშობლოსთვის თავდადებული“ სერჟანტთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელს,  ვიცე-პოლკოვნიკ რომან ქავთარაძესა და სერჟანტ ხათუნა ახალკაცს გადასცა.

გენერალური შტაბის უფროსმა კი, მედლით „უმწიკვლო სამსახურისთვის I ხარისხი“ მასტერ-სერჟანტი ავთანდილ ლიპარტელიანი, ხოლო მედლით„უმწიკვლო სამსახურისთვის II ხარისხი“ სერჟანტი  ჯიმშერ აფრიამაშვილი და უფროსი სერჟანტი ზვიად მჭედლიშვილი დააჯილდოვა. ოთხ სამხედრო მოსამსახურესსაპატიო სიგელები გადაეცათ, ხოლო ცხრას - მადლობა გამოუცხადეს.

 სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა. 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.

სერჟანტთა მომზადების ცენტრი თავდაცვის უწყებაში არსებული საგანმანათლებლო მიმართულების ერთ-ერთი მთავარი სასწავლებელია. ცენტრს მემორანდუმი აქვს გაფორმებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე ურთიერთობა აქვს გერმანიის ჰამელბურგის ქვეითთა სკოლასთან და თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად ინსტრუქტორთა გაცვლითი პროგრამა ხორციელდება.

 

რეზერვში დაკომპლექტების ასაკი 18-55 წლებით განისაზღვრება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 24 მარტი 2017 17:07

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი თავდგირიძეს მოუსმინეს, რომელმაც სამხედრო სარეზერვო სამსახურის განახლებული კონცეფცია წარმოადგინა.

მომხსენებელმა გამოსვლის დასაწყისში, სარეზერვო სამსახურის არსებული კანონმდებლობა მიმოიხილა და იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რომელიც, მისი შეფასებით, მოქმედ კონცეფციას ახასიათებს. მისი განმარტებით, არსებული სისტემა დღევანდელ გამოწვევებს ვერ პასუხობს და ამის მიზეზად გიორგი თავდგირიძემ ერთიანი და განახლებადი მონაცემთა ბაზის არ არსებობა, რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვისა და კოორდინაციის ერთიანი სისტემის უქონლობა და საკანონმდებლო ბაზის მოუქნელობა დაასახელა. მანვე სამხედრო ძალების რეზერვის გამოყენების პრინციპებსა და მართვის განახლებულ ხედვაზე კონცეფციის მიმართულებები წარმოადგინა და სამხედრო ძალების რეზერვის ახალ სტრუქტურაზე ისაუბრა.

„მიზანშეწონილია რეზერვი დაიყოს არა კატეგორიებად, არამედ შემოღებულ იქნას აქტიური სარეზერვო სამსახურის ცნება და დღეს არსებული სამი კატეგორიის რეზერვის გაუქმება. ეს საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ტერიტორიული თავდაცვის ძალები და ფართოდ ჩავრთოთ მოქალაქეები ქვეყნის თავდაცვის სისტემაში. ისინი სამოქალაქო ცხოვრებას არ მოსწყდებიან, მაგრამ ამასთანავე მათი საბრძოლო უნარ-ჩვევა ძალიან მაღალი იქნება. მათი ორგანიზებულობაც იქნება ძალიან მაღალი. ტერიტორიული თავდაცვის ძალები შეიქმნება ეროვნული გვარდიის ბაზაზე დღეს არსებული ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ფაქტობრივად, თანხობრივ დანახარჯებს არ გამოიწვევს”- განმარტა გიორგი თავდგირიძემ.

მისივე განცხადებით, რეზერვში დაკომპლექტების ასაკი 18-55 წლებით განისაზღვრება და იგი როგორც რეზერვისტის სახელფასო უზრუნველყოფას, ასევე კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო სოციალურ გარანტიებს განაპირობებს. 

მომხსენებლის განცხადებით, ახალი კონცეფცია სხვადასხვა დანიშნულების სარეზერვო დანაყოფების და დაჯგუფებების, კერძოდ კი, შეიარაღებული ძალების რეზერვის, ტერიტორიული რეზერვის და სპეციალისტთა რეზერვის შექმნას ითვალისწინებს. გიორგი თავდგირიძემ თვითეული რეზერვის მომზადებაზე, დანიშნულებასა და გამოყენებაზე ისაუბრა და პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამების გაშვების მნიშვნელობები შეაფასა.

„არსებული რესურსების პირობებში აქტიური სარეზერვო სისტემის შექმნით, ქვეყნის სამხედრო ძალები დამატებით 10-12 ათასიან სამხედრო დაჯგუფებას მიიღებს, ისე რომ არ მოხდება დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა, დამატებითი შეიარაღების შესყიდვა და დამატებითი სამეთაურო რგოლის მოზიდვა. ამასთანავე, ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობის მაღალი დონე ტოტალური თავდაცვის ეფექტიანობას და სამხედრო ფარის მდგრადობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ. 

კონფერენციის ძირითადი პრინციპების გაცნობის შემდეგ მომხსენებელმა პარლამენტის წევრების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

კომიტეტის სხდომაზე განხილულ დოკუმენტზე სხვადასხვა წინადადებები და რეკომენდაციები გამოითქვა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ბერაიამ კონცეფციის შემუშავების პროცესში ჩართულ ადამიანებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კონცეფცია, თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისივე განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები თავდაცვის სფეროს რეფორმირების პროცესს დადებითად აფასებენ და ეს კონცეფციაც რეფორმის წარმატებული გაგრძელება იქნება.

სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ შეაფასა. მისი განცხადებით, სამინისტროს მიერ მომზადებული კონცეფცია ეფექტური დოკუმენტია და იგი მხარს უჭერს და მიესალმება მის მიღებას.

თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე წელია რეზერვის საკითხზე მუშაობს. წარმოდგენილი პროექტი ძალიან კარგი და ეფექტურია. სიახლე არის ის, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური აქტიურ ფაზაში გადავა დa გვეყოლება აქტიური რეზერვი, რაც ნიშნავს, რომ რეზერვისტები მთელი წლის მანძილზე პროფესიულ დონეზე იქნებიან აღრიცხული და გარკვეულ ხელფასსაც მიიღებენ. ჩვენ გვეყოლება ტერიტორიული პრინციპით შემდგარი სამხედრო რეზერვი და ასევე სპეციალისტთა რეზერვი. კონცეფციაში სწორად არის გაწერილი მართვისა და კოორდინაციის მექანიზმები, რაც ქვეყანას შეუმცირებს დანახარჯებს და იმავდროულად გაზრდის ეფექტურობას. ვფიქრობ, რომ სწორი გზით მივდივართ, თუმცა მსჯელობები და დისკუსიები მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ, რათა კიდევ უფრო სრულყოფილი და გამოწვევებზე ორიენტირებული კონცეფცია მივიღოთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კაპიტნის საკარიერო სკოლის გამოშვება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 10 მარტი 2017 18:04
დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების 109 ოფიცერმა კაპიტნის საკარიერო სკოლა დაამთავრა. საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცეს და სამხედრო კარიერაში წინსვლა უსურვეს. სიტყვით გამოსვლისას მათ დისციპლინის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამხედრო განათლების კუთხით გატარებულ რეფორმაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც საერთო საჯარისო ცენტრის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას ისახავს მიზნად. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. დღეიდან ისინი კვლავ დაუბრუნდებიან საკუთარ ქვედანაყოფებს და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს. კაპიტნის საკარიერო კურსი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" არსებულ საერთო საჯარისო ცენტრში ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. შეიარაღებული ძალების სხვადასხვა გვარეობის სამხედროებმა შეისწავლეს ტაქტიკა, დაზვერვის უნარ-ჩვევები, საცეცხლე, ახლო საჰაერო და საინჟინრო მხარდაჭერის ელემენტები, საჰაერო თავდაცვა, პერსონალის მართვა, კავშირგაბმულობა და ლოგისტიკა. კურსის ფარგლებში მათ თეორიული და პრაქტიკული სწავლებებიც გაიარეს. კაპიტნის საკარიერო სკოლა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ასეულის მეთაურების, ბატალიონისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრების მომზადებას, მათში საბრძოლო და სამეთაურო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას უზრუნველყოფს. კაპიტნის საკარიერო სკოლა ოფიცრის ძირითადი სამხედრო განათლების მეორე საფეხურს წარმოადგენს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს საშუალებას აძლევს მიიღონ ტაქტიკური დონის განათლება. ოფიცერთა კარიერული განვითარების აუცილებელ წინაპირობას შესაბამისი გვარეობის კაპიტნის საკარიერო კურსების გავლა წარმოადგენს. კაპიტნის საკარიერო სკოლა 1000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 ოფიცერმა.

თავდაცვის მინისტრი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 18:08
თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები, ტრანსფორმაციის კუთხით მიღწეული პროგრესი და დასახული ამოცანები ის მთავარი საკითხებია, რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს გააცნო. საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გენერალ პეტრ პაველმა პირველი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გამართა, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ქართული მისიის ხელმძღვანელი ნატოს მისიაში ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ. მხარეებმა ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე იმსჯელეს. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე თავსებად და დასაყრდენ მოკავშირეს რეგიონში, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს არამარტო ევროატლანტიკური, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მექანიზმებს და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. ლევან იზორიამ ნატოს უმაღლეს სამხედრო პირს მადლობა გადაუხადა ალიანსის წევრი თითოეული ქვეყნის მიერ იმ მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და ნატოსთან თავსებადობის კიდევ უფრო ამაღლებას. მისივე თქმით, ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო, უკვე მეორედ ეწვია საქართველოს, რაც ნათლად ადასტურებს ალიანსის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. გენერალ პეტრ პაველთან შეხვედრა, ნატოს სამხედრო კომიტეტის სამხედრო წარმომადგენლებთან ერთად გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ნატოს გენერალურმა მდივანმა, გენერალმა პეტრ პაველმა მედიის წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართეს და ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური