ქართველი სამშვიდობოების წერილები ქუთაისელ მოსწავლეებს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 17:53

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საპასუხო წერილები გაუგზავნეს. ბავშვებს წერილები III ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელებმა მიუტანეს. მათ ერთ-ერთი წერილის ავტორს საჩუქრად პირველი კლასის რიგითის, გიორგი ვერულაშვილის მიერ 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის ოცეულის სახელით გამოგზავნილი ჭადრაკი გადასცეს. სამხედროებმა პატარა მეგობრებს ავღანეთში ქართველი სამშვიდობოების მისიისა და ამოცანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მსოფლიოს ერთ-ერთი ცხელი წერტილიდან - ბაგრამის საავიაციო ბაზიდან სკოლის მოსწავლეებს 22-ე ბატალიონი ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩაერთო.   სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებმა თანადგომისთვის და დადებითი ემოციებისთვის პატარა მეგობრებს გულითადი მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.  თავის მხრივ, მოსწავლეებმა სამხედროებს  კონცერტი  შესთავაზეს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაასრულეს.

ღონისძიება პროექტის - „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში განხორციელდა. სამხედროებსა და ბავშვებს შორის მსგავსი კომუნიკაციის მიზანი სამშობლოდან  შორს მყოფი მებრძოლებისთვის  თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტი დანაშაულის პრევენციის ცენტრის სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ხორციელდება.

 

2 თვის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში 4 მილიონის პრემია გავეცი, - თინათინ ხიდაშელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 დეკემბერი 2015 17:06

"მე ბოლო 2 თვის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში 4 მილიონის პრემია გავეცი. ძალიან დიდი რიცხვია. 17 505-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო პრემია," -  ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და  მინისტრობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა პარლამენტში ისაუბრა.

ხიდაშელის თქმით,პრემია მინისტრს და მინისტრი მოადგილეს არ მიუღია,  პრემიები დაბალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს:

" 17 505-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო პრემია საახალწლოდ, ასევე გიორგობისთვის და მე ძალიან ვამაყობ ამით. მგონია, რომ  ბიჭები, რომლებიც ჩვენ სიმშვიდეს 24 საათის განმავლობაში იცავენ, იმსახურებენ, რომ წელიწადში ერთხელ ამ ფორმით  მადლობა ვუთხრათ," - განაცხად ხიდაშელმა. 

 

ფსიქოლოგიური შემოწმება სამხედრო მოსამსახურეებისთვის

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2015 14:24

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტის - „მხარი მხარს“ ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემოწმება და მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. ამჟამად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ გამგზავრებამდე IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ასეულის ფსიქოლოგიური შემოწმება მიმდინარეობს. შემოწმებას ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ფსიქოლოგიური მონიტორინგისა და მხარდაჭერის სამმართველოს ფსიქიატრები და კლინიკური ფსიქოლოგები ატარებენ. პროცედურა აშშ-ში აპრობირებული პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება, რასაც თან ინდივიდუალური გასაუბრება ახლავს. შემოწმების შემდეგ თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, მისიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რეკომენდაცია ეძლევა.

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 14:37

სიმონეთის სასროლეთზე ოპერატიულ-ტაქტიკური დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „კოლხეთის მოჩვენებები 2015-ის“ საჩვენებელი წვრთნა გაიმართა. სწავლების მიმდინარეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

„კოლხეთის მოჩვენებები 2015“ უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა. სწავლების მიზანი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში დისლოცირებული სამხედრო ძალების ოპერატიული დანაყოფებისა და სხვა სამთავრობო უწყებრივი ძალების ერთობლივი მართვისა და კონტროლის დახვეწა იყო.

სწავლების დროს მართვისა და სამეთაურო პუნქტების მოქმედება განხორციელდა - ოცეულის დონიდან და ოპერატიულად დაქვემდებარებული დანაყოფებიდან ოპერატიული სარდლობის დონემდე. შეფასდა საშტატო კავშირგაბმულობის სისტემების მოქმედება. წვრთნების მონაწილეები აქტიურად ასრულებდნენ სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციებს. რეალურ სიტუაციასთან მიახლოებულ სწავლებაში შტაბებისა და სამეთაურო პუნქტების მიერ ოპერაციების ინტეგრირება და სინქრონიზება განხორციელდა. შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან, საზღვაო სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო სამმართველოს სამსახურებთან ერთად კოორდინირებული მოქმედებები შეასრულეს.    

სწავლება „კოლხეთის მოჩვენებები 2015“ 15 დეკემბერს დაიწყო და 18 დეკემბერს დასრულდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები სამხედრო აღრიცხვას არ დაექვემდებარებიან

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 13:51

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა. ცვლილების თანახმად, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები, ისევე არ დაექვემდებარებიან სამხედრო აღრიცხვას, როგორც ძალოვანი სამინისტროების და სპეციალური სამსახურის მოსამსახურეები. აღნიშნულ ნორმას კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ახალი რედაქცია განსაზღვრავს. კანონპროექტი კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

კომიტეტს კანონპროექტთან დაკავშირებით რედაქციული შინაარსის შენიშვნები არ გამოუთქვამს. ცვლილებების პროექტი პლენარულ სხდომას მესამე მოსმენით წარედგინება.

ბავშვების წერილები ქართველ სამხედროებს ავღანეთში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 18:05

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან ათეულობით წერილი მიიღეს.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებმა თბილი სიტყვებისგან მოგვრილი დადებითი ემოციებისთვის პატარა მეგობრებს გულითადი მადლობა გადაუხადეს და საპასუხო წერილებიც გაუგზავნეს.  პირველი კლასის რიგითმა გიორგი ვერულაშვილმა ერთ-ერთი წერილის ავტორს, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის ოცეულის სახელით, საჩუქრად ჭადრაკი გაუგზავნა.

სამხედროებსა და ბავშვებს შორის მსგავსი კომუნიკაციის მიზანი სამშობლოდან  შორს  მყოფი მებრძოლებისთვის  თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტი დანაშაულის პრევენციის ცენტრის სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან  ხორციელდება.

 

სამხედრო პოლიციელებმა ოთხი ადამიანი გადაარჩინეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 12:48

სამხედრო პოლიციის დასავლეთ ბატალიონის თანამშრომლებმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. როგორც თავდაცვის სამინისტროდში აცხადებენ, ქუთაისში, თვალჭრელიძის ქუჩა ნომერ 5-ში მდებარე ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა უსწრაფესად იმოქმედეს და უგონოდ მყოფი ორი მცირეწლოვანი და ორი ქალბატონი მახლობელ საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილებით გადაიყვანეს. 
უწყების ინფორმაციით, დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ისინი მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებენ.
"ოთხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში სამხედრო პოლიციის 16 თანამშრომელი მონაწილეობდა. მომხდარის შესახებ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს, საპატრულო პოლიციას და გაზმომარაგების კომპანიასაც მათვე აცნობეს", - ნათქვამია განცხადებაში. 
ფაქტს ქუთაისის შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-3 განყოფილება სწავლობს. სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობამ 16-ვე თანამშრომელი წაახალისა და მადლობა გამოუცხადა.

თურქეთმა ერაყში 150 სამხედრო და ტანკები გააგზავნა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 11:27

თურქეთმა ერაყში 150 სამხედრო და ტანკები გააგზავნა. 

BBC-ის ინფორმაციით, სამხედროებმა ერაყის საზღვარი უკვე გადაკვეთეს. ისინი ქალაქ მოსულის რაიონში განლაგდებიან, რომელსაც ISIS აკონტროლებს.

თურქი სამხედროები მოსულის სიახლოვეს, ბაშიკის დასახლებულ პუნქტში განლაგებულ თურქულ კონტინგენტს ჩაანაცვლებენ, რომელიც რეგიონში ორი წლის წინ ქურთების დასახმარებლად გაიგზავნა.

ერაყის ხელისუფლებამ თურქეთის გადაწყვეტილება დაგმო და თურქეთის ხელისუფლებას ჯარისკაცების დაუყონებლივ გაყვანა მოსთხოვა.

პრემიერ-მინისტრს ჰაიდერ აბადი კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთმა ერაყის სუვერენიტეტი დაარღვია. 

 

თურქულმა ავიაციამ სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 12:35

თურქულმა ავიაციამ სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია. აღნიშნული ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში ვრცელდება. 
მომხდართან დაკავშირებით თურქულ მხარეს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამხედროებს გიორგობა მიულოცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2015 17:22

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა „მუხროვანს“ და მცხეთაში დოსლოცირებულ I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ნაწილს ესტუმრა და სამხედრო მოსამსახურეებს გიორგობის დღესასწაული პირადად მიულოცა.

„ყველას მინდა მივულოცო გიორგობის დღესასწაული. ჩვენი მფარველი წმინდანია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს როგორ შევხვდებით. აუცილებელია გაგვახსენდეს ის ხალხი, რომელიც დღეს არ ისვენებს, შრომობს ჩვენი სიმშვიდისთვის, იმისთვის რომ წყნარად ვიყოთ სახლში. ამიტომ მოვედი დღეს მცხეთაში და მუხროვანში, რომ მიმელოცა ჩვენი ნაწილებისთვის ეს მნიშვნელოვანი დღე და გვეთქვა მათთვის, რომ ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან და ჩვენ ისინი გვახსოვს ჭირშიც და ლხინშიც. გვინდოდა მათთან ერთად გაგვეზიარებინა ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა „მუხროვანში“ გეგმიურ საცეცხლე მომზადებასაც დაესწრო და სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას გაესაუბრა.

სამხედრო ნაწილებში სტუმრობისას მინისტრის მოადგილემ სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა „მუხროვანისა“ და I ქვეითი ბრიგადის მცხეთის ბაზა დაათვალიერა. გაეცნო ინფრასტრუქტურას და სამხედროებთან ერთად ისადილა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური