სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჯარისკაცების შვილები „ისთ ფოინთში“

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 26 მაისი 2017 16:13

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა  თბილისის სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ისთ ფოინთში“ აღნიშნეს. ორმოცდაათამდე პატარას გასართობი ცენტრის „ფოკუს მოკუსის“  წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და  მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა შესთავაზეს. ბავშვებმა  სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილება და ატრაქციონებზეც იმხიარულეს.

ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტისა და „ისთ ფოინთის“  ორგანიზებით, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. თავდაცვის სამინისტრო და სავაჭრო-გასართობი ცენტრი „ისთ ფოინთი“ თანამშრომლობის გაღრმავებასა და მსგავსი შეხვედრების   ორგანიზებას მომავალშიც გეგმავენ.

გამოკითხულთა 64% თვლის, რომ სამხედრო სამსახური სავალდებულო მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს - NDI-ის კვლევა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 მაისი 2017 12:47

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64% თვლის, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური სავალდებულო მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს. 

18% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური კაცებისთვისაც და ქალქებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო, 16% კი აცხადებს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური არ უნდა იყოს სავალდებულო.

საერთშორისო მარათონი ქაბულის სამხედრო აეროპორტის ბაზაზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 02 მაისი 2017 13:58

აბულში, ჰამიდ ქარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე,  საერთაშორისო მარათონი გაიმართა. სპორტული აქტივობა ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაჭრილი და დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა და მასში მონაწილეობა 17 ქვეყნის სამასამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა წარმომადგენელმა,  პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

მარათონი ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების დაწყებამდე მონაწილეებს სპეციალურად მარათონისთვის დამზადებული მაისურები სამახსოვროდ გადაეცათ.

32-ე ბატალიონი ავღანეთიდან სრული შემადგენლობით დაბრუნდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 10:38

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ.

ქართული ქვედანაყოფი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფთან ერთად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მთავარი ამოცანა, ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლი იყო.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

 

მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ავღანეთში მისიის შესრულება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 11:30

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის  მე-12 ბატალიონის  „ბრავო“ ასეულმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე - ქაბულში გაიმართა.  მე-12 ბატალიონის  „ბრავო“  ასეულმა, როტაციის წესით, I ქვეითი ბრიგადის  მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული ჩაანაცვლა.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ქართულ კონტინგენტს სიტყვით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მურთაზ გუჯეჯიანმა მიმართა. მან მისიის წარმატებით შესრულებისთვის  „ალფა“ ასეულს მადლობა გადაუხადა, ხოლო „ბრავო“ ასეულს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის  სრულყოფილად შესრულება უსურვა. 

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის საშტაბო ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა სეტ გლედსტოუნმა ხაზი ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვა და ახლადჩასულ ქვედანაყოფს კი, მისიის შესრულებაში სრული ნდობა გამოუცხადა. „მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული სამშობლოში ბრუნდება. მათ იმ სტანდარტს გადააჭარბეს, რომელიც ექვსი თვის წინ მათთვის დავაწესე. ისინი საქართველოში ამაყად ბრუნდებიან, რადგან მათზე დაკისრებული ამოცანები წარმატებით შეასრულეს. ქართველი სამხედროები ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებენ. მივესალმები, მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულს. ძალთა დაცვის პასუხისმგებლობასთან ერთად,  მიიღეთ გამოწვევა და გააგრძელეთ იმ სტანდარტების გაუმჯობესება, რომლებიც თქვენმა წინამორბედმა ასეულებმა გვიჩვენეს. დარწმუნებული ვარ, ამოცანის შესრულების პერიოდში თქვენი ქვედანაყოფიც თქვენს სამშობლოს  სიამაყის საფუძველს მისცემს“, -აღნიშნა პოლკოვნიკმა  სეტ გლედსტოუნმა.

გადაბარების ცერემონიალს  ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალი უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის საშტაბო ბაზის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ ვანდერბერგი და ამავე ბაზის მთავარი სერჟანტი ქეისთ გვინი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახეურეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

I ქვეითი ბრიგადის  მე-12 ბატალიონის  „ბრავო“ ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. I ქვეითი ბრიგადის  მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეულის პირადი შემადგენლობა, უკვე ყოფილ უფროს სამხედრო წარმომადგენლობასთან ერთად, საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.

 

 

 

სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 14:11

დღეს კრწანისის სამხედრო ბაზაზე, საერთო საჯარისო ცენტრში სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. მსმენელებს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე მიესალმა და წარმატებები უსურვა.

პირად შემადგენლობას სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ. ღონისძიებას შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობისა და საერთო საჯარისო ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 11-მა კურსდამთავრებულმა 22-კვირიანი სპეციალიზირებული კურსი სამხედრო-საინჟინრო კუთხით გაიარა. სასწავლო კურსი მსმენელებისათვის სპეციალობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას ითვალისწინებდა. მათ ფორტიფიკაციის, დანაღმვის, განაღმვის, საინჟინრო დაზვერვისა და სხვა სპეციალიზირებული საკითხები შეისწავლეს. სასწავლო კურსს საერთო საჯარისო ცენტრის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

თქვენ ყველაზე ეროვნულ საქმეს აკეთებთ, - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 31 იანვარი 2017 12:58

„თითოეული თქვენთაგანი ამტკიცებს იმ საქმეს, რასაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ჰქვია. ჩვენი პარტნიორები თვლიან, რომ სწორედ თქვენი თანადგომით და თანამონაწილეობით ჩვენ მათთან ერთად ვამტკიცებთ მსოფლიოში უსაფრთხოებას. ამიტომ ვართ სანდო პარტნიორები. დარწმუნებულები იყავით, რომ მართალია საქართველოდან შორს, მაგრამ თქვენ აკეთებთ ყველაზე ეროვნულ საქმეს. დღეს თუ ყველაზე მეტად არის ქართველი საქართველოს დროშით დაფასებული, ეს თითოეული თქვენთაგანია“ - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც დღეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ.

გაცილების ცერემონიალი ალექსეევკის შერეულ საავიაციო ესკადრელიაში გაიმართა.  ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ოცეულს მისიის წარმატებით შესრულება უსურვა და საერთაშორისო ოპერაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „დღესII ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მნიშვნელოვან მისიას იწყებს. ამ მისიას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება და პრაქტიკულად, იმ პროცესის განმტკიცებაა, რასაც ჰქვია საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, განმტკიცება იმ მხარდაჭერისა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით. ჩვენ შეგვაქვს მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში ჩვენ პარტნიორებთან ერთად და ვამტკიცებთ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომლის ნაწილიც გვინდა გავხდეთ“.

ქართველი სამხედროების დასამშვიდობებლად ალექსეევკაში მინისტრთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე იმყოფებოდნენ. მათ მშვიდობისმყოფელების მისიის წარმატებით განხორციელება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

„დღეს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ ბანგიში საქართველოს შეიარაღებული ძალების ოცეული მიემგზავრება. მინისტრი იზორია და მე აეროპორტში მოვედით, რათა ქართველ სამხედროებს დავემშვიდობოთ და მშვიდობიანი ფრენა ვუსურვოთ. ვფიქრობ, მისია, რომელშიც ქართველი მშვიდობისმყოფელები ერთვებიან, ძალიან მნიშვენლოვანია. როგორც იცით, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს მისწრაფებას ნატოსა და ევროკავშირში. ძალიან ვაფასებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ მსოფლიოს სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში შეტანილ წვლილს ფრანგ სამხედროებთან ერთად. ვფიქრობ, ასეთი სახის ოპერაციები ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს კიდევ უფრო აახლოებს და მათ შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს. საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა მაღალ დონეზეა. გასული წლის აპრილში, როდესაც თქვენი პრეზიდენტი საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა, ეს თემა ორმხრივი დისკუსიების მთავარი საკითხი იყო,“ - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.    

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცარ-ში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას - EUTM RCA 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართული კონტინგენტი, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ განთავსდება. კაპიტან რომან მოდებაძის მეთაურობით, ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების  უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.

23-ე ბატალიონის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრებამდე 4-კვირიანი გადასროლისწინა მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარა. მათ პატრულირება, საგუშაგოების და საპატრულო ბაზის მოწყობა, ჩხრეკა-კორდონის ოპერაციები, საცეცხლე მომზადება, პირველადი სამედიცინო  მომზადება და ფსიქოლოგიური ტესტირება გაიარეს. ნაკრები ოცეულის შემადგენლობაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის კარგი გამოცდილება აქვთ. სხვადასხვა დროს ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები ჩართულები იყვნენ ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებულ საერთაშორისო 

ავღანეთიდან II ქვეითი ბრიგადის ასეული სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 30 იანვარი 2017 10:57

ავღანეთიდან II ქვეითი ბრიგადის  გაძლიერებული ასეული სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქართველ სამხედროებს ალექსეევკის აეროპორტში დახვდა და ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება პირადად მიულოცა.

„დღეს დანაკარგის გარეშე, უვნებლად დაგვიბრუნდა II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული. მე ორჯერ მქონდა შესაძლებლობა ჩავსულიყავი მათთან ავღანეთში და გერმანელი ოფიცრებისგან მათი საქმიანობის შესახებ დიდი შეფასება მომესმინა.  ყოველთვის სიამაყის გრძნობა მეუფლებოდა, რომ ვიყავი ქართველი. მათ გამოიჩინეს სიმამაცე, პროფესიონალიზმი, როდესაც გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის დროს მაზარ-ი-შარიფში იმოქმედეს ძალიან ოპერატიულად და ამ ქმედებების შედეგად გადაარჩინეს ადამიანების სიცოცხლე. ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს გენერალური მდივნისგან პირადად მოვისმინეთ მადლობის სიტყვები, ჩვენ მივიღეთ მადლობის სიტყვები გერმანიის თავდაცვის მინისტრისგან. ნატოს წევრი ყველა ქვეყანა აღიარებს ჩვენს პროფესიონალიზმს“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს სამშობლოში დაბრუნება გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართელოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმაც მიულოცეს. აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, საქართველოში გერმანიის სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოზეფ ნოლტე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები.

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში  ავღანეთის ჩრდილოეთით, მაზარ-ი-შარიფში მდებარე სამხედრო ბაზა "მარმალზე" სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდნენ. ქართულმა ქვედანაყოფმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია განახორციელა და სამშვიდობო მისიის შესრულების დროს თავი გამოიჩინა. მათ შორის, 2016 წლის 10 ნოემბერს მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას ქართულმა ასეულმა უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეფექტურად შეძლო და ამოცანა წარმატებით განახორციელა. ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში წარმატებით ჩატარებული ოპერაციებისთვის გერმანული სარდლობისგან  მაღალი შეფასებები მიიღეს.

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში როტაციის წესით I ქვეითი ბრიგადის ასეულმა ჩაანაცვლა.

"შეიარაღებული ძალები დემოკრატიულ საზოგადოებაში"

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 12:58

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში „შეიარაღებული ძალები დემოკრატიულ საზოგადოებაში“ სემინარი გაიხსნა. სემინარის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა ნიკოლაშვილი მიესალმა და კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სემინარს ორი გერმანელი ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი მარტინ გერსტერი და კაპიტანი ფრანკ მაგინსკი წარმართავენ. 

სემინარის მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებული სამხედრო ოფიცრებისა და სამოქალაქო პირების ინფორმირება გერმანიის ბუნდესვერში არსებული შიდა მართვის კონცეფციისა და მისი ცალკეული ელემენტების შესახებ.

კურსი საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში იმართება. სამდღიან ტრენინგს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებიან.

 

"ცერცვაძე ყველა ომში მონაწილეობდა, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ აწარმოა"

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 23 იანვარი 2017 17:15

ქართველი ჯარისკაცის გია ცერცვაძის ახლობლები უკრაინის ხელისუფლებას მიმართავენ სამხედრო რუსეთს არ გადასცენ:

„თუკი ცერცვაძეს  რუსეთს გადასცემენ, იქ მას აწამებენ. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის პოლიტიკური მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება გიას მონაწილეობას აგვისტოს ომში რუსეთის წინააღმდეგ,“- განაცხადა გია ცერცვაძის ადვოკატმა, ქსენია პროკონოვამ.

გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით კიევში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

„გია ცერცვაძე ყველა ომში მონაწილეობდა, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ აწარმოა, აქ გია ინსტრუქტორად მუშაობდა და ლუგანსკის ოლქში მოხალისეებს წვრთნიდა,“ - განაცხადა ბატალიონ "აზოვის" ყოფილმა მოხალისემ, ნიკიტა მაკეევიმ.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური