მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 30 ივლისი 2019 11:04

„მრავალეროვნული სწავლება სრულიად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. Agile Spirit 2019 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სწავლებას, რომელიც საქართველოში ტარდება. აღნიშნული სწავლება არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ნატოში მიმავალ გზაზე,“ – ამ სიტყვებით გახსნა სენაკში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019”.

II ქვეითი ბრიგადის ბაზის სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის არმიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რანდელ სიმონსმა. „საქართველო აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და იმ ალიანსში შემავალი წევრია, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იბრძვის. Agile Spirit 2019 უფრო მეტია, ვიდრე აშშ-სა და საქართველოს ხელმძღვანელობით გამართული სწავლება. მასში 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ამ საერთაშორისო წვრთნაში მონაწილეობა კი, იმის ნათელი დასტურია, რომ მხარს უჭერ რეგიონისა და მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურობას,“ - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მეცხრედ ტარდება. სწავლება სამ ლოკაციაზე - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე იმართება. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

სამხედრო წვრთნების სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.

საერთშორისო მარათონი ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017 18:15

ქაბულში, ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე მარათონი გაიმართა. სპორტული აქტივობა ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა 9 ქვეყნის ასამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა გამარჯვებულები სიგელებით დააჯილდოვა და საჩუქრები გადასცა.

საერთაშორისო მარათონი ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების დაწყებამდე მონაწილეებს სპეციალურად მარათონისთვის დამზადებული მაისურები სამახსოვროდ გადაეცათ.
31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღედ გასულ წელს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 18 წლის წინ პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სწორედ ამ დღეს გაემგზავრა. 
საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობს. ამჟამად, ქართული სამხედრო კონტინგენტი (900-მდე სამხედრო მოსამსახურე) საერთაშორისო ოპერაციას ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ასრულებს. ერთი ქვეითი ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაშია (EUTM RCA) ჩართული, მალიში (EUTM Mali) კი საქართველოს შეიარაღებული ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი.

ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურე მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 11 აგვისტო 2017 10:52

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დღეს ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ქალაქ ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია დაესწრო. მინისტრმა დაღუპულის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა, მისი გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ უმცროსმა სერჟანტმა, მდინარი ბებიაშვილმა თავი საქართველოს ინტერესებს შესწირა.
სამხედრო მოსამსახურის ოჯახს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა და II ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამაც მიუსამძიმრა. 
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი 3 აგვისტოს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას, მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა, ავღანეთში, ISAF-ის მისიაში ორჯერ, 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა, მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში“ მონაწილეობისთვის.

საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი ბაკურიანში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
კვირა, 06 მარტი 2016 13:15

ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში ბაკურიანში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამთო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 28 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

თურქეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოვლენილი სამხედროები ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს ეუფლებიან, მათ შორისაა სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალი, მარშგადაადგილება და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა. სამხედროები  თოვლში უსაფრთხოების წერტილების გამოყვანას სწავლობენ, რათა დახრილ ფერდობზე  დაბრკოლებათა ზოლის მოწყობა და ჯგუფის უსაფრთხოდ გადაყვანა შეძლონ.

კრიტიკულ სიტუაციაში ჯგუფის მართვის უნარ-ჩვევების შესასწავლად კურსის მონაწილეებისთვის სცენარიც გათამაშდა. დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისას სამხედროებმა ზვავში მოყოლილი ადამიანი აღმოაჩინეს და საკაცის გამოყენებით მისი ევაკუაცია განახორციელეს. უცხოელ სამხედროებს თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში ,,იგლუ“ ღამის გათენებაც მოუწიათ.

„კურსის ფარგლებში თხილამურით სრიალსა და თოვლში დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ტექნიკას დავეუფლეთ. ასევე შევისწავლეთ თოვლში ღამის თავშესაფრის „იგლუს“ მოწყობა და ზვავში მოყოლილი ადამიანის  გადარჩენა. აუცილებელია ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა 3000 მეტრის სიმაღლეზე ზამთრის პირობებში. ლატვიაში ასეთი მაღალი მთები არ არის, როგორიც საქართველოშია. მაგრამ კურსზე შესწავლილი უნარ-ჩვევები ჩემს სამხედრო კარიერაში ნამდვილად გამომადგება,“ - აღნიშნა ლატვიის თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურემ რიგითმა ქრისტიან შაკლისტმა.

კურსი  პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების მიერ ტარდება. სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირებები ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე. 

სამკვირიანი სამთო კურსი 11 მარტს დასრულდება.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური