ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019 14:30
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის (11.02. 1989) გარდაცვალების გამო.
 
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.
 
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 25 მარტი 2019 17:10

27-28 მარტს, საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან. 

საქართველოს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიდი ხნის პარტნიორის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირების ნიშნად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატოს სამხედრო კომიტეტი სხდომას გამართავს. სესიას ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. სხდომის დასაწყისში სიტყვით მიმართვების ნაწილი ღია იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის. ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას გაეცნობიან, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ასევე, იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. ნატოს სამხედრო წარმომადგენლებისთვის დაგეგმილია პრეზენტაციები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ასევე ნატოს ოპერაციებსა და სწავლებებში მონაწილეობის შესახებ. 

28 მარტს, ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს, ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. 

ამავე დღეს, ნატოს სამხედრო წარმომადგენლები წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრებიან (JTEC) და „ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას 2019“ დააკვირდებიან. მრავალეროვნული, ბრიგადის დონის საშტაბო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარებას.

სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 15 მარტი 2019 11:17

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამხურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს.

დაკავება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. უახლოეს საათებში ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულისათის წარედგინებათ ბრალი, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

სამხედრო პოლიციის უფროს ოფიცერთა საორიენტაციო კურსი DIBS-ში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019 12:56

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სამხედრო პოლიციის უფროს ოფიცერთა საორიენტაციო კურსი  დაიწყო.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამხედრო პოლიციის განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ორი დღის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო პოლიციის 21-ე ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გლენ შმიკი და ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი სარდლობის (SHAPE) პირველი რანგის სამხედრო პოლიციის მეთაური, პოლკოვნიკი დენიელ ნორტი უძღვებიან.

ტრენინგის მიზანია თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის მაღალი რანგის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ნატოს სამხედრო პოლიციის ფუნქციების, ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში სამხედრო პოლიციის როლისა და შესაძლებლობების შესახებ. საორიენტაციო კურსის ფარგლებში მონაწილეები ნატოს სამხედრო პოლიციის საუკეთესო გამოცდილებას გაიზიარებენ, ნატოს სამხედრო პოლიციის სტანდარტებთან ურთიერთთავსებადობის საკითხებს გაეცნობიან და ნატოს დოქტრინებსა და პროცედურებს შეისწავლიან. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მსმენელები მიღებულ ცოდნას პირად შემადგენლობას გააცნობენ.

ამერიკელი ადმირალი გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018 10:43

აშშ-ს, ბაჰრეინის მეხუთე ფლოტს ხელმძღვანელი ადმირალი სკოტ სტერნი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციას, პენტაგონი სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას TRT-ქართული აქვეყნებს.

განცხადებაში ნათქვამია: „ამერიკელი ადმირალი სკოტ სტერნი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალებს მეთაურობდა, ბაჰრეინში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.“ პენტაგონის განცხადებაში მისი გარდაცვალების მიზეზის შესახებ სხვა განცხადება არ გავრცელებულა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

წყარო: http://www.trt.net.tr/georgian/msop-lio/2018/12/02/amerikeli-admirali-gardac-vlili-ipoves-1098728

23 აგვისტოს იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ბათუმის პორტში შემოვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 21 აგვისტო 2018 16:00

იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი: სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ქ. ბათუმის პორტში (23 აგვისტოდან 26 აგვისტომდე).

გრძელდება 2018 წლის საგანმანათლებლო-საწრთვნელი კამპანია იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შხუნა-ბარკზე კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტისთვის

23 აგვისტოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ჩამოდგება ქ. ბათუმის (საქართველო) პორტში, სადაც 26 აგვისტომდე გაჩერდება.

გემი "Palinuro" ჩართულია 54-ე საწრთვნელ კამპანიაში და ამჟამად მასზე სწავლებას გადის ტარანტოს საზღვაო უნტერ-ოფიცერთა სკოლის კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტი, რომლებიც შეისწავლიან საზღვაო-სანაოსნო მეცნიერებებს და იძენენ უშუალო გამოცდილებასა და საზღვაო სფეროს სპეციალისტების შემდგომი დასაქმებისათვის აუცილებელ და სათანადო პროფესიულ ჩვევებს.

გემი ტარანტოს პორტიდან 23 ივლისს გამოვიდა და კოსის, სტამბულისა და კოსტანცას ნავსადგურებში გაჩერების შემდეგ, შემოვა ბათუმში, საიდანაც გაემგზავრება კეფალონიაზე და ამის შემდეგ დაბრუნდება იტალიაში, ჯერ რეჯო კალაბრიაში, შემდგომ კი ლივორნოში, სადაც დასრულდება კურსანტების საწრთვნელი კამპანია.

2018 წლის საწრთვნელი კამპანიის განმავლობაში გემზე "Palinuro" აღმართულია ქ. გენუის გასლინის პედიატრიული ინსტიტუტის დროშა, რომელიც ინსტიტუტის დაარსების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გემს ქ. სპეციაში 17 მაისს საჩუქრად გადასცა.

ბათუმში გემის "Palinuro" ჩამოსვლასთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 აგვისტოს, 10:00 საათზე, გემის მეთაური ჩაატარებს პრესკონფერენციას, რომელზეც გაიმართება გემისა და 2018 წლის საწრთვნელი კამპანიის პრეზენტაცია.

გემი "Palinuro" მნახველთათვის ღია იქნება შემდეგ დღეებსა და საათებში:

  • 23 აგვისტო: 16:00 საათიდან 19:00 საათამდე
  • 24 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და16:00 საათიდან 18:30 საათამდე
  • 25 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და16:00 საათიდან 19:00 საათამდე

იხილეთ სამხედრო-საზღვაო ფლოტის #MarinaMilitare სიახლეები Twitter-ის გვერდზე: @ItalianNavy #ProfessionistiDelMare #ilTuoFuturoèilMare

 

საქართველოს ეროვნულ გვარდიას 17 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 18 აგვისტო 2018 11:03

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ეროვნული გვარდიის საშტაბო ასეულის პირად შემადგენლობას ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცა, წარმატებები უსურვა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ეროვნული გვარდიის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, ასევე, ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ. ღონისძიების დასასრულს ჯარისკაცები ეროვნული გვარდიის კაპელანმა, მამა მიქაელმა დალოცა.

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ისეთივე კურსი გაიარეს, როგორსაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გადიან. სწავლება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული ცოდნა შეიძინეს. 

დღეიდან 9 თვის განმავლობაში ისინი საქართველოს ეროვნულ გვარდიაში იმსახურებენ.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

„ღირსეული პარტნიორი 2018“-ის დასკვნითი საჩვენებელი სწავლება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018 17:47

„ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა მრავალეროვნულმა ქვედანაყოფმა „გაერთიანებული საბრძოლო სროლების სავარჯიშო შეასრულა. სწავლების ამოცანა ქვედანაყოფის მიერ რაიონული თავდაცვის განხორციელება იყო, რათა ბრძოლაში ჩართვის არეალში პირობითი მოწინააღმდეგე დაემარცხებინა და დივიზიისთვის კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობა მიეცა.

საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი რეჯინალდ ნილი დაესწრნენ. მე-11 პოლიგონზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოს საკანონმდებლო და ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითდი ჯგუფის ექსპერტები.

წელს საჩვენებელ სწავლებაში ქართველმა სამხედროებმა პირველად გამოიყენეს ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი კომპლექსი „ჯაველინი“. საჩვენებელ წვრთნაში ასევე, პირველად მონაწილეობდა ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები AH-64 „აპაჩი“. საჩვენებელი საბრძოლო სროლების დროს ქართველ, გერმანელ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საცეცხლე მხარდაჭერა გერმანულმა ქვეითთა საბრძოლო მანქანამ „მარდერი“, ამერიკულმა საბრძოლო ჯავშანმანქანამ „სტრაიკერი“, ქართულ შეიარაღებაში არსებულმა T-72 ტანკებმა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებმა აღმოუჩინეს. გაერთიანებულ საბრძოლო სროლებში საარტილერიო და საინჟინრო დანაყოფებიც მონაწილეობდნენ.

​საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 11:59

2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად საქართველოს სახელმწიფო დროშები 7 აგვისტოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე დაეშვება.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018 11:57

„ძალა პარტნიორობაშია“  - ამ მთავარი გზავნილით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ უკვე მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნა ვაზიანის აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა, სადაც სწავლებაში ჩართული ცამეტივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და მონაწილე ტექნიკაა მოწყობილი. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკელი გენერლები - აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაური, გენერალი ჯოზეფ ლინგელი, ჯორჯიის შტატის არმიის ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რენდელ სიმონსი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი  ჯონ გრონსკი.

სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და წუთიერი დუმილით დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მიგების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავენ და საერთაშორისო მრავალეროვნული წვრთნისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილებენ ყურადღებას - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაური, გენერალი ჯოზეფ ლინგელი.

„ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ქართველი, ამერიკელი და გერმანელი სამხედროების საჰაერო სადესანტო ოპერაციით გაგრძელდება. დესანტირების ჯგუფის მიზანი იმიტირებული მოწინააღმდეგის განადგურება - ბუნკერის გაწმენდაა. ოპერაციის დაშვების ზონაში სადესანტო ჯგუფი „შავი ქორის“ ვერტმფრენებით ჩამოქვეითდება. სამხედროების ერთი ნაწილი საცეცხლე მხარდაჭერას განახორციელებს, ხოლო მეორე - სამანევრო ოპერაციის შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი.   

გახსნის ოფიციალური ცერემონიალის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს ვაზიანის აეროდრომზე  სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობასთან გასაუბრებისა და ტექნიკის დათვალიერების საშუალება მიეცემათ. ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც დაესწრებიან.   

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. მრავალეროვნულ წვრთნებს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე ხელმძღვანელობს. „ღირსეული პარტნიორი 2018“ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომაც, სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური