საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 01 სექტემბერი 2018 11:19

ქართული საზოგაადოების ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად თემურ შაშიაშვილის კანდიდატურა წამოაყენა. შესაბამისად, მათ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცეესკო) მიმართეს და რეგისტრაციაც გაიარეს. როგორც თვითონ პრეზიდენტობის კანდიდატი თ. შაშიაშვილი აცხადებს, მისი საარჩევნო კამპანია სრულიად განსხვავებული იქნება.

”ვერთვები უაღრესად საპასუხისმგებლო ბრძოლაში, და ყოველგვარი ეჭვის და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვაცხადებ - იამაყებს ყველა, ვინც მხარს დამიჭერს და
– გულდაწყვეტილი დარჩება ის, ვინც თავს შეიკავებს. დადგა დრო, როცა მე და თქვენ, როგორც არასდროს, ვჭირდებით ერთმანეთს და ყველა ერთად კი – ჩვენს სამშობლოს!
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის!” - ამბობს თემურ შაშიაშვილი.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, 1 სექტემბერს, 12.00 საათიდან 19.00 საათამდე, ქუთაისის გულში – თეთრ ხიდთან, ცისფერყანწელთა ბაღში, სამეფო სახლთან, პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი იწყებს ხელმოწერების შეგროვების პროცესს. მისივე განმარტებით, ის სრულიად ახალი სახის კამპანიას ჩაატარებს და მას არ ეყოლება შუამავალი საკუთარ ამომრჩეველთან. „დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ. ეს იქნება უშუალო შეხვედრა-საუბრები ყოველგვარი ოფიციალობისა და პომპეზურობის გარეშე. მწამს და მჯერა, ქვეყანაში უნდა გაიმარჯვოს არა პარტიის, ოლიგარქის, არა ქვეყნის გარედან მართულმა პირმა, არამედ ხალხის ინტერესების გამომხატველმა – სახალხო კანდიდატმა“, - დასძინა თ. შაშიაშვილმა.

რა თქმა უნდა საარჩევნო მარათონი არ იქნება ადვილი, მითუმეტეს როდესაც,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტიის სახელით უკვე განაცხადა, რომ გაიმარჯვებს მხოლოდ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი და მეტიც, მეორე ტურის შესაძლებლობაც კი კატეგორიულად გამორიცხა. „ვთქვი და ვადასტურებ, მე მარტომ უნდა ვიბრძოლო და რაც მეტი ჩემი მხარდამჭერი გააკეთებს ამასვე, მით უკეთესი, ჩვენ გამარჯვებაში შევერთდებით. ვიცი, ძალიან კარგად ვიცი, რომ არ იქნება ეს ადვილი, მაგრამ, სხვა გამოსავალიც არ არსებობს და დღეს ეს გაცნობიერებული აქვს ყველა მოაზროვნე ადამიანს. ყველამ უკვე კარგად იცის, რომ ვიდრე ეს არ მოხდება, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა“, - ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა თ. შაშიაშვილმა.

როგორც იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, იგი ანალოგიურ უშუალო შეხვედრებს გამართავს ქალაქის სხვადასხვა უბნებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მომდევნო კვირიდან კი ამომრჩევლებს შეხვდება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, მცხეთაში, მესტიაში, ამბროლაურში. „წინსაარჩევნო პერიოდში საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონს მოვივლი. შევხვდები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა გავიგო რა უჭირთ მათ და როგორ შეიძლება მათი პრობლემების მოგვარება. მე ქართველი ხალხის პრეზიდენტი ვიქნები“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი.

ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი

„ჩემი სამშობლო თურქეთია, თუმცა ჩემი მეორე სამშობლო საქართველოა“ - აცხადებს „მუსიად თბილისის“ პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 31 აგვისტო 2018 11:04

დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ (MÜSİAD), რომელიც 1990 წლიდან ფუნქციონირებს თურქეთში,  2018 წლის 22 აპრილს თბილისში წარმომადგენლობა გახსნა.„მუსიად თბილისის“ პრეზიდენტიამუსტაფა ოზგურ იუჯელი, რომელიც  დიდი ხანია უკვე საქართველოში ცხოვრობს და მოღვაწეობს. „მუსიად თბილისის“ მთავარ მიზანს საქართველო-თურქეთს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს.

„მე პატარა ქართველი ვარ კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი“. დუტუ მეგრელის ამ ლექსით დაიწყო „მუსიად თბილისის“  პრეზიდენტმა მუსტაფა ოზგურ იუჯელიმ საუბარი. „რაღა თქმა უნდა ჩვენი დედა-სამშობლო თურქეთია, თუმცა ჩვენი მეორე დედა-სამშობლო საქართველოა. ზუსტად ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ როდესაც თურქეთში მივემგზავრებით, რამოდენიმე კვირის შემდეგ საქართველოში დაბრუნების სურვილი გვიჩნდება“-ამაყად აცხადებს მუსტაფა ოზგურ იუჯელი და ამბობს, რომ ზუსტად ასევე ემართება ყველა თურქს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.

რაც შეეხება „მუსიად თბილისისს“ და მის საქმიანობას, მუსტაფა ოზგურ იუჯელის თქმით, „მუსიად თბილისის“ მთავარ მისიას საქართველო-თურქეთს შორის ბიზნეს თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. „ასოციაციის მიზანია აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და თურქ ბიზნესმენებს გააცნოს ის პროექტები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ასევე, ორგანიზაცია მზად არის ეს პროექტები წარუდგინოს „მუსიადის“ ასოციაციის წევრებს, რომლებიც 74 ქვეყანაში საქმიანობენ, რათა მათ ინვესტირება განახორციელონ საქართველოში“, - აღნიშნა „მუსიად თბილისის“  პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით,  „MÜSİAD“-ის საქართველოში შემოსვლის მიზეზიპირველ რიგში ორ ქვეყანას შორის მეგობრობის, ძმობის, ურთიერთპარტნიორობის და ბიზნესში თანამშრომლობის ამაღლება და გაღრმავებაა. „ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანია და საქართველოს ყველა კუთხეში ინვესტიციების მოსაზიდად ვიმუშავებთ, ამავდროულად ბიზნესმენებთან ვაპირებთ ვიყოთ მჭიდრო კავშირში, რათა მოხდეს პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება. ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთ სამთავრობო დაწესებულებებთან, რომ მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა და საწარმოების ამუშავება. მსოფლიო მასშტაბით, ბიზნესმენებს, რომლებიც არიან ასოციაცია „MÜSİAD“-ის წევრები ხელს შევუწყობთ, რათა საქართველოში მოახდინონ ინვესტიციების ჩადება და ფულის დაბანდება“, - ხაზი გაუსვა მუსტაფა ოზგურ იუჯელიმ.

„მუსიად თბილისის“ პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე და განაცხადა, რომ იქ ხაზგასმით ითქვა, რომ „მუსიადი“ უნდა გახდეს ერთგვარი „კარები“ საქართველოსთვის მსოფლიოში გასასვლელად. „ჩვენ ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ დავიშურებთ, ამ იდეის განხორციელებისათვის“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, მუსტაფა ოზგურ იუჯელიმ ასევე ისაუბრა მიმდინარე წლის ნოემბერში სტამბოლში დაგეგმილი „MÜSİAD“-ის დიდი საერთაშორისო გამოფენის თაობაზე, სადაც „მუსიად თბილისის“ სრული დაფინანსებით, რამოდენიმე ქართველი ბიზნესმენიც შეძლებს  მონაწილეობის მიღებას. „აღნიშნულ ღონისძიებაში 7500 კაცს ველოდებით მსოფლიოს 124  ქვეყნიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ყველა სექტორი და ეს არის ბიზნესმენებისათვის უნიკალური შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი პროდუქცია და გააცნონ იგი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს“, - დასძინა მუსტაფა ოზგურ იუჯელიმ.

რაც შეეხება საქართველოსთან ერთობლივი პროექტების შემუსავების საკითხს, „მუსიად თბილისის“  პრეზიდენტი ძალიან ოპტიმალურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ ქართულ მხარესთან ბევრი საინტერესო პროექტების განხორციელება იგეგმება. „უახლოესი პროექტი, რომლის ორგანიზებასაც ვაპირებთ მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში თბილისში, ბიზნეს-ფორუმის გამართვას გულისხმობს. ბიზნეს-ფორუმში არა მარტო ქართველი და თურქი ბიზნესმენები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმატებული ბიზნესმენებიც იქნებიან“, - აღნიშნა „მუსიად თბილისის“  პრეზიდენტმა.

მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ „მუსიად თბილისი“ არა მარტო ეკონომიკური კუთხით ითანამშრომლებს ქართულ მხარესთან, არამედ ეს თანამშრომლობა  კულტურის, განათლების და ჯანდაცვის სფეროებსაც მოიცავს. „ჩვენ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები ვართ და გვსურს დავეხმაროთ მათ ცხოვრების დონის ამაღლებასა და პირობების გაუმჯობესებაში. თურქეთი დიდი ქვეყანაა და მეტი შესაძლებლობები გააჩნია, რათა დაეხმაროს პატარა საქართველოს ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს თანამეგობრობის რიგებში“, - ამბობს „მუსიად თბილისის“  პრეზიდენტი და საქართველოს დიდი მეგობარი მუსტაფა ოზგურ იუჯელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ თურქეთი არის გლობალური მოთამაშე, რაზეც ზეგავლენას ახდენს მისი კარგი ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან. ამ თვალსაზრისით მსოფლიოსთვის სამაგალითო მეგობრული ურთიერთობა თურქეთს  მის მოძმე ქვეყანასთან - საქართველოსთან აქვს. დღეისათვის თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზეა. 2007 წლიდან თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და იგი პირველ ადგილზეა ყველაზე დიდ ინვესტიციების მქონე ქვეყნებს შორის.

ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი

Invictus Games-ში მონაწილე ქართველი სამხედროები სამშობლოში დაბრუნდნენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017 12:13

კანადაში გამართულ საერთაშორისო ასპარეზობაში „ძლიერთა თამაშები“ (Invictus Games) მონაწილე დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში დაბრუნდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დახვდა, წარმატებით ასპარეზობა მიულოცა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელის კიდევ ერთხელ გატანისთვის მადლობა გადაუხადა. ჯარისკაცებთან დასახვედრად აეროპორტში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ლელა ჩიქოვანი და ზაალ კაპანაძე, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე მივიდნენ.

ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა კანადაში მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი, მათ გამარჯვება საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა და დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ატაშემ, ვიცე–პოლკოვნიკმა დევიდ ეთელმაც მიულოცეს.

საბრძოლო მოქმედებებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა 15-კაციანმა გუნდმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ სპორტის 6 სახეობაში იასპარეზა: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა, მჯდომარე ფრენბურთი. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში" მესამედ მონაწილეობდნენ. მათ პირველად ლონდონში გამართულ Invictus Games-ში იასპარეზეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში იმყოფებოდნენ.

ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერის მიზნით, ტორონტოში „ძლიერთა თამაშების“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე, წელს დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია გაემგზავრნენ.

დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია და სპორტულ აქტივობებში ჩართულობა თავდაცვის უწყების პრიორიტეტს წარმოადგენს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური