ქართული სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი „პეის ტერმინალის“ პროექტს ფოთში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 20 ოქტომბერი 2019 16:22

ქართული სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი „პეის ტერმინალის“ პროექტს ფოთში, რომელიც თანადაფინანსებულია აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ.

10 ოქტომბერი, 2019. ფოთი. ქართული სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ (Prime Concrete) ფოთის პორტში ახალ „პეის ტერმინალს“ (Pace Terminal) აშენებს, რომლის სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 20 მლნ აშშ დოლარს. პროექტის თანადამფინანსებელია აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC). სამშენებლო სამუშაოების დაწყების საზეიმო ცერემონია 2019 წლის 1 ოქტომბერს გაიმართა ქალაქ ფოთში, რომელსაც ესწრებოდნენ შემდეგი ოფიციალური პირები: საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, OPIC-ის მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი, შპს „პეის ტერმინალის“ დირექტორი დავით ნადირაშვილი და „პრაიმ ბეტონის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე სოკოლოვსკი. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის სხვა წარმომადგენლებიც, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები და უცხოელი სტუმრები.

ქართული კომპანიის მიერ ასეთი მნიშვნელოვანი ტერმინალის აშენება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას. „პრაიმ ბეტონმა“ შეძლო და წარმატებით გაიარა სატენდერო შერჩევის პროცესი მაღალი კონკურენციის პირობებში, რომელშიც ათობით საერთაშორისო კონტრაქტორი მონაწილეობდა. „პრაიმ ბეტონის“ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს მისი გამორჩეული შესაძლებლობები და კომპეტენცია, ექსპერტული ცოდნა და „ნოუ-ჰაუ“, და მისი ადგილობრივი გამოცდილება. „პრაიმ ბეტონს“ ასევე პარტნიორობას უწევენ ჰოლანდიური კომპანიები Royal HaskoningDHV და Vanthek, რომელთაგან პირველმა შექმნა ყველაზე ეფექტური დიზაინი ნავმისადგომისა და პირსის მშენებლობისათვის, ხოლო მეორე წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო კომპანიას ბურღვისა და ლითონის ნარანდის (შპუნტი) მოწყობის სფეროში.

„პრაიმ ბეტონი“ მყარი რეპუტაციის მქონე ქართული სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც წარმატებით აქვს განხორციელებული მრავალი ფართომასშტაბიანი პროექტი, რამაც თავის მხრივ კომპანიას შესძინა განსაკუთრებული კომპეტენცია და ფასდაუდებელი გამოცდილება პორტის, წყალგაყვანილობის, გზებისა და სხვა საზოგადოებრივი თუ ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის მოწყობის სფეროებში. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ისეთ საზღვაო პროექტებს, როგორიცაა მეშვიდე ნავმისადგომის რეაბილიტაცია და ფოთის სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა; ასევე, საზოგადოებრივი სარგებლობის სამუშაოებს, როგორიცაა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა ანაკლიაში, ურეკში, ზუგდიდსა და გარდაბანში; თბილისის მეტროს ახალი და მეორე ხაზის გაგრძელება (უნივერსიტეტის სადგურამდე); და დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, სამეგრელოში რამოდენიმე გზის მშენებლობა და რეაბილიტაცია.

ტერმინალის პროექტზე საუბრისას ”პრაიმ ბეტონის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე სოკოლოვსკიმ ხაზი გაუსვა ქართული კომპანიის მიერ ტენდერის მოგების მნიშვნელობას: „ჩვენ ძალზე მოხარულები ვართ, რომ ვერთვებით ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის მშენებლობაში. ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ქართული კომპანია, EPC-ის კონტრაქტის ფარგლებში, იღებს სრულ პასუხისმგებლობას ასეთი კომპლექსური და ფართომასშტაბიანი პროექტის მშენებლობისა. ჩვენ ვიყენებთ ადგილობრივ შესაძლებლობებს, პროექტში ვდებთ ჩვენს მიერ ათეული წლობით დაგროვილ გამოცდილებასა და ცოდნას, ვქირაობთ მუშახელს და ვიყენებთ არსებულ სამშენებლო მასალას, რაც წარმოადგენს სარგებელს, როგორც ადგილობრივი საზოგადოებისათვის, ისე მთელი ქვეყნისათვის. ჩვენი ჰოლანდიელი პარტნიორების Royal HaskoningDHV-ისა and Vanthek-ის დახმარებით „პეის ჯგუფიდან“, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ახალი ტერმინალი აშენდეს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და გარემოს დამზოგავი მასალითა და ტექნოლოგიით და რომ საქართველოს ტრანზიტული შესაძლებლობები გადავიდეს კიდევ უფრო მაღალ დონეზე.“

ახალი ტერმინალი განთავსდება ფოთის ახალი პორტის ზონაში გამოყოფილ 25 ჰექტარზე, რომელიც წარმოადგენს ყოფილ გემთსაშენს. ნავმისადგომის ინფრასტრუქტურის სრული სიგრძე შეადგენს 650 მეტრს, ხოლო წყლის სიღრმე 12 მეტრს. ეს იქნება პირველი პორტი საქართველოში, რომელიც შეძლებს ღრმაწყლოვანი გემების მიღებას 2020 წლისათვის. ტერმინალის ტვირთბრუნვის საერთო მოცულობა განისაზღვრება 5 მილიონი ტონით. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 93 მილიონ აშშ დოლარს, საიდანაც 50 მლნ დოლარს გამოყოფს OPIC, ხოლო დარჩენილ 43 მლნ დოლარს „პეის ჯგუფი“, წილობრივი მონაწილეობის სახით. ეს პროექტი წარმოადგენს OPIC-ის ყველაზე მსხვილ ჩართულობას საქართველოში. ტერმინალი გაზრდის ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ჰაბისა და როგორც Belt and Road ინიციატივის განუყოფელი ნაწილისა. OPIC-ის გადაწყვეტილება დააფინანსოს ეს პროექტი ასევე წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების, მიერ ამ ტერმინალის მნიშვნელობის მხარდაჭერის გამოხატვას, როგორც საქართველოსათვის, ისე მთელი რეგიონისათვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია ”ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 19 ივლისი 2019 16:13

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი - 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტი" თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში, უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე, მიმდინარე წლის 16 ივლისს, ლიფტის დემონტაჟის დროს, 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

სამშენებლო კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელის გატაცებაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 21:59

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამშენებლო კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელის გატაცებაში ბრალდებული პირები პატიმრობაში რჩებიან. 
საქმის წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს, 11.00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩქარეულისა და ბახტაძის ადვოკატმა შუამდგომლობის სახით გირაოს სახით 30 ათასი ლარის შეფარდება მოითხოვა.

რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულ კიდევ ორ პირს, დაცვის მხარემ მათთვის 20 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება მოითხოვა. თუმცა, საქმის მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობს საფუძველი, რომ ბრალდებულები მიიმალონ ან სხვადასხვა გზით გამოძიების ეფექტურ წარმოებას ხელი შეუშალონ. მათივე თქმით, ბრალდებული პირების წინააღმდეგ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით გამოძიება სხვა ფაქტზეც 2016 წლიდან მიმდინარეობს.

მშენებლებმა საქართველოში თანამედროვე შენობების ოთხი მთავარი საფრთხე დაასახელეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 31 მარტი 2017 21:27

საქართველოში თანამედროვე შენობები შეიძლება იყოს ძალიან საშიში და მათ მობინადრეებს სიკვდილსა და ავადმყოფობას უქადის, განაცხადა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, მშენებელმა და პროფესორმა ანზორ საკანდელიძემ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მშენებელმა საქართველოში თანამედროვე შენობების ოთხი მთავარი საფრთხე დაასახელა და აღნიშნა, რომ საქართველოში ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტები არ არსებობს და შეუძლებელია იმის თქმა, მობინადრეების საჭიროებებს რომელი სამშენებლო კომპანია აქცევს ყურადღებას.
"პირველი — ტოქსიკური აირების გამოყოფა ყალბი სამშენებლო მასალების გამოყენებისას. ეს ძალიან საშიშია, მაგალითად სახლის ან სველი წერტილების მოპირკეთებისას. თვით შენობა შეიძლება ეკოლოგიურად სუფთა იყოს, მაგრამ რემონტის შემდეგ შესაძლოა უბედურება დატრიალდეს", — განაცხადა საკანდელიძემ.
მისი თქმით, თანამედროვე სახლებში რადიაციის პრობლემაც დგას. როგორც მშენებელი ამტკიცებს, საქართველოში მშენებლობისას შეიძლება გამოიყენებოდეს სამშენებლო მასალები და მილები ლითონისგან, რომელიც ჩერნობილიდან ტრანსპორტირებული მილებისგან არის გადამდნარი.
"ეს ლითონი, ძირითადად, საქართველოში წამოვიდა… არ გამოვრიცხავ, რომ ის სახლების მშენებლობაში გამოიყენეს", — აღნიშნა საკანდელიძემ.
მშენებლის თქმით, თანამედროვე სახლების კიდევ ერთ საშიშროებას ელექტრომაგნიტური გამოსხივება წარმოადგენს. მისი თქმით, უნდა მოწმდებოდეს, რამდენად შეესაბამება ელექტროგაყვანილობა უსაფრთხოების ნორმებს. ამასთან საკანდელიძემ აღნიშნა, რომ სახლებში არ უნდა გამოიყენებოდეს გამაგრძელებლები და "ტრაინიკები".
"თითოეულ მოწყობილობას საკუთარი კვების წყარო უნდა გააჩნდეს", — ხაზგასმით აღნიშნა მან.
ყველაზე მთავარ საშიშროებად მშენებელს აირი რადონი მიაჩნია.
რადონი — უსუნო და უფერო აირია, რომელსაც ვერ იგრძნობ, მაგრამ ის სერიოზულ დაავადებებს იწვევს, მათ შორის კიბოს. რადონი მიწის ქვეშ გროვდება და ვენტილაციის სისტემის გავლით, სარდაფებიდან და წყლიდან ხვდება სახლებში.
"თბილისში ძალიან ბევრი ბარი და რესტორანი პირველ სართულებზე და სარდაფებშია განლაგებული, და აუცილებელია მათი შემოწმება ამ აირის კონცენტრაციაზე", — განაცხადა საკანდელიძემ.
ამასთან, საქართველოში საცხოვრებელი სახლების უსაფრთხოებაზე საუბრისას, პროფესორმა 1991 წლამდე აშენებულ სახლებს უსაფრთხო უწოდა.
საკანდელიძე მიიჩნევს, რომ შვიდბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში თბილისი მთლიანად დაინგრევა.
"კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ყველა შენობის შემოწმება უნდა მოხდეს", — განაცხადა მან.
ამ დროს სხვა მშენებელმა, მალხაზ ბედიაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა პერიოდში აშენებული შენობები შვიდბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი, ხოლო თანამედროვე შენობებისთვის უსაფრთხოების რეგლამენტი არ არსებობს.
"ამ სახლებს სეისმომდგრადობაზე არავინ ამოწმებს", — აღნიშნა ბედიაშვილმა.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. ყველაზე მძლავრი 7-ბალიანი მიწისძვრა, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, 1991 წელს რაჭასა და იმერეთში მოხდა. ეპიცენტრში ინტენსივობამ 9 ბალს მიაღწია. ამ მიწისძვრამ თითქმის 200 ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა დაახლოებით 46 ათასი საცხოვრებელი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.

კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენმა“ პროექტ „მწვანე ბუდაპეშტის“ ერთი წლის იუბილე გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 11:37

საერთაშორისო სამშენებლო კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენის“ პროექტ „მწვანე ბუდაპეშტის“ ერთი წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა თბილისში, კომპანიის ოფისში. მოწვეულ 300 სტუმარს შორის იყვნენ კომპლექსის მომავალი მობინადრეები, დიპლომატიური და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები (თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუ), ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საბურთალოს გამგებელი და სხვა ოფიციალური პირები. ასევე ღონისძიებას დაესწრნენ კომპანიის კონტრაქტორები და პარტნიორები.

ოფიციალურ ნაწილში სტუმრებს სიტყვით მიმართეს: კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მურათ ავჯიმ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თურქეთის ელჩმა საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუმ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა, საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, “ჰაიდელბერგცემენტის” გენერალური დირექტორი კავკასიის რეგიონში მაიქლ ჰამპელმა.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს შოურუმები და აღფრთოვანებულნი დარჩნენ ნანახით.

ამის შემდეგ საღამო გაგრძელდა არაოფიციალური ნაწილით, სადაც სტუმრებს შესთავაზეს ცოცხალი მუსიკა, ქართულ-ევროპული ფურშეტის თანხლებით.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მობინადრეებს საშუალება მიეცათ გაეცნოთ ერთმანეთი და ესაუბრათ სამომავლო გეგმებზე. საერთაშორისო სამშენებლო კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენის“ პროექტ  „მწვანე ბუდაპეშტის“ ერთი წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება უგემრიელესი ტორტის გაჭრით  და სხვადასხვა სახის პრიზების გათამაშებით დასრულდა, რომლებიც მობინადრეებს აუცილებლად სჭირდებათ.

კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში. მან ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირება 2013 წლიდან დაიწყო და განახორციელა ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორებიცაა ავეჯის ქარხანა „ბელისა“, საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტი“, საერთაშორისო 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო “Mercure Tbilisi Old Town”. კომპანიამ საქართველოს ეკონომიკაში უკვე დააბანდა 70 მილიონ დოლარამდე და კვლავაც აგრძელებს ინვესტირებას ქართულ ბაზარზე. შემდეგი პროექტისთვის „მაქრო ქონსთრაქშენმა“ შეისყიდა 7 ჰექტარი მიწა და იგეგმება ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა 100 მლნ დოლარის ინვესტიციით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2015 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით ათეულში შევიდა „მაქრო ქონსთრაქშენის“ მიერ განხორციელებული 2 მნიშვნელოვანი პროექტი: საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტი“ და სასტუმრო “Mercure Tbilisi Old Town”.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური