"ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საშიშროების წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა", - სუს-ი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 16 აპრილი 2020 14:22

გასულ წელს დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის ზურგს ამოფარებული ცალკეული პირები და ჯგუფები, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის /სუს/ 2019 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის ინფორმაციის მიხედვით, ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საშიშროების წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა.

„რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მიუხედავად ამისა, მუდმივად არის მიმდინარე ორმხრივ ურთიერთობებში პირდაპირი თუ ირიბი ჩარევისა და მათი მიზანმიმართული დაზიანების მცდელობები. გასულ წელს დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები ცდილობდნენ, აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობების დესტაბილიზაციის მცდელობებით გადაეფარათ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე პროცესების რუსულ ოკუპაციასთან გაიგივების მცდელობას.

აღნიშნულ კონტექსტში განსახილველია 2019 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც. ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება, ასევე, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა. აღნიშნულ პროცესებში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები. საკითხის გასამწვავებლად აქტიურად იყო გამოყენებული ე.წ. საინფორმაციო ომის მეთოდები. მიმდინარეობდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დამაზიანებელი განწყობების წახალისება, ასევე, პროვოკაციული მოწოდებებით, შექმნილი ვითარების „ოკუპაციის სიბრტყეში“ გადატანის მცდელობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, პროვოკაციების თავიდან აცილებისა და ვითარების დასტაბილურების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

„უწყება ჩართულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის მუშაობაში, რომელიც ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის აღნიშნული საკითხის დარეგულირების ლეგიტიმურ ფორმატს წარმოადგენს. საფრთხეების მინიმიზაციის მიმართულებით, შესაბამისი რეკომენდაციები ეძლევა მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ უწყებებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური დანაყოფები, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებდნენ სასაზღვრო ზონის მიმდებარედ არსებული ოპერატიული ვითარების მონიტორინგსა და შესაბამის ოპერატიულ უზრუნველყოფას“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები ასევე ცდილობდნენ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას და საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. მნიშვნელოვან პროცესებზე უარყოფითი გავლენის მოხდენის მიზნით მიმდინარეობდა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წელს გარკვეული ძალების მიერ ადგილი ჰქონდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხის თაობაზე მოსახლეობის პოლარიზაციის მცდელობას. დაფიქსირდა მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფოსთან ძალისმიერი დაპირისპირების ფაქტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, მიმდინარეობდა ვითარების მონიტორინგი და ხორციელდებოდა დეესკალაციის ღონისძიებები.

„გასულ წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დესტრუქციული ძალების მხრიდან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების გარკვეულ ნაწილზე იდეოლოგიური ზეგავლენის და სეპარატისტული განწყობების სხვადასხვა ფორმით წახალისების მცდელობებს. აღნიშნულის ფარგლებში, სხვადასხვა სოციალური, კულტურული, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული თუ ბიზნეს პროექტებისა და აქტივობების საფარქვეშ, სამიზნე ჯგუფებში ხორციელდებოდა ანტიქართული განწყობების გაღვივებისა და საქართველოს სახელმწიფოსგან მათი დისტანცირების მცდელობა. ამავე დროს, პერიოდულად ვრცელდებოდა გაყალბებული ფაქტები და მიმდინარეობდა მითების შექმნა, რათა ყოფით ნიადაგზე წამოჭრილი საერთო პრობლემები ეთნიკური ნიშნით წარმოჩენილიყო.

საანგარიშო პერიოდში კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება. აღკვეთილი იქნა გარკვეული აქტივობები, სადაც იგეგმებოდა საქართველოს მოქალაქეებში დესტრუქციული განწყობების გაღვივება. თავიდან იქნა აცილებული ცალკეული პირების ჩართვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ მსგავს პროექტებში. ხორციელდებოდა შესაბამისი სასაზღვრო კონტროლი და განეიტრალდა ეთნიკური დაპირისპირებების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის მცდელობები“, - ხაზგასმულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშში.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა განახლდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 03 მაისი 2019 10:19

“ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოს პერიოდში განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის სხდომა და გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ ნაწილებზე განხორციელდება შეუფერხებლად, არსებული პრაქტიკის გთვალისწინებით” - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას განაცხადა.
დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრს ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა აზერბაიჯანელ კოლეგასთან.
მინისტრის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ უახლოეს დღეებში დასრულდება სადელიმიტაციო კომისიის განახლებული შემადგენლობის დაკომპლექტება და განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა.
“მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერის დავალებით ვიყავი და ვარ მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჩვენ, რა თქმა უნდა ვხელმძღვანელობთ ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველო და აზერბაიჯანი გახლავთ სტრატეგიული პარტნიორები, ბუნებრივია საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით ამ თემას, ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოს პერიოდში განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის სხდომა, კომისიის შემადგენლობაში იყო განახლება საჭირო, რის შემდეგეგაც და უახლოეს პერიოდში კომისია განაახლებს საქმიანობას იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით.“-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ რომ გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ ნაწილებზე განხორციელდება შეუფერხებლად და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად.
„გადაადგილება დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება არსებული პრაქტიკის შესაბამისად და მინდა ყველას ვთხოვო, რომ გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და დელიკატურობა, განსაკუთრებული გულისყურით მოვეკიდოთ ამ თემას. დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი პოზიტიურად გადაწყდება, ბუნებრივია ჩვენ ვთანმხდებით აზრებაიჯანულ მხარესთან, რომ ჩვენი ურთიერთობიდან, სტრატეგიული პარტნიორობიდან და მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ყველა ამ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული.“-აღნიშნა ზალკალიანმა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის აღნიშნულ თემაზე კომუნიკაციამიმდინარეობდა კონსტრუქციულ, პარტნიორულ რეჟიმში და როგორც ამ საკითხზე, ასევე სხვა თემებზე მიიღება ისეთი გადაწყვტილებები, რომელიც შეეფერება ორი ერის მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური