შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020 13:14

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შუალედური ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“, 2020 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიმდინარეობაშიც მონაწილეობდა ოჯახის ადვოკატი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო-ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია.

ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია ვებ გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide - რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის. იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე - გვერდზე მიწერილი აქვს სათაური - Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდები.

დასკვნის მიხედვით, ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შპს „ზეგ“ დარეგისტრირდა 2015 წლის 30 დეკემბერს. დირექტორი თამარ კობერიძე. საწყის ეტაპზე 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო ნიკოლოზ გეჯაძე, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 100%-იანი წილის მესაკუთრეა აბრაჰამ რაიხბახი. ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციის ნაწილს.

 

 

ფრანკოფონიის დღეები საქართველოში

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 20 მარტი 2019 10:27

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის, შვეიცარიის, კანადის, ბელგიის, რუმინეთისა და მოლდოვის სელჩოები სასკოლო და საუნივერისტეტო დაწესებულებთან ერთად, ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღეებს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში არაერთი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, 23 - ე საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში, ირინა აბულაძემ ფრანგულენოვან კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის, მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის სახელით, ფრანგული სახელმძღვანელოები და საჩუქრები გადასცა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მოკლედ მიმოიხილა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობა და აღნიშნა, რომ გაეროს წევრი ქვეყნების მოსახლეობის ერთი მესამედი და ხუთივე კონტინენტის 220 მილიონზე მეტი ადამიანი ფრანგულ ენაზე მეტყველებს, ფრანგულენოვანი მოსახლეობა კი, გერმანულენოვანი მოსახლეობის შემდეგ, ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანია. როგორც ცნობილია 23-ე საჯარო სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება ფრანგული ენა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, არაერთი ღონისძიება და კონკურსი იმართება. შეხვედრაზე ფრანგულენოვან კონკურსებთან დაკავშირებით და თავიანთ მოტივაციაზე მოსწავლეებმაც ვრცლად ისაუბრეს.

ჩინეთი ფაროსანას შესაწამლ ტექნიკას საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
კვირა, 09 დეკემბერი 2018 16:35

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრო სააგენტოს აზიური ფაროსანას შესაწამლ აპარატურას უსასყიდლოდ გადმოსცემს. საუბარია  შესასხურებლებით აღჭურვილ ბორბლებიან ტრაქტორებსა და სატვირთო პიკაპებზე, რომლებსაც პირველად ტექნიკურ მომსახურებას ჩინეთიდან ჩამოსული  სპეციალისტები გაუწევენ. საქართველოში შემოსვლამდე აღნიშნულ ტექნიკას ჩაუტარდება ინსპექტირება, ხარისხისა და სპეციფიკაციების შემოწმება ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს გაწეული დახმარებისათვის და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში 2019 წელს ექნება გაცილებით უკეთესი ტექნიკური შესაძლებლობა, რადგან არსებულ ტექნიკას დაემატება 20 ბორბლებიანი ტრაქტორი შემასხურებლით და 20 სატვირთო პიკაპი.

კონტრაქტს ხელი მოაწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის მრჩეველმა ვან ლიენფომ.

აღნიშნული ტექნიკა საქართველოში გაზაფხულზე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყებამდე  შემოვა.

IBSU-მ პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 08 დეკემბერი 2018 17:19

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველკურსელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა მოეხსნა. ამის შესახებ Newsday.ge-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია და ის 10 დღის ვადაში გამოქვეყნდება. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, მისაღებ სტუდენტთა კვოტა 3 500-მდე გაიზარდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლის ვადით 2018 წლის აგვისტოში შეეზღუდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელს ავტორიზაცია 6 წლით გაუგრძელდა, 2018 წელს სტუდენტებს ვერ მიიღებდა.

ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი, უნივერსიტეტის განცხადებით, 2013 წელს დაკისრებული 700 000-ლარიანი ჯარიმა გახდა, რომლის გამოც უმაღლეს სასწავლებელსა და სახელმწიფოს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლოს დასრულებამდე შავი ზღვის უნივერსიტეტის განცხადებით, ამ ჯარიმის გამო ავტორიზაციის შეჩერება უსამართლოა. მით უმეტეს მაშინ, როცა უმაღლესი სასწავლებლის ქონება ჯარიმის საფასურს მნიშვნელოვანად აღემატება. 

უნივერსიტეტისათვის დაწესებულ ამ შეზღუდვას IBSU-ს სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაცია და მათი მხარდამჭერები აქციებითა და სხვა საშუალებებით მთელი ამ პერიოდის მანძილზე აპროტესტებდნენ. 

თანხის გადახდიდან რამდენიმე თვეში ავტორიზაციის საბჭომ ისევ იმსჯელა სტუდენტების მიღების უფლების საკითხზე და უნივერსიტეტს ეს უფლება მისცა.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სექტემბრიდან შეეძლება პირველკურსელთა მიღება. თუმცა, ადმინისტრაცია აპირებს, უწყებას სპეციალური მობილობის გამოცხადებისათვის მიმართოს, რათა IBSU-მ მეორე სემესტრიდანვე შეძლოს იმ პირველკურსელთა მიღება, რომლებიც სექტემბერში შეზღუდვის გამო უნივერსიტეტში სწავლას ვერ შეუდგნენ და არც არჩევანი შეუცვლიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 09:55

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით:

  • ყველა რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად, შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და დაიცავენ მართლწესრიგს;
  • მთელი ქვეყნის მასშტაბით, მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, საჭიროებს მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება.
  • პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც არჩევნების დღეს სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებენ, გავლილი აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთობლივი გადამზადების კურსი, რომელიც პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, არჩევნების დღეს პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებსაც მოიცავდა;
  • საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის საკონტაქტოდ გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
  • ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი;
  • საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობის დროს მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.

ზახაროვა: ქართველ და რუს ხალხებს ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018 16:09

მარიამ ზახაროვამ დადებითად აღნიშნა ის ფაქტი, რომ საქართველოს და რუსეთს, მიუხედავად პრინციპული საკითხებისადმი განსხვავებული აზრისა, შეხების წერტილები აქვთ.

საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების დარეგულირებისთვის, რისი მოთხოვნილებაც  ორი ქვეყნის ხალხებს აქვს, საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებაა საჭირო, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში გამართული ვიდეოხიდის მოსკოვი–თბილისის–ტალინი–კიშინიოვი მსვლელობისას.

„ეს პეპლების მოყვარულთა კლუბი როდია“ - ზახაროვამ საქართველო ნატოს თაობაზე გააფრთხილა>>>

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. ამ დროისთვის ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში. 

„მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ისტორიაში არცთუ ცოტა მაგალითია იმისა, თუ ადამიანები, ერები, პოლიტიკოსები როგორ ლახავდნენ ამ ვითარებას და რეცეპტი – აქ შეუძლებელია ვთქვათ, რომ ძალიან მარტივი – არსებობს. შეიძლება ამ ურთიერთობებს სხვადასხვანაირად დავარქვათ, სადაც ეს დიალოგი ურთიერთობების და კონტაქტები უბრალოდ შესაძლებელი კი არა, ჰაერივით  აუცილებელია. აუცილებელია არა პოლიტიკოსებისთვის, არამედ ხალხისთვის“, – განაცხადა ზახაროვამ.

ამასთან, მან გულდაწყვეტით აღნიშნა პრინციპული საკითხების „ცალკე კალათის“ არსებობა, რომელთა მიმართებითაც  მოცემულ მომენტში კონსესუსის მიღწევა შეუძლებელია.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განმარტა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება სურს, მაგრამ არა პრინციპული საკითხის – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

„რაც შეეხება საქართველოსთვის პრინციპული საკითხებისადმი  განსხვავებულ მიდგომებს. რუსეთისთვის ეს საკითხი სხვანაირად ფორმულირდება, საქართველოსთვის კი სხვანაირად.  ვფიქრობ, რომ რუსულმა  მხარემ არაერთხელ   გამოთქვა თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, და თბილისიც საკუთარ  პოზიციას საკმაოდ ნათლად აფიქსირებს“, – აღნიშნა ზახაროვამ. 

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ურთიერთობების დარეგულირებისთვის მსოფლიო გამოცდილების მნიშვნელობა აღნიშნა და ახლო აღმოსავლეთის მაგალითი მოიყვანა.

 „რა უნდა ვქნათ ამ სიტუაციაში? მე მგონია, რომ არსებობს მსოფლიო გამოცდილება, რომელსაც შეიძლება უბრალოდ მივმართოთ და გავიგოთ, რომ ჩვენ არც პირველი და სამწუხაროდ,  არც უკანასკნელი სახელმწიფო ვართ, რომელსაც პრინციპული საკითხებისადმი  დიამეტრალურად განსხვაგებული შეხედულებები აქვს. შეხედეთ მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონებს. ჯერ კიდევ 10–15 წლის წინ მთელ რიგ სახელმწიფოებს შორის დიალოგი პრინციპში შეუძლებელი იყო, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო არამარტო დიპლომატიური ურთიერთობები, არამარტო ჰუმანიტარული ურთიერთობები არამედ ნებისმიერი კონტაქტი. მაგრამ გავიდა წლები და ამ რეგიონის სახელმწიფოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის  აბსოლუტურად სხვა სურათს  ვხედავთ“, – განაცხადა ზახაროვამ. 

ურთიერთობების დარეგულირების მაგალითად ზახაროვამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივება დაასახელა.

 „თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რა ვითარებაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც სურთ ან უბრალოდ იძულებული არიან ჩამოვიდნენ პირადი საკითხების, ოჯახური მდგომარეობის გამო, მოინახულონ საკუთარი ნათესავები და მათგან ბევრ სურს მუშაობა, ურთიერთობა  და ა.შ.“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად პრინციპული საკითხებისადმი განსხვავებული აზრისა, მხარეებმა შეძლეს სხვა მიმართულებებით წარმატების მიღწევა. 

„თუმცა, შეირჩა საერთოდ სხვა კონცეფცია, რომლის რეალიზებაც, ღმერთს მადლობა, ახლა მიმდინარეობს. და სწორედ ნელ–ნელა, მოცემულ შემთხვევაში, არა ლიბერალიზაცია, არამედ ამ მიმართულებით ვითარების თანდათანობითი შემსუბუქება და ამ მიმართულებით მოძრაობა.  ამიტომ, მგონია, რომ ვექტორი უნდა იყოს ასეთი“, –  განაცხადა ზახაროვამ.

ამავე დროს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. რუსეთი საქართველოსთან ტვირთბრუნვის მოცულობით ლიდერი–ქვეყნების სამეულში შედის.

 

Read more: https://sputnik-georgia.com/russia/20181016/242525824/zaxarova-qartvel-da-rus-xalxebs-urtiertobebi-haerivit-schirdeba.html



საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“ იწყება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018 20:08

1-11 სექტემბრის ჩათვლით საქართველო საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“-ს მერვედ უმასპინძლებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „Agile Spirit 2018“-ის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე საერთაშორისო სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სწავლების მიზანი, შინაარსი და დაგეგმილი აქტივობები დეტალურად გააცნო.

საინფორმაციო ბრიფინგს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი მოადგილეები დაესწრნენ.

მრავალეროვნული სწავლება ქალაქ სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის ლიდერობით ჩატარდება. 
სწავლების სცენარი ემყარება თავდაცვის, შეტევისა და სტაბილურობის ოპერაციებს. 2017 წელთან შედარებით, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, წლევანდელ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, ესენია: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, ლატვია, საბერძნეთი, უკრაინა, თურქეთი, ჩეხეთი, ესტონეთი.
Agile Spirit 2018“-ის მიზანია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნის მიზნით ბრიგადის დონეზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების დაგეგმვა და ჩატარება. ურთიერთთავსებადობის დახვეწა, სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებისა და სამეთაურო რგოლის ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება, ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს, რეალურ დროში და მრავალეროვნულ გარემოში.

„Agile Spirit 2018“ კომპიუტერული სიმულაციური სისტემების (JCATS/MTWS) მხარდაჭერით, ძალების მიზიდვის გარეშე განხორციელდება. სწავლებას მხარს დაუჭერს „ნატო-საქართველოს შეფასების ერთობლივი ცენტრი“ (JTEC), სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა, სპეციალური ოპერაციების ძალები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 10 წლის თავზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 13:05

2018 წლის 7 აგვისტოს 10 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და შედეგად საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ. 
 
სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიითა და შემდგომი უკანონო ნაბიჯებით, რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები და შექმნა სახიფათო პრეცენდენტი დამკვიდრებულ საერთაშორისო წესრიგზე იერიშის მიტანის თვალსაზრისით. რუსეთის ქმედებები 2008 წელს ნაკარნახევი იყო ევროპაში საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ძირის გამოთხრის ამბიციით.
 
ათი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1-15 აგვისტოს მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე და ასობით სამხედრო ტექნიკა, წარმოადგენს უპრეცენდენტო ხასიათის მცდელობას რუსეთის მხრიდან, მოახდინოს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ამავდროულად წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას.
 
რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს
 ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო. საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრება, მუდმივი გატაცებები და უკანონო დაკავებები რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან ახდენს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს დესტაბილიზაციას. ამ უკანონო პროცესების შედეგად, არაერთი ოჯახი გაიყო, ბევრმა ადამიანმა დაკარგა წვდომა საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რელიგიური მნიშვნელობის ადგილებსა და სასაფლაოებზე. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები აერთიანებს ისეთ მძიმე შემთხვევებს, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დარღვევები, აგრეთვე მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, რაც გაუსაძლისს ხდის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას.
 
მაშინ, როცა ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველობა რჩება ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაციის სამიზნედ. სამი დევნილი პირის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტები ნათლად წარმოაჩენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელებულ დაუსჯელობის სინდრომს და ეთნიკურ ნიადაგზე წახალისებულ ძალადობას.
 
მუდმივი პროვოკაციული ნაბიჯების პასუხად, საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების დღის წესრიგს. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებისათვის, რათა სათანადო გადაწყვეტა მოუძებნოს რუსეთ-საქართველოს შორის გადაუჭრელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა პრობლემებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის.  სრულად იცავს რა ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს, საქართველომ არაერთხელ ცალმხრივად დაადასტურა და  პირნათლად ასრულებს ძალის არგამოყენების ვალდებულებას, რუსეთის  მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში.
 
ამავდროულად, საქართველომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურა ძალისხმევა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების ჩართულობისა და შერიგების მიმართულებით. ამ კონტექსტში, საქართველოს მთავრობამ წარადგინა ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე გაყოფილ საზოგადოებებს შორის ხალხთაშორისი კონტაქტებისა  და ნდობის აღდგენის გაძლიერებას.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდად აფასებს საერთაშორისოსაზოგადოების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ. ქართული მხარე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიზნით.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს თავისი უკანონო ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ, შეცვალოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ აღიარების გადაწყვეტილება და სრულად მოახდინოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება ავღანეთში მომხადრ ინციდენტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 30 ივლისი 2018 11:26
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გმობს ავღანეთში, საავიაციო ბაზა ბაგრამზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტს, რომელშიც 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა იკვეთება.
მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოლიცია იძიებს.
ამერიკული მხარის პირველადი ინფორმაციით, სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქურდობაში, ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო ძალების სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობა იკვეთება, რომელთა შორის ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურეა.
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, საქონლის ქურდობით წინასწარი ინფორმაციით, ავღანეთში არსებულ სავაჭრო ობიექტს 3600 აშშ დოლარამდე ოდენობის ზარალი მიადგა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკულ მხარესთან. საქმის მასალების გადმოცემისთანავე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია ფაქტობრივ მდგომარეობას დაადგენს და საზოგადოებას მეტ ინფორმაცას მიაწვდის. დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან.
აღსანიშნავია, რომ ქართული კონტინგენტისთვის ეს ერთეული სამწუხარო შემთხვევაა, რომელსაც სისტემურ ხასიათთან კავშირი არ აქვს.
ფაქტი მტკივნეულად იქნა აღქმული, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების,
ისე ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის მხრიდან. ცალკეული სამხედრო მოსამსახურეების ქმედება არ შეიძლება გაიგივდეს მთლიანად ქართულ სამშვიდობო კონტინგენტთან, რადგან ქართველი სამხედროების თავგანწირვა და ავტორიტეტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამსახურებულად აღიარებული და დაფასებულია.
შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია საქმის დეტალების გამოძიებით, დამნაშავეების გამოვლენით და ორიენტირებულია მსგავსი ერთეული ფაქტის პრევენციაზე.
ქართული ჯარი არის და იქნება საზოგადოების ღირსეული ნაწილი.

პსპ-ში მომხმარებელს ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტით მედიკამენტების მიღება შეუძლია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018 18:28

პსპ-ს ნებისმიერ აფთიაქში მომხმარებელს ელექტრონული რეცეპტით სარგებლობა შეუძლია. სიახლე ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაინერგა და მნიშვნელოვნად ამარტივებს მომხმარებლის მიერ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტის შეძენის პროცესს.

ახალი პროექტის ფარგლებში სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს იმ სააფთიაქო და სამკურნალო დაწესებულებებთან, რომელთაც უკვე გააჩნიათ შიდა ელექტრონული სისტემები და ადვილად დაუკავშირდნენ სახელმწიფოს ელექტრონული რეცეპტების სისტემას.

„პსპ-ს საქმიანობა მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველი ჩაერთო საერთო ელეტქრონული სისტემის პროგრამაში. მომხმარებელმა კარგად იცის რომ პსპ-ში მედიკამენტების შეძენა ყველაზე დაბალ ფასად შეუძლია, ნებისმიერ, თუნდაც არასააქციო დღეს. ამასთან დამატებით 6%-იან ფასდაკლებას იღებს პსპ-ს ბარათის ყველა მფლობელი; პსპ-ს ელექტრონული სისტემაში ჩართულობა კიდევ უფრო მარტივს ხდის მედიკამენტების შეძენის პროცესს,“- აცხადებენ პსპ-ში. 

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური