აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით საკვები პროდუქტები კიდევ 400-მდე ოჯახს გადაეცათ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 აპრილი 2020 11:26

დღეს, თბილისის საკრებულოს დახმარების კამპანიის ფარგლებში, მორიგი აქცია გაიმართა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებს საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს გადასცემენ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერითა და საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის, ასევე ქართული კომპანიების შპს „ფეიდალ ჯორჯიას“ და ამხანაგობა „32ა“-ს დახმარებით, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს კიდევ 400-მდე ოჯახს გადასცემენ.

საკრებულოს მიერ გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი ესწრებოდა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციასა და ქართულ კომპანიებს დახმარებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ კამპანიის ფარგლებში, უკვე ასეულობით ოჯახის დახმარება მოხერხდა. გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ კერძო სექტორი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობას.

„თბილისის საკრებულო აგრძელებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. დღეს, აზერბაიჯანის მთავრობის, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის დახმარებით, ჩვენ გვაქვს საშუალება დამატებით დაახლოებით 400 ოჯახს დავურიგოთ პროდუქტები. მე მინდა, თითოეულ კომპანიას, რომელიც ამ პროცესში ჩართულია, მადლობა გადავუხადო და ყველას მოვუწოდებ, აღნიშნულ აქციაში ჩაერთონ. ეს კამპანია მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა მხარდაჭერა და გვერდში დგომა იგრძნონ. მან კერძო სექტორს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საკრებულოს კამპანიის ფარგლებში, დღეს აზერბაიჯანის საელჩომ, კომპანიებმა „ფეიდალ ჯორჯიამ“ და „32ა-მ“ შემოგვწირეს 400-მდე, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილი პროდუქცია. ეს ნობათი მაჟორიტარი დეპუტატების დახმარებით, თბილისის ყველა რაიონში განაწილდება და ამით მცირედით მაინც შევეწევით შეჭირვებულ ოჯახებს“ -განაცხადა ბექა დავითულიანმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები თბილისის სხვადასხვა რაიონებში დახმარებას სპეციალურად გადამზადებული მოხალისეების დახმარებით დაარიგებენ. როგორც საკრებულოში აცხადებენ, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანია 29 მარტს დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება.

თბილისის საკრებულოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 14 მარტი 2019 13:27

თბილისის საკრებულოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტომა ილიას ჩილოღლუმ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს საგანმანათლებლო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება , სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლება

ცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 14:51

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა. თამარ ჟვანიამ მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა და 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნები შეაჯამა.

„მოგესალმებით და პირველ რიგში გილოცავთ 2017 წლის 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნებში გამარჯვებას და თბილისის საკრებულოში არჩევას. თქვენ წინ მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე სამუშაო წლები გელით. ყველა თქვენგანს წარმატებებს გისურვებთ თქვენი საქმიანობის განხორციელებაში!

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მოიწვია საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მე, როგორც ცესკოს თავმჯდომარეს, მაქვს პატივი გავხსნა დედაქალაქის საკრებულოს პირველი სხდომა.

დღევანდელი დღე შედეგია იმ თავდაუზოგავი შრომის, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ გაწია ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე. ადმინისტრაციამ შეძლო ყველა პირობის შექმნა იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეძლებოდა მშვიდობიან გარემოში საკუთარი არჩევანის თავისუფლად განხორციელება. ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ საორგანიზაციო თვალსაზრისით ყველაზე რთულად ადმინისტრირებადი არჩევნები, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა უკვე შეაფასეს, როგორც მნიშვნელოვანი საარჩევნო პროგრესი და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით.

21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შედეგად როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით არჩეულია 64 საკრებულოს 2058 წევრი და პირდაპირი წესით პირველ ტურში 64-დან არჩეულია 58 მერი. უახლოეს დღეებში ასევე, ოფიციალურად გამოვაცხადებთ არჩევნების მეორე ტურში გამოვლენილ 1 თვითმმართველი ქალაქისა და 5 თვითმმართველი თემის მერის არჩევნების შედეგებს და არჩეულ მერებს.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს შემადგენლობას, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან 25 წევრი არჩეულია მაჟორიტარული სისტემით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან, ხოლო პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების 25 მანდატი შემდეგი პროპორციით გადანაწილდა 4 საარჩევნო სუბიექტზე: 15 მანდატი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, 5 მანდატი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 3 მანდატი - „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ და 2 მანდატი - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.

ახლადარჩეულ თბილისის საკრებულოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია დედაქალაქის განვითარების თვალსაზრისით და ამასთან, გააჩნია უდიდესი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. შესაბამისად, პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც აქტიურად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი ხმის დელეგირებით ანდო არჩეულ პირებს მართვა და თვითმმართველობის ორგანოების მნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელება. მინდა ასევე, მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს, ვინაიდან სწორედ მათი მაღალი პასუხისმგებლობისა და შრომის შედეგად შედგა 2017 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები.

აქვე მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო არჩევნებში ჩართული ყველა მხარის მიმართ, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს საარჩევნო პროცესში. აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლების, მედიის და სხვა მხარეების ჩართულობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად.

დასასრულს აღვნიშნავ, რომ თბილისის საკრებულოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გადაეცა საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები, ხოლო რეგისტრირებულ თბილისის საკრებულოს არჩეულ პირებს შესაბამისი მოწმობები.

ამდენად, დღევანდელი დღე, 2017 წლის 14 ნოემბრის საკრებულოს პირველი სხდომა, ისტორიაში დარჩება როგორც ახლადარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელების დაწყების დღე და ახალი მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, საკრებულოს მთელ შემადგენლობას გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას!“ - განაცხადა საკრებულოს პირველ სხდომაზე თამარ ჟვანიამ.

ცესკოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ შესაბამისი დოკუმენტაცია საკრებულოს უხუცეს წევრს, ფრიდონ ინჯიას გადასცა.

 

 

21 ოქტომბერი უქმე დღეა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017 21:59

2017 წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)  ამომრჩევლებსა და საარჩევნო პროცესის მონაწილე მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კოდექსის (მუხლი 6) შესაბამისად, არჩევნების დღე - 21 ოქტომბერი არის უქმე დღე.

 

დამატებით შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს.

თბილისის საკრებულოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის დელეგაციას უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 12 აგვისტო 2017 13:18

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე, ფრაქციის „ქართული ოცნება - მრეწველები“ თავმჯდომარე ვლადიმერ ძნელაძე და ფრაქციის „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ თავმჯდომარე დავით უთმელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის ოფიციალურ დელეგაციას შეხვდნენ.

შეხვედრა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში სს „საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით გაიმართა, გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა. მან სტუმრებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის ისტორია, მუნიციპალიტეტის სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. საკრებულოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ სავაჭრო - პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ასევე ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ძიანგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორმა ლი იხუანმა, რომელმაც ქართულ მხარეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის დელეგაცია საქართველოში „საპარტნიორო ფონდის“ და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით დაგეგმილი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, რომელიც სასტუმრო „ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართება.

დელეგაცია საქართველოს ხუთდღიანი ვიზიტით ეწვია და მის შემადგენლობაში ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები შედიან. 

საქართველოს მასშტაბით საკრებულოებს კიდევ 78 მაჟორიტარი დაემატება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017 12:34

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მთავრობის ინიციატივის მიხედვით, რომელიც პარლამენტშია შესული, იმ ქალაქებს რომელთაც 35 ათასი ან უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავთ, საკრებულოებში დამატებით ხუთი მაჟორიტარი ეყოლებათ.

როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ინიციატივაზე მსჯელობა პარლამენტში დაჩქარებული წესით გაიმართება. 

”ეს იმ ქალაქებს შეეხებათ, რომელთაც თვითმმართველობის სტატუსი უუქმდებათ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ქალაქზე გავრცელება. გრადაცია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაა. დავუშვათ, 4 ათასიდან 10 ათასამდე ერთი მაჟორიტარის დამატება მოუწევთ, 10 ათასიდან 20 ათასამდე ორი მაჟორიტარის და ა.შ. ხუთ მაჟორიტარამდე გრძელდება. ანუ, დამატებითი ხუთი მაჟორიტარი ეყოლება ქალაქს, რომელსაც 35 ათასი, ან უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავს. ეს თვითმმართველობის მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს ვერსია არასამთავროების მხრიდან მოწონებული იყო და მხარდაჭერა გვაქვს. ინიციატივის მიხედვით, ემატება დაახლოებით 78 მაჟორიტარი და თითოეულ მაჟორიტარს ისევე როგორც პროპორციული სიით გასულს ეძლევა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის 400 ლარი. 400 ლარი 78-ზე გადაამრავლეთ და ყოველთვიური ხარჯი ემატება საქართველოს მასშტაბით, რაც მიზერული თანხაა, თუმცა ის ეფექტი, რაც მიღწეული იქნება ქალაქების განვითარებისთვის, იქნება უფრო მეტი, ვიდრე 78-ჯერ 400 ლარი", - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

პარლამენტი მთავრობის ინიციატივაზე მსჯელობს, რომელიც 2013 წელს გაყოფილი შვიდი თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანებას და მათ ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

აქცია-მსვლელობა საკრებულოსა და მთავრობის კანცელარიასთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 09:33
ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ და ხელისუფლებას დროის გაწელვის მცდელობაში ადანაშაულებენ.ისინი უკვე რამდენიმე დღეა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მათ საკრებულოს თავმდჯოამრე შეხვდა.გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, სახელმწიფო მზად არის, კეთილი ნება გამოიჩინოს და მოიჯარეებს ერთჯერადი დახმარება გაუწიოს.მოვაჭრეები შეხვედრით უკმაყოფილოები დარჩნენ, რადგან ისინი ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

თევდორე კობახიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 23 იანვარი 2017 17:06

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრებმა ხმაურზე გარკვეული რეგულაციების დაწესების თაობაზე თევდორე კობახიძის მიერ  ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს. 
აღნიშნული კანონპროექტის განსახილველად საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ბაზაზე პარლამენტის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის თავმჯდომარეობით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის 6 იანვარს შეიქმნა.
ჯგუფის პირველი შეხვედრა ლევან გოგიჩაიშვილმა გახსნა და სიტყვა კანონპროექტის ინიციატორს, თევდორე კობახიძეს გადასცა. 
საკრებულოს წევრმა შეხვედრის მონაწილეებს კანონპროექტის არსი  გააცნო  და აღნიშნა, რომ არსებული რედაქციით დოკუმენტი ხმაურზე სანქციების, კერძოდ, ფიზიკური პირისთვის 500 ლარიდან, ხოლო იურიდიული პირისთვის 1000 ლარიდან დაწესებას ითვალისწინებს.
თევდორე კობახიძემ  განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული  მიმართულებით არსებული რეგულაციების თაობაზე მოკლე ანალიზი გააკეთა და განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, რომელზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი, ხმაურზე შესაბამისი რეგულირების დაწესებას ჩვენს ქვეყანას პირდაპირ ავალდებულებს.
საკრებულოს წევრის თქმით, კანონპროექტის შესაბამისად, ხმაურზე რეგულაციებს კონტროლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუწევს.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დოკუმენტის საბოლოო სახის დადგენამდე კანონპროექტზე მუშაობა აღნიშნულ ფორმატში გაგრძელდება და ის საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული.  

განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 13:15

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად გახსნა, თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“ გაიმართა. ალექსანდრე ჯეჯელავამ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნო და პროფესიული, უმაღლესი, ასევე ზოგადი განათლებისა და მეცნიერების თაობაზე დეტალურად ისაუბრა. ღონისძიებას მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირაკლი ციციშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 18:07

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ძეგლთა დაცვის სამსახურის ფუძემდებლის, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწისა და არქიტექტორის ირაკლი ციციშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. 
გიორგი ალიბეგაშვილმა დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან და 
საქართველოსკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან  ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად ირაკლი ციციშვილის მემორიალური დაფისა და ბიუსტის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 
ირაკლიციციშვილის მიერ აკვარელში შესრულებული ფერწერული ნამუშევრები. ასევე გაიმართა წიგნის პრეზენტაცია, რომელშიც ირაკლი ციციშვილის 1946-1952 წლებში შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები და ჩანახატებია გამოყენებული. 
ღონისძებას, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა, მეცნიერები, აკადემიკოსები, არქიტექტორები, ასევე ირაკლი ციციშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური