მამუკა ბახტაძე - აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 17 აგვისტო 2018 11:26

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ხელმოწერით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„რამდენიმე დღის წინ საქართველომ კიდევ ერთი უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან, ამერიკის შეერთებული  შტატებისგან. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ხელმოწერით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე. საყურადღებოა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2019 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი  გამოირჩევა იმით, რომ მასში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების მხარდაჭერის თვალსაზრისითაც.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე კიდევ ერთხელ ფიქსირდება ნატოს „ღია კარის" პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატოში გაწევრიანების იდეის სრული მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მსურს, გადავუხადო დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მართლაც, რომ სტრატეგიული ხასიათის არის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ექსპერტი: საქართველოში ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნაა აუცილებელი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 22:26

საქართველოში აუცილებლად უნდა შემოვიღოთ ახალი სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო კოდექსი და ამით ახალი საკანონმდებლო ბაზა შევქმნათ, განაცხადა სამართლის დოქტორმა ვენედი ბენიძემ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ მრგვალ მაგიდაზე, რომლის სახელწოდებაც იყო „საქართველოს სასამართლო რეფორმა: გამოცდილება და გამოწვევები“.

საქართველოს საკანონმდებლო ბაზა 90-იან წლებში, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდშია მიღებული, მაგრამ 2004 წელს ხელისუფლების სათავეში მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა დამნაშავეობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა. სწორედ ამ ფონზე განიცადა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსმა მასშტაბური ცვლილებები. ის საკმაოდ გამკაცრდა. სააკაშვილის პრეზიდენტობისას ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიც მიიღეს, რომელიც მოსამართლეს განაჩენის სახით პირობითი სასჯელის დადგენას უკრძალავს, თუ პროკურორი მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმებას არ გააფორმებს.

„ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ, ანუ ის რეფორმები, რომლებიც 90-იანი წლების ბოლოს განხორციელდა (მხედველობაში მაქვს კანონმდებლობის დახვეწა) და რომელიც თავდაყირა დადგა წინა ხელისუფლების პირობებში, რის გამოც გაუგებარი კანონმდებლობა მივიღეთ. ჩვენი მოქალაქეები, სამწუხაროდ, ვერ სარგებლობენ მისით და მათი უფლებები დაცული არ არის. ამიტომ, როცა რეფორმებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნა“, — განაცხადა ვენედი ბენიძემ.

ბენიძეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვაჟა აბაკელიაც ეთანხმება, რომელსაც ასევე მიაჩნია, რომ არასრულფასოვანი საკანონმდებლო ბაზა — ეს მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის მემკვიდრეობაა.

„რეფორმა, როგორც ასეთი, ნიშნავს სრულად გადახედვას, ყველაფრის განხილვას, იმის მიღებას, რაც მისაღებია და იმის დამატებას, რაც არ ყოფილა… (სააკაშვილის მთავრობის) ოცნება ნორმალური სამართლებრივი ბაზის შექმნა და დეფინიციების ფორმირება კი არ იყო, არამედ მათი ოცნება იყო, თავი მოეწონებინათ მსოფლიოს წინაშე. აქ კი ადამიანები უკიდურესობაში ჩაყარეს“, — განაცხადა აბაკელიამ.

იმის თაობაზე, რომ ამჟამინდელ ქართულ კანონმდებლობას სრულყოფილებამდე ბევრი უკლია, დისკუსიის კიდევ ერთი მონაწილე, სამართლის დოქტორი, ადვოკატი გიორგი ქოიავაც საუბრობს.

„რისთვის არსებობს კანონი? იმისთვის, რომ საზოგადოებამ გამოიყენოს. ასე არაა? დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია ამის შესაძლებლობა, ვინაიდან, მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც დღეს გვაქვს და რომელსაც დღეს იყენებენ სამართალდამცველი სტრუქტურები და სასამართლო, ძალიან შორსაა სრულყოფილებისგან“, — განმარტა ქოიავამ.

აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა, დაიწყოს ქვეყნის სამართლებრივი ბაზის სრულყოფაზე მუშაობა. მთავრობა ამ პროცესში იურისტ-სამართალმცოდნეების, შემოქმედებითი და სამეცნიერო სფეროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვას გეგმავს. უფრო მეტიც, ხელისუფლება სპეციალური სახელმწიფო კომისიის შექმნას აპირებს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე იმუშავებს.

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 11:23

პარლამენტმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 75 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - 

კანონპროექტი არეგულირებს: მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. 

მომხმარებელს უფლება ექნება, მიიღოს ინფორმაცია მოვაჭრისგან პროდუქციის დასახელების, მოვაჭრის ვინაობის, პრეტენზიის განხილვის პირობების, პროდუქტის დამზადების თარიღის და ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ. 

კანონპროექტების ინიციატორი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტია.

პოლიტიკური პარტიების დაცვისთვის საკანონმდებლო ცვლილებები დამტკიცდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 16:13

პოლიტიკური პარტიებისა და მათი წევრების უფლებების დასაცავად საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და მის წევრებს თვითნებობისა და საჯარო რეესტრში მათ შესახებ ცრუ მონაცემების რეგისტრაციისაგან დაიცავს. შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.
 
„ბევრი პრობლემა გვქონდა საჯარო რეესტრში, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს შორის ხდებოდა დაპირისპირება − შეიკრიბება ერთი ჯგუფი და მეორე ჯგუფის წინააღმდეგ ახორციელებს პარტიული გადაწყვეტილებების  მიღებას; შეიცვლება  ხოლმე ხელმძღვანელი პირი ისე, რომ თავად ხელმძღვანელმა არ იცის ამის შესახებ. ამგვარი დავები დღესაც მიმდინარეობს სასამართლოში.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს სტაბილურობა, დაცულობა სჭირდება; ამიტომაც ერთხმად დავამტკიცეთ კანონში ცვლილება, რომელიც  სავალდებულოს გახდის შემდეგ წესს: თუკი, როდესაც ვაფუძნებთ პოლიტიკურ პარტიას, დღესაც  სავალდებულოა, რომ იქ იყოს ნოტარიუსი,  რომელიც კანონთან შესაბამისობაზე მოაწერს ხელს − რომ პროცესები კანონის დაცვით წარიმართა და ვერავინ შეძლებს, ამ პარტიის დამფუძნებელი დოკუმენტაცია შემდგომში სადავო გახდეს, სწორედ შემდეგაც, თუკი ამ მონაცემებში შევა ცვლილება  ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებების მომენტშიც იყოს ნოტარიუსის ყოფნა სავალდებულო, რაც პოლიტიკური პარტიის წევრებს, ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს დაიცავს ნებისმიერი  უთანხმოებისგან და საბოლოოდ დაიცავს პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, მით უმეტეს, რომ ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით და, მით უმეტეს, რომ ეს ინიციატივა ეკუთვნის თავად პოლიტიკური პარტიების ჯგუფს და არასამთავრობო ორგანიზაციას“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
 
კანონპროექტი იმ პროცედურული ნორმების დახვეწას ითვალისწინებს, რომლებიც პოლიტიკური გაერთიანების − პარტიების წესდებაში ან/და რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მონაცემში ცვლილების შეტანას არეგულირებს. პარტიის წესდებასა და რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სხვა მონაცემში ცვლილების შესატანად პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებაა საჭირო.  ყრილობის ოქმი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ, რომელიც პარტიის ყრილობას დაესწრება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნოტარიუსის დასწრება და მის მიერ ოქმის დამოწმება აუცილებელია მხოლოდ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე პოლიტიკური გაერთიანების შექმნისას.
 
აღნიშნული ცვლილებების აუცილებლობის საკითხი „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისი კომისიის 2015 წლის 15 სექტემბრის სხდომაზე „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა დააყენა. კანონმდებლობაში დღეს არსებული რეგულაციები იძლევა იმის საშუალებას, რომ სამართლებრივად შეიქმნას პოლიტიკური გაერთიანება და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება, თუმცა, მისი ფაქტობრივი ფუნქციონირების საკითხი ეჭვის ქვეშ დადგეს. გარდა ამისა, მოქმედი კანონი შესაძლებლობას იძლევა, პოლიტიკურმა გაერთიანებამ თვითნებურად, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით მიიღოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, პარტიიდან ცალკეული წევრის გარიცხვასთან დაკავშირებით, როგორც ეს უახლოეს წარსულში რამდენიმე პარტიის შემთხვევაში მოხდა.
 
პოლიტიკური პარტიის წევრების თვითნებობისაგან დასაცავად  და პარტიის შესახებ ცრუ მონაცემების რეგისტრაციის თავიდან აცილების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები სავალდებულოს ხდის ნოტარიუსის დასწრებას არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელ ყრილობაზე, არამედ მის ნებისმიერ ყრილობაზე, რათა ეჭვი იმასთან დაკავშირებით − ყრილობა ნამდვილად შედგა თუ არა, გამოირიცხოს. გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე ნოტარიუსის დასწრება გამორიცხავს პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან გადაწყვეტილების თვითნებურად მიღების შესაძლებლობას, მათ შორის, პარტიიდან მათი წევრების გარიცხვის შესახებ, რაც პოლიტიკური გაერთიანების უფლებებს უფრო დაცულს ხდის.
 
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია პოლიტიკურ გაერთიანებებს ავალდებულებს, საჯარო რეესტრს წარუდგინონ მხოლოდ პარტიის წესდებაში შემავალი ცვლილებები. ახალი რეგულაციით,  ასეთი ვალდებულება იარსებებს პარტიების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სხვა რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაშიც. პოლიტიკური გაერთიანება ვალდებული იქნება, 10 დღის ვადაში წარუდგინოს საჯარო რეესტრს შესაბამისი დოკუმენტაცია. პარტიების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მონაცემში შეტანილი ცვლილების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ცვლილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ამოქმედდება. ასეთი რეგულირება ხელს შეუწყობს რეესტრის მონაცემთა სრულყოფას და ცვლილებების შემთხვევაში მათ მუდმივ განახლებას, პოლიტიკურ გაერთიანებებს კი დაიცავს საჯარო რეესტრში მათ შესახებ ცრუ ან არასწორი ინფორმაციის არსებობისაგან.
 
კანონპროექტის კიდევ ერთი სიახლეა პარტიის სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის ერთ პროცედურად გაერთიანება, რაც იმას ნიშნავს, რომ  პარტიის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია პოლიტიკურ გაერთიანებას გაათავისუფლებს გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირების აუცილებლობისაგან.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 15 იანვარი 2016 15:04

მიუსაფარ ბავშვებზე ძალადობისა და მათი უგულებელყოფის აღკვეთის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება − საქართველოს მთავრობამ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა. კანონპროექტები მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, არ არის განსაზღვრული, თუ ვინ მიეკუთვნება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების კატეგორიას − ისინი ამიტომაც ზუსტად  არ არიან აღრიცხულნი. ასეთი ბავშვების უფლებები სათანადოდ არ არის დაცული. მათ არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია − დაბადებისა და პირადობის მოწმობები, პასპორტი, რადგან მათი მშობლები და მეურვეები ვერ ახერხებენ ან არ თვლიან საჭიროდ პატარებისთვის დოკუმენტაციის მოწესრიგებას.  ამის გამოც ვერ იღებენ ისინი განათლებას, არ არიან ჩართულნი სოციალური თუ სამედიცინო სახის სახელმწიფო პროგრამებში. ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, არ არსებობს მისი მოძალადისაგან მყისიერად განცალკევების მექანიზმი.

ამ საკითხების კანონით მოწესრიგების მიზნით 2014 წლის 14 ნოემბერს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ხოლო ცვლილებათა პაკეტი მოწონებულ და დამტკიცებულ იქნა საბჭოს 2015 წელის 23 დეკემბრის სხდომაზე. ცვლილებებზე აქტიურად მუშაობდა საბჭოს წევრი ყველა უწყება, განსაკუთრებით კი, საკითხით პირდაპირ დაინტერესებული უწყებები და სტრუქტურები − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“), საქართველოს მთავარი პროკურატურა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“. სამუშაო პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი; გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF), საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქართველოს პარლამენტის, ა(ა)იპ „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“, ა(ა)იპ „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“, ა(ა)იპ „საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის − თანადგომის“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოს“, ა(ა)იპ „კარიტასი საქართველოს“,  ა(ა)იპ „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ (World Vision Georgia), ა(ა)იპ „გადავარჩინოთ ბავშვების“ (Save the Children), ა(ა)იპ საქართველოს კოალიციის − „ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის“, ა(ა)იპ „საქართველოს ბავშვების“ წარმომადგენლები.

კანონპროექტს შემოაქვს ცნება „მიუსაფარი ბავშვი“, რაც შესაბამის სტრუქტურებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ ობოლი, უსახლკარო, არამედ უგულებელყოფილი მსხვერპლი ბავშვიც დაიცვას.  ახლებურად რეგულირდება მიუსაფარი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემის პროცესი და უფრო ქმედითი ხდება არასრულწლოვნების ნებისმიერი ძალადობისაგან დაცვის  მექანიზმები.

ასეთი ბავშვების დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოს ეძლევა უფლება, მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიუსაფარი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემის თხოვნით. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის შესაძლებლობა მხოლოდ ბავშვის მშობელსა და მეურვეს აქვთ. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის თანახმად, მიუსაფარ ბავშვებზე დოკუმენტები უფასოდ გაიცემა; დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდგომ კი მათ საშუალება ექნებათ, მიიღონ განათლება, შემწეობა და ჩაერთონ  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში.

ცვლილებები უფრო ქმედითს ხდის არასრულწლოვნების ნებისმიერი ძალადობისაგან დაცვის  მექანიზმებს. კანონპროექტი სოციალური მუშაკის როლის გაზრდას ითვალისწინებს, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობისას ექნება უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის მოძალადისაგან დაუყოვნებლივ განცალკევების თაობაზე.

მოქმედი კანონმდებლობა ბავშვს იცავს მოძალადე ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლისაგან. შეთავაზებული ცვლილებით, შესაძლებელი ხდება არასრულწლოვნის დაცვა გარეშე პირის ძალადობისგანაც. კანონში შემოდის „სხვა პირის“ ცნება, რომელიც შესაძლოა, ძალადობდეს მოზარდზე. ამ ცვლილების მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხშირად შეუძლებელია დადგენა, კონკრეტულად, ვინ ძალადობს მიუსაფარ ბავშვზე. კანონპროექტის მიღების შემდეგ სოციალური მუშაკი შეძლებს, დაეხმაროს ბავშვს მის მიმართ ნებისმიერი პირისაგან განხორციელებული ძალადობის ან უგულებელყოფის შემთხვევაში. მას უფლება ექნება, მიიღოს ბავშვის მოძალადე მშობლისგან, კანონიერი წარმომადგენლისგან ან სხვა პირისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება; აუცილებლობის შემთხვევაში კი, მოხდება მშობლის უფლებების შეჩერება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მშობლის უფლებების ბოროტად გამოყენება და ბავშვზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებმა შეძლონ მისთვის დახმარების, მათ შორის, სამედიცინო დახმარების, შეთავაზება.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები მომზადებულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონში, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“.
 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური