ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 22 ნოემბერი 2020 09:22

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას ხმის დათვლის პროცედურების მიმდინარეობისა და შემაჯამებელი ოქმების დამუშავების პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

„როგორც თქვენთვის ცნობილია 20:00 სთ-ზე დაიხურა საარჩევნო უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცესი.  კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, ოქმები მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს და ისინი იტვირთება შესაბამის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად შემოდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დაუყოვნებლივ ქვეყნდება შედეგების სპეციალურ ვებგვერდზე და ცხადია, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. აღსანიშნავია, რომ ოქმების განთავსება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო და ამასთან, ტრადიციულად ხორციელდება შედეგების შეჯამების პროცესის პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის, „ფეისბუქის“ და „იუთუბის“ მეშვეობით; ტრანსლირება 360 გრადუსიანი ვიდეო კამერის საშუალებით მიმდინარეობს და ყველას გაქვთ საშუალება თვალი ადევნოთ ამ პროცესს“-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, წინასწარ შედეგებში ასახვის მიზნით,  ოპერატორებმა დაამუშავეს შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 52%, 1043 საარჩევნო უბნის მიხედვით და ამ წუთებში results.cec.gov.ge -ზე მიმდინარეობს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პროცესი. რაც შეეხება ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებს, დამუშავებულია შემაჯამებელი ოქმების  27 %, 35 საარჩევნო უბნის მიხედვით. 

„შედეგები მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად განახლდება ცესკოს ვებგვერდზე და ჩვენ, მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა უბნის შედეგი 17-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაითვლება, წარმოგიდგენთ საბოლოო ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე. 

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ამომრჩევლებს, იმისათვის, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მიიღეს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, იმისათვის, რომ ხელი შეუწყვეს კენჭისყრის პროცესის მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარმართვას და მინდა მადლობა გადაგიხადოთ მედიის წარმომადგენლებს დღის განმავლობაში თქვენს მიერ გაწეული საქმიანობისთვის“,-განაცხადა პრეს-სპიკერმა.  

საინფორმაციო ბრიფინგი ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2020 14:05

საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე www.cesko.ge განახლდა ბანერი „საარჩევნო რუკა“, სადაც ეტლით მოსარგებლე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უკვე შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ შესაბამისი ფოტოსურათებით და სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 118 საარჩევნო უბნის შესახებ.

როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნასა და  არჩევნებში მათ მონაწილეობას.

„შეგახსენებთ, რომ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, ცესკოში შექმნილმა შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე სპეციალურმა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები შედიან, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. აღნიშნული პროექტის საფუძველზე საარჩევნო კანონმდებლობაში ახალი რეგულაციები შევიდა, რაც ეტლით მოსარგებლე პირებს არჩევნებში მონაწილეობისთვის უკეთეს გარემოს და შესაძლებლობას უქმნის. კერძოდ, ახალი რეგულაციის თანახმად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი) უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ზეპირი ან წერილობითი განცხადებით“,-განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი, რომელიც მოითხოვს ადაპტირებულ უბანზე ხმის მიცემას, შეიყვანება იმ უბნის სპეციალურ სიაში, ხოლო როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ისე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.

„ვინაიდან წელს პირველად, პარლამენტის არჩევნებზე იქნება შესაძლებელი ამ უფლების გამოყენება, ცესკო მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საარჩევნო რუკით, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს“,-განაცხადა პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.

საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 12:00 საათის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 12 ნოემბერი 2017 13:33

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას კენჭისყრის მიმდინარეობისა და 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, 12:00 საათის მდგომარეობით 6-ვე საარჩევნო ოლქში საერთო ჯამში ამომრჩეველთა აქტივობა 11.55 %-ს შეადგენს (37 917 ამომრჩეველი).

ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგია:

  • ყაზბეგი - 17.4%
  • ხაშური - 11.5%
  • ბორჯომი -18.2%
  • ქუთაისი - 6.2%
  • ოზურგეთი - 21.5%
  • მარტვილი - 11.5%

რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზებთან დაკავშირებით შესულია 7 საჩივარი. საჩივრები დაწერილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მათ შორის, 2-2 საჩივარია შესული ბორჯომის, ქუთაისისა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში, ხოლო ერთი საჩივარი - ხაშურში.

„#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #124 საარჩევნო უბანზე გამოცხადდა და კენჭისყრის წინა პროცედურებში მიიღო მონაწილეობა პარტია „ქრისტიან-კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა წევრმა, რომელსაც უფლებამოსილება პარტიის მიერვე ჰქონდა შეწყვეტილი. კომისიის თავმჯდომარემ, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებისთანავე მას საარჩევნო უბანი დაუყოვნებლივ დაატოვებინა. ასევე #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #76 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში შეცდომით იყო შეყვანილი ამომრჩეველი, რომელიც იყო საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის ოჯახის წევრი. გადასატანი ყუთის სიის შედგენისას დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა და ნაცვლად ამომრჩევლისა შეყვანილი იყო განმცხადებელი”, - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა ბრიფინგის ბოლოს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური