საია 2016 წლის არჩევნებში გენდერული ანალიზზე კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 16:28

გენდერული ანალიზი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში-ამ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შუალედური კვლევის შედეგებს დღეს გამოქვეყნებს. როგორც ცნობილი ხდება, მიმდინარე წელსაც ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში მცირეა. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პარტიები არჩევნების მიმდინარეობის პერიოდში, მდედრობითი სქესის წამომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას თავს არიდებდნენ და მათი დასაქმება მაღალ თანამდებობეზე არ ხდებოდა. საია საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას ხედავს და პარტიათა ცნობიერების ამაღლების კუთხით, სხვადასხვა აქტივობების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. 

საია-ს კვლევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 10:02

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიტიკაში გენდერული ბალანსისა და ქალთა ჩართულობის პრობლემაზე საუბრობს.არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებას დღეს კვლევას გააცნობს, სადაც ამ მიმართულებით პრობლემებსა და მოგვარების გზებზეა  საუბარი.საია-ში აცხადებენ, გენდერული ბალანსის დასაცავად აუცილებელია განხორცელდეს საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკაში ქალთა უფრო მეტ მონაწილეობას.მათივე განცხადებით, აუცილებელია პოლიტიკური პარტიების სიები გენდერულად დაბალანსებული იყოს.„წარმოდგენილი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქალების უფრო მეტად ჩართულობას და წარმომადგენლობას შემდგომ პარლამენტში. ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ შიდა პარტიული დემოკრატიის კუთხით არის სამუშაო და საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს და დაიგეგმოს გარკვეული აქტივობები, ცნობიერების ამაღლების კამპანია განხორციელდეს და კომპლექსურად მივიღოთ ის, რომ გაუმჯობესდეს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა,“-განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

„ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ეფუძნება არასწორ ინტერპრეტაციას“ - ლელა ტალიური (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 26 ნოემბერი 2016 16:29

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის 22 ნოემბრის განკარგულება, რომლითაც პოლიტიკური გაერთიანებებისთვის დაფინანსება განისაზღვრა, გარკვეულწილად არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, რაც ფაქტობრივად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას -ეს არის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - და ასევე უგულებელყოფს მეორე პარტიის ინტერესებს - ეს არის „თავისუფალი დემოკრატები“. განსხვავებით „თავისუფალი დემოკრატებისგან“, მრეწველთა პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვერ გადალახა დაფინანსების მოსაპოვებლად დადგენილი მინიმალური სამპროცენტიანი ბარიერი.“ - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა, ლელა ტალიურმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ლელა ტალიური პასუხობს.

საიამ ოთხკუთხედად ან სამკუთხედად შემოხაზული არჩევანის 80-მდე შემთხვევა დააფიქსირა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 13:03

"იმ უბნებზე, სადაც საიას დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილი და ასეთი იყო 300-მდე უბანი, ჩვენ დავაფიქსირეთ 80-მდე შემთხვევა განსხვავებული ფორმით არჩევანის გაკეთებით, რომელიც გამოიხატებოდა ოთხკუთხედად ან სამკუთხედად შემოხაზულ არჩევანში. ასევე 40-მდე შემთხვევა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის,“ - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

ფიქსირდება ამომრჩევლის უფლებების შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 11:16

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მედია ცენტრში ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.

ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ფიქსირდება რამდენიმე შემთხვევა ამომრჩევლის უფლებების შეზღუდვის. მათ შორის მარნეულის 48-ე უბანზე, სადაც საუბნო კომისიის თავმჯდომარემ წილის ყრის პროცედურები ისე ჩაატარა, რომ ამას არ დაასწრო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე თელვის მე-13 უბანზე აგრესიულად ექცეოდნენ  საიას დამკვირვებელს.

ნაცვლიშვილის ინფორმაციით, მას არ მისცეს შესაძლებლობა, გაცნობოდა ჩანაწერთა წიგნში შეტანილ მონაცემებს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, პრობლემა აღმოიფხვრა მას შემდეგ, რაც მათი თხოვნით პროცესში ჩაერია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 

მათი ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა ასევე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისში და საქართველოს რეგიონებში მითითება აქვთ მიცემული საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს, რომ მათ გააკეთონ არჩევანი განსხვავებული ფორმით, კერძოდ, ოთხკუთხედი ფორმით შემოხაზონ სიებში მათთვის მისაღები პარტია. თუ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი ეს იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო დავალება.

მათთვის ასევე არის ცნობილი კიდევ ერთი მითითების შესახებ, რომ ფოტო და ვიდე გადაღება მოეხდინათ მათ მიერ შემოხაზული ბიულეტინების.

ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ასეთ მითითებას ადგილი არ ქონია. თუმცა ანა ნაცვლიშვილი ამომრჩეველს მიმართავს, რომ მსგავსი ზეწოლის და მუქარის შემთხვევაში, ორგანიზაცი მზად არის სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს მათ.

ორგანიზაცია ასევე მიმართავს პოლიტიკურ სუბიექტებს ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს და ნუ განახორციელებენ რაიმე ფორმით ზემოქმედებას ამომრჩევლის ნებაზე.

არჩევნების მიმდინარეობისას ტექნიკური ხასიათის დარღვევები დააფიქსირდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 17:44

განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით პროცედურულ დარღვევებზე განცხადებები გაკეთდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებში. ტელეკომპანია "რუსთავი2-ის" ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მონაცემებით, გამოვლინდა ხმის ღიად მიცემის პრეცედენტი, მარნეულის 48-ე უბანზე კი დაფიქსირდა კომისიის წევრების მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი.

სამართლიანი არჩევნების განმარტებით, მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა როგორც ორგანიზაციის დირექტორი მიხეილ ბენიძე აცხადებს, მცირე დარღვევები მათმა დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს.

„მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ქონია. გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა მარნეულის 36-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩვენო უბანზე, რომელიც დაგვიანებით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ უბანზე ფართობის სიმცირისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, მედიისა და დამკვირვებლების მაღალი ინტერესის, ასევე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის გამო, პრობლემები შეექმნა ამომრჩეველთა ნაკადის მოწესრიგებას. ამავე უბანზე გადასატანი ყუთის სია არასრულყოფილად იყო შევსებული, რაც შესაბამისი მითითების საფუძველზე აღმოიფხვრა,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

საია არჩევნების პროცესზე დაკვირვებას აგრძელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 ოქტომბერი 2016 14:38

საია არჩევნების პროცესზე დაკვირვებას აგრძელებს, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხვალაც და არჩევნების მეორე ტურშიც ორგანიზაცია არჩევნებს დააკვირდება.

”რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, ჩვენ ვნახეთ ძალადობრივი ქმედებები როგორც მარნეულში, ისე სამეგრელოში. ჩვენ მაშინვე მოვითხოვეთ კანონის სრული დაცვით ყოფილიყო ეს თემები შესწავლილი და დამნაშავეები ყოფილიყვნენ დასჯილი. ჩვენ სასამართლო პროცესებს ვუწევთ მონიტორინგს. ერთ-ერთი კითხვის ნიშანი, რომელიც გაჩნდა ამ გამოძიებების დროს, არის ის, რომ მარნეულში რამდენიმე ადამიანი დააკავეს და შეეფარდათ პატიმრობა მაშინ, როცა სამეგრელოში, თითო უბანთან დაკავშირებით თითო პირია ბრალდებული და ერთ-ერთი მათგანი საერთოდ გირაოთი გაათავისუფლეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ორ შემთხვევას შორის არ გაჩნდეს შერჩევითი სამართლის ეჭვები და ამაზე უნდა იზრუნოს საგამოძიებო ორგანოებმა და სასამართლომ. ჩვენ ვიცით, რომ მარნეულის შემთხვევაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აქტიურობდნენ და სამეგრელოში მმართველი პარტიის წარმომადგენლები. პოლიტიკურ ნიადაგზე განსხვავებები ამ საქმეების დროს იქნება სერიოზული ჩრდილი, რომელიც მიადგება მართლმსაჯულების პროცესს”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, აქტიურად ითანამშრომლონ საზოგადოებრივ მაუწყებელთან წინაასარჩევნო დებატების ფორმატში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 2016 16:25

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მეტი პატივისცემით მოეკიდონ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მის მაყურებელს და აქტიურად ითანამშრომლონ საზოგადოებრივ მაუწყებელთან წინაასარჩევნო დებატების ფორმატში. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, წინაასარჩევნოდ დებატები გამართოს. კერძოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში. 

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, მაუწყებელმა საზოგადოებას სპეციალური გადაცემა - „საპარლამენტო არჩევნები 2016 დებატები“ შესთავაზა. თუმცა, დებატებში მოწვეული 9 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სიის პირველი ნომრებიდან მხოლოდ ოთხმა მიიღო მონაწილეობა. დებატებში მონაწილეობა არ მიიღეს - ქართულმა ოცნებამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, თავისუფალმა დემოკრატებმა, საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ და პატრიოტთა ალიანსმა. 

მიგვაჩნია, რომ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მხრიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ წინასარჩევნო დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმა, წარმოადგენს ამომრჩევლებისადმი და თავად საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი, როგორც ინსტიტუციისადმი უპატივცემულობას. 

საია მოუწოდებს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, რომ მაქსიმალურად მეტი პატივისცემით მოეკიდონ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მის მაყურებელს და აქტიურად ითანამშრომლონ საზოგადოებრივ მაუწყებელთან წინაასარჩევნო დებატების ფორმატში“, - ნათქვამია განცხადებაში.

საია თბილისის მერიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს სასამართლოს მიმართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 29 აგვისტო 2016 12:01

თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს სარჩელს შეიტანს. სარჩელით საია მოითხოვს გაუქმდეს თბილისის მერიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მერიის შენობის წინ აქციის მონაწილეებს კარვის დადგმა აეკრძალათ. კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ მკაფიოდ განსაზღვრავს იმ ადგილებს, სადაც 20-მეტრიან რადიუსში შეკრების გამართვა არ შეიძლება, ამ ჩამონათვალში კი, თბილისის მერია არ არის. ნონა ქურდოვანიძის განმარტებით, მოსარჩელე მხარე მოითხოვს, რომ მერიის გადაწყვეტილება იყოს უკანონოდ ცნობილი და აქციის მონაწილეებს მიეცეთ პროტესტის იმ ფორმით გამოხატვის შესაძლებლობა, რომელიც მათ სურთ. ”ვფიქრობთ, რომ მერიის გადაწყვეტილება შეკრების უფლების არსს არღვევს.კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ განსაზღვრავს იმ ადგილებს სადაც 20 მეტრიან რადიუსში არ შეიძლება შეკრების გამართვა. მერია არ არის ამ დაწესებულებების ჩამონათვალში, მაგრამ კანონი სხვა დანარჩენ ადმინისტრაციულ ორგანოებს შესაბამისი საფუძვლების არსებობისას აძლევს შესაძლებლობას, რომ დააწესოს ამგვარი შეზღუდვა. ოღონდ ეს შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქციის ჩატარებით ხელი ეშლება ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას. მოცემულ შემთხვევაში ამას ადგილი არ ჰქონია. კარვის გაშლა მერიის არც ბლოკირებას და არც საქმიანობის შეზღუდვას არ იწვევს. მერიის არგუმენტი არ არის კონსტიტუციასთან შესაბამისი”, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ. 
რამდენიმე დღის წინ, გარემოსდაცვით ორგანიზაციებსა და სამართალდამცავებს შორის თბილისის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი აქციის მონაწილეების მიერ მერიის ცენტრალურ შესასვლელთან კარვის განთავსების მცდელობას მოჰყვა, რისი საშუალებაც მათ როგორც პოლიციის, ისე მერიის დაცვის სამსახურმა არ მისცა.სანაცვლოდ მერიამ "პარტიზანული მებაღეობის“ წევრებს კარვების განთავსებას მერიის შენობასთან არსებულ სკვერში შესთავაზა, თუმცა შეთავაზება აქციის მონაწილეებმა არ მიიღეს. 

საია სააკაშვილის განცხადებას საშიშ გზავნილად აფასებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2016 11:17

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, მათ მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის პოზიციას ეხმიანება. საია-ში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სადამკვირვებლო ორგანიზაციის მანდატის არაპირდაპირი შეზღუდვისა და მისი გაჩუმებისაკენ მიმართულ მოქმედებად აფასებენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საშიშ გზავნილად აფასებენ და აცხადებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს, საჯარო განცხადებების გაკეთებისას მეტი პასუხისმგებლობა მართებს. საია-მ, წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის სავარაუდო მონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართა და დამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა მოითხოვა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვის მეშვეობით ჩაერთო წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევას წარმოადგენს.

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური