საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაიზრდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 27 მარტი 2019 11:34

საქართველო ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემას (LRIT CDC) მიუერთდება. ამით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის პირველია, რომელიც აღნიშნული სისტემის ნაწილი გახდა.

ევროკავშირმა გადაწყვეტილება გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემასთან საქართველოს მიერთების შესახებ ქვეყანაში საზღვაო ტრანსპორტის დარგში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე მიიღო. ევროკავშირი საქართველოს თხოვნას გაწევრიანების შესახებ ერთი წელი იხილავდა. საქართველოს საზღვაო სექტორმა გაიარა უმკაცრესი ერთწლიანი მონიტორინგი და უმკაცრეს კრიტერიუმებზე დაყრდნობით წარმატებით გადალახა გაწევრიანების ყველა ეტაპი. 

შედეგად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს მიერთებას ევროკავშირის კოლექტიურ მონაცემთა ცენტრთან (LRIT CDC). ასეთი ტიპის ინტეგრაცია პირდაპირ ევროპულ სერვისებში, ერთ-ერთი პირველია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიაში. 

აღნიშნულ სისტემაში ჩართვით საქართველოს გაუჩნდება შესაძლებლობა ყოველ 6 საათში ავტომატურ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მისი დროშის ქვეშ მცურავი გემების შესახებ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან; ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, მიიღოს ინფორმაცია ევროკავშირის წყლებში მცურავ ნებისმიერ გემზე, რომელიც გაივლის საქართველოს საზღვრებიდან 1000 საზღვაო მილის ფარგლებში. გარდა ამისა, ევროკავშირის LRIT სისტემაში ჩართვით საქართველოს ხელი მიუწვდება მსოფლიო მასშტაბის საერთაშორისო ქსელთან (LRIT) და მის წევრ სახელმწიფოებთან ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობით კუთხით.

შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება მსოფლიო საზღვაო სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის ხარისხი, საქართველო გახდება პრესტიჟული ევროპული სტრუქტურის წევრი ქვეყანა, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება საქართველოს საზღვაო დროშის იმიჯზე.

ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს შესაძლებლობები საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და ზღვის გარემოს დაცვის თვალსაზრისით. ამდენად, ამ სისტემაში გაწევრიანება წარმოადგენს მეკობრეობასთან ბრძოლისა და ჩვენი მეზღვაურების დაცვის ქმედით საშუალებას.

ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემა დღესდღეობით მსოფლიოს გლობალურ LRIT სისტემაში ჩართული ყველაზე თანამედროვე და მსხვილი მონაცემთა მართვის ცენტრია, რომელიც დღის განმავლობაში 8000 გემს უწევს მონიტორინგს.

დაჭრილი ქართველი სამხედროები საზღვაო ქვეითთა თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 04 მარტი 2019 16:14
ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ.
ასპარეზობის მეცხრე დღეს ქართველმა ჯარისკაცებმა პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში უკვე 9 მედლის მოპოვება შეძლეს. ველოსპორტში ჯონი თოფურია ორი ოქროს მედლით, ხოლო გოგიტა ხოზრევანიძე და ალუდა სეთურიძე ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდნენ. წარმატებით იასპარეზა რეზო გორგაძემ, რომელმაც ველოსპორტში ორი ბრინჯაოს მედალი, ხოლო მშვილდით სროლაში ერთი ვერცხლი მოიპოვა. მშვილდით სროლაში ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ალეკო გითოლენდიაც.
პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე, საერთაშორისო თამაშები 24 - თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით იმართება. ტურნირში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროები სპორტის 8 სახეობაში ასპარეზობენ: მჯდომარე კალათბურთი, ცურვა, სროლა, მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა, ეტლით სირბილი, ველოსპორტი. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.
აღნიშულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.
ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა, აშშ-ში „საზღვაო ქვეითთა“ თამაშებში შარშანაც იასპარეზეს და 20 მედლის მფლობელები გახდნენ.

გიორგი გახარია ნატოს საზღვაო ძალების სარდალს, სერ კლაივ ჯონსტონს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019 15:38

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ნატოს საზღვაო ძალების (MARCOM) სარდალს, ვიცე-ადმირალს, სერ კლაივ ჯონსტონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის არსებულ პრაქტიკულ თანამშრომლობასა და სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს სანაპირო დაცვასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია "Sea Guardian"-ში საქართველოს სანაპირო დაცვის ქვედანაყოფების (სააბორდაჟო ჯგუფების) ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების შეფასებისა და სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების სურვილი გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოს სანაპირო დაცვას ეყოლება ნატოს სტანდარტებით მომზადებული, აღჭურვილი და სერტიფიცირებული სააბორდაჟო დანაყოფები, რომელთაც ნატოს რეაგირების ძალების (NRF) სტატუსი მიენიჭებათ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების ვიზიტების ინტენსიურობის გაზრდა საქართველოსთვის ძლიერი პოლიტიკური გზავნილია. მან ხაზი გაუსვა ნატოს მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს სანაპირო დაცვის ჩართულობისა და ნატოს საზღვაო ძალებთან ერთობლივი სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას.

გიორგი გახარიამ ნატოს საზღვაო ძალების სარდალს მადლობა გადაუხადა საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, მათ შორის აბორდაჟის ჯგუფების მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისათვის.

ნატოს საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი, სერ კლაივ ჯონსტონი საქართველოს ხვალ დატოვებს. ეს ნატოს საზღვაო ძალების სარდლის პირველი ვიზიტია საქართველოში.

ამერიკელი ადმირალი გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018 10:43

აშშ-ს, ბაჰრეინის მეხუთე ფლოტს ხელმძღვანელი ადმირალი სკოტ სტერნი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციას, პენტაგონი სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას TRT-ქართული აქვეყნებს.

განცხადებაში ნათქვამია: „ამერიკელი ადმირალი სკოტ სტერნი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალებს მეთაურობდა, ბაჰრეინში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.“ პენტაგონის განცხადებაში მისი გარდაცვალების მიზეზის შესახებ სხვა განცხადება არ გავრცელებულა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

წყარო: http://www.trt.net.tr/georgian/msop-lio/2018/12/02/amerikeli-admirali-gardac-vlili-ipoves-1098728

23 აგვისტოს იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ბათუმის პორტში შემოვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 21 აგვისტო 2018 16:00

იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი: სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ქ. ბათუმის პორტში (23 აგვისტოდან 26 აგვისტომდე).

გრძელდება 2018 წლის საგანმანათლებლო-საწრთვნელი კამპანია იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შხუნა-ბარკზე კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტისთვის

23 აგვისტოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ჩამოდგება ქ. ბათუმის (საქართველო) პორტში, სადაც 26 აგვისტომდე გაჩერდება.

გემი "Palinuro" ჩართულია 54-ე საწრთვნელ კამპანიაში და ამჟამად მასზე სწავლებას გადის ტარანტოს საზღვაო უნტერ-ოფიცერთა სკოლის კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტი, რომლებიც შეისწავლიან საზღვაო-სანაოსნო მეცნიერებებს და იძენენ უშუალო გამოცდილებასა და საზღვაო სფეროს სპეციალისტების შემდგომი დასაქმებისათვის აუცილებელ და სათანადო პროფესიულ ჩვევებს.

გემი ტარანტოს პორტიდან 23 ივლისს გამოვიდა და კოსის, სტამბულისა და კოსტანცას ნავსადგურებში გაჩერების შემდეგ, შემოვა ბათუმში, საიდანაც გაემგზავრება კეფალონიაზე და ამის შემდეგ დაბრუნდება იტალიაში, ჯერ რეჯო კალაბრიაში, შემდგომ კი ლივორნოში, სადაც დასრულდება კურსანტების საწრთვნელი კამპანია.

2018 წლის საწრთვნელი კამპანიის განმავლობაში გემზე "Palinuro" აღმართულია ქ. გენუის გასლინის პედიატრიული ინსტიტუტის დროშა, რომელიც ინსტიტუტის დაარსების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გემს ქ. სპეციაში 17 მაისს საჩუქრად გადასცა.

ბათუმში გემის "Palinuro" ჩამოსვლასთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 აგვისტოს, 10:00 საათზე, გემის მეთაური ჩაატარებს პრესკონფერენციას, რომელზეც გაიმართება გემისა და 2018 წლის საწრთვნელი კამპანიის პრეზენტაცია.

გემი "Palinuro" მნახველთათვის ღია იქნება შემდეგ დღეებსა და საათებში:

  • 23 აგვისტო: 16:00 საათიდან 19:00 საათამდე
  • 24 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და16:00 საათიდან 18:30 საათამდე
  • 25 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და16:00 საათიდან 19:00 საათამდე

იხილეთ სამხედრო-საზღვაო ფლოტის #MarinaMilitare სიახლეები Twitter-ის გვერდზე: @ItalianNavy #ProfessionistiDelMare #ilTuoFuturoèilMare

 

31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან სამშობლოში დაბრუნდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 23 მაისი 2018 18:23

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი, ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა ადუაშვილის მეთაურობით, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან საქართველოში სრულად გამთენიისას დაბრუნდა. სამხედროებთან ერთად სამშობლოში ჩამოვიდა ქვედანაყოფის კაპელანი, დეკანოზი გობრონი.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას შერეულ საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დახვდნენ. მათ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. 

31-ე ბატალიონი ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი სამხედროების ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო. ქვედანაყოფი, როტაციის  წესით, ეტაპობრივად I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა ჩაანაცვლა და  სამოქმედო არეალი სრულად გადააბარა.

ბათუმის პორტში თურქეთის საზღვაო ძალების გემები შემოვლენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 29 მარტი 2018 20:14

საქართველოში თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, შავ ზღვაზე დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2018“-ის ფარგლებში, 30 მარტიდან - 1 აპრილამდე, ბათუმის პორტში შემოვლენ თურქეთის საზღვაო ძალების გემები: „TCG ფათიჰი„ და „TCG ვოლკანი“, ხოლო 2 აპრილს, საქარველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთად ჩატარდება სწავლება „PASSEX-ი“. ბათუმის პორტში ვიზიტი და სწავლება ემსხურებაორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას.    

საზღვაო-სანავიგაციო სისტემის სრულ მონიტორინგს IALA საერთაშორისო ექსპერტები განახორციელებენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 15:08

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურ"-მა საფრანგეთში შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) კომიტეტის სხდომაზე მიიღო მონაწილეობა. ასოციაციის წევრ ქვეყნებთან ერთად სხდომას საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO), საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) და საზღვაო უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომიტეტზე განიხილეს IALA-ს მიერ მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში დადგენილი ნაოსნობის ერთიანი წესები და რეკომენდაციები, ასევე განისაზღვრა სამომავლო სამუშაო გეგმები და ზონები მუშა ჯგუფებისათვის.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ 2017 წელს საქართველოში IALA-სთან არსებული მსოფლიო აკადემიის ექსპერტთა ტექნიკური ჯგუფის ჩამოვლაზე, რომელიც საქართველოს პორტებში განთავსებულ სანავიგაციო ნიშნების სრულ მონიტორინგს განახორციელებს. აკადემიის ექსპერტები საქართველოში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმძღვანელო რეკომენდაციებს დატოვებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური IALA-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსით აკადემიის ექსპერტთა რეკომენდაციებით პერმანენტულად ისარგებლებს, რაც პრიორიტეტულია საზღვაო ინდუსტრიის განვითარების იმ ეტაპზე მყოფი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.

 

 

 

საქართველო ევროკავშირის ერთიან საზღვაო უსაფრთხოების ქსელში ერთვება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 18:07

2016 წლის პირველი აპრილიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აამოქმედებს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ნავსადგურის აკვატორიებში გემების მოძრაობის მონიტორინგის ინფორმაციულ სისტემას (VTMIS) და საქართველოს ყველა ნავსადგური აღიჭურვება გემების მოძრაობის სამსახურის (VTS) ახალი მომსახურებით. VTMIS-ის დანერგვა საქართველოს პირველად მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს ევროკავშირის ერთიან საზღვაო უსაფრთხოების ქსელში (SafeSeaNet).

სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს გემების საინფორმაციო მომსახურებას, ნავიგაციურ დახმარებას, საქართველოს ნავსადგურებში მოძრაობის ორგანიზებას ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ასამაღლებლად ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენისა და ზღვის გარემოს დაცვის მიზნით.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, ამ მიზნით ნავსადგურები აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკური დანადგარებით, ხოლო VTS ოპერატორები, მომზადებული და სერტიფიცირებული იქნებიან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სისტემის შექმნა და დანერგვა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურის ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოებას, რადგან ამით შესრულდება საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

სააგენტოს ინფორმაციით, გემების მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის კერძო მომსახურება საქართველოს ნავსადგურებში არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო მოთხოვნებით გათვალისწინებულ VTS მომსახურებას.

 

 

 

სირიის ოპერაციაში რუსული საზღვაო ძალები ჩაერთნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 17:34

სირიის ოპერაციაში რუსული საზღვაო ძალები ჩაერთნენ. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სირიის ტერიტორია დაბომბეს.

შოიგუს ინფორმაციით, დღის დილით კასპიის ფლოტილიის ოთხი ხომალდიდან "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე 26 რაკეტა გაუშვეს და მოწინააღმდეგის 11 ობიექტი გაანადგურეს. ყველაზე სამიზნე წარმატებით განადგურდა, 
შოიგუს ცნობით, 30 სექტემბრიდან დღემდე რუსეთის სამხედრო ძალებმა სირიაში ისლამისტების 112 ობიექტი გაანადგურეს.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთმა სირიის ოპერაციაში სამხედრო-საზღვაო ძალების მონაწილეობა დაადასტურა.

რუსულმა ავიაციამ სირიაში საჰაერო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა, რომელიც ავიაიერიშებს ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს სამიზნედ არა ISIS პოზიციები, არამედ ბაშარ ასადისადმი იპოზიციურად განწყობილი ძალების პოზიციები შეარჩია.

სირიის ოპოზიციის განცხადებით, იერიშებს ქალაქ ჰომსთან 36 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა, მათ შორის არის 5 ქალი და 6 ბავშვი.

ოფიციალური მოსკოვი მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური