ლიბერთი ბანკმა საზოგადოებას გატარებული პრევენციული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 04 მარტი 2020 10:38

ლიბერთი ბანკმა თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვის მიზნით უკვე გაატარა არაერთი პრევენციული სამუშაო, რომლის შესახებაც დღეს ბანკმა ინფორმაცია მიაწოდა საკუთარ მომხმარებლებს, თანამშრომლებსა და ფართო საზოგადოებას:

• ლიბერთის სერვის ცენტრები, რომლებიც მდებარეობს ისეთ კრიტიკულ ზონებში, როგორებიცაა სასაზღვრე გამშვები პუნქტები და აეროპორტები, უკვე მომარაგდა სპეციალური აღჭურვილობით: პირბადეები, ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანები ფულთან ურთიერთობისას გამოსაყენებლად და ხელის სადეზინფექციო სპეციალური სითხეები

• უახლოეს დღეებში, სერვის ცენტრებში სივრცეების დეზინფექციის მიზნით, ბანკი უზრუნველყოფს რეგულარულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.

• უახლოეს დღეებში, სადეზინფექციო ხსნარის შემცველი დისპენსერები დარიგდება და დამონტაჟდება აეროპორტებთან და პორტებთან მდებარე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 60-ზე მეტ სერვის ცენტრში. დისპენსერების გამოყენებას შეძლებენ როგორც ლიბერთის თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები. ზემოთ ჩამოთვლილი კრიტიკული ლოკაციები ასევე მიიღებენ სადეზინფექციო, ჰიგიენური საშუალებებით, ხელთათმანებისა და პირბადეების მარაგს

• განისაზღვრა ბანკის 111 სერვის ცენტრი ყველაზე მაღალი დატვირთულობის მიხედვით და რიგების პრევენციის მიზნით ეს სერვის ცენტრები 10:00 საათის ნაცვლად გაიღება და მოემსახურება მომხმარებლებს 8:30 საათიდან. ასევე, ამ ლოკაციებზე დამატებით გაიგზავნა საჭირო რაოდენობის ლიბერთის მობილბანკები (ელიქსები). ეს არის დროებითი ზომა და არ ექნება პერმანენტული ხასიათი.

• 2 მარტიდან, დაგეგმილზე რამდენიმე კვირით ადრე, დაჩქარებული წესით დაინერგა ახალი დისტანციური სერვისი “პენსია ჩარიცხვამდე”. აღნიშნული სერვისით სარგებლობა მომხმარებელს უკვე ბანკომატიდან შეუძლია, რამაც საგრძნობლად განტვირთა ბანკის ქსელი რიგებისგან (დეტალურად: https://bit.ly/2uTqBbC)

• სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, მათ შორის საპენსიო ასაკის მომხმარებლებისთვის, კუთვნილი პენსია იყო და არის ხელმისაწვდომი ბანკის პლასტიკურ ბარათზე (სოციალური ბარათი). საპენსიო თანხის გამოტანა ნებისმიერ დროს ბანკომატიდან არის შესაძლებელი

• ლიბერთის ნებისმიერ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში, შეუძლია ისარგებლოს დისტანციური სერვისებით: განახლებული მობაილ და ინტერნეტ ბანკი, სადაც ხელმისაწვდომია თითქმის ყველა საოპერაციო სერვისი და სავალუტო ოპერაციები. ინტეგრირებულია ფულადი გზავნილების სრულფასოვანი სერვისიც (ინტერნეტ ბანკი: https://my.libertybank.ge/ მობაილ ბანკი: Android: www.bit.ly/2YhTIjf• iOS: www.apple.co/35YsFvB)

• ლიბერთის გააჩნია ბანკომატებისა და სწრაფი მომსახურების აპარატების ფართო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის Cash-In ბანკომატებიც, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ნაღდი ფული შეიტანოს საბარათე ანგარიშზე მისამართები https://bit.ly/2PGUx1M)

• ბანკში ვიზიტის დროის შემცირების მიზნით შესაძლებელია ვიზიტის წინასწარ, ონლაინ დაჯავშნა: https://libertybank.ge/ka/booking

• 24/7 შესაძლებელია სარგებლობა დისტანციური მომსახურების ცენტრის მომსახურებით:

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING

"საჭიროა დიალოგი საზოგადოებაში, დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის და დიალოგი კონფლიქტში მონაწილე ყველა შესაბამის მხარეს შორის"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 დეკემბერი 2019 12:59

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე ყოველწლიურ სესიაზე, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხზე მსჯელობს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევის გზებსა და საზოგადოების პოლარიზაციის დაძლევის მიმართულებებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. "ვთხოვ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას შემოგვიერთდეს ჩვენს მიმართვაში, რათა 1 თვის წინ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად უნდა შევიმუშავოთ ეფექტური გზები”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, ახლებური გზები უნდა გამოვნახოთ და ამისათვის ახალი ინსტრუმენტები გვჭირდება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავს აღნიშნავს, რომელიც თანამშრომლობის ძალიან წარმატებულ ფორმატს წარმოადგენს.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლონელ და შვედ პარტნიორებს ამ ინიციატივისათვის, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროკავშირთან. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ინსტიტუციურ სიახლოვეს, აქ საუბარია კულტურისა და საზოგადოების სიახლოვეზე. ამან განამტკიცა ჩვენი დემოკრატიული განვითარება. დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, საშუალება გვაქვს ევროკავშირთან ერთად მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და უფრო დიდი საზოგადოებისა და დიდი ოჯახის წევრად ვგრძნობთ თავს. ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს ერთნაირი მისწრაფებები, საზიარო ღირებულებები და სოლიდარობა, ამასთან, ვგრძნობთ სრულ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, ვპასუხობთ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით არსებულ სირთულეებს. მეტი დემოკრატიის, მეტი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდაცია. უფრო საიმედო და ნათელი მომავალის მისაღწევად, ეს ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს და განმტკიცდეს, რათა გადავლახოთ უფრო პრობლემური ეტაპები, სხვადასხვა იურიდიულ, თუ ეკონომიკურ სფეროებში. 
 
ჩვენ არ უნდა ვიცადოთ კიდევ შემდეგი ათი წელი. მე ასე არ ვფიქრობ, ასეთია ჩემი პირადი რწმენა და ინტუიცია. ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად, კრეატიულად უნდა ვიაზროვნოთ, რაღაც ახლებური, არაორდინალური გზები გამოვნახოთ, ამისათვის ახალი ინსტრუმენტები და ახალი ტიპის ძალისხმევა გვჭირდება. სხვა ალტერნატივა საქართველოს, მის ხელისუფლებასა და მის მოქალაქეებს არ გააჩნიათ. ჩვენი მიზანი ახალი კონსტიტუციისთვის ახალი პირობების და ახალი ჩარჩოს შექმნაა. მე ამ დოკუმენტის - კონსტიტუციის გარანტორი და დამცველი ვარ. ჩვენი კონსტიტუცია ევროსკეპტიკური ტალღის მიმართ მდგრადია და იმედი მაქვს, მომავალშიც ასეთად დარჩება. საქართველო აღიარებს ევროკავშირთან საზიარო ღირებულებებს - კულტურულ ფასეულობებსა და მომავალის ხედვებს. რა თქმა უნდა, ევროკავშირთან დაკავშირებით არსებობს სირთულეები და გამოწვევები, რომლებიც შიდა და გარე ფაქტორებითაა განპირობებული. ევროკავშირსაც თავისი სირთულეები აქვს - შიდა და გარე კრიზისები. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ვიზიარებთ ამ სირთულეებს, მათ შორის პოლარიზაცია, რომლებიც ბევრი ქვეყნისათვის საერთოა და არც საქართველოა აქ გამონაკლისი. 
 
ქვეყანაში პოლარიზებულია საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და მედია. მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გავხდი ვცდილობ ეს პოლარიზაცია დავძლიოთ და გადავლახოთ. პოლარიზებული საზოგადოება ვერ გადალახავს სირთულეებს. გაყოფილი საზოგადოება ვერ დაძლევს ეგზისტენციალურ პრობლემებს, მით უმეტეს, როდესაც იგი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ის ვერ დაძლევს ამ ოკუპაციის პრობლემას და ვერ მიიღებს პარტნიორების სრულ მხარდაჭერას. გაყოფილი საზოგადოება ვერ იპოვის პოლიტიკურ გამოსავალს; ვერ ჩაერთვება პოლიტიკურ დიალოგში, დიალოგი კი აუცილებელია: პოლიტიკურ ძალებს, ყველა შესაბამის აქტორსა და დაინტერესებულ პირს შორის; არსებული მოლაპარაკებების ფორმატები სხვა პოლიტიკურ დონეზე უნდა ავიდეს, ამას ალტერნატივა არ აქვს. ჰუმანიტარულ საქმეებზეც კი, პროფესიული ვალდებულების შესრულებისას, 1 თვის წინ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მაგალითზე ვხედავთ, რომ ვერც ჟენევის და ვერც სხვა ფორმატები გამოსავალს ვერ პოულობს და თავს ვერ ართმევს ამ პრობლემას ბიუროკრატიულ დონეზე. ექიმები პოლიტიკური საზღვრების გარეშე უნდა იყვნენ. პარტნიორობა ევროკავშირის პოლიტიკური მოთამაშეების ჩართულობით პოლიტიკური გამოსავლის მოძებნას გულისხმობს. არ უნდა მოხდეს არსებული პრობლემების ესკალაცია. 
 
სტაბილურობა აუცილებელია როგორც საქართველოსათვის, ასევე რეგიონისა და ევროპისთვისაც. არავის ინტერესებში შედის ესკალაცია, განსაცდელით სავსე სამყაროში. რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად ყველამ ერთად უნდა შევიმუშავოთ უფრო ეფექტიანი გზები და საშუალებები. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისათვისაც უნდა ვუზრუნველვყოთ ოთხი ძირითადი უფლების განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის. ვერ დავასრულებ ამ სიტყვას იმის გარეშე, რომ არ გთხოვოთ თქვენც, რადგან ეს არის თხოვნა, რომლითაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართავ. დღეს, 9 დეკემბერს, ერთი თვე გავიდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შემდეგ. მინდა თხოვნით მოგმართოთ ასამბლეას, რომ შემოგვიერთდეთ ამ ჩვენს მიმართვაში, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. იმედი მაქვს, აქ ყველა შეუერთდება და გაიზიარებს ამ მიმართვას. დღეს ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება ამ ადამიანის გათავისუფლებაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიზანს ვერ მიაღწიე!!! ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას, გაუჩინარებას!!! - ეკა ბესელია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 იანვარი 2019 10:44

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გადავწყვიტე მოგმართოთ პირდაპირ, ღიად და შეუფერადებელი ემოციით. პირველი მივმართავ იმას, ვინც დგას მორალური ტერორის უკან – ისიც ამ საზოგადოების ნაწილია და მინდა ვუთხრა – მიზანს ვერ მიაღწიე!!! ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას, გაუჩინარებას!!! ვერ შეძლებ! ჩემში გააღვიძე ახალი ეკა, რომელსაც უფრო მეტად გაუმყარე საკუთარი თავის რწმენა, ვალდებულება და პასუხისმგებლობაც, რომ მას სხვების დაცვა საკუთარ თავზე მეტად შეუძლია!!! შემდეგ მივმართავ ოჯახს, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა ჩემს გამო მთელი ეს წლები, რაც მე პოლიტიკაში ვარ. მე მათ პატიებას ვთხოვ ამდენი განცდისთვის, მაგრამ ისე, როგორც ყოველთვის მჯერა, რომ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. მივმართავ ყველა ქალს – თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რეალობა. მეტი ქალია საჭირო პოლიტიკაში! ამას მაშინ მივხვდი, როცა მე თავად მომიწია ბევრი კათარზისის გავლა. ბევრი განსაცდელის გადატანა და მუდმივად მტკიცება, რომ სუსტი არა ვარ! რომ დამოუკიდებლად შემიძლია შევქმნა ღირებული და არა ვიყო სხვისი ხელის შემყურე...სწორედ იმიტომ, რომ ამდენის გავლა და გადატანა არ დასჭირდეს არც ერთ ქალს, მეტნი მოდით პოლიტიკაში და იბრძოლეთ, რომ იყოს უფრო ადამიანური და კეთილი, ვიდრე არის დღეს. ახლა მივმართავ ყველა დანარჩენს: შინაარსში ასახსნელი არაფერია, რაც გაავრცელეს, ფორმაა ამაზრზენი. ოჯახური თანაცხოვრების ხელყოფა და ფარული კამერით შეჭრა პირად სივრცეში, იქ, სადაც არავის არასოდეს არაფერი ესაქმება!!! ის რაც ხელშეუხებელია!!! ამას ჩადიოდა ყველა საჯარო პირის მიმართ სააკაშვილის რეჟიმი, მან შექმნა სისტემა, რომელიც ადამიანის ღირსებას ფეხქვეშ თელავდა. ანადგურებდა ფიზიკურად და მორალურად. ადამიანი, როგორც ღირებულება არ არსებობდა. სწორედ იმიტომ, რომ ამის ატანა და შეგუება არ შემეძლო, გამოვიხურე იმაზე უფრო კომფორტული კაბინეტი, ვიდრე მქონდა და მიმზადებდნენ და გავედი ქუჩაში ბარიკადებზე, აქციებზე, მიტინგებზე სხვათა დასაცავად!!! ამ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში ვიდექი ფეხმოუცვლელად მაშინაც, როცა სააკაშვილის ზონდერები ჯერ ქვებს, ხოლო შემდეგ მომწამვლელ გაზს, პლასტიკურ აკრძალულ ტყვიებს გვიშენდნენ მე და ჩემს მეგობრებს და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ. ვიდექი მე, ქალი ამ სასტიკი დარბევების დროს და გაიხსენოს ვინც იდგა ჩემთან ერთად – არასოდეს გავქცეულვარ! არასოდეს შემშინებია! არასოდეს მინანია!!!და ყველაზე მძიმე გამოცდა – 2009–11 წლებში ჩემი სკოლის მოსწავლე შვილის და 11 წლით უმცროსი ძმის ერთად დაპატიმრება პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით. ყველა ინსტანციის სასამართლომ ბედნიერად გაასამართლა დედის გამო დასჯილი უდანაშაულო ბიჭები. ისე როგორც ასამართლებდნენ სხვებს. არავის ვუნახივარ აცრემლებული, შეშინებული, გატეხილი და უკანდახეული. და მოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერი. როგორც არ უნდა გავნაწყენდე, ვერასოდეს დავუვიწყებ ბიძინა ივანიშვილს იმ თავდადებას, როცა ყველაფერი სასწორზე დადო და ამ ბრძოლაში წინ დადგა. მე მან მიხმო მესამე დღეს მისი პოლიტიკაში ჩართვიდან და მითხრა ამ ბრძოლაში გავყოლოდი. ჩემი პირველივე შეხვედრის სათქმელი იყო – რისთვის ვიბრძოდი? სამართლიანობა უნდა აღგვედგინა ამ ქვეყანაში! ეს ვუთხარი როგორც მიზანიც და პირობაც! დანარჩენი ის იყო, რაც ყველამ ნახეთ. დამარცხდა ყველაზე სასტიკი რეჟიმი 1 ოქტომბერს და პირველი რაც გავაკეთეთ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა –ნაწამები და ნაგვემი ციხე – თავისუფლების მანიფესტით გავათავისუფლეთ. "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე დიდი პოლიტიკური დარტყმა მივაყენეთ და 215 პოლიტიკური პატიმარი ვცანით პარლამენტის დადგენილებით იმ მოწვევის უმრავლესობამ. ათასობით კი სასჯელის შემცირებით გათავისუფლდა. ამ დარტყმის პასუხი იყო ის არაერთი თავდასხმა და ცილისწამება, რაც დღემდე არ ცხრება ჩემს მიმართ. ამით ცდილობდნენ შურისძიებას ოპონენტები. არასოდეს მინანია, უფრო მეტიც, იმ დღის ბედნიერების ემოცია მომყვებოდა ეს წლები, როცა ციხის კარი გავაღეთ და გმინვაში მყოფი პატიმრები გამოვიყვანეთ მზის სინათლეზე. ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც სხვისი თავისუფლებისთვის უბრძოლია. ვისთვისაც მატერიალური გამორჩენა არაა სიცოცხლის აზრი და ვისაც ერთი ადამიანი მაინც უანგაროდ დაუცავს. მართალია დღეს ჩვენს "გუნდში" აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ მანიფესტს და ღირსების აქტს ჩრდილს აყენებენ, მაგრამ ეს ისტორიის კუთვნილება გახდა და თავისუფლების ფასი არ არის არაფერი სხვა. სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება –ესეც ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხელით მოხდა. მახსოვს ლევან გოგიჩაიშვილის ემოციური კითხვა, როცა ვთხოვე ნაწამები პატიმრების საჩივრები გაეანალიზებინა დასკვნის წერის დროს, "რა დაგიშავე, რომ ეს გზა თავიდან რატო გამატარეო". ეს გზა გავიარეთ ყველამ ერთად, ვინც ვიყავით მსხვერპლნი და არა მოძალადენი....და გვინდოდა ამ თავისუფლებისთვის და სამართლიანობის აღსრულებისთვის ეს გამარჯვება! გამოგვივიდა? და ახლა ბოლოს "ქართულ ოცნებას" მივმართავ: გამოგვივიდა? შევძელით ეს? დავიწყეთ და ვერ მივიყვანეთ ბოლომდე. კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად, მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს "გუნდში". შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი. არ მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ ეს გადმონაცვლებული მოძალადე მეოცნების როლში. ვერ მიიღო სამართალი ამ აზელილი "გუნდით“. ვერ მივიყვანეთ სამართლის აღსრულება ბოლომდე. მე-7 წლისთავზე ვწყვეტ შიგნით ამაზე საუბარს, წუხილს და სამდურავს და საჯაროდ ვამბობ ს ა კ მ ა რ ი ს ი ა! სახელი დავარქვათ ყველაფერს! მოძალადის რეინკარნაციამდე მანძილს ვამცირებთ მათივე ანასხლეტების შეფარებით. ამ დროს კი რამდენს ვატკინეთ გული უსამართლოდ ჩვენივე თანამებრძოლს. აი რატომ არ შეიძლება ამ რეჟიმის მსახურნი გამოვაცხადოთ მსხვერპლად და ვაწინაუროთ მოსამართლის მანტიის როლში. მე ამას ვერ შევეგუებოდი! მე კიდევ ერთხელ შევეხე შიშველ სადენებს და ვთქვი რომ არ დავიხევ უკან ამ ბრძოლაში. ეს ჯგუფი საკმაოდ ფესვებგადგმულია და იბრძვის ყველა ფორმით! ეს მორალური ტერორიც ამის ნაწილი მგონია! ჩემი პასუხი? არ ვაპირებდი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრებას და ეს მყარად მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ისევ მათ მაიძულეს და ახლა მიფრთხილდით! ჩვენ თქვენ დაგამარცხებთ იმიტომ, რომ მე დავამარცხე ჩემში ყველა შიში ერთის გარდა – გალაკტიონის ენით რომ გადმოვცე – მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს რომ გავს და უარესია! ამიტომაც, ერთად წავიდეთ წინ და ჩვენი თავისუფლება და სამართლიანობა ერთად მოვიპოვოთ!!!", - წერს ეკა ბესელია "ფეისბუქში".

განმარტება სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 28 აპრილი 2017 16:50

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტება გააკეთა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, კერძოდ, სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივაზე. მინისტრის ინფორმაციით, საუბარი შეეხება იმ საბაგიროებს, რომლებიც სამთო კურორტებს უნდა მოემსახუროს.

გიორგი გახარიამ სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივის შესახებ განმარტება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების კომენტირებისას გააკეთა - საიას ვარაუდით, აღნიშნული ინიაციატივა „პანორამა თბილისის“ პროექტს უკავშირდება.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად ახსნა კანონპროექტის მიზანი და საჭიროება - „არასამთავრობო ორგანიზაციებს და საიას შეუძლიათ ეს პირადად ჩვენთან დააკავშირონ. ეს იყო პირადად ჩვენი ინიციატივა იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც იცით, სახელმწიფო კონცენტრირებულად ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს სამთო კურორტების განვითარებაში, სადაც ამ ინსტრუმენტს დიდი მნიშვნელობა აქვს“.

გიორგი გახარიას განცხადებით, საუბარია უბრალოდ იმ საბაგიროებზე, რომლებიც სამთო კურორტებს უნდა მოემსახუროს „საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტში წელს ათობით მილიონია ჩადებული, მომავალ წელს იმისთვის, რომ სამთო კურორტები განვითარდეს. მესტიაში, გუდაურში, გოდერძიზე, ბაკურიანში - ყველგან კეთდება ახალი, თანამედროვე სამთო-საბაგირო ხაზები. ამისთვის არის ეს გაკეთებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

საპროტესტო აქცია შს სამხარეო პოლიციასთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 ივნისი 2016 12:37

აქციას მართავენ დაკარგული ნიკა საღირაშვილის ოჯახის წევრები, როგორც ახლობლები ამბობენ, 26 წლის ახალგაზრდას უკვე მე-5 დღეა უშედეგოდ ეძებენ. 

ისინი პოლიციისგან ითხოვენ გაგრძელდეს სამძებრო სამუშაოები ან დადგინდეს, არის თუ არა ნიკა საღირაშვილი დაკავებული ოკუპანტების მიერ.

ლევან მურუსიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 12:45

ცოტახნის წინ განცხადება გააკეთა ლევან მურუსიძემ. მან განაცხადა, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ზეწოლაა.

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან მურუსიძე მიესალმება პრეზიდენტის ქმედებას, რომ სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძეს თამარ მეფის ღირსების ორდენი მიანიჭა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ ის კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს და განაგძობს პროცესში მონაწილეობას. 

რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი - დაუჭერს თუ არა მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძის კანდიდატურას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე. კენჭისყრა 25 დეკემბერს დაინიშნა.

„რუსთვი2“-ის საქმე საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“-ლევან ალაფიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 11:15

იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი მფლობელის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილება, არა მხოლოდ სასამართლო განხილვაში მონაწილე მხარეებისათვისაა მნიშვნელოვანი, არამედ, საზოგადოებისათვისაც.„იმის გამო, რომ ჯერ დასაბუთება არ გვინახავს და არც ზემდგომ ინსტანციებს უმსჯელიათ, სასამართლოს გადაწყვეტილებას შინაარსობრივად ვერ შევაფასებ, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ეს პროცესი მნიშვნელობით, არა მხოლოდ მხარეებზე მოახდენს გავლენას, არამედ საზოგადოებისათვისაც იქნება მნიშვნელოვანი საკუთრების უფლების, სამართლიანობის აღდგენის, სასამართლო პრაქტიკისა და პრეცედენტული სამართლის დამკვიდრების კუთხით“,-განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში ლევან ალაფიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თამაზ ურთმელიძის თავმჯდომარეობით, სამშაბათს, 3 ნოემბერს, 2005 წლის დეკემბერსა და 2006 წლის ნოემბერში ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გასხვისების ხელშეკრულებების ანულირება მოახდინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის  60% ქიბარ ხალვაშს გადაეცემა, ხოლო დანარჩენი 40%  კი, მის კომპანიას-შპს „პანორამას“. წამყვანი ტელეკომპანიის გარშემო სასამართლო დავამ ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პოლიტიკურ დაკვეთასა და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებენ.

პრემიერი საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 17:03

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამების კადრების გავრცელებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. 
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საქართველო დღეს არის უფრო ძლიერი სახელმწიფო, ვიდრე იყო 3 წლის წინ და ის არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციებს, თუმცა საზოგადოების წევრებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
"მინდა კიდევ ერთხელ შევეხო იმ აქციებს, რომლებიც გამოწვეულ იქნა შემზარავი ფაქტების, შემზარავი ვიდეოების გავრცელებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის აღმაშფოთებელია კადრების ხილვა. მე მახსოვს ჩემი პირველი რეაქცია 2 წლის წინ, როდესაც ეს კადრები ვნახე, მაგრამ მინდა საზოგადოებას მივმართო, გთხოვთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა. ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არის სტაბილურობის უზრუნველყოფა ქვეყანაში. გთხოვთ ყველანაირი ემოცია შევიკავოთ და ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ იმაზე ძლიერი სახელმწიფო, ვიდრე ვიყავით სამი წლის წინ და რა თქმა უნდა, არავითარ პროვოკაციას არ დავუშვებთ, არც ერთი მოქალაქის სიმშვიდის დარღვევას არ დავუშვებთ, მაგრამ გთხოვთ, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
მან განსაკუთრებით მოუწოდა ახალგაზრდებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ვიდეორგოლებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებში და მათაც თავშეკავებისკენ მოუწოდა. 

საზოგადოება "მოქალაქე" უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015 14:00

საზოგადოება "მოქალაქე" ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს. 
 ამის შესახებ "მოქალაქე"  Facebook-ში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც newsday.ge უცვლელად გთავაზოვთ: 

"ბოლო დღეებში რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა დეზინფორმაცია უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

საზოგადოება "მოქალაქე" აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია - უტა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს როგორც ამ ეტაპზე, ისე - სამომავლო," - ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური