დავით ზალკალიანი სომეხ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019 11:20

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სომეხ კოლეგასთან ზოჰრაბ მნაცაკიანთან, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგი.

საქართველოს საგარო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით კოლეგის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს საქართველო-სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სამომავლოდ მათი განმტკიცების სურვილს.

„მინდა მივესალმო ჩვენს მეგობარს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, თბილისში. ეს არის მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რაც არის ხაზგასმა იმისა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ჩვენი ისტორიული, მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. გვქონდა უაღრესად შინაარსიანი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი საკითხი, ასევე ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია მრავალმხრივი ფორმატებისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველო-სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს და იმ მნიშვნელოვან პოზიციას, რაც სომხეთს საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის უჭირავს. მინისტრმა ასევე აღნიშნა სომხეთიდან ვიზიტორების საგრძნობლად გაზრდილი რაოდენობა, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის მოსახლეობის მეტ დაახლოებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია იმ დადებითი, პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიური მიმართულებით ვითარდება. მოგეხსენებათ, რომ სომხეთი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მნიშვნელოვან მოწინავე პოზიციებზე. საგრძნობლად არის გაზრდილი სომხეთიდან ვიზიტორების ნაკადი. ისტორიულად ჩვენს შორის ყოველთვის არსებობდა უაღრესად მეგობრული , მჭიდრო ურთიერთობები და ამის შემდგომი განვითარება უაღრესად პრიორიტეტული და აქტუალურია“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებულ აქტიურ კომუნიკაციას, რაც აისახა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაში. მინისტრმა ასევე დადებითი შეფასება მისცა საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკური სამთავრობო კომისიის საქმიანობას და გამოთქვა მზაობა ხელი შეუწყოს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

„მინდა ჩემი კმაყოფილება გამოვთქვა, იმ დადებითი დინამიკისთვის, რაც არსებობს ჩვენ ურთიერთობებში. ჩვენი პრემიერ-მინისტრები ძალზედ აქტიურ დიალოგში არიან ერთმანეთში, იყო რამდენიმე ვიზიტი. ჩვენი პრეზიდენტებიც აქტიურად ურთიერთობენ, რამდენიმე კვირის წინ იყო სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა, რომელიც ძალზედ შინაარსიანი იყო და ბევრი საკითხი მოიცვა. ჩვენ, ვცდილობთ სხვა წრეების დაკავშირებასაც, კერძოდ მნიშვნელოვანია ბიზნეს წრეების დაახლოება, ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტთაშორისი ურთიერთობის პლატფორმაც, ჩვენ როგორც საგარეო საქმეთა უწყებები ყველანაირად ვცდილობთ აქტიურ ფაზაში იყოს ორმხრივი ურთიერთობები“-განაცხადა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და აღნიშნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ხაზი გაუსვა კონფლიქტების დარეგულირების მშვიდობიან პოლიტიკას. მან ქართველი კოლეგა ვიზიტით სომხეთში მიიწვია.

საქართველოს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი ეწვევია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ზოჰრაბ მნაცაკანიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს. ის ასევე ეწვევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და შეხვდება სომხური დიასპორის წარმომადგენლებს.

საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 14:10

22 აგვისტოს თბილისში საქართველო-იაპონიის მთავრობებს შორის ორმხრივი ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების მე-4 რაუნდი დაიწყო.  

აღნიშნულ საკითხზე საქართველოსა და იაპონიას შორის პირველადი კონსულტაციები 2017 წლის მაისში შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს პრაქტიკა ინვესტიციების  წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების გაფორმების კუთხით, აგრეთვე ის მიდგომები და პრინციპები, რაც ორივე ქვეყნისთვისაა აქტუალური.  დღემდე სულ ოფიციალური მოლაპარაკებების 3 რაუნდია ჩატარებული. 

შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და იაპონიას შორის  ინვესტიციების მოზიდვას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გამყარებას, რაც წაახალისებს იაპონელი ინვესტორების ინვესტიციებს საქართველოში. 

იაპონია ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის კუთხით ერთერთი აქტიური პარტნიორი ქვეყანაა. პირველი იაპონური ინვესტიცია საქართველოში ჯერ კიდევ 1997 წელს განხორციელდა, ხოლო 2007-2017 წლებში სულ ჯამურად  განხორციელდა 152.16 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. მხოლოდ მიმდინარე წლის I კვარტალში, საქართველოში განხორციელდა 16.21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 96%-იანი მატებაა. 

„საპარტნიორო ფონდისა“ და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარი გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 14 აგვისტო 2017 16:51

საქართველოს „საპარტნიორო ფონდისა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარი გაიმართა.

საქართველოს და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარი საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა და სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სემინარზე სიტყვით გამოვიდა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ძიანგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორი ლი ‘იხუანი და  ჩინეთის ელჩი საქართველოში  ძი იენჩი.

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის მიზანი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარება, იყო. სემინარზე განიხილეს ძიანგსის პროვინციის შესაძლო როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარების საკითხში; ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გეგმა; ასევე, სტრატეგიული პროექტის “აბრეშუმის გზა", "ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ფონზე ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.

სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარში მონაწილეობა საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, მუნიციპალიტეტებისა და გუბერნიების, ასევე, ქვეყნის მრეწველობის, ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში მოღვაწე 150-მდე ბიზნეს კომპანიის, ასევე საქმიანი წრეებისა და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ჩინური მხრიდან სემინარს ესწრებოდნენ ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობისა და 80-მდე ბიზნეს კომპანიის წარმოადგენლები, ასევე, საქართველოში მოღვაწე ჩინური კორპორაციების ხელმძღვანელი პირები.

„საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რადგან ჯერ ყველა შესაძლებლობა ათვისებული არ არის როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო და ერთობლივი საწარმოების შექმნის კუთხით. ჩვენ ორმხრივი ვაჭრობის მიმართულებით შემდგომი ზრდის სერიოზული პოტენციალი გაგვაჩნია. ასევე სერიოზულ პერსპექტივებს ვხედავთ საინვესტიციო ნაკადების ზრდის მიმართულებითაც. საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. დღეს ძიანგსის პროვინციის რამდენიმე მსხვილ კომპანიასა და ქართულ კომპანიებს შორის საერთო პოტენციურ პროექტებზე მოხდა ინფორმაციის გაცვლა და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდება, - განაცხადა “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე  ძიანგსის პროვინციის ქალაქ ნანჩანგის წარდგენა მოეწყო. გაიმართა ასევე, „საპარტნიორო ფონდის“ პროექტების პრეზენტაცია. სემინარის მონაწილეებმა ერთმანეთს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გამოცდილება, მოლოდინები და რეკომენდაციები გაუზიარეს.

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის ფარგლებში გაფორმდა რამდენიმე მემორანდუმი. ხელმოწერის ცერემონიალი შედგა ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშემწყობ საბჭოსა და კახეთის რეგიონს შორის; ძიანგსის პროვინციის ქვანახშირის გეოლოგიური ბიუროსა და საპარტნიორო ფონდს შორის; ასევე, სემინარის ფარგლებში ხელი მოეწერა ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის პროექტებს.

საქართველოს და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პირველი  სემინარი თბილისში გასული წლის 22 მარტს შედგა. საქართველოში მსგავსი ფორმატის ღონისძიებების გამართვის გადაწყვეტილება ამავე წელს, ჩინეთის ძიანგსის პროვინციაში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დიერქტორის დავით საგანელიძის  საქმიანი ვიზიტის დროს, ადგილობრივ მთავრობასა და რეგიონში მოქმედ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გადაწყდა.

საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ასევე, „პაბსეკის“ წარმომადგენლებისგან შემდგარი ოფიციალური დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძრვანელობით სექტემბრის თვეში ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის მიწვევით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიემგზავრება.

ძიანგსის პოროვინციის შესახებ

ძიანგსის პოროვინცია - მდებარეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე იანძის სამხრეთით. ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ნანჩანგი. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს - 45,421,600. ჩინეთის ძიანგსის პროვინციაში მდებარეობს ქართული კულტურის ცენტრი, სადაც  ქართული ღვინის რეალიზაცია ხდება.

ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მეორე სემინარის მუშაობაში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 14 აგვისტო 2017 15:56

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მეორე სემინარის მუშაობაში.

„მიმდინარე წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის მაისში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა. შესაბამისად, ახლა ხელი უნდა შევუწყოთ იმ ურთიერთობების განვითარებას, რომელიც აღნიშნული შეთანხმების რეალურად კაპიტალიზაციას მოახდენს და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდას მოხმარდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს გარკვეული ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა ჩინეთიდან შემდგომაში მათი აქ დასანერგად, რათა საქართველოდან მოხდეს აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია მსოფლიოს იმ მიმართულებებით, სადაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაგვაჩნია და არა მხოლოდ. ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს გარკვეული ინდუსტრიული სიმძლავრეების გამოდმოტანა ჩინეთიდან“ - დიმიტრი ქუმსიშვილი.
„ჩინეთთან თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული თვალსაზრისით. ჩვენ გვსურს აბრეშუმის გზა აღორძინდეს, რადგანაც საქართველო ისტორიულად იყო და რჩება აბრეშუმის გზის ნაწილად. უმოკლესი გზა ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით სწორედ საქართველოზე გადის და ჩვენი ქვეყნის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი და გაზარდოს და განავითაროს თავისი ისტორიული როლი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში,“ - დიმიტრი ქუმსიშვილი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური